მთავარი > ლოცვა, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ყრმათა საკითხავი
ყრმათა საკითხავი15-09-2017, 00:03 |
ჭეშმარიტი მშრომელი
ერთ უდაბნოში ცხოვრობდა ბერი - ღირსი მოსე. წინათ ის იყო ავაზაკი, მაგრამ მოიქცა კეთილ გზაზე და შეიქმნა საყვარელი მონა ღვთისა. თვისი კეთილმსახურებით ისეთი დიდება მოიპოვა, რომ მასთან მიდიოდნენ მოღვაწეობის შესასწავლად არა თუ ახალგაზრდა ბერები, არამედ მოხუცებულნიც. აი, ერთი მაგალითი მისი შრომისა: ბერად შედგომის შემდეგ ეს მხნე და გულადი მოღვაწე ყოველ ღამე გამოდიოდა სენაკიდან, ჩამოუვლიდა ყველა ბერის სენაკს და, თუ ნახავდა წყლის ჭურჭელს გარეთ, ყველას წყალს მოუტანდა, რადგანაც წყალი იმ უდაბნოში მოშორებით იყო და მოხუცებულ ბერებს თავისთვის წყლის მოტანა არ შეეძლოთ. ამგვარად წმიდა მოსე ღმერთსაც ლოცულობდა, თავისი შრომით თავს ისაზრდოებდა და სხვებსაც ეწეოდა. ქრისტიანენო! თქვენც უნდა შეეწეოდეთ თქვენს მოძმეს იმდენად მაინც, რამდენადაც თქვენი ცხოვრების გარემოება გაძლევთ ნებას. „მშრომელთა მათდა ჯერ არს შეწყნარება უძლურთა მათ" (საქ. მოც. 20, 35), „მპარავნი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროს-ღა შვრებოდენ და იქმოდენ კეთილსა თვისითა ხელითა, რათა აქვნდეს მიცემად ვის იგი უხმდეს (ესაჭიროებოდეს)" (ეფეს. 4, 28).
ლოცვა მტერთა ბედნიერებაზე
წმიდა ქალწული ფავსტა, ასული კეთილშობილთა და მორწმუნე მშობელთა, ცამეტი წლის წინ იყო, როცა ქრისტეს სარწმუნოებისათვის მისცეს ხელში საწვალებლად ევილას; მაგრამ მისმა უბრალოებამ, მოთმინებამ და სიმშვიდემ ისე იმოქმედეს კერპთაყვანისმცემლის მხეცურ გულზე, რომ მან სცნა რა ძალა ღვთისა, შეიბრალა ფავსტა და მიანიჭა მას თავისუფლება, რის გამოც თვითონ მიიღო მოწამის გვირგვინი. ამის შემდგომ იმპერატორმა მაქსიმიანემ მეორე მოხელეს უბრძანა ფავსტა საშინლად ეწამებინა. მაშინაც რა ქმნა ღვთისაგან განძლიერებულმა ქალწულმა? ნუთუ მან სთხოვა დასჯა თავისი მტანჯველისა? არა. მხოლოდ მან წარმოსთქვა: „გმადლობ შენ, იესო ტკბილო, გულთა მხილველო, რომ შენი წმიდა სახელის აღიარების ღირსი გამხადე... კიდევ გევედრები შენ, შეიყვარე ჩემი მწვალებელი მაქსიმე, განანათლე იგი სარწმუნოებითა და განამტკიცე შიშსა შინა შენსა". თუმცა მტანჯველი მეტად ყრუდ ისმენდა მის ხმას, ყურადღებას არ აქცევდა სასწაულებს, რომლებითაც ღმერთმა ადიდა სარწმუნოებისათვის ტანჯულნი, მაგრამ წმიდა ფავსტას ანგელოსებრივმა სურვილმა თავზარი დასცა და მოალბო მისი ქვა-გული. - უმანკო ქალწულის შემწეო და მფარველო! - წამოიძახა მან, გარდამოავლინე ჩემს უღირსებაზედაც მადლი შენი; მიმიღე მონად შენდა; ჭეშმარიტად შენ მარტო ხარ უფალი და ღმერთი ძალთა! იმწამსვე გაიხსნა ცა - ანგელოსთა და წმიდათა შორის გამოცხადდა ძე ღვთისა, მაკურთხეველი ახლად მოქცეულის მაქსიმესი. ზეციური ხილვით აღტაცებულმა მოხელემ ირწმუნა ქრისტე და ფავსტასა და ევილასთან ერთად მოინათლა სისხლითა თვისითა (ყველანი ისინი მოკლეს ქრისტეს სარწმუნოებისათვის). ქრისტიანენო, სცანით ამით, თუ რა დიდი ძალა აქვს ბოროტის მოქმედთა ბედნიერებაზე ლოცვას.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |