მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > ღვთის ყოველი სიტყვის მოქმედებისათვის საჭიროა სულის შესაბამისი განწყობა

ღვთის ყოველი სიტყვის მოქმედებისათვის საჭიროა სულის შესაბამისი განწყობა


15-07-2017, 00:03

 

   ვინც იმყოფება მამისეულ ღვთის სახლში დაბრუნების გზაზე და გამომუშავებული აქვს ჩვევა-მოთხოვნილება, ყოველდღიურად ეძიოს ღვთის სიტყვაში გაძლიერება, იტყვის, რომ ცხოვრების სხვადასხვა დროს მასში პოულობდა სრულიად განსხვავებულ ნეტარებას. როცა ჩვენი ცხოვრება მდორედ მიედინება, ყველაფერი ჩვენი სურვილთ მიმდინარეობს და ჩვენ აქ, დედამიწაზე თავს სასიამოვნოდ ვგრძნობთ, ამ დროს უკვდავი სული სუსტდება ჩვენში და შინაგანი ადამიანი მთვლემარებაში ვარდება. როდესაც დგება ასეთი მოშვებულობა და ჩვენ ვივიწყებთ თვითჩაღრმავებისა და შინაგანი ბრძოლის აუცილებლობის შესახებ, მაშინვე ბნელდება ჩვენთვის ბიბლიის დიდი ნაწილი, ან უკიდურეს შემთხვევაში კარგავს ჩვენთვის მიმზიდველობას.

   ასეთ დროს ადამიანი ხელში იღებს ბიბლიას ჩვევის გამო. გადაფურცლავს აქეთ-იქით, დაიწყებს ფსალმუნების კითხვას, გადავა სოლომონის წიგნზე, მოსინჯავს ახალი აღთქმის კითხვას, შემდეგ ძველი აღთქმისას, დაუბრუნდება ახალ აღთქმას - მისი გული ვერაფერს პოულობს ისეთს, რომელიც შინაგანად შეძრავს მას. გულახდილად რომ ვთქვათ, რომელიმე გაზეთი ან ჟურნალი გაცილებით უფრო საინტერესო ეჩვენება, ვიდრე ბიბლია. მაგრამ იგივე ადამიანი, რომელიც ასე დიდხანს ფურცლავდა ბიბლიას და უკმაყოფილო სახით დახურა ის გუშინ, როგორ იცვლება დღეს, როდესაც მის თავზე ცხოვრებისეული ქარბუქი დატრიალდა.

   შეხედე ადამიანს, საკუთარი ცოდვის სიმძიმისაგან მოხრილს, რომლის დატანჯულ სულში ჩურჩულებს შიშით აღსავსე შეკითხვა: „არის კი ჩემთვის მოწყალება და შენდობა?" შეხედეთ, როგორ მისჩერებია მისი თვალები ბიბლიის ერთ ადგილს, როგორ უცებ მოძებნა ის და კი არ კითხულობს, არამედ ისრუტავს მანამ, სანამ მწარე ცრემლები არ გადმოსცვივა თვალებიდან. რა ნახა ასეთი? ოო, ეს მხოლოდ ის სტროფია წმიდა წინასწარმეტყველ ისაიას წიგნიდან, რომელსაც რამოდენიმე დღის წინ ყურადღებაც არ მიაქცია: „თქვა იონმა: მიმატოვა უფალმა და მეუფემ დამივიწყაო! განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მათ რომ დაგივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ" (ეს. 49, 14-15).

   ავიღოთ სხვა მაგალითი. შენ გწამს საყოველთაო აღდგომისა, მაგრამ როგორ ცივად ჟღერდა შენთვის ეს ჭეშმარიტება? ახლა კი, პირიქით, როდესაც შენ დგახარ შენი ახლობლის ფერდაკარგულ, გაცივებულ ცხედართან, ან როცა ბნელ საფლავში უშვებ შენი ერთადერთი შვილის ძვირფას ცხედარს, მაშინ, როგორც ზეციური ძალა, აღწევს შენს გულში გამოთქმა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს" (იოანე. 11, 25).

   ან დავუშვათ, რომ შენ ჯანმრთელი და ძლიერი პიროვნება ხარ და ნაკლებად გიგრძვნია ცხოვრებაში, რომ ჩვენი სხეული მოკვდავია. მაგრამ შემიძლია დაგარწმუნო, რომ შენს საუკეთესო წლებშიაც კი მოქცეულ პავლეს სიტყვები: „რადგან ვიცით, რომ როცა დაინგრევა ეს ჩვენი მიწიერი სახლ-კარავი, ღვთისაგან გვაქვს შენდობა ცაში, ხელთუქმნელი სახლი, საუკუნო" (2 კორ. 5, 1), შენთვის უდიდესი ნუგეშინის მომცემი იქნება. მაგრამ როცა შენი სხეულის კარავი დაშლის პირას იქნება, როცა მოახლოებული სიკვდილის გრძნობა და საფლავის წინათგრძნობა გაიძულებს აცახცახდე, როცა შენი თვალები უარს გეტყვიან მსახურებაზე, ხოლო ბაგეები გაფერმკრთალდებიან და გაცივდებიან, მაშინ ანგელოზთა გალობად გაიჟღერებს შენს სულში მოციქულის სიტყვები. კიდევ მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმის დასამტკიცებლად, რომ ღვთის ყოველი სიტყვის სრული მოქმედებისათვის საჭიროა სულის შესაბამისი განწყობა.



წიგნიდან „ქრისტიანის მეგზური" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება