მთავარი > ჰუმანიზმი, მთავარი გვედის ფოტო > სიკეთე და ბოროტება ჰუმანიზმის თვალთახედვით (ნაწილი I)

სიკეთე და ბოროტება ჰუმანიზმის თვალთახედვით (ნაწილი I)


30-05-2017, 00:03

 

   ჩვენს დროში ხშირად გაიგონებთ გამონათქვამებს, რომ არსებობს ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები, სიკეთის საზოგადო გაგება და მორალის ნორმები, ერთიანი წესები პლანეტის ყველა ადამიანისათვის, განურჩევლად რელიგიური თუ კულტურული განსხვავებისა.

   გვიმტკიცებენ, რომ ამგვარი სიკეთე და ზნეობრივი ღირებულებები ღრმად არის დანერგილი ადამიანის ბუნებაში და წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიის განვითარების შედეგს, რომ სიკეთე არსებობს ავტონომიურად, ღვთისა და ადამიანის ყოველგვარი კავშირის გარეშე.

   ამ მსოფლმხედველობის ადამიანებს სწამთ, რომ ბედნიერებისკენ, მშვიდობისკენ, თავისუფლებისკენ სწრაფვა და ადამიანის ყოველი შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზაცია, მიღწევადია ადამიანური ბუნების შესწავლის, გააზრებისა და მეცნიერულ მიღწევებზე დაყრდნობით. ამავე დროს, შემოქმედის სრული უარყოფით, უფრო სწორად, ადამიანის ცხოვრებაში ღმერთის ქმედითი მონაწილეობის უარყოფით. ზოგჯერ, ეს ადამიანები ღვთის არსებობას აღიარებენ, მისდამი ნდობას დედამიწაზე ბედნიერების მისაღწევად, სრულიად არაეფექტურ მეთოდად მიიჩნევენ.

   ამ მსოფლმხედველობას ჰუმანიზმი ეწოდება. ის აშკარად წარმოგვიდგენს თავს, როგორც რელიგიურ-ზნეობრივ ალტერნატივას. ამ იდეოლოგიის მომხრეთა უმეტესობა თავს ათეისტად და აგნოსტიკოსად მიიჩნევს. სამწუხაროდ, სიკეთისა და ზნეობის ჰუმანისტური გაგება არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ადამიანებით, იგი ქრისტიანის აზროვნებაშიც შემოიჭრა. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) შენიშნავს: „ცხონება გარკვეული საზოგადოებრივი და მორალური წესების შესრულებით, ლიბერალ-ქრისტიანთა მთავარი დოგმატია, რომელიც შინაარსობრივად ანადგურებს სხვა დოგმატებს". სიკეთისა და ცხონების ჰუმანისტურ-ლიბერალური გაგებისაგან განსხვავებით, ქრისტიანებს აინტერესებს - შესაძლოა კი არსებობდეს სიკეთე ქრისტეს გარეშე?

   ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, უპირველესად განვიხილოთ თვით სიკეთისა და ბოროტების ცნებების არსი. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა სამყარო, რომელშიც არ იყო ბოროტება. ბოროტებას არ გააჩნია საკუთარი ბუნება. ბოროტება იწყება იქ, სადაც მთავრდება სიკეთე. ბოროტებას, სიკეთისაგან განსხვავებით, არ შეუძლია თავისთავად არსებობა, რადგან მას არა აქვს არსი. წმინდა ბასილი დიდი გვასწავლის: „ბოროტება არის სიკეთის მოკლება. შეიქმნა თვალი, ხოლო სიბრმავე წარმოშვა თვალის დაკარგვამ. ასევე, ბოროტება თავისთავად არ ხდება, არამედ დაზიანებული სულისაგან გამომდინარე შედეგია".

   მაგრამ, როგორ იბადება ბოროტება თუ მას დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია? ღმერთმა ჩვენ მოგვანიჭა  თავისუფლება და გონება. მან დაგვაჯილდოვა ამ ნიჭით, რათა ჩვენც, მის მსგავსად შექმნილნი, გავხდეთ კეთილნი არა ძალდატანებით, არამედ ჩვენი თავისუფალი არჩევანით. სწორედ ამ ნიჭის წყალობით, ადამიანს შეუძლია აირჩიოს - იყოს ღმერთთან თუ მის წინააღმდეგ. სწორედ ამ არჩევანის დროს იკვეთება ჩვენი სიკეთე ან ბოროტება. ბოროტება იბადება გონიერი პიროვნების თავისუფალ არჩევანში. ასეთი არჩევანის საშუალება ჰქონდა ეშმაკს, ასევე ადამს და ასეთ არჩევანს აკეთებს თითოეული ადამიანი. ადამიანი ან სიკეთისა და სიყვარულის თანაზიარი, ან ბოროტების შექმნის დამნაშავე ხდება, ბოროტი ნების გამტარებელი. წმინდა ბასილი დიდი ამბობს: „ღმერთმა შექმნა სული და არა ცოდვა... ღვთისაგან განდგომით სულს სხვადასხვაგვარი სნეულება შეეყარა და მისი ტანჯვა დაიწყო... რა საზომითაც ადამიანი განეშორება სიცოცხლეს, იმავე საზომით მიეახლება სიკვდილს; რამეთუ ღმერთი სიცოცხლეა, სიცოცხლის მოკლება კი - სიკვდილი".

   როდესაც ჩვენ ვიყენებთ ცნებას „სიკეთე" და „ბოროტება", უნდა ვიცოდეთ, - რა არის განმსაზღვრელი, რაც ამ ცნებას კონკრეტულ აზრს ანიჭებს. რა არის ათვლის წერტილი? რასთან მიმართებით განისაზღვრება, რომ ეს არის - სიკეთე, ეს კი - ბოროტება? ჰუმანისტები ამბობენ, რომ ათვლის წერტილი არის ადამიანი. მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა კი ვიცით, რომ ათვლის წერტილი არის  ადამიანისა და სამყაროს შემოქმედი.

   ღვთის სიყვარულისა და მისი ნებისადმი წინააღმდეგობა - არის ბოროტება. წმინდა ბასილი პირდაპირ ამბობს ამის შესახებ: „ღვთისაგან გაუცხოვება არის ბოროტება". ბოროტება ღვთის ნების დარღვევაა. სიკეთე კი - მისი ნების შესრულება.

   ღვთის ნება სრულყოფილი სახით წმინდა გამოცხადების საშუალებით გვემცნო. ყველა ადამიანს სინდისის ხმა მიენიჭა და სწორედ ეს ხმა ამხელს ბოროტების ჩამდენს მცდარი არჩევანის დროს. ბოროტება არ არსებობს პიროვნების მოქმედების გარეშე. ყოველი ბოროტება  ყოველთვის კონკრეტული ადამიანის მოქმედების შედეგია.

   არის კი ადამიანის ბუნება ბოროტებით დაზიანებული? დიახ, პირველქმნილი ცოდვისა და ღვთისაგან განშორების შედეგად ადამიანის ბუნება დაზიანდა და ცოდვისაკენ არის მიდრეკილი. ამის შესახებ წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: „ადამიანის დაცემულ ბუნებაში სიკეთე შერეულია ბოროტებასთან. ადამიანში შემოჭრილი ბოროტება იმდენად შეერწყა მის ბუნებრივ სიკეთეს, რომ ის ვეღარ მოქმედებს განცალკავებით, არამედ ბოროტებასთან ერთად". სულის ეს მომაკვდინებელი წყლული ღვთის მადლის მოქმედების გარეშე  არ განიკურნება. (გაგრძელება...)

   


Источник: Альманах „Православие" თეიმურაზ ქრისტინაშვილი 

მოამზადა დავით ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება