მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი“

„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი“


17-08-2017, 00:03

„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი“

 

   ვინ არიან სულით გლახაკნი? - მდაბალნი და შემუსვრილნი გონებითა, რადგან აქ სულად შინაგანი გონება და სულის ნება იწოდება. რადგან მრავალნაირი მდაბალნი, მაგრამ არა გონებით, არცა ნებსით, არამედ იძულებით, სხვადასხვა გარემოებათა გამო.

   თუ ვინმე იძულებით გარემოებათა გამო, გარეგნულად მდაბალი იქნება, შინაგანად კი მზვაობარი და მდრტვინავი; ის ვერ გახდება ნეტარების ღირსი, პირველ ყოვლისა შენატრიან მათ, რომელნიც თავისივე ნებით, ყოვლითა გონებითა მდაბალ და შემუსვრილ არიან. რად არ სთქვა, ნეტარ იყვნენ მდაბალნი, არამედ „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა?" - რადგან ეს სიტყვები უმეტეს სიმდაბლეს მოასწავებს და გამოაჩინებს მათ, რომელნიც სრულიად შემუსვრილ არიან სულითა ვითარცა გლახაკნი და უნდონი, უხმარნი და შეურაცხნი. და დაიმდაბლებენ თავსა თვისსა ყოვლისაგან სულიერ საქმეთათვის, ცარიელ და უღონო არიან, როგორც გლახაკებსა და უნდოთ ეშინიათ მდიდრებისა და ძლიერებისა და ვერ იკადრებენ სამეუფეო ბრძანებათა დარღვევას, ისე ეშინიათ მათ და ძრწიან უფლის მცნებათაგან, რისთვისაც ესაია წინასწარმეტყველის მიერ ამბობს უფალი: „ვის ზედა მივხედნე გარნა მშვიდსა და მყუდროსა და რომელი ძრწის სიტყვათაგან ჩემთა" (ესაია. 66, 2).

   სიმდაბლე მრავალნაირია: ხსოვნა ცოდვათა, ხსოვნა ჩვენი სამოთხიდან გამოძევებისა, ხსოვნა კაცობრივი ცხოვრების უნდოობისა, საკუთარი თავის ბრალობისა - ესენი არიან სიმდაბლის სახენი. მაგრამ შენატრიან სიმდაბლის სრულ საზომს, რომელიც სიტყვით ვერ გადმოიცემა, რადგან იგი წესია შემუსვრილი და დამდაბლებული სულისა, იგი არ მოიპოვება ცოდვათა სიმრავლისაგან, რადგან სრული სიმდაბლე სათნოებათა სიმრავლით, წმიდა და ღვთის მოყვარე გულიდან იშვება. როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „მსხუერპლი ღმრთისაი არს სული მდაბალი, გული წმიდაი და სული მდაბალი ღმერთმან არა შეურაცხყოს" (ფსალმ. 50, 19). ასეთი თვისებებით გამოირჩეოდნენ სამი ყრმანი, ისინი მდიდარნი იყვნენ სათნოებებით, მდაბალ გლახაკ სულითა, შემუსვრილი და შეძრწუნებულ და გარდა ამისა სხვას არას სწირავდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „არამედ თავითა დამდაბლებულითა და სულითა გლახაკებისაითა შემაწირულ ვართ ჩუენ".

   ისინი იყვნენ ჭეშმარიტად სულით გლახაკნი, რაც სრული სიმდაბლის საზომია. სიმდაბლის ასეთ საზომს შენატრის უფალი და ამბობს: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა" რადგან ბოროტნი და სოფლის წარმწყმედელნი ამპარტავნებისაგან იშვნენ. ეშმაკი ანგელოზი იყო და ეშმაკად იქცა, როგორც მოციქული ამბობს და გვაფრთხილებს „არა ახალ ნერგო, რაითა არ განლაღნეს და სასარჩლესა შეუვრდეს ეშმაკისასა", რომელიც ამპარტავნებაა, ასევე გაიკიცხა ამპარტავნების ვნებით ეშმაკისაგან პირველი ადამიანი, უკვდავება დაკარგა და გამოძევებულ იქნა სამოთხიდან, რადგან ღმერთად ყოფნა ისურვა, როგორც მზაკვარმა აღუთქვა და რაც ჰქონდა, ისიც დაკარგა. მას შემდეგ ათასეულნი და ბევრეულნი აღმოცენდნენ ეშმაკის მიერ ჩვენს შორის დათესილი ბოროტი თესლისა და ღვარძლისაგან. თუ ვნება ამპარტავნებისა იყო ყოველთა ბოროტთა დედაქალაქი, წყარო და ძირი ყოველი უკეთურებისა, ამ სენისათვის შესაფერის ძლიერ წამალს შეამზადებს უფალი და როგორც მტკიცე, შეურყეველ საფუძველს - სიმდაბლეს დასდებს უპირველესად და საღმრთო მოძღვრების დასაწყისშივე ამას შემოიღებს კაცთა შორის, თუ ვინმე სათნოებათა აღშენებას ინებებს და მას საფუძვლად სიმდაბლეს დაუდებს, უფლის ბრძანებისამებრ, უცდომელი იქნება მისი მშენებლობა. თუ კეთილი და მყარი საფუძველი არ ექნება, თუნდ ცამდე აიწიოს სათნოებათა ღვაწლთა გოდოლი, ყოვლივე ადვილად დაირღვევა და ამ შრომის შემოქმედი საწყალობელ და ცარიელ იქმნება. გინა მარხვა, გინა ლოცვა, გინათუ მოწყალება ან ქალწულება, ან სათნოების ყოველი სხვა სახე, უხმარ არს სიმდაბლის გარეშე და ამაოდ წარწყმდება, ფარისევლის მსგავსად, რომელსაც არ ჰქონდა რა საწყისი ყოვლისა სათნოებისა, ყველაფერისგან განძარცვული გარდაიცვალა, რადგან როგორც ამპარტავნებაა ყოვლგვარი ბოროტების დასაბამი და ძირი, ეგრეთვე სიმდაბლეა ყოველი სათნოების დედა და ყოველი სიბრძნის წყარო. ამისთვის ნებავს უფალს ძირეულად აღმოფხვრა ეშმაკის მიერ კაცთა შორის დათესილი ამპარტავნებისა და დანერგვა სიმდაბლისა, რომელსაც ნეტარებათა სათავედ და დასაბამად ჰყოფს და გვიბრძანებს, თავად მის ბაძვას, რომელიც ნებსით დაგლახაკდა ჩვენთვის, რომელიც ერთია ჭეშმარიტად ნეტარი, ხოლო ჩვენ ნეტარებას მხოლოდ ბაძვით თუ ვეზიარებით. ვითარ შევძლოთ ჩვენ, უბადრუკთა და მოკვადვთა, მისი ბაძვა? - მხოლოდ სულის სიგლახაკით, რომელიც ნებსითი და ჭეშმარიტი სიმდაბლეა, რისთვისაც უფალმა თქვა: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არ სასუფეველი ცათა". ასეთი სიმდაბლით მოციქული მეუფის სიგლახაკეს გვიჩვენებს და ამბობს: იცით უფლისა ჩუენისა, იესო ქრისტეს მადლი, რამეთუ ჩვენთვის დამდაბლდა მდიდარი, რომ ჩვენ მისი სიგლახაკით განმდიდრებულიყავით. კვლავ მისი სიმდაბლის ბაძვად მოგვიწოდებს მოციქული და გვმოძღვრავს: „ესე ზრახვაი იზრახებოდნენ თქუენს შორის, რომელიცა-იგი ხატი ღმრთისაი იყო, არა ნატაცებად შერაცხა თავის თვისი სწორებად ღმრთისა, არამედ თავი თვისი დაიმცირა და ხატი მონებისაი შთაიცუა" (ფილიპ. 2.5.7.). რა უნდა იყოს უმეტეს ამ სიგლახაკისა - ღმერთმა კაცებაი შეიმოსა? რა არს უმდაბლეს იმისა, რომ მეუფე კაცთა ბუნების საზიარებლად გარდამოხდა ზეცით, მეუფეთა მეუფემ და უფალმა უფლებათა ბუნება ჩვენი გლახაკი მიიღო, დამდაბლებული ყოველთა მიწიერი მეფის მოხარკეთა თანა აღიწერებოდა, რომელსაც ყოველი დაბადებული წამისყოფით უპყრია, ქვაბში იშვა და პირუტყვთა ბაგას მიიწვინა, რადგან არ იყო სხვა ადგილი. და იგი მდიდარი წყალობითა, რომლის წინაშე ბევრის ბევრეულნი ანგელოსთა მხედრობა შიშით ზარგანხდილი დგას, ყოველსა ჩვენსა სიგლახაკესა ეზიარა და სიკვდილისა გემოც იხილა. ხედავ, მის ნებსითი სიგლახაკის საზომს? ყოველთა ცხოველმყოფელი და ყოველთა მაცხოვნებელი უფალი მოკვდავი მთავრის განჩინებას დამორჩილდა, უზეშთაეს ძალთა, ზესკნელთა და ქუესკნელთა უფალი მტარვალთ მიეცა და ჯვარს ეცვა იგი, ვინც „დაჰკიდა ქუეყანაი წყალთა ზედა და ცანი, ვითარცა კარამანი გარდაართხნა" (ფსალ. 135, 5; 103, 2). სიკვდილი დაითმინა მან, ვინც ყოველი სულის მპყრობელია, საფლავად დაიდვა ჯოჯოხეთის შემმუსვრელი. ამისთვის თქვა მოციქულმა: „ესე ზრახვაი იზრახებდეს თქუენ შორის", ე.ი. საზომად სიმდაბლისა გქონდეთ ის, რაც საქმით აღასრულა უფალმა და სიტყვაც გვიბრძანა და ყოველი მოძღვრების დასაბამად ჰყო იგი, რათა თავიდანვე დანერგოს მოწაფეთა გულებში, რათა შეუდგებოდნენ რა დიდებულ სასწაულთა და საკვირველ ჩვენებათა აღსრულებას და უფლის სახელისათვის ბევრეული ტანჯვა შეემთხვეოდათ, კი არ ამაღლებულიყვნენ, არამედ ყოფილიყვნენ მდაბალ და გლახაკ სულითა. და არა მაგალითად სწავლისა მოგვცა ეს სიტყვა, არამედ მაგალითად ნეტარებისა, რათა უფრო საწადელი იყოს იგი. არა ერთი ან ორი პირის მიმართ თქვა თავისი სიტყვა, არამედ შენატრის ყველას, სათნოებათა მოქმედს. და აწ, გინა მონა იყო, გინა გლახაკი და დავრდომილი, გინათუ უცხო და შეურაცხი, გინა უმეცარი და უსწავლელი, ვერაფერი დაგაყოვნებს ნეტარებისგან, თუ მხოლოდ ამ სათნოებას წარმართავ, რადგან იგია მშობელი ყოველთა კეთილთა. ესენი არიან გლახაკნი სულითა - ჭეშმარიტი მდაბალნი. ხოლო სიგლახაკის მეორე სახესაც ნუ შეურაცხყოფ, ძმაო, რომელიც ზეციური სიმდიდრის მომასწავებელია, და რომლისთვისაც ამბობს უფალი: „განყიდე მონაგები და მიეც გლახაკთა და მოვედ, შემომიდეგ მე, და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა" (მათ. 19, 21), რადგან მგონია, რომ ასეთი სიგლახაკე არ განიყოფება მისგან, რომლისთვისაც უფალმა თქვა: „ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა".



თარგმანებაი მათეს სახარებისაი 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება