მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მოძღჳართათჳის - ღირსი მამა სილუანე ათონელი

მოძღჳართათჳის - ღირსი მამა სილუანე ათონელი


1-10-2017, 00:03

 

   ისინი მოციქულთა მემკვიდრენი არიან მადლით და ჩვენ ქრისტესთან მივყავართ. ისინი გვასწავლიან სინანულს, მცნებათა დამარხვას. გვეუბნებიან უფლის სიტყვას, რათა ვცნოთ უფალი. ისინი გვმოძღვრავენ ცხონების გზაზე მავალთ და გვეხმარებიან, რათა შევიმოსოთ მდაბალი სული ქრისტესი. ისინი  შეჰკრებენ ეკლესიის გალავანში ქრისტეს გაბნეულ და დამწუხრებულ სამწყსოს, რათა მათ ჰპოვონ განსვენება ღმერთში.

   ისინი ლოცულობენ ღვთის წინაშე, რათა ჩვენ ვცხონდეთ. მათ, როგორც მეგობრებს უფლისას, შეუძლიათ გამოითხოვონ ჩვენთვის წყალობა. ცოცხალთათვის - სიმდაბლე და სულიწმიდის მადლი; გარდაცვალებულთათვის - ცოდვათა მიტევება, ეკლესიისათვის კი - მშვიდობა და თავისუფლება.

   ისინი სულიწმიდის მატარებელნი არიან, მისი მადლით შეგვინდობენ შეცოდებებს. მისი მადლით აქვთ ღვთის შემეცნების უნარი და ანგელოზთა მსგავსი ხედვა ღვთისა. მისივე მადლით ხელეწიფებათ ჩვენი გონება წარიტაცონ ამა სოფლისაგან და მიაჯაჭვონ უფალს.

   ისინი მწუხარებენ, როცა ჩვენ ღმერთს შეურაცხვყოფთ და სულიწმიდას არ ვაძლევთ საშუალებას ჩვენთან დაივანოს. მათ აწვებათ მთელი სოფლის მწუხარება. ამიტომ მათი სულები ღვთის სიყვარულითა და მარადის ლოცვით ცდილობენ გამოითხოვონ ჩვენთვის ნუგეში და მშვიდობა მთელი სოფლისათვის. ასეთი ანთებული ლოცვით კი ჩვენც მიგვიზიდავენ ღვთის სიყვარულისა და სამსახურისკენ. სწორედ, ერისათვის მათი თავდადებისა და მსახურების გამო უყვარს ისინი ღმერთს.

   ისინი უდიდეს შრომასა და ღვაწლში არიან, ამიტომაც განმდიდრდებიან წმინდანთა გონებით, რომლებსაც თავიანთ ცხოვრებით ბაძავენ.

   უფალმა ისე შეგვიყვარა, რომ თავი თვისი მისცა ჯვარადაც. უზომოა მისი მწუხარება, ჩვენთვის იგი მიუწვდომელია, რადგან ნაკლებად გვიყვარს ღმერთი. ასევე მწუხარებენ ჩვენი სულიერი მწყემსნი ჩვენთვის. თუმცაღა ჩვენ ხშირად ვერ ვხედავთ მათ მწუხარებას. რაც უფრო მეტია სიყვარული მწყემსისა, მით უფრო მეტია მისი მწუხარება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს, უნდა გვიყვარდეს და ვაფასებდეთ ჩვენს მოძღვარს.

   მოციქულები ამაღლების შემდეგ როგორც სახარებაშია ნათქვამი, დაბრუნდნენ დიდი სიხარულით (ლუკ. 2,4,52). უფალმა იცის, რა დიდი სიხარული მიანიჭა მათ და როგორ განიცდიდნენ ამას მათი სულები.

   პირველი სიხარული მათი იყო ცნობა ჭეშმარიტი ღმერთისა - იესო ქრისტესი.

   მეორე სიხარული - მათ შეიყვარეს იგი.

   მესამე - მათ ცნეს მარადიული, სულიერი ცხოვრება.

   და მეოთხე - მათ სურდათ  სოფლის ცხონება, ისევე, როგორც საკუთარი თავისა.

   უხაროდათ იმისთვის, რომ სულიწმიდას ეზიარნენ და ხედავდნენ მის მოქმედებას საკუთარ თავში.

   მოციქულები მიწაზე დადიოდნენ და ადამიანებს ასწავლიდნენ ღვთის სიტყვას, ასწავლიდნენ ცათა სასუფევლის შესახებ, მაგრამ მათ სულებს მაინც მოწყინება ეუფლებოდა და ესწრაფვოდნენ საყვარელი უფლის ხილვას. ამიტომაც არ ეშინოდათ სიკვდილის და სიხარულით ეძიებდნენ მას, ხოლო თუკი სიცოცხლე სურდათ, სურდათ მხოლოდ ხალხისათვის, რომლებიც შეიყვარეს, ვითარცა თავი თვისი.

   მოციქულებს უყვარდათ უფალი. ამ სიყვარულმა განუქარვა მათ შიში სიკვდილისა და განსაცდელისა. ამიტომაც გააგზავნა უფალმა ისინი ადამიანთა განსანათლებლად.

   დღესაც არიან მონაზვნები, რომლებმაც განიცადეს უფლის სიყვარული და ისწრაფვიან მისკენ გამუდმებით. ისინი სოფელს ეხმარებიან ლოცვითა და წერილით, მაგრამ უფრო მეტად ეს საზრუნავი აკისრიათ ეკლესიის მოძღვრებს, რომლებიც უდიდესი მადლის მატარებელნი არიან. რა იქნებოდა, რომ ადამიანებს დაენახათ სიდიადე ამ ნიჭისა, მაშინ მთელი სოფელი განკვირდებოდა. მაგრამ უფალმა დაფარა იგი, რადგან მისი მსახურნი არ გაამაყებულიყვნენ და სიმდაბლით ეცხოვნათ სული.

   ეპისკოპოსნი მოწოდებულნი არიან თავისი სამწყსოს საპტარონოდ. მათ ღვთისაგან უხვად აქვთ მინიჭებული სულიწმიდის მადლი. ამ მადლის მოქმედებით აქვთ უნარი ცოდვათა შეკვრისა და განხსნისა. ჩვენ კი, ძმებო! ნუ განვეშორებით მწყემსთა მორჩილებას და მაშინ შეიქმნება საყოველთაო მშვიდობა, უფალი სულიწმიდითურთ არ განგვეშორება.

   უდიდესია მღვდლის სახე, როგორც ღვთის საკურთხევლის მსახურისა. ვინც მღვდელს შეურაცხოფს, იგი შეურაცხყოფს სულიწმიდას, რომელიც მასშია დავანებული.

   რაღაც უნდა ვთქვათ ეპისკოპოსებზე - ისინი ხომ დადგინებულნი არიან ყველაზე მაღლა და აქვთ უდიდესი მადლი სულიწმიდისა, ვითარცა არწივნი ფრენენ  ყველაზე მაღლა და იქედან მოიხილავენ უკიდეგანო სივრცეს, ასევე, ეპისკოპოსნი ღვთისმეტყველების გონით მწყსიან ქრისტეს სამწყსოს.

   სულიწმიდამ ეპისკოპოსნი ერის დასამწყსავად დაადგინა ეკლესიაში. ადამიანებს ეს რომ ახსოვდეთ, მაშინ მათ უდიდესი სიყვარულით შეიყვარებდნენ და მათი ნახვით უზომოდ გაიხარებდნენ. ერთი მდაბალი და წყნარი კაცი მიდიოდა თავის ცოლთან და შვილთან ერთად. მათ გზაზე მღვდელმთავარი შემოხვდათ, რომელიც ეტლით მოდიოდა. როცა გლეხმა მოწიწებით გამოითხოვა კურთხევა მისგან, დაინახა მადლისმიერი ცეცხლით მოსილი მღვდელმთავარი.

   ვინმე იკითხავს: „თუკი სულიწმიდამ დაადგინა ეპისკოპოსი ჩვენ ხელმძღვანელად, მაშინ რატომ არაა ჩვენთან მშვიდობა, რატომ არ მივდივართ უკეთესობისაკენ? იმიტომ, რომ არასწორად ვფიქრობთ ღვთის მიერ დადგენილი ხელისუფლების შესახებ. ვეურჩებით მათ. თუკი ჩვენ მივენდობით ღმერთს, ჩვენი ცხოვრება სასიკეთოდ წარიმართება, რადგან ღმერთს უყვარს მდაბალი, მორჩილი სული და თვითონ ხელმძღვანელობს მას, ხოლო ურჩს მოთმინებითა და წყალობით ელოდება, როდის გამოსწორდება.

   უფალი ბრძნულად განსწავლის სულს თავის მადლით, ვითარცა კეთილი მასწავლებელი და მოსიყვარულე მამა. ხშირად საკუთარი მამაც ცდება, უფალი კი - არასოდეს. მასწავლებელმაც არ იცის ყველაფერი, უფალი კი ყოვლისმცოდნეა.

   ყველა უბედურება მოდის იქიდან, რომ ჩვენ ვეკითხებით ჩვენს მოძღვრებს, რომლებიც დადგენილნი არიან ჩვენს სახელმძღვანელოდ, მოძღვარნი კი არ ეკითხებიან ღმერთს, როგორ მოიქცნენ. ადამს რომ ეკითხა ყველასათვის, როცა ევამ ნაყოფი მიაწოდა, არ შეცოდავდა, უფალი აპატიებდა მას. მე ჩემზეც გეტყვით, ყველა ჩემი ცოდვა და შეცდომა იმიტომ იყო, რომ განსაცდელისა და საჭიროების შემთხვევაში არ მოვუწოდებდი ღმერთს. ახლა კი ვისწავლე და ლოცვით გამოვითხოვ წყალობას და უფალიც მიცავს შეცდომებისაგან.

   ასევე არიან მღვდელმთავარნი, თუმცაღა აქვთ მადლი სულიწმიდისა, მაგრამ ყოვლისმცოდნენი არ არიან. ამიტომაც გასაჭირის ჟამს უნდა ითხოვონ შემწეობა უფლისაგან. ისინი კი თავისი გონებით იქცევიან. ამით კი შეურაცხყოფენ გულმოწყალებას უფლისას და თესენ შფოთს. ღირსი სერაფიმე ამბობდა, რომ როცა ის შეკითხვებს საკუთარი გონებით პასუხობდა, მაშინ სცდებოდა. შეცდომები კი შეიძლება იყოს პატარა და შეიძლება იყოს დიდი. ასე რომ, ყველამ უნდა ისწავლოს ღვთის ნების გამოცნობა, თუკი არ ვისწავლით, ვერასოდეს გავიგებთ უფლის ნებას.

   უფალი ამბობს: „მხადე მე დღესა ჭირისა შენისას და მე გიხსნი შენ და შენ მადიდო მე" (ფს. 45;15).

   უფალი სულიწმიდის მადლით განანათლებს ადამიანს. უფლის გარეშე ვერც ერთი ადამიანი სწორად ვერ იაზროვნებს. სულიწმიდის გარდმოსვლამდე მოციქულებიც კი არ იყვნენ ბრძენნი და მყარნი. უფალიც ხომ ეუბნებოდა: „ვიდრემდის ვიყო თქვენ თანა? ვიდრემდის თავს ვიდებდე თქვენისათვის" (მთ. 17,17).

   უფალმა მისცა ეკლესიას წმინდა მოძღვარნი, ისინი ქრისტეს მსახურებას განასახირებენ. მათ აქვთ ძალაუფლება, სულიწმიდის მადლით მიუტევონ ცოდვები.

   შენ ალბათ ფიქრობ, როგორ შეიძლება ან ეპისკოპოსი, ან მღვდელი თუ სულიერი მოძღვარი ატარებდეს თავის თავში სულიწმიდას, როცა მას ჭამაც უყვარს და სხვა სისუსტეებიც გააჩნია. მაგრამ მე გეტყვით: შესაძლებელია მღვდელმთავარს ან მღვდელს ჰქონდეს რაიმე ნაკლი, მაგრამ იგი არ უშლის ხელს სულიწმიდას, რომ იცხოვროს მასში. მსგავსად იმ ხისა, რომელსაც საღ ტოტებთან ერთად ხმელი ტოტებიც აქვს. ეს კი ხელს არ უშლის, რომ ნაყოფი გამოიღოს. ან კიდევ, ყანაში ბევრი ღვარძლია, მაგრამ იგი ვერ აფერხებს მის განვითარებას.


მოამზადა მღვდელმა ზაქარიამ (მარგალიტაძე) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება