მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებელი ქრისტიანი ხშირად უნდა ეზიარებოდეს იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლს
მართლმადიდებელი ქრისტიანი ხშირად უნდა ეზიარებოდეს იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლს15-10-2017, 00:02 |
მინდოდა კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო საშინელი რამ მეთქვა თქვენთვის, მაგრამ გონებრივად რომ არ გადაგტვირთოთ, ზემოთქმულს დავჯერდები. ის ხომ, ვინც ამით გონს არ მოეგება, არც ამაზე მეტით მოეგება გონს. მაშ ასე, იმისათვის, რომ ჩვენმა სიტყვებმა უმეტესი სასჯელი არ მოაწიოს თქვენზე, მე შეგთხოვთ არა იმას, რომ არ მოხვიდეთ, არამედ - რათა ლიტურგიაზე დასწრებისა და ზიარების ღირსად გამოაჩინოთ თავი. მითხარი, რომელიმე მეფეს რომ ებრძანებინა: „ვინც რაიმე ბოროტებას ჩაიდენს, დაე ჩემს ტრაპეზს ნუ მოეახლება", განა ყველანაირ ძალას არ მიმართავდი, რომ ბოროტებისაგან თავი დაგეზღვია და მეფესთან ყოფნის პატივს არ მოკლებოდი? (ხოლო როდესაც მღვდელი საზიარებლად მოგვიწოდებს) ამ დროს იესო ქრისტე გვიხმობს ზეცაში - დიდი და საკვირველი მეუფის ტრაპეზზე. ჩვენ კი უარს ვამბობთ, ვაყოვნებთ, არ ვჩქარობთ, არ მივისწრაფვით მისკენ; და ამის შემდეგ როგორღა გვაქვს ცხონების იმედი? იმას ხომ ვერ ვიტყვით, ავადმყოფობა ან ბუნება გვიშლის ხელსო; არა, არამედ ჩვენი უღირსება ჩვენივე უდებების ბრალია". გესმის, ძმაო, რას ამბობს ეკლესიის ეს დიდი მოძღვარი? - რომ ის, ვისაც არაფერი უშლის ხელს მოემზადოს ზიარებისათვის, მაგრამ არ მოემზადება, ლიტურგიაზე დასწრების ღირსიც კი არ არის? რა პასუხს აძლევ ამაზე? ალბათ იტყვი: რაკი ასეა, საერთოდ აღარ მოვალ ლიტურგიაზე. არა. ძმაო ჩემო, არა, ამის უფლებაც არა გვაქვს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში განკვეთით გემუქრება მეხუთე მსოფლიო კრება. იგი ამბობს: „თუ ვინმე ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან სამღვდელოების სხვა წარმომადგენელი, ან ერისკაცი, რომელსაც არ აიძულებდეს რაიმე გაჭირვება ან მარცხიანი საქმე, მრავალი დღის განმავლობაში დააკლდეს ეკლესიას, ქალაქში ტრიალებდეს სამ კვირას და ამ სამი შვიდეულის (კვირის) განმავლობაში არ მივიდეს ეკლესიაში, თუ ეკლესიის მსახური იყოს, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი იყოს, ზიარების უფლება არ მიეცეს". ამასვე განაწესებს სარდიკიის წმინდა ადგილობრივი კრების მე-11 კანონი. მაშ ასე, საყვარელო, შენ განკვეთით გემუქრება საეკლესიო კრება, თუკი ერთდროულად ორივეს არ ასრულებ. ანუ: არ დადიხარ ლიტურგიაზე და, რამდენადაც შეგიძლია, არ ცდილობ მოემზადო საზიარებლად; უფლება არ გეძლევა ან ერთი დაარღვიო ან მეორე, ვინაიდან თუკი ამას არ არღვევ, ეს ნიშნავს, რომ ხელშეუხებლად იცავ ყველა საიდუმლო მღვდელმოქმედებას და არ ღალატობ იმ წესს, რომელიც ეკლესიამ მიიღო თვით მაცხოვრისაგან, მოციქულებისაგან, კრებებისაგან და წმინდანებისაგან. ეს წესი კი შემდეგში მდგომარეობს: წმინდა პური დანაწილდეს ყოველ ლიტურგიაზე და ის მორწმუნეები, რომელთაც ხელს არაფერი უშლით, უნდა მოვიდნენ საზიარებლად. როგორც სვიმეონ თესალონიკელი აღნიშნავს, „საღმრთო ლიტურგია - ეს არის მსახურება, რომლის მიზანია თვით იესო ქრისტეს წმინდა ხორცისა და სისხლის მღვდელმოქმედება და მისი მიცემა ყოველი მორწმუნისათვის; და ამიტომ, როგორც ასეთი, ის მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ ზიარებას". წმინდა ნიკოლაოს კავასილა, დირაქიელი ეპისკოპოსი, წერს: „ღვთისმსახურების საქმე - ესაა საღვთო ძღვენის გარდაქცევა ღვთაებრივ ხორცად და სისხლად". ბრძენი იობი, რომელსაც წმინდა ფოტი თავის „ბიბლიოთეკაში" მოიხსენიებს, წიგნში - „საიდუმლოს შესახებ" გვამცნობს: „მთელი საღმრთო მსახურების აზრი სიწმინდის ზიარებაშია, რამეთუ მისი (ლიტურგიის) მიზანი, დანიშნულება და საქმე ცხოველმყოფელი და საშინელი საიდუმლოს ზიარებაა". გაბრიელ ფილადელფიელი თავის წიგნში - „საიდუმლოს შესახებ" ამბობს რომ, საღვთო ლიტურგია აღესრულება სამი მიზეზის გამო: 1. ღმრთის სადიდებელად და საქებელად და მისი სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოსახსენიებლად, როგორც ეს მაცხოვარმა თვითონვე ბრძანა: „ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა", 2. მართლმადიდებლობით აღსრულებულ კეთილკრძალულ ქრისტიანთა სულების განსაწმნდელად და განსასვენებლად; 3. ცოცხალთათვის. ასე რომ, როდესაც ღვთის სადიდებლად და საქებლად და მისი სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოსახსენიებლად საღმრთო ლიტურგია აღესრულება, ამ დროს სარწმუნოებით დაძინებულ ჩვენს ძმებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ღმერთი განსვენებასა და განწმენდას ანიჭებს. იმ ცოცხლებს კი, რომლებიც ლიტურგიაზე საღმრთო საიდუმლოს არ ეზიარებიან, გაუგებარია, როგორ მიანიჭებს ღმერთი განწმენდას. წმინდა კავასილა ამბობს, რომ არ მიანიჭებს. და აი, ისევ მას მოუსმინე: „თუ ადმიანები მომზადებულები არიან ზიარებისათვის, ხოლო ყოველთა განწმენდელი და ყველაფრის აღმასრულებელი უფალი მუდამ მზადაა მათ განსაწმენდად და უყვარს საკუთარი თავის მათთვის მიცემა, მაშინ რა შეიძლება წინ აღუდგეს ზიარებას? რა თქმა უნდა, არაფერი. მაგრამ შესაძლოა ვინმემ იკითხოს: „თუ ცოცხალი ადამიანი თავის სულში იმ სიკეთეებს ფლობს, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, მაგრამ წმინდა საიდუმლოს არ მიეახლება, ნუთუ ამისდა მიუხედავად, აღსრულებული ლიტურგიის მადლი არ განწმენდს მას?" ამ შეკითხვას ასე ვუპასუხებთ: „განწმენდას ყველა ვერ მიიღებს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ფიზიკურად ვერ შეძლო მოსვლა მაგალითად, მიცვალებულთა სულები... ხოლო ვისაც შეუძლია მიეახლოს ტრაპეზს, რათა განიწმინდოს მისგან, მაგრამ არ მიეახლება, ასეთი ადამიანის განწმენდა სრულიად შეუძლებელია - არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ მიეახლება, არამედ იმის გამო, რომ შეუძლია მიეახლოს, მაგრამ არ აკეთებს ამას". ანუ, არაფერი უშლის ხელს, მიეახლოს, მაგრამ უდებების გამო არ მიეახლება. ამასთან, იმ ქრისტიანებს, ვისაც არავითარი დაბრკოლება არა აქვს, მხოლოდ ის კი არ ავალდებულებს განუწყვეტელ ზიარებას, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ, არამედ საღმრთო ზიარება, თუ კარგად ჩავუკვიდრებით, თავისთავად აღძრავს მორწმუნე ადამიანში იმის სურვილს, რომ გამუდმებულია და განიცდიდეს მისით ტკბობას, რამეთუ ვთქვათ, ადამიანის სულის სიცოცხლის შემადგენელი ნაწილია. ვნახოთ რას ნიშნავს ეს. სქოლასტიკოსი ღვთისმეტყველები შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ საგანს, რომლის გარეშე შეუძლებელია არსებობდეს ის, რაც არსებობს. ასე მაგალითად: ადამიანის ფიზიკური სიცოცხლის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს სუნთქვა, ვინაიდან სუნთქვის გარეშე შეუძლებელია არსებობა. ასევე სხეულის შემადგენლობისათვის აუცილებელია კვება. და აი, როგორც ხშირი სუნთქვა აუცილებელია ხშირი ზიარება სულის სიცოცხლისთვის და მისი არსის შემადგენლობისთვის; ან უკეთ რომ ვთქვათ, გაცილებით და შეუდარებლად უფრო მეტად აუცილებელიც. მაშ ასე, ძმანო, ზემომოყვანილის საფუძველზე კარგად გამოჩნდა, რომ მათთვის, ვისაც ხელისშემშლელი მიზეზი არ გააჩნია, ხშირი ზიარება აუცილებელია; აქედან გამომდინარე კი ეს ჩვენთვისაც აუცილებელია, რათა სიცოცხლე მკვიდრობდეს ჩვენში (სიცოცხლე - ეს არის იესო ქრისტე) და რათა სულიერი სიკვდილი არ გვეწიოს. ვინც ამ სულიერ საზრდელს ხშირად არ მიიღებს, ის რასაკვირველია, კვდება; თუმცა გარეგნულად ისე ჩანს, თითქოს კვლავაც ცოცხლობდეს, მაგრამ სულიერად იგი მკვდარია, რამეთუ განეშორა ჭეშმარიტ სულიერ სიცოცხლეს, რომელსაც გვაძლევს წმინდა ზიარება. როდესაც ჩვილი იბადება, იგი ტირის და მთელი გულმოდგინებით ითხოვს რძეს; ხოლო თუკი მადა არა აქვს და არ ჭამს, ეს იმას ნიშნავს, რომ ავადაა და სიკვდილის საშიშროების წინაშე დგას. ასეთივე გულმოდგინებით უნდა გვინდოდეს ჩვენც სულიერი საზრდელის - წმინდა ზიარების მიღება, რათა განვცხოველდეთ; ხოლო თუკი არ გვინდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სულიერი სიკვდილის საშიშროების წინაშე ვდგავართ. ამიტომაც ამბობს ღვთაებრივი ოქროპირი: „მაშ ასე, რაკი ასეთი პატივისა და სიყვარულის ღირსი გავხდით, ნუ მივეცემით უდებებას. განა ვერ ხედავთ, როგორი ხალისით მიისწრაფიან ჩვილები დედის ძუძუსკენ? როგორი გულმოდგინებით ჩასჭიდებენ ძუძუს თავიანთ ბაგეებს? ასეთივე გულმოდგინებით მოვეახლოთ ჩვენც ამ ტრაპეზს - ამ სულიერ რძეს, და უფრო მეტი გულმოდგინებითაც. ჩავეჭიდოთ სულიწმიდის მადლს, როგორც ჩვილები დედის პერანგს, და ეს იყოს ჩვენი ერთადერთი მწუხარება - თუკი ამ საზრდელს ვერ ვეზიარებით".
ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი წმიდა მღვდელმთავარი მაკარი კორინთელი Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |