მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > კაცს, რომელიც საკუთარ ურწმუნოებას უჩივის - წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
კაცს, რომელიც საკუთარ ურწმუნოებას უჩივის - წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)19-09-2017, 00:03 |
ისეთი რა შესცოდე, რომ თავს დაგატყდა უბედურებათა შორის უდიდესი: გაწყვიტე კავშირი სიცოცხლის წყაროსა და გონების მომცემელთან. განუდექი მას, ვისი მარადიულობაც ჩვენს წამიერ ყოფაზე თვალნათელია და მარტოოდენ ვისი არსებობითაც მტკიცდება ჩვენი არსებობა. ღმერთი არ ემალება კაცს. ცოდვილი კაცი ემალება ღმერთს. ემალება, ვიდრე სრულიად არ დაკარგავს მას თვალთახედვიდან. როგორც ადამიანთა წინაპრების შესახებ დაიწერა როცა მათ შესცოდეს: „და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის" (დაბ. 3, 8). ასეა ახლაც, როგორც კი ადამიანი მძიმედ შესცოდავს, ბუნების ზურგს უკან ემალება ღმერთს, სხვა ქმნილებათა, თავის ცრუ ნათესავთა შორის იკარგება და ინთქმება ბუნების ჩრდილში. ის, რასაც მზის დაბნელებისას ამბობენ, როცა ბუნების ამ ბრწყინვალე მეუფეს მთვარე დაფარავს, შეიძლება ითქვას ღვთის - სიმართლის მზის დაბნელებაზე, მათთვის, ვინაც თვალზე ბუნებას იფარებს ბუნებისავე შემოქმედის დასაფარავად. როგორც მზის დაბნელება არ ნიშნავს იმას, რომ მზემ დაკარგა ნათელი, არამედ მხოლოდ იმას, რომ ნათელი იგი ჩვენს თვალისაგან დაიფარა, სწორედ ასევე ღვთის დაბნელება არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი დაიკარგა და აღარ არსებობს, არამედ მხოლოდ იმას, რომ ღმერთსა და კაცს შორის რაღაც ჩადგა და ღმერთი კაცის გონებისგან დაიფარა. ეს რაღაც ადამიანური ცოდვაა. ბუნება როდია დამნაშავე თუკი უღმერთო მას აღმერთებს. იგი სრულიად ეწინააღმდეგება ღვთის უარყოფას, საშინლად სძაგს და სდევნის მისსავე გამაღმერთებლთ. მთელი ბუნება, დიადი მზიდან უმცირეს ატომამდე, ერთხმად და ჰარმონიულად ამტკიცებს თავისი შემოქმედის არსებობასა და ქმედებას. ძველ ეგვიპტეში ყველა ქმნილებას ეთაყვანებოდნენ. მათ შორის აღმატებულად - შავ ხარს, რომელსაც აპისს უხმობდნენ. ერთი ლეგენდის თანახმად აპისთან რომელიღაც ფარაონი მივიდა, რათა მსხვერპლი შეეწირა მისთვის, მაგრამ როგორც კი დაიხარა ამ ღმერთად სახელდებულის წინაშე, ხარმა რქებით აიტაცა და შორს მოისროლა იგი. „ახლა კი ვხედავ, რომ ღმერთი კი არა, ხარი ხარ": - ბრაზით შესძახა ფარაონმა. აპისმა მიუგო: „მეც ის მსურდა რომ გეხილა და ამიერიდან ქედი მოგვედრიკა მის წინაშე, ვინც შეგვქმნა მეცა და შენც". შენ ამბობ: „მიჭირს ვირწმუნო, ვიდრე არ ვნახავ", მაგრამ რითი გსურს დაინახო? თვალით თუ სულით? თუ ხორციელი თვალით, მაშინ ის, ვინც სამყაროზე უდიდესია, უნდა დაპატარავდეს და შენს შეზღუდულ თვალსაწიერში შემოვიდეს. შენც ხომ ვერ ხედავ საკუთარ გონებას, მაგრამ გაბრაზდები, თუკი ვინმე გეტყვის, რომ ვერ დაიჯერებს მის არსებობას, ვიდრე საკუთარი თვალით არ ნახავ მას. თუ სულით გსურს ხილვა, მაშინ შეძლებ განჭვრიტო იგი, რამეთუ კაცის სული სამყაროზე ვრცელია, ღმერთიც - სულია, ოღონდ შენი სული წმინდა იყოს, რადგან მხოლოდ განწმენდილი სულისთვისაა აღთქმული ხილვა პირისა ღმრთისა. რაც შეგიძლია სწრაფად გაექეცი ამ წყვდიადს, რომელიც ობობასავით ჩაგიძვრა სულში, როცა ადამმა შესცოდა, იგი გაექცა ღმერთს, მაგრამ მოწყალე შემოქმედი როდი გაექცა თავის ქმნილებას, მიუახლოვდა და დაუძახა მას: „ადამ, სადა ხარ" (დაბ. 3. 9). ის შენც გეძახის, ნუთუ არ გესმის: „სადა ხარ?" ნათელისაკენ იბრუნე პირი, ძეო ნათლისაო, მამა ნათლისა გიხმობს მხურვალე სიყვარულით. ისმინე და გწამდეს: ვერავინ განდიდდება შენს მოდგმასა და ხალხში, ღვთის განმადიდებლის გარდა. წყალობა და ჯანმრთელობა მოგანიჭოს ღმერთმა!
წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |