მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 3 აგვისტო (ახ. სტ.) - ხსენება წინასწარმეტყველ ეზეკიელისა (VI საუკუნე ქრისტეს შობამდე)
3 აგვისტო (ახ. სტ.) - ხსენება წინასწარმეტყველ ეზეკიელისა (VI საუკუნე ქრისტეს შობამდე)2-08-2021, 16:04 |
წინასწარმეტყველი ეზეკიელი ქრისტეს შობამდე დაახლოებით ექვსასი წლით ადრე, იუდეველთა მეფე ოზიას დროს დაიბადა ქალაქ სარირში. იუდეური გადმოცემის მიხედვით, იგი იერემია წინასწარმეტყველის მსახური ყოფილა და მისივე მსგავსად მღვდელმსახურთა შთამომავალი. ცნობილია, რომ მამამისს ვუზი ერქვა, ჰყავდა ცოლიც, რომელიც მისთვის დიდ ნუგეშს წარმოადგენდა, მაგრამ ეზეკიელის წინასწარმეტყველად მოწოდებიდან ოთხი წლის შემდეგ იგი უეცრად გარდაიცვალა. წინასწარმეტყველი ოცდახუთი წლის ასაკში მეფე იექონიასთან და სხვა თანამემამულეებთან ერთად ბაბილონში წაიყვანეს ტყვედ. ტყვეობაში იგი მესოპოტამიაში, მდინარე ქობართან სახლობდა. სწორედ აქ ჰქონდა მას პირველი სასწაულებრივი ჩვენება. ეზეკიელმა ზეგარდმო ბრძანებით შეჭამა გრაგნილი, რომლის ორივე მხარეს ჩანდა წარწერა: „გოდება და ოხვრა, და მწუხარება", და პირში თაფლის სიტკბო იგრძნო. ასე მოუწოდა მას უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისკენ (ეზეკ. 2,1-10). ეზეკიელმა ბაბილონელთა ტყვეობაში მყოფ ისრაელებს აუწყა იმ განსაცდელების შესახებ, რომელიც ურჩობისთვის სასჯელად დაატყდებოდა მათ თავს; უწინასწარმეტყველა უმჯობესი ჟამის დადგომაც - ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლება და იერუსალიმის ტაძრის აღდგენა... წინასწარმეტყველის ოცწლიანი მოღვაწეობის შედეგს მის მიერ დაწერილი, ორმოცდარვა თავისაგან შემდგარი წიგნი წარმოადგენს, რომელსაც ნეტარი იერონიმე ღვთაებრივი საიდუმლოებების ოკეანეს უწოდებს. წმიდა წინასწარმეტყველ ეზეკიელს სასწაულქმედების ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული. მისი ლოცვით მდინარე ქობარი გაიპო და ქალდეველთაგან დევნილი ებრაელები მეორე ნაპირზე მშვიდობით გავიდნენ; შიმშილობის დროს დამშეულებს საზრდელი გაუმრავლდათ... ნეტარი ეზეკიელი მოწამეობრივად აღესრულა: ერთ-ერთი ებრაელი მთავრის მხილებისათვის იგი გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და დაფლითეს. წინასწარმეტყველის წმიდა ნაწილები კეთილმსახურმა ებრაელებმა შეკრიბეს და პატივით დაკრძალეს.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |