მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ზეციური ცეცხლი

ზეციური ცეცხლი


18-05-2017, 00:04

 

   ერთხელ ბავშვებმა, რომლებიც ნახირს მწყემსავდნენ, ჩვეულებისამებრ თამაში დაიწყეს და აზრად მოუვიდათ განესახიერებინათ ის, რაც საღმრთო ლიტურგიის დროს საკურთხეველში სრულდება წმინდა ძღვენის კურთხევისას. ჩანაფიქრი ყველას მოეწონა. ერთი მღვდლად დაადგინეს, დანარჩენი ორი დიაკვნებად. მივიდნენ ბრტყელ ქვასთან და მასზე, როგორც ტრაპეზზე, დაასვენეს პური, თიხის ჭურჭელში ღვინო ჩაასხეს და წესისამებრ განლაგდნენ. მაშინდელ ეკლესიაში მიღებული წესის თანახმად ბავშვები ყველაზე წინ, საკურთხეველთან იდგნენ, კარგად ესმოდათ ლოცვა და ისე მოხდა, რომ დაიხსომეს ის. და აი, როცა ყველაფერი საეკლესიო წესისამებრ აღსრულდა, ხოლო მღვდლად არჩეულმა წარმოთქვა საჭირო ლოცვა, ციდან ცეცხლი გადმოეშვა, შემუსრა პური და ღვინო და ფერფლად აქცია ქვა.

   ამის მნახველი ბავშვები შიშისაგან მიწაზე დაეცნენ და ცოცხალ-მკვდრებს ყვირილიც არ შეეძლოთ. როცა ჩვეულ დროს სახლში არ დაბრუნდნენ, შეშფოთებული მშობლები მათ საძებნელად გაეშურნენ. დიდი ხნის შემდეგ იპოვეს ისინი, ბავშვები ძლივს სუნთქავდნენ და მეტყველების უნარი წართმეოდათ, თავისიანებსაც ვერ ცნობდნენ.

   გავიდა მთელი დღე, ღამე, მეორე დღეს ბავშვები თანდათან გონს მოეგნენ და ყველას უამბეს რაც მოხდა. მშობლებთან და მეზობლებთან ერთად თამაშის ადგილას გაეშურნენ და აჩვენეს იმ არაჩვეულებრივი სასწაულის კვალი, რომელიც ზეციური ცეცხლის გარდამოსვლამ დატოვა. ხალხი ქალაქში გაეშურა და ყველაფერი ეპისკოპოსს უამბო. მეუფე მონათხრობმა განაცვიფრა, იგი თვითონ მივიდა იმ ადგილას საეკლესიო კრებულთან ერთად და ღვთიური ცეცხლის ნიშნები იხილა.

   ბავშვები დროებით მონასტერში განაწესა. იმ ადგილის გარშემო ახალი მონასტერი ააგო, ხოლო თვით ცეცხლის გადმოსვლის ადგილას - ეკლესია.

   ბავშვებიდან ერთ-ერთი საბოლოოდ იმ მონასტერში მოღვაწეობდა.


Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება