მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ღვთის განგება ყოველთვის სამართლიანია - ბერი პაისი

ღვთის განგება ყოველთვის სამართლიანია - ბერი პაისი


13-07-2017, 00:04

ღვთის განგება ყოველთვის სამართლიანია - ბერი პაისი

 

   ერთი მოღვაწე, რომელიც ამ სოფლად ხედავდა მრავალ უსამართლობას, ევედრებოდა ღმერთს, აეხსნა მიზეზი, რისთვის იტანჯებიან უსამართლოდ მართალი და კეთილგონიერი ადამიანები, მაშინ, როდესაც მომხვეჭველნი და ცოდვილნი მდიდრად და მშვიდად ცხოვრობენ. როდესაც მოღვაწე ასე ლოცულობდა, ესმა ხმა:

   - ნუ გამოიძიებ იმას, რასაც შენი გონება და ცოდნა ვერ წვდება და ნუ ეცდები, ჩაწვდე ღვთის სამსჯავროს. თუმცა, რადგან მთხოვე, დაბრუნდი სოფლად, დაჯექი ერთ ადგილას და დაფიქრდი იმაზე, რასაც ნახავ.

   მართლაც, ბერი დიდი სიფრთხილით ჩავიდა სოფელში და ძველი ხის მახლობლად მიიმალა. იქვე იყო პატარა წყარო. ცოტა ხანში გამოიარა ცხენზე ამხედრებულმა მდიდარმა, შეჩერდა წყაროსთან და დაისვენა. როდესაც დაიკმაყოფილა წყურვილი, ამიოღო ჯიბიდან ოქროს მონეტებით სავსე საფულე და დაიწყო მათი თვლა. გადათვლის შემდეგ უნდოდა ფული კვლავ ჯიბეში ჩაედო, მაგრამ ვერ შეამჩნია, როგორ დაუვარდა მინდორზე. მდიდარმა ჭამა, დაისვენა, გამოიძინა, შეჯდა ცხენზე და წავიდა.

   ცოტა ხანში მოვიდა სხვა გამვლელი წყაროსთან, ნახა საფულე, აიღო და გაიქცა.

   გავიდა ცოტა ხანი და გამოიარა სხვა მგზავრმა. იგი დაღლილი ჩამოჯდა წყაროსთან, ამოიღო პური და დაიწყო ჭამა.

   როდესაც ღარიბი ჭამდა, გამოჩნდა გაღიზიანებული მდიდარი და თავს დაესხა გლახაკს. გაბრაზებული ყვიროდა და ითხოვდა თავის ფულს. გლახაკი ფიცით არწმუნებდა, რომ არ უნახავს ფული. მდიდარმა კი დაიწყო მისი ცემა და ბოლოს მოკლა იგი. გაჩხრიკა ღარიბის ტანისამოსი, ვერაფერი ნახა და წავიდა გაბრაზებული.

   ბერი კი ყოველივე ამას ხედავდა, მწარედ ტიროდა უსამართლო სიკვდილის გამო და ევედრებოდა ღმერთს, სიტყვებით:

   - უფალო, ამიხსენი ნება შენი, როგორ ითმენს ღვთის კაცთმოყვარეობა ესრეთ უსამართლობას? ერთმა დაკარგა ფული, მეორემ იპოვა, მესამე კი უსამართლოდ მოკლეს.

   როდესაც ბერი ლოცულობდა, გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უთხრა მას:

   - ნუ სწუხარ, ბერო, და ნუ იფიქრებ, თითქოს ეს ამბავი ღვთის ნების გარეშე მოხდა. ზოგი რამ ღვთის დაშვებით ხდება, ზოგიც დასასჯელად (აღსაზრდელად). ასე რომ, ისმინე:

   ვინც დაკარგა ფული, არის მეზობელი მპოვნელისა. ამ უკანასკნელს ჰქონდა ბაღი ასი ოქროს მონეტის ღირებულებისა. მდიდარმა კი აიძულა გაეყიდა ორმოცდაათ მონეტად. უსამართლოდ დაჩაგრული ღარიბი ევედრებოდა ღმერთს შემწეობას, რისთვისაც ორჯერ მეტი მიეცა.

   იმ გლახაკმა კი, რომელიც უსამართლოდ იქნა მოკლული, ერთხელ თვითონ მოკლა კაცი. თუმცა შემდეგ მთელი გულით შეინანა და დარჩენილი ცხოვრება ქრისტიანული ცხოვრებით განვლო. იგი გამუდმებით ევედრებოდა ღმერთს, მკვლელობის პატიებას და ამბობდა: „ღმერთო ჩემო, მომეცი ისეთი სიკვდილი, როგორიც მე ჩავიდინე". რასაკვირველია, უფალმა სინანულის შემდეგ აპატია მას შეცოდება, მით უფრო, რომ ის მთელი გულით ცდილობდა მცნებების შესრულებას. თუმცა შეუსრულა მისი თხოვნაც. დღეს კი მართალთა წიაღში განისვენებს!

   და ბოლოს, მრავლისმომხვეჭი მდიდარი, რომელმაც ჩაიდინა მკვლელობა, დაისაჯა ვერცხლისმოყვარებისა და ანგარების გამო. ღმერთმა დაუშვა, რომ იგი მკვლელი გამხდარიყო, შემუსვრილი სინდისისაგან მხილებულს სულით შეენანა თავისი ცოდვები. ამ მიზეზით მან მიატოვა სოფელი და ბერად აღიკვეცა.

   მაშ, ამ მაგალითებიდან სად ხედავ ღვთის უსამართლობას ან სიმკაცრეს? ამიტომ ნუ გამოიძიებ ღვთის სამსჯავროს, რადგან იგი ყოველთვის სამართლად განაგებს, თქვენ კი უსამართლობა გგონიათ. და ისიც იცოდე, მრავალი რამ ხდება სოფლად ღვთის განგებით, რაც ადამიანებმა არ იციან.


ბერი პაისი 

წიგნიდან „მსოფლიო მართლმადიდებლობა" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება