მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ვის ებრძვის აბობოქრებული სტიქია

ვის ებრძვის აბობოქრებული სტიქია


12-10-2017, 00:04

ვის ებრძვის აბობოქრებული სტიქია

 

   წყვდიადით მოცულ ჩვენს დროში ადამიანთა უმრავლესობა კატასტროფების, კატაკლიზმებისა და უბედურებების მოლოდინში ცხოვრობს. 2002 წ. ივნის-აგვისტოში დედამიწის მრავალ კუთხეში დიდი მიწისძვრები აღინიშნებოდა, ევროპა მძლავრმა ქარიშხალმა და წყალდიდობამ წალეკა, იაპონიაში ტაიფუნმა „ჩაიტანმა" უზარმაზარი ნგრევა და ზარალი გამოიწვია. ბევრი უბედური შემთხვევა მოხდა მაღაროებში, ზღვაში და ჰაერში. გახშირდა თვითმფრინავთა ვარდნის შემთხვევები. კლიმატური კატაკლიზმები დედამიწაზე სულ უფრო ხშირ ხასიათს ღებულობს, ჩვენი პლანეტა „გაგიჟდა" - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფრანგი ჟურნალისტები და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციები. ორ წელზე მეტია დედამიწაზე ანომალური მოვლენები შეინიშნება, მაგრამ ბუნება გაგიჟდა თუ ადამიანი, ჯერ კიდევ გასარკვევია, როგორც ჩანს, უფრო მეტად ადამიანი!

   რა თქმა უნდა, ყველა კატაკლიზმი ადამიანის გავლენის ფაქტორით ან ტექნოგენური მიზეზებით აიხსნება, მაგრამ უდავოა, რომ წყარო დაუმთავრებელი კატასტროფებისა და კატაკლიზმებისა სწორედ ადამიანის ურწმუნეობაზეა დაბუდებული. საზოგადოებას, დაფუძნებულს მხოლოდ ეგოიზმსა და პირად სარგებელზე, არ ძალუძს დადებითი მაგალითის მიცემა. არ უბიძგებს ადამიანს კეთილი საქმეების კეთებისაკენ. რადგან მათი იდეალი - მამონაა, ბოროტება მისი სხვადასხვაგვარი გამოვლინებით, რაც პრაქტიკულად, ადვილი შესამჩნევია.

   ბიბლიაში კი ნათქვამია: ყველაზე საშიშია ადამიანი საზოგადოებაში - და ამ დასკვნამდე ყველანი მივდივართ - არის უზნეობის გაუგონარი ზრდა: „რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ, არ ვიცი რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვყოფ" (რომ. 7, 15) - განმარტავს წმინდა წერილი ადამიანთა მოქმედებას. ადამიანი სულ უფრო მეტად ვნებს თავის თავს, ივიწყებს საკუთარ სარგებელს, და გასაკვირია, რომ მომრავლებული ტრაგიკული შემთხვევებიც კი არ გვაფხიზლებს ცოდვაში ჩაძირულ ადამიანებს.

   კვლავ ბიბლიას დავუბრუნდეთ: „ვაი უკეთურს ბოროტეულს, რადგან მოიწევის თავისი ხელის ნამოქმედარს!" (ე. 3. 11). უდარდელ კაცობრიობას ეს გაფრთხილება არ ანაღვლებს. დრო დადგა არა მარტო დავაფიქსიროთ და ვიტიროთ მომხდარის გამო, არამედ ვაღიაროთ ჩვენი დანაშაული.

   „ავადმყოფობა ქალაქებს და სოფლებში, მიწის უნაყოფობა სოფლებში, მიწის გვალვა, რაც ხშირად გვხვდება ცხოვრებაში, ზღუდავს ცოდვის განვრცობას, - წერს წმინდა ბასილი დიდი - რამეთუ როგორც სხეულებრივი ტანჯვა, ასევე გარე უბედურობანი, ლაგამია ცოდვის შესაკავებლად. ხოლო ქალაქთა ნგრევა, მიწისძვრანი, წყალდიდობები, გემთაძირვა, ერების განადგურება ცეცხლისა და წყლისაგან თუ სხვა რაიმე მიზეზით, დაშვებულია ღვთისაგან, რათა გონს მოეგონ დარჩენილნი, ვინაიდან ღმერთი საყოველთაოდ მოდებულ წყლულს, საყოველთაოდვე აღმოფხვრავს".

   „ჩვენ გვწამს, - ამბობს სამოციანი წლების ერთ-ერთი მღვდელმთავარი, - რომ ღვთის გარეშე ერთი ბეწვიც კი არ ჩამოვარდება ადამიანის თავიდან. მორწმუნეთათვის გასაგებია, რომ უბედურობანი, რომელთა შესახებ ხშირად გაიძახიან რადიოთი და გაზეთის საშუალებით, არა მარტო გეოლოგიური მოვლენებია, არამედ ღვთის გამაფრთხილებელი ხმა ცოდვათა დასათრგუნად. საშინელი ბუნებრივი კატაკლიზმებია! ღმერთი თითქოს ეუბნება ცოდვაში ჩაფლულ კაცობრიობას: უგუნურო ადამიანო! შეჩერდი, ნუ ივლი ცოდვიანი გზით, მიმოიხედე და დარწმუნდები, რომ უფსკრულის პირას დგახარ! და ვაი, კაცობრიობას, თუ ბუნების ამგვარ მოქმედებაში ღვთის მკაცრ ხელს არ დაინახავს. საუკუნეების განმავლობაში ყველა ბუნებრივი კატაკლიზმი მომხდარა სწორედ ადამიანთა უსჯულოებისა და გარყვნილების ეპოქაში, სიყვარულისა და რწმენის დაკნინების პერიოდში".

   „ჩვენი დრო კი, - ამბობს პროტოპრესვიტერი დავითი, - არის სწორედ სიყვარულისა და რწმენის დაცემის დრო, თუ დავუკვიდრებით ჩვენს ყოველდღიურ ყოფას, განა ვერ დავინახავთ იქ სიძულვილსა და სისასტიკეს, ურწმუნეობასა და ულმობელობას? ხოლო მსოფლიო მასშტაბებს ბოროტება ღებულობს მაშინ, როდსაც ცალკეულ ადამიანებში განივრცობა ცოდვა და უსჯულოება".

   ამ ქვეყნად სიკეთისა და ბოროტების სათავე სწორედ ადამიანია, იმის მიხედვით, თუ რამდენად უსმენს ადამიანი თავის სინდისს - ასრულებს მცნებებს, სიყვარული აქვს მოყვასთან, ყალიბდება საზოგადოება და მისი აზრი.

   წმინდა წერილი ნათლად განგვიმარტავს ჩვენი უბედურებების მიზეზებს - მხოლოდ მისი ყურადღებით წაკითხვაა საჭირო: „სამთა ამათ წყლულებათაგან მოსწყდა მესამედი კაცთაი - ცეცხლისაგან და კუამლისა და წუნწუბისა, რომელი იგი გამოვიდოდეს პირთაგან მათთა" (გამოცხ. 9, 18). „და განმრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთაი" (მათე. 24, 12).

   დღევანდელი მსოფლიოს ცხოვრების მოვლენები თითქმის ყოველდღიურად ადასტურებს წმიდა წერილის მიერ განცხადებულ ჭეშმარიტებას. „ყოველთვის, როდესაც ხდება კატასტროფა, მიწისძვრა, წყალდიდობა, შიმშილი და საგზაო უბედურებანი ამის მიზეზად ადამიანების უკეთური ცხოვრება უნდა მივიჩნიოთ. მათ შორის აღარ იყვნენ მართალნიც, რომელთა ლოცვით უკეთურნიც გადარჩებოდნენ" - თვლის მამა მიქაელი.

   ღმერთი მოწყალეა, ხოლო სასტიკია უსიყვარულობითა და ეგოიზმით გამსჭვალული ადამიანი. უფალმა ბრძანა: „თუ ვპოვე სოდომ ქალაქში ორმოცდაათი მართალი, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის" (დაბ. 18, 26).

   კაცობრიობას ბოროტების შავი ღრუბელი დაადგა. მიზეზი ამისა თვითონ ადამიანია, ვინაიდან არასწორად მიმართავს ღვთისაგან მონიჭებულ თავისუფალ ნებას, ერთი ქვეყნის ნეგატიური მაგალითი განვითარებას პოულობს სხვა ქვეყნებში და მოქმედებს მასზე, საზოგადოებაში სულიერ - ზნეობრივი და სოციალური - ფიქოლოგიური კლიმატის გაუარესება პირდაპირ მოქმედებს კატაკლიზმებისა და კატასტროფების რიცხვთა ზრდაზე, რამეთუ ღვთის მცნებებისაგან დაშორებით ადამიანი თვითონ ითხრის სამარეს, თვითონ ანგრევეს თავის სახლს, და თვითონვეა მომავალი თაობების ტანჯვის მიზეზი, მაშინაც კი როდესაც ბოროტებაზე თვალის დახუჭვით, პასიურად ხელს უწყობს ბოროტების გამრავლებას. ამის გაგება აუცილებელია, ვიდრე გვიან არ არის.

   „ეკლესია მის მიწიერ არსში ებრძვის ბოროტების უხილავ სამეფოს, იგი ეწინააღმდეგება შავი კოსმოსური ძალების შემოტევას, შავბნელ სატანურ ენერგიას, რომელსაც ქაოსი შემოაქვს კაცობრიობის ცხოვრებაში, ადამიანთა სულებში ცოდვისაკენ მისწრაფებას ნერგავს, რაც ბუნებაში კატასტროფებითა და კატაკლიზმებით ვლინდება" - ამბობს არქიმანდრიტი რაფაელი. თუ ადამიანები გულზე ხელებდაკრეფილი უმოქმედებით ბოროტების ხელის შეწყობით დაელოდებიან თავის აღსასრულს, ეს შავბნელი სატანური ფარდა დიდ საფრთხეს შეუქმნის მთელს კაცობრიობას. ადამიანს ძალუძს გადაარჩინოს საკუთარი ბუნება და სული. თუ სიმართლისა და სიკეთის გზას აირჩევს, ანუ ღვთის მცნებებს შეასრულებს, რამეთუ: „უკუეთუ ღმერთი ჩვენ კერძო არის, ვინ არის ძვირის მყოფელი ჩუენდა?" (რომ. 8, 39).

 

 

მოამზადა დავით ჯინჭარაძემ 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება