მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > თანამედროვე კერპთაყვანისმცემლობა

თანამედროვე კერპთაყვანისმცემლობა


2-10-2017, 00:03

თანამედროვე კერპთაყვანისმცემლობა

 

   უწინ, გაუნათლებელი ადამიანები კერპებს ღმერთად მიიჩნევდნენ, ჩვენს დროში კერპები ვნებებმა შეცვალეს. მათ, ის დაბნეულობა, გაუნათლებლობის გამო, კიდევ ეპატიებათ, მაგრამ ჩვენ ვიცით, ვიცით რაა ცოდვა და რა - არა, ვნებებს დამონება და მათი მსახურება, როგორც ღვთაებებისა, არ გვეპატიება.

   ის ადამიანები კერპებს თაყვანს სცემდნენ ან საკუთარი უგუნურებით, ან მეფეებისა და მტანჯველების შიშით, ჩვენ კი მიუხედავად იმისა, რომ არავინ გვაიძულებს, მაინც ვეთაყვანებით მათ.

   ყოველი ადამიანისთვის, იმისდა მიხედვით, თუ რა უყვარს და რას ემონება - ღმერთიც ის არის.

   მაგალითისთვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება.

   აი, ჩვენს წინაშეა ადამიანი, რომელსაც ძალიან უნდა გამდიდრება - მისი აღტაცების და თაყვანისცემის საგანი ფული და სიმდიდრეა. მითხარით ვის ემსახურება ის, ღმერთს? არა! ღმერთს რომ ემსახურებოდეს თავის განძს ასეთი მონდომებით და ხშირად უსირცხვილოდ არ შეაგროვებდა. უკანასკნელ სარჩოს არ წაართმევდა სხვებს; ქვრივებს და ობლებს არ შეავიწროებდა.

   ასეთი ადამიანი მთელ თავის ძალასა და შრომას ხარჯავს მეტი ფულის შოვნისა და შენახვისათვის - წესიერი თუ არაწესიერი გზებით. ყოველ ნაბიჯზე მის მსგავს ადამიანებთან უწევს შეჯახება. მისი სული მუდმივად გაწბილებით, ეჭვებითა და მტრობითაა აფორიაქებული. ახლობლების ჩათვლით ყველა მტრად ეჩვენება. თუ უბედურება შეემთხვევა, სარწმუნოება თითქოს არც ჰქონია, თუ ლოცულობდა და მსხვერპლს სწირავდა, მხოლოდ ყოვლადძლიერ მეუფეს, მისი რისხვის ასარიდებლად. ასეთი კაცი ღმერთს არ ემსახურება. მას თავისი თაყვანისცემის საგანი აქვს - ფული. მთელი ცხოვრება მას მსახურებს, ღვთის მაგიერ მას ეთაყვანება.

   ცხოვრებისათვის აუცილებელი საშუალებების კეთილსინდისიერ შეძენაზე და მათ გონივრულ შენახვაზე ზომიერად ზრუნვა დასაშვებია. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთის კურთხევის გარეშე, ჩვენი შრომა ვერასოდეს გაგვამდიდრებს და რაც გვეძლევა, თუ მოგვეცა - ღვთის წყალობაა, რომელიც ტკბობისა და კეკლუცობისათვის კი არა, არამედ ჩვენი სულისა და მოყვასის სასარგებლოდ მოგვეცა (I ტიმ. 6, 17-19).

   ვისაც ღმერთმა მცირე ქონება გიბოძათ, თქვენს მოჩვენებით უბედურებაზე ნუ იმწუხარებთ და მდიდრებისა ნუ გშურთ. რაა ჩვენი სიღარიბე? - რაც სხვებს აქვთ იმის არ ქონა. ცხოვრებისათვის განა ბევრი გვჭირდება? საზრდო და ტანსაცმელი თუ გვაქვს, დავჯერდეთ ამას (I ტიმ. 6, 8).

   თუ ჩვენ ღარიბები ვართ, მხოლოდ მათთან შედარებით, ვისაც ჩვენზე მეტი აქვს და საკუთარი მდგომარეობით იმიტომ ვართ უკმაყოფილო, რომ ძალზე ამაყები, ცოდვილები, შურიანები და დიდების მოყვარენი ვართ. ჩვენ არავითარი სიმდიდრე არ გვეყოფა, თუ ჩენი სურვილების ზომას დავკარგავთ. პირიქით, სიღარიბეც საკმარისია შიმშილისა და წყურვილის დასაოკებლად, სუსხისაგან თავდასაცავად.

   აი, სხვა ადამიანი, რომელიც საკუთარ სხეულს ეთაყვანება - ეს ტკბობისმოყვარე და ლოთია.

   მას შრომა არ უყვარს. მისი ცხოვრების მიზანი სხვის ხარჯზე ყოფნა, ახლობლების წრეში მხიარულება და გარყვნილებაა.

   მართალია მუშაობა არ უყვარს, სამაგიეროდ პატივს სცემს და უყვარს დღესასწაულები, იმიტომ კი არა, ღმერთს რომ ეძღვნება, არამედ დღესასწაულებზე შესაძლებელია უზომოდ ჭამო, დალიო, ხანდახან გონების დაკარგვამდე. ქრისტიანები დღესასწაულებზე ტაძარში მიდიან, ხოლო ის - დუქანში, ქეიფის, ჩხუბისა და გარყვნილების ადგილას. ასეთი ადამიანისთვის ახლობლის მოტყუება, გაქურდვა და ვიღაცის მოკვლა სირთულეს არ წარმოადგენს.

   განა ასეთი ადამიანი ღმერთს ემსახურება?

   აი, ადამიანები, რომლებიც ძალაუფლებასა და პატივს ეთაყვანებიან.

   ისინი მთელი ცხოვრება დიდი პატივისა და გამორჩეულობის მოპოვებას ცდილობენ. ამისთვის ისინი ხანდახან გარეგნულად სიკეთეს სჩადიან, სინამდვილეში კი საკუთარ თავმომწონეობას ემსახურებიან. გამორჩეულობისათვის მსახურობენ და ლაქუცობენ, მზად არიან მონური შრომისა და დამცირებისათვის.

   ანგარებისმოყვარეთა ცხოვრება უკეთესი არაფრითაა.

   გამუდმებული შრომა, ზრუნვა, უძილობა წუთიერ სიმშვიდესაც არ აძლევს მას. ის ოჯახისა და საზოგადოებისთვის ტვირთს წარმოადგენს და არავის არ უყვარს. მისთვის ერთი სიხარული და სიამოვნება არსებობს - სიმდიდრე. მაგრამ, აი სიკვდილი მოვა და სიმდიდრე სხვას დარჩება; ტირანისაგან განთავისუფლებულები კი დაწყევლიან მას. იმქვეყნადაც სიხარული არ ელოდებათ მათ! ის სიმდიდრე და გამორჩეულობა არაა, ვირავისზე იუფროსებ. სამაგიეროდ იმ ადამიანებს ნახავს, რომელთაც აწყენინა და ზიზღით უყურებდა - ისინი იქ ნეტარებენ. ანგარებისმოყვარეთა ადგილი უკუნეთ გარესკნელში, ჯოჯოხეთშია.

   ჰკითხეთ დიდებისმოყვარეს, ვის ემსახურება? რატომ დგება ეკლესიაში, არა იქ, სადაც ლოცვა მოსახერხებელია, არამედ გამოსაჩენ ადგილზე? ეს იმიტომ, რომ ყველა მლოცველმა დაინახოს და ყურადღება მიაქციოს, ის სხვებივით კი არ დგას, არამედ აქეთ-იქით იყურება, საუბრობს, იცინის...

   ის ტაძარში უფლისთვის არ მისულა და მასზე არ ფიქრობს, ძველი კაბით, დიდი დღესასწაულიც რომ იყოს, ტაძარში არ მიდის, არც მაშინ, თუ ახალი კაბა მოდურად არაა შეკერილი - დაცინვის ეშინია. სამაგიეროდ, კარგად შეკერილი კაბით კი პირველი მიდის ტაძარში. წინ მიძვრება, ჯიკაობს, გამოსაჩენ ადგილზე მისასვლელად მზადაა ყველანაირი უსიამოვნება გადაიტანოს, თითქოს ამბობს: „შემხედეთ და ჩემი სილამაზისა და გემოვნებისათვის შემაქეთ".

   ღვთისმსახურება დაიწყო, ყველა ლოცულობს, დიდებისმოყვარეს კი ამისთვის არ სცალია. ის იქით-აქეთ იყურება, ვინმემ ყურადღება თუ მიაქცია, ლოცვისთვის სად სცალია. მართალია ის ლოცულობს და თაყვანს სცემს, მაგრამ არა ღმერთს, არამედ საკუთარი ჩაცმის და ქცევის ხელოვნებას, ადამიანთა ხმებს, მოდას. ასეთი ადამიანები საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ! ისინი წარმართებზე უკეთესები არაფრით არიან.

   ამპარტავანი ადამიანი დიდების მოყვარეზე მეტად არ ემსახურება ღმერთს. მათ შორის სხვაობა ის არის, რომ ამპარტავანი ყურადღებას არავის აქცევს, სხვები მისთვის, თითქოს, არც არსებობენ, მაშინ, როცა დიდებისმოყვარეს ის უყვარს, რომ მას ყველა იცნობდეს და პატივს სცემდეს.

   ამას თავისი ღირსებები (რომლებიც შეიძლება არც ჰქონდეს) ყველაზე აღმატებული ჰგონია. ამქვეყნად მასზე უკეთესი არავინაა. მისი აზრით, ვისაც გაესაუბრება ან ხელს ჩამოართმევს, ბედნიერად უნდა ჩათვალოს თავის დაფასებისათვის. დაფიქრდით, განა ასეთ ადამიანს შეუძლია გულწრფელად, გონებაში მაინც, დამდაბლდეს და იფიქროს, რომ არსებობს ღმერთი, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა ემსახუროს და ქედი მოუხაროს, რომლის წინაშე ის არარაობაა?

   ფარისევლობა გახლავთ ადამიანთა კიდევ ერთი კერპი. ვინც სხვების დასანახად კეთილად საუბრობს და საქმობს, ხოლო სინამდვილეში მანკიერ ცხოვრებას ეწევა, ყველა ფარისევლობს.

   მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც ხშირად საკუთარ ერთგულებას და სიყვარულს გეფიცებიან, ხოლო სინამდვილეში - სძულხართ, ან უკეთეს შემთხვევაში გულგრილნი არიან. ესენი ეგრეთ წოდებული „ფარისეველი - მეგობრები" არიან.

   არსებობენ აგრეთვე „ფარისეველი - კეთილმსახურები", რომლებიც გარეგნულად კეთილმსახურების მკაცრ შემსრულებლებად გვევლინებიან, სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა.

   და საერთოდ, ჩვენ იმდენ კერპს ვეთაყვანებით, რომ ყველას ვერც ჩამოვთვლით.

   ყველაფერი, რაც ჩვენს გულს ღვთის სიყვარულისგან განაშორებს; ღვთის ნებასთან შედარებით ადამიანური ნებისათვის უპირატესობის მინიჭებას ჩაგვაგონებს; ისე გვიმონებს, რომ უფლის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს გვავიწყებს - ისეთივე კერპებია, როგორც ქვისგან ან ხისგან დამზადებული სხვადასხვა გამოსახულება, რომელსაც, როგორც შემოქმედს ისე ვეთაყვანებით. ჩვენ მცნება მოგვეცა: „არა ჰქმნა თავისა შენისა კერპი" (გამოსვ. 20, 2).

   ქრისტიანო! თუ გინდა სულით ჯანმრთელი იყო და შენთვის მისი ცხონება ძვირფასია, განდევნო მისგან ყველა სულიერი კერპი, რაც არ უნდა სასიამოვნო და როგორ ძლიერადაც არ იყო მიჩვეული. ეს კერპებია: სიზარმაცე, სიძუნწე, ამპარტავნება, დიდების მოყვარეობა, ანგარების მოყვარება, ლოთობა, ნაყროვანება, შური და სხვა მრავალი ვნება და მიდრეკილება.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება