მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > აღმოსავლეთსა და დასავლეთზე მაღლა - წმ. ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი)
აღმოსავლეთსა და დასავლეთზე მაღლა - წმ. ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი)25-09-2017, 00:03 |
აზიელი, რომელიც ქრისტეს სახარებას კითხულობს, ამბობს: ის ჩვენიანია, იგი აზიელია, მეუდაბნოე, მლოცველი, ბრძენი და სასწაულთმოქმედი. ევროპელი, რომელიც ქრისტეს სახარებას კითხულობს, ამტკიცებს: ის ჩვენიანია, იგი ევროპელია, მოღვაწე, ადამიანთა დაუზარელი შემწე, გამკითხავი, მკურნალი, მარჩენალი, ჰუმანისტი და აქტივისტი. მაინც ვინ არის ქრისტე? აზიელი თუ ევროპელი? აღმოსავლელი თუ დასავლელი? ჭეშმარიტად, ერთიცა და მეორეც. იგი აღმოსავლელია და დასავლელი ამ სიტყვათა უმაღლესი გაგებით. იგი აღმოსავლეთზე მაღლა მდგომი აღმოსავლელი ადამიანია და დასავლეთზე მაღლა მდგომი დასავლელი ადამიანი. მთელი დედამიწა, მისი ყველა კუთხე მას ეკუთვნის.
● ● ● პოლითეისტურ აღმოსავლეთს უჭირს ირწმუნოს ადამიანის. მატერიალისტურ დასავლეთს უჭირს ირწმუნოს ღმერთის. იესო ადამიანს განასახიერებს, ქრისტე - ღმერთს. ორი ბუნება, ერთი ჰიპოსტასი. დასავლეთი იოლად აღიარებს ადამიან იესოს და ადგილს მიუჩენს მას დიდად ადამიანთა „პანთეონში". აღმოსავლეთი აღიარებს ღმერთ ქრისტეს და ამავე დროს ვერ გრძნობს ადამიანი - იესოს საჭიროებას. მაგრამ კაცობრიობის მაცხოვარი ღმერთიცაა და კაციც. იესო ქრისტე აღმოსავლეთსა და დასავლეთზე მაღლა დგას. როდესაც აღმოსავლეთზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს სახლი შინაგანად განყოფილი, ხალხთა ორი განსხვავებული ჯგუფი: მაჰმადიანები და ბრაჰმა-ბუდისტები. მათ მოსალოც ადგილებს მექა, ბენარესი და ტიბეტი წარმოადგენს. ეს ორი ჯგუფი აღმოსავლეთის ძირითად არსსა და სიღატაკეს განასახიერებს. როცა დასავლეთზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს ისევ თავისთავში, შინაგანად განყოფილი სახლი, საუბარია პაპიზმსა და ანტიპაპიზმზე, (რაც პროტესტანტიზმის სხვადასხვაგვარ ფორმაშია გამოხატული). ეს დასავლეთის ხალხთა ორი ძირითადი გზაა. ორივე შეცდომილი. ისინი დასავლეთის ცდომილებას განასახიერებენ. ქრისტე ამგვარ აღმოსავლეთსა და დასავლეთზე მაღლა დგას.
ბალკანელი ქრისტე
ბალკანელი ქრისტე - ეს იგივეა, რაც იერუსალიმელი, სინელი, რუსი ან ოდესღაც, ევროპელი. რამეთუ ერთია იგი. ბალკანელი ქრისტე - ეს არის ქრისტე ბალკანეთში, ბალკანეთის ცხოვრებისეულ დრამაში, ბალკანურ სამოსში, ბალკანურ სიმღერასა და სიმბოლიკაში, ბალკანურ ოხვრასა და ცრემლში, სისხლიან საფლავებში, ბალკანურ აღდგომაში. იგი განსახიერდა ყველა ბალკანელ წმინდანში. განუსაზღვრელია მათი რიცხვი. ეს წამებულთა არმიაა სალონიკიდან დუნაის მეორე ნაპირამდე და ლურჯი ზღვიდან შავ ზღვამდე. ეს მართლმადიდებელ წმინდა სულთა მრავალმილიონიანი არმიაა, რომელთაც ვერ დაიტევს ვერცერთი მიწიერი კალენდარი და რომლებიც მხოლოდ ზეციურ კალენდარში, საუკუნო ცხოვრების წიგნში ჩაეწერნენ. ყველა მათგანი წმინდა ჯვრის მტერთა მიერაა შეგინებული, ფურთხით გასვრილი და განგმირული, ისე, როგორც ქრისტე ებრაელთა ხელით. ყველა მათგანი საკუთარი გოლგოთის გზას მიუყვებოდა თავზე ეკლის გვირგვინით, საყოველთაო სიძულვილში გახვეული, როგორც ეკალში. ყველა მათგანმა სიკვდილის კარიბჭე განვლო, როგორც უკანასკნელმა, იქ კი ქრისტეს კურთხეული ხელები იღებდნენ, როგორ უპირველესთ. ჭეშმარიტად, უკანანი სიკვდილი კარიბჭის აქეთ, წინანი - კარიბჭის იქით. ქრისტეს სახელით ივნენ აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ქრისტეს სახელით დაამარცხეს აღმოსავლეთი და დასავლეთი, აღმოსავლეთი - თურქული ისლამისა და მონღოლური მრავალღმერთიანობის სახით, დასავლეთის - ერეტიკული პაპიზმის სახით. გოლგოთაზე თავს თავიანთ ჯალათებზე ამაღლებულად გრძნობდნენ. აღმოსავლეთი ჯალათების წინაშე - აღმოსავლეთზე მაღლა, დასავლელთა წინაშე დასავლეთზე მაღლა არცერთ მათგანს არ უფიქრია დედამიწის გეოგრაფიაზე, რათა ეთქვათ: ჩვენ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვართ, არამედ თავიანთ აზრებსა და გულს ზეცისაკენ მიმართავდნენ, იმ მარადიული ჭეშმარიტებისაკენ, რომლისთვისაც ეწამებოდნენ და მთელი სულითა და გულით მაღლდებოდნენ აღმოსავლეთსა და დასავლეთზე.
ანგარებისმოყვარენი და მოტყუებულნი
მთა ჭიანჭველების ბუდეზე დიდია, ღვთის ძალა ადამიანის ძალაზე დიდი. ამას უღრუბლო დღეებში ყველა აღიარებს, მაგრამ, როცა ადამიანთა ფეხები თუ ცხენის ფლოქვები აამტვრევენ გზას, ბევრი ბრმავდება და შიშისაგან ადამიანის ძალას ღვთის ძალაზე მეტად აფასებს. მთას თვალთახედვიდან კარგავენ და ჭიანჭველების ბუდეზე წაიბორძიკებენ ხოლმე. გარდა ამისა თაყვანს სცემენ მას. იგივე შეემთხვათ სერბებს, რომლებიც კოსოვოს ბრძოლის შემდეგ გამუსულმანდნენ. უფრო ადრე მართლმადიდებლურ ჯვარს ბევრმა ბულგარელმა, ბერძენმა და „ელინმა" უღალატა, მურატის ჯარებს შეუერთდა ნახევარმთვარის ქვეშ და სერბეთის ჯვრიანი დროშის წინააღმდეგ. მაგრამ თავადი ლაზარე, უდიდესი მათ შორის, ვინც ეს სახელი მსოფლიო ისტორიის მანძილზე ატარა, არ წაბორძიკებულა ჭიანჭველების ბუდეზე, არ დაუკარგავს თვალთაგან მთები ღვთიური ძალისა და გადაწყვიტა თავის ხალხთან ერთად მიეღო ყველა დარტყმა, რათა შემდეგ ღვთისაგან მიეღო ყველა სასყიდელი. მრავალმა სერბმა მებატონემ წაიბორძიკა ამ ბუდეზე. დაივიწყეს ქრისტეს წინასწარმეტყველება „დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან" (ლუკ. 12, 15) დახარბდნენ სიმდიდრეს, სიამტკბილობასა და ყველა ამქვეყნიურ სიცრუეს. ჯვრები ჩამოგლიჯეს თავიანთ სახლებს, ჩალმები მოიხვიეს თავზე, ფეხთბანის ჩვეულებას აღარულებდნენ და მეჩეთებში ლოცულობდნენ. ასე მცირედისათვის გაიხანგრძლივეს მიწიერი სიცოცხლე და ფეხით გათელეს თავიანთი ღირსება. არც კოსოვოში დაღვრილი ლაზარეს სისხლისა შერცხვათ. იმავე გზით წავიდნენ, რომლითაც გათურქებული ბულგარელები, ბერძნები და „ელინები". ვიდრე ბალკანეთში თურქები ბატონობდნენ, აქ აღმოსავლეთს თურქები, ხოლო მათი წასვლის შემდგომ გათურქებულები განასახიერებდნენ.
● ● ● კოსოვოს დაცემიდან 70 წლის შემდეგ სერბეთი სრულიად დამორჩილდა აღმოსავლეთის ერეტიკოსებს. მეორე აჯანყებიდან 70 წლის შემდეგ სერბეთი სრულიად მოექცა დასავლეთის ერეტიკოსთა უღელქვეშ. ჩვენ იდეურ უღელს ვგულისხმობთ: სულიერს, ინტელექტუალურს, მორალურს, პოლიტიკურსა და კულტურულს.
● ● ● მრავალი ტანჯვა დაითმინა სერბეთის სამღვდელოებამ და გლეხობამ, რადგან გადაჭრით ეწინააღმდგებოდნენ ერეტიკულ დასავლეთს. სამღვდელოებას „რუსოფილებსა" და „შავრაზმელებს" უწოდებდნენ. გლეხობას „გაუნათლებელ მასას" და „სულელ გლეხუჭებს". ამასთან, ასე მათ მოიხსენიებდა არა მხოლოდ „ნემჩურა" (სერბები, რომლებმაც ავსტრია-უნგრეთის მინისტრის ვ. კალიას მხარე დაიჭირეს), არამედ შუმადიის შვილები, რომლებმაც განათლება დასავლეთში მიიღეს. პირველები, შეიძლება ითქვას უწყინარი კრავები არიან მეორესთან შედარებით. სწორედ ესენი შეადგენდნენ დასავლური „კულტურის", „განათლების", „პროგრესის", აგენტების ცოფიან ხროვასა და უღმერთო ურდოებს. „გათურქებულთაგან" ახლები ძველზე საშიშნი აღმოჩნდნენ. ყველაფერს სერბულს უკუაგდებდნენ, როგორც თურქულს, ხოლო ყველაფერი თურქული - სძულდათ, როგორც აზიური. არსებითად, არც კი იცოდნენ რაა სერბული, რა თურქული და რა აზიური. დასავლელ ვაჭართა ვიწროშუბლიანი „კომივიოაჟორები". თვით ვუკ ბრანკოვიჩზე დიდი მოღალატენი.
დემონების შიში და ცეკვა დემონებთან
აღმოსავლეთი უფრთხის დემონებს, დასავლეთი დემონებთან ფერხულს მართავს. მილიონობით აღმოსავლელი თვალყურს ადევნებს თავის ყოველ ნაბიჯს, რათა შემთხვევით არ შეეხოს დემონს. იქ არავის უნახავს დემონი, დემონების შესახებ იქ იციან, მათ არსებობას იქ ყოველდღიურად და ყოველ საათს, დასაბამიდან შეიგრძნობდნენ. დასავლეთი გამოგონებათა ქვეყანაა. საბაზრო და მომაკვდინებელ გამოგონებათა გვერდით დასავლთმა ისიც აღმოაჩინა, რომ არსებობენ დემონები. და ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადა, განსაკუთრებით ჩვენს საუკუნეში. მაგრამ რადგანაც იქ ყველა არასოდეს აღიარებს ჭეშმარიტებას და ყველაფერი დაყოფილია „სპეციალობების", პარტიებისა და სექტების მიხედვით, ეს აღმოჩენაც არ აღიარა მთელმა დასავლეთმა და მას ადგილი მიუჩინა იმ ადამიანთა სექტაში, რომელსაც სპირიტები უწოდა. სპირიტები ამაყობენ იმით, რომ შეუძლიათ ისაუბრონ სულებთან, აღტაცებულნი არიან იმით, რომ კავშირი აქვთ სულთა სამყროსთან, სიხარულით ცეკვავენ და არც ეჭვობენ, რომ მათ ფერხულ სატანა მართავს.
● ● ● აღმოსავლეთს არ სურს კეთილი სულების აღიარება. დასავლეთის არ შეუძლია განასხვავოს კეთილი და ბოროტი სულები. აღმოსავლეთი ბოროტი სულებისგან თავს მსხვერპლით იცავს. განუწყვეტელი მსხვერპლშეწირვით, რომელსაც ქვისა თუ ხის კერპებს სწირავს. დასავლეთი, ანუ სპირიტული დასავლეთი ნებდება ყოველ სულს, რომლიც მედიუმის ან მოქანავე მაგიდის მეშვეობით გამოძახებას ეხმაურება და სრულ ნდობას უცხადებს მას.
● ● ● უზარმაზარი აღმოსავლეთი დემონებს ემონება, სპირიტული დასავლეთი - ასევე. ამგვარად, ორივე ჰემისფეროზე მეფობს დემონოკრატია, რომელიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას ზოგადად და კერძოდ - ბალკანეთს. ჩნდება კითხვა: გვშურს ვიყოთ ამ ორ დემონოკრატიას შორის? არა, არავითარ შემთხვევაში „შორის", არამედ მხოლოდ მათზე მაღლა. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს სულთა სამყარო, რომ არსებობენ კეთილი და ბოროტი სულები, მაგრამ არსებობს ღმერთი, განუზომელ აღმატებული ყველა სულზე. ქრისტესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სახელით, პირჯვრის გამოსახვით ჩვენ განვდევნით ბოროტს, ხოლო ლოცვით მოვიხმობთ კეთილ სულებს, ნათლის ანგელოზებს, რომლებიც გვიცავენ და შეგვეწევიან. ამგვარად ვმაღლდებით წარმართულ და პესიმისტურ აღმოსავლეთზე.
● ● ● და როგორც მაცხოვარი ჩვენი ამაღლდა აღმოსავლეთსა და დასავლეთზე, ჩვენც ვცდილობთ არ გავისრისოთ მათ შორის, არამედ ღვთის შეწევნით დავდგეთ აღმოსავლეთსა და დასავლეთზე მაღლა.
წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |