მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ოსტატი და მარგარიტა (ნაწილი 2)
ოსტატი და მარგარიტა (ნაწილი 2)7-08-2017, 00:03 |
ისტორია მდიდარია ხვადასხვაგვარი ქალბატონების კეთილი თუ ბოროტი ქმედებებით. მაგრამ უნდა განვასხვავოთ - უბრალოდ ბოროტება, და მეორე მხრივ - შეგნებული ურთიერთობა დემონურ სამყაროსთან. როგორ მიიღწევა იგი? თუნდაც ისე, როგორც ეს მიხეილ ბულგაკოვის რომან „ოსტატი და მარგარიტა"-ში ხდება. რომელი მკითხველი არ აღფრთოვანებულა ავტორის ბრწყინვალე პროზით! ვის არ დაუცინია ბულგაკოვთან ერთად სულელი საბჭოთა ათეისტებისათვის! ვისში არ ანთებულა განსაკუთრებული ინტერესი დემონის პიროვნების მიმართ. ლამაზად არის აღწერილი, ვერაფერს ვიტყვით! ეშმაკები კი არა, ჯელნტმენები არიან, მეტიც - ღირსეული რაინდები, როგორც დასასრულში ირკვევა. თუმცა, ადამიანთა სამყაროში თავისი ოხუნჯობითა და ქცევით კლასიკური ეშმაკის თვისებებს განასახიერებენ. ყველაფერი, რაც სატანის თავგადასავლებს ეხება, აღწერილია შესანიშნავი იუმორითა და სატირით, მაგრამ მთლიანობაში რომანი იმდენად სერიოზულია, რომ მკითხველში სწრაფად ისადგურებს რწმენა იმისა, რომ არსებობს „წყვდიადი" და „ნათელი", აქედან კი ინტერესის განსაკუთრებული ნაპერწკალი ჩნდება. როგორც კი დაიწყებს რომანის კითხვას, მკითხველი ამჩნევს, რომ მთელი სიმპათია ბოროტ ძალთა მხარესაა. სწორედ ამგვარადაა დაწერილი წიგნი და ასეთ შედეგზეა გათვალისწინებული. ოსტატისა და მარგარიტას ცხოვრებაში თითქოს არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება, ვიდრე მათ ცხოვრებაში სატანა და მისი თანმხლებნი არ ჩაერევიან! ოსტატს ატყობინებენ რაღაც სატანურ „გამოცხადებას" სახარების თემაზე და იგი წერს არჩვეულებრივ რომანს, რის შემდეგაც ატარებს შავ ქუდს და კითხვაზე: „თქვენ - მწერალი ხართ?" პაუხობს: „მე ოსტატი ვარ", მარგარიტას კი საყვარელი ადამიანის გულისათვის უბიძგებენ გააქტიურებული „ბრძოლისაკენ", საბოლოოდ კი მას ჯადოქრად გადააქცევენ. რომანის ბოლოს ორივე გმირის ცხოვრება სახეს იცვლის იმდენად, რომ აღარ ძალუძთ ამ გარემოში ცხოვრება. ისინი კვდებიან და თავიანთ მანუგეშებელთან ერთად ჯოჯოხეთში ხვდებიან. აქ კი, როგორც აღმოჩნდა, ის ადგილია, სადაც „წესიერი ადამიანებისათვის" მომზადებულია არა მარადიული სატანჯველი (როგორც ეკლესია გვასწავლის), არამედ „სიმშვიდე", ზღაპრული სახლი, ლამაზი წყარო, იდეალური პირობები შემოქმედებისა და ფიქრისათვის და საყვარელი ცოლი და ყოველივე ეს გმირებისთვის გრძელდება მარადიულად. საინტერესოა, მოიძებნება კი მწერალი (ან ხელოვანი ადამიანი) თავისი საყვარლებით, რომელიც სიამოვნებით არ დათანხმდება ამგვარ საიქიო ცხოვრებას?! ეს ხომ ნამდვილი სამოთხეა! ოსტატი იმდენად არ გვამახსოვრდება. „შემოქმედი ადამიანის" სულიერი ტანჯვა - ყველასათვის გასაგები არ არის. აი, მისი საყვარელი მარგარიტა - რომანის ყველაზე ამაღლებული სახეა! რა იყო მისი ცხოვრება ბოროტ ძალებთან გაცნობამდე? მოსაწყენი! ჩვეულებრივი „მიწიერი" საქმენი, ჩვეულებრივ ქმარზე ზრუნვა. იდუმალი ლტოლვა დიადი, ვნებიანი სიყვარულისაკენ. ხოლო როგორც კი ცდუნდა სატანის წინადადებით, როგორც კი დათანხმდა, უმალვე მიიღო ოქროს ჭურჭელში მოთავსებული ჯადონური მალამო, რომელიც აცილებს ყოველგვარ ნაოჭს და აქცევს მზეთუნახავად, „ბალის დედოფლად", საზოგადოებაში გავლენიან ადამიანად, იწყებს საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობას... მთავარი კი თვით სატანას გაცნობაა, რომელთანაც თურმე თვით შიშვლად ყოფნაც შეიძლება. მაგრამ რატომ მაინცდამაინც შიშველი? ეტყობა ამ გზით უფრო მეტად მიიღწევა სატანასთან სულიერი ერთობა. ყველაზე ფასეული ჯილდო ჯადოქრობისთვის - „თავისუფლებაა" (არავითარი შრომა, ბავშვები, ოჯახური ვალდებულებები) მხოლოდ „თავისუფლება და სიყვარული". ეს არის ის, რაზეც ოცნებობს თანამედროვე გოგონებისა და ქალბატონების უმრავლესობა! ბულგაკოვმა თითქოს ჩაიხედა დედაკაცთა სულში და შესთავაზა: „რატომ უნდა დაიღუპოთ! შეეკარით სატანას და იგი ჭეშმარიტად გაგაბედნიერებთ!" თუმცა არა მარტო ქალბატონები, არამედ რომანის წამკითხველი ნებისმიერი ადამიანი რწმუნდება, ეშმაკთან კავშირი გაცილებით მიმზიდველია, ვიდრე ღმერთთან. „წყვდიადი" კი გაცილებით უფრო სიმპათიურია, ვიდრე „ნათელი". რომანში „ნათლის" გმირებიც არიან მოყვანილნი. უპირველესად ეს არის იეშუა, რომელიც მკითხველმა იესო ქრისტე უნდა იცნოს. მაგრამ, რადგანაც მართლმადიდებელი ქრისტიანი არასოდეს იცნობს მასში ქრისტეს, ვუწოდოთ მას იეშუა. ტანჯული, საწყალი, როგორც ჩანს მართლაც უდანაშაულოდ დასჯილი. როდესაც მას ამაგრებდნენ ძელზე (და არა ჯვარზე), ბულგაკოვი აღწერს ტანჯვას, ოფლს, ნერწყვს, გარშემორტყმულ ბუზებს, სისხლს. მკითხველში იწვევს ერთგვარ ზიზღს, უსიამოვნებას. ზოგი იტყვის „მხატვრული" სახის გადმოსაცემად აღწერს მწერალი ამგვარადო, მაგრამ არა! შეადარეთ მარგარიტას სხეულის აღწერა და ნათელი გახდება ბულგაკოვის მზაკვრობა. იეშუა კი უდანაშაულოა, იგი იტანჯება ჭეშმარიტების გამო, მაგრამ იგი უსუსური და უსიამოვნოა. მარგარიტა კი ჯადოქარია, იგი ეშმკთანაა შეკრული, მაგრამ რა მშვენიერია! მაშ ვინ არის ამ ისტორიაში ნამდვილი „ოსტატი" და ვინ „მარგარიტა"? ნამდვილი ოსტატი აქ მიხეილ ათანასეს ძე ბულგაკოვია, „მარგარიტა" კი - ჩვენი სულია, ძვირფასო მკითხველო! იგი უნდა ცდუნდეს (და შესაძლოა უკვე ცდუნდა). თუ ასეა, მაშინ მიზანს მიაღწია. მაგრამ გვახსოვდეს, ძვირფასნო, ჭეშმარიტია ეკლესიის სწავლება, რომელიც ამბობს, რომ ჯოჯოხეთში არავითარი „სიმშვიდე" არ არის, არამედ მარადიული სატანჯველია და იქნება საშინელი სამსჯავრო, სადაც ადამიანები პასუხს აგებენ, რატომ აირჩიეს წყვდიადი და არა - ნათელი, ეშმაკი და არა ღმერთი. ადამიანები პასუხს აგებენ იმის გამო, რომ უფრო მეტი სიამოვნებით კითხულობენ ბულგაკოვს, ვიდრე სახარებას. მაშ იქნებ არ ღირს „ოსტატებად" და „მარგარიტებად" გადაქცევა? ჰე, ძვირფასო მკითხველო, არ ღირს! დემონი არ არის „ღმერთი". იგი ცრუა, რამეთუ „კაცის-მკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაი არა არს მის თანა, რამეთუ მტყუვარ არს და რამეთუ მამაიცა მისი მტყუვარი არს" (იოან. 8. 44).
თარგმნა დავით ჯინჭარაძემ Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |