მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, უნია, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა მარკოზ ეფესელი და ფლორენციის უნია
წმინდა მარკოზ ეფესელი და ფლორენციის უნია4-08-2017, 00:03 |
ლათინური დასავლეთის ექსპანსია ჩვენს დროში თავისი განვითარების ახალ ფაზაში შევიდა, გამოცხადებულია ახალი ჯვაროსნული ომი აღმოსავლეთისაკენ, რაც ხაზს უსვამს რომაულ-კათოლიკურ მისწრაფებას, დაიმორჩილოს მართლმადიდებლური ეკლესია. ჯვაროსნების გალაშქრება ბიზანტიაზე, კონსტანტინოპოლის აღება და დანგრევა, ქართველთა ივერთა მონასტრის გადაწვა, თანამედროვე მოვლენები სერბეთში - ყოველივე ეს სამარცხვინო ისტორიული სინამდვილეა პაპისტებისა. დღეს მრავალი გამოთქვამს მართლმადიდებლობისა და პაპიზმის, ერთი შეხედვით, მსგავსი ქრისტიანული მიმდევრობების გაერთიანების სურვილს, მაგრამ ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიაზროთ, თუ რა გვაშორებს ერთმანეთს. ერთნი ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი რომის პაპის უცდომლობის დოგმატია, მეორენი - ეკლესიოლოგიურ განსხვავებას, სხვანი აღნიშნავენ ქრისტიანული ცხოვრებისა და ეთიკის განსხვავებას. ზოგიერთნი მიგვითითებენ ისტორიულ მიზეზებზე, კერძოდ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე რომის პაპებსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქებს შორის. ყოველივე ეს ნაწილობრივ სინამდვილეს წარმოადგენს, მაგრამ უმთავრესი, რაც ჩვენ გაგვყოფს, დოგმატური საკითხებია, კერძოდ, რომის ეკლესიის განდგომილება იმ დოგმატებისაგან, რომელიც ოდესღაც საერთო იყო დასავლეთისა და აღმოსავლეთისათვის. და რაც არ უნდა სასურველი იყოს ერთობა, - ნებისმიერი ხერხით ამის მიღწევა შეუძლებელია. ჩვენ ვერაფერს დავთმობთ იმ საგანძურიდან, რასაც ეკლესიის სწავლება ჰქვია იმ წმიდა დოგმატებიდან, რომელიც მივიღეთ მოციქულთაგან, და განსაზღვრულ იქნა მსოფლიო კრებებზე, რომლებსაც სული წმინდა ხელმძღვანელობდა. „არასდროს ის, რაც ეკუთვნის ეკლესიას, არ გადაწყდება კომპრომისების გზით" - თქვა წმიდა მარკოზ ეფესელმა. დღეს, როდესაც პაპისტური დასავლეთი გამძვინვარებული ლომივით ცდილობს შთანთქას „აღმოსავლელი სქიზმატები", წმ. მღვდელმთავარ მარკოზ ეფესელის პიროვნების გაცნობა მისებრ მტკიცე, უკომპრომისო დაცვა „ერთგზის მოცემულისა მისთვის წმიდათა სარწმუნოებისა" (იუდა 1, 3) როგორც არასდროს უპრიანი იქნება. 1430 წ. დაეცა თესალონიკი, ბიზანტიის ცენტრი კონსტანტინოპოლის შემდეგ. მძლავრი იმპერიისაგან მხოლოდ დედაქალაქი, ვიწროდ განლაგებული მიმდებარე მიწები და რამდენიმე კუნძული დარჩა. იმპერატორი, გახდა რა სულთანის ქვეშევრდომი, დასავლეთში და მეტწილად, პაპებთან ეძებდა მხარდაჭერას. ბიზანტიის მმართველები სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის წინაშე იდგნენ: დამორჩილებოდნენ ღვთის ნებას და უცხოტომელთა შემოტევა ცოდვის გამო სასჯელად მიეღოთ და დამდაბლებულიყვნენ „წინაშე მტკიცესა ხელსა ღმრთისასა" (1 პეტ. 5, 6), ან ეპოვათ გადარჩენა ლათინებთან. იმპერატორის იოანე პალეოლოგის მცირედმორწმუნეობამ მეორე გზა აირჩია. იმპერატორი და პაპი ევგენი IV შეთანხმდნენ, მოეწვიათ მსოფლიო კრება კონსტანტინოპოლისა და ლათინური ეკლესიის წარმომადგენლებისაგან. ფერარში დაწყებული კრება გაძლიერებული ჟამიანობის გამო გადატანილ იქნა ფლორენციაში. იქ მთავარი სადაო საკითხი იყო ლათინური სწავლება სულიწმიდის ძისაგან გამოსვლის (ფილიოქვე) შესახებ. ბერძენმა მამებმა ეს საკითხი კანონიერ საფუძველზე დააყენეს და ამტკიცებდნენ, რომ რომაელ-კათოლიკები დაუშვებლად მოიქცნენ, შეიტანეს რა მრწამსში სწავლება სულიწმიდის და ძისაგან გამომავლობის შესახებ, რაც აკრძალული იყო III მსოფლიო კრების მიერ. ლათინები ცდილობდნენ თავის გამართლებას, მაგრამ რადგან ამ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია, რომაელ-კათოლიკებმა ეს საკითხი კანონიკური საფუძვლებიდან დოგმატურში გადაიტანეს. სწორედ ამ დროს აღიმაღლა ხმა წმ. მარკოზ ეფესელმა. მან თავისი მკაფიო დასაბუთებით დაგმო ლათინების სოფიზმი. მარკოზ ეფესელის თანამოაზრე იყო ყველა ბერძენი მამა. იოანე პალეოლოგი, პოლიტიკური მოტივებით აღძრული, არწმუნებდა მამებს, შეთანხმებულიყვნენ ლათინებთან. წმიდა მღვდელმთავარმა მარკოზმა უშიშრად უარყო იმპერატორის წინადადება და რომაელ-კათოლიკებს ერეტიკოსები უწოდა. ლათინები თავის მხრივ თავისი სწავლების მიღებას ითხოვდნენ, რაშიც გარკვეულ შედეგს მიაღწიეს. ზეწოლისა და მუქარის შედეგად ბერძენი მამები დათანხმდნენ მრწამსის ლათინურ ვარიანტზე, როდესაც შეთანხმება დასასრულს მიუახლოვდა და შედგა ეკლესიების შეერთების აქტი, მხოლოდ ერთადერთმა იერარქმა მტკიცედ და კადნიერად უარი განაცხადა უნიის ხელის მოწერაზე. ეს იერარქი წმ. მარკოზ ეფესელი იყო. წმ. მარკოზ ეფესელის ეს გადაწყვეტილება ფატალური დარტყმა იყო უნიისათვის. უნიას ხელი მოაწერეს იმპერატორმა, პატრიარქების წარმომადგენლებმა, მიტროპოლიტებმა და სხვა მაღალი წოდების ეკლესიის წარმოადგენლებმა, ანუ ადმინისტრაციულად მთელმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოაწერა ხელი - და მიუხედავად ამისა, მათი ხელმოწერა არაფრად ღირდა, მარკოზ ეფესელის ხელმოწერის გარეშე. შემთხვევითი არ იყო ის, რომ პაპმა ევგენი IV, როდესაც მას ზარზეიმით მიუტანეს უნიის აქტი, ვერ იხილა რა წმიდა მარკოზის ხელმოწერა, სევდამორეულმა თქვა: „მაშ ასე, ჩვენ ვერაფერს მივაღწიეთ". წმიდა მღვდელმთავარი და აღმსარებელი მარკოზ ეფესელი - სნეული, სასიკვდილო ავადმყოფობით (კუჭ-ნაწლავის კიბოთი), დაუძლურებული - გახლდათ სულიერი მოძღვარი მართლმადიდებლობისა და ბურჯი მართლმადიდებელი ეკლესიისა. კონსტანტინოპოლში დაბრუნებისას პალეოლოგმა დაინახა, თუ რაოდენ არამყარია ძალადობისა და სხვადასხვა ხერხებით ეკლესიების შეერთება. ბიზანტიის ეპისკოპოსებმა, რომლებიც დათანხმდნენ უნიას ფლორენციაში, კონსტანტინოპოლში დაბრუნებისას უარყვეს ის. ბერძენმა სასულიერო პირებმა და ხალხმა, შეიტყვეს რა უნიის შესახებ, ფრიად გაღიზიანდნენ; უნიატებს ერეტიკოსებს უწოდებდნენ; ალექსანდრიის, იერუსალიმის და ანტიოქიის პატრიარქებმა 1443 წელს იერუსალიმში მოიწვიეს კრება, რომელზეც განაყენეს ყველა უნიის მომხრე, რაც დადასტურებული იქნა 1450 წელს კონსტანტინოპოლის კრებაზე. მართლმადიდებელი ეკლესიის მძიმე პერიოდებში ღმერთი ირჩევს თავის რჩეულებს, რომელნიც სწორედ მართლმადიდებლური ეკლესიის, მისი სიმართლის, სიწმინდისა და უცდომელობის გამომხატველნი არიან. ასეთები იყვნენ წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომელმაც მოკვეთილი მარჯვენითა და მოჭრილი ენით არ უარყო მართლმადიდებლობა, მასთან ერთად წმ. მარტინი, რომის ეპისკოპოსი - ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტყვედ ჩაგდებული, იმ დროს, როდესაც მთელი ეკლესია ერეტიკოს - მონოთელიტების ხელთ იყო. ასეთი იყო წმ. მარკოზ ეფესელიც და მრავალნი სხვა აღმსარებელნი. სწორედ მათშია შენარჩუნებული მართლმადიდებლური ეკლესია. როდენ მნიშვნელოვანია ის საოცარი და უნიკალური მართლმადიდებლობა ჩვენს დროშიც, რაოდენ მიუღებელია რომელიმე სახის კომპრომისი ჩვენს დოგმატებთან მიმართებაში. რაოდენ მნიშვნელოვანია ხსოვნა წმიდა მარკოზ ეფესელისა, იმ საოცარი ღვთის ჭურჭელისა, რომელმაც დაიცვა მართლმადიდებლობა მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ერთ-ერთ ურთულეს დროს, დროს, რომელიც ასე ძალიან ჰგავს ჩვენსას.
მოამზადა დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძემ Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |