მთავარი > ქრისტიანული ოჯახი > მეხუთე მცნებით დაკისრებული ვალდებულებები

მეხუთე მცნებით დაკისრებული ვალდებულებები


28-10-2012, 21:17

   მეხუთე მცნების მრავალმნიშვნელობა, შესრულების სიმარტივე და დარღვევის შემთხვევაში მრისხანე მუქარა გვავალდებულებს და აღგვაგზნებს მისი ზუსტი და მკაცრი შესრულებისათვის. ამისთვის უნდა ვიცოდეთ რა განსაკუთრებულ ვალდებულებებს გვაკისრებს. ესენია:

 1.        პატივისცემით ვეპყრობოდეთ მშობლებს;

 2.        ვემორჩილებოდეთ მათ;

 3.        ავადმყოფობისა და მოხუცებულობის ჟამს ვიზრუნოთ მათზე;

 4.   გარდაცვალების შემდგომ, ისევე, როგორც სიცოცხლეში, ვილოცოთ მათი სულების ხსნისათვის და ერთგულად შევასრულოთ მათი ანდერძი, რომელიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო და საღვთო კანონებს. (ვრცელი ქრისტიანული კატეხიზმო).

       მოკლედ შევეხოთ თითოეულ მათგანს.

მეხუთე მცნება პირველ რიგში გვაკისრებს მშობლების პატივისცემას. რისთვისაც საჭიროა არა მარტო ის, რომ ყოველი ქმედება იყოს განმსჭვალული თავაზიანობით, ფრთხილი მომსახურებით, სიმშვიდით და ურისხველობით, არამედ ისიც, რომ ყოველი სიტყვა იყოს სიყვარულის, თავაზიანობის და მათდამი ღრმა პატივისცემის გამოხატულება.

მზრუნველი შვილები იცავენ მშობლებს მცირედი უსიამოვნებისა და გაწბილებისაგანაც კი, არ დაუშვებენ მათთან ურთიერთობაში არც მკვეთრ პასუხს, არც შეურაცმყოფელ უთანხმოებას, არ აჩვენებენ არც უხეშ და არაკეთილგანწყობილ გამომეტყველებას, არც დამცინავ ღიმილს. მშობლის გული შვილის გულთან ისე ახლოსაა ბუნებით, რომ ყოველი მკვეთრი მოძრაობა ერთში იწვევს მსგავს ქმედებას მეორეში. ამიტომ, შვილების მხრიდან ყოველი ძალზე მცირედი წყენაც კი მშობელთა გულებში მტკივნეულად აღიქმება. ყველაზე გაუნათლებელი მშობელიც კი ადვილად არჩევს შვილების მოფერებას შეურაცხყოფისაგან.

მეხუთე მცნება გვავალდებულებს მშობლებისადმი მორჩილებას.

მორჩილება საჭიროა არა მარტო საბავშვო ასაკში, როცა ბავშვი ერთნაირი გაურკვევლობით მიიწევს როგორც აალებული ნახშირისაკენ, ისე სათამაშოსაკენ, არამედ ნებისმიერ ასაკში. მის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლის შენარჩუნება. თვით წმიდა ქრისტიანული სარწმუნოება არის ღრმა მორჩილება და ქრისტიანები წმ. მოციქულ პავლეს სიტყვებით არიან „შვილნი მორჩლებისანი".

შვილები უნდა ემორჩილებოდნენ მშობლების რჩევა-დარიგებებს და ბრძანებებს უსიტყვოდ არა მარტო მნიშვნელოვან, არამედ უმნიშვნელო საქმეებშიც და არა მარტო კითილ და მშვიდ მშობლებს, არამედ - ჭირვეულებსაც.

მხოლოდ იმ შემთხვევაში თავისუფლდებიან შვილები მშობელთა რჩევებისა თუ ბრძანებებისაგან, როცა ისინი აშკარად ეწინააღმდეგებიან სარწმუნოებას და ზნეობას; სამოქალაქო და საეკლესიო კანინებს. ჰეროდიადეს ქალიშვილი, რა თქმა უნდა სამართლიანად მოიქცეოდა, თუ არ შეასრულებდა დედის დანაშაულებრივ ნებას, რომელიც ითხოვდა წმ. იოანე ნათლისმცემლისათვის თავის მოკვეთას (მარკ. 6,24).

საულის შვილი იონათანი, არ მოერიდა თავისი მამის ნების წინააღმდეგ წასვლას, რადგან ხედავდა, როგორი უსამართლო იყო მამის ზიზღი დავითის მიმართ (1. მეფეთა 19-20). მსგავს შემთხვევებშიც კი მშობლების მიმართ უნდა ვიყოთ მშვიდები და ურისხველები.

„როცა მშობლები, ნათესავები, აღმზრდელები, ხელმძღვანელები მოითხოვენ თქვენგან იმას, რაც ეწინააღმდეგება თქვენს მიდრეკილებებს, გემოვნებას, მაგრამ რაც საჭირო ან სასარგებლოა, ან უკიდურეს შემთხვევაში უვნებელია, დაუთმეთ მათ მორჩილების მოვალეობის გამო, ვინაიდან თვით უფალი იესო, ღვთაებრივი უბრძნესობა დამორჩილდა ხურო იოსებს. მანამ, როცა თქვენი მშობლების, ნათესავების, პატივსაცემი და საყვარელი ხალხის საცოდავი მაგალითი და სურვილები განგაშორებთ ღვთისადმი წმინდა მოვალეობის შესრულებისაგან, გირღვევთ სინდისის სიმშვიდეს, ეწინააღმდეგება თქვენი უკვდავი სულის ცხონებას, მაშინ შეეკითხეთ თქვენს თავს იესოს სიტყვებით: ვინ არს დედაი ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?" (მათე 12,48).

გაიხსენეთ, რომ თქვენ გყავთ ჩვეულებრივზე უკეთესი და ამაღლებული ნათესაობა, რომ ღმერთი თქვენი მამაა, ხოლო ეკლესია - დედა; რომ ღვთის ნების აღმსარებლები, წმინდანები თქვენი ძმები არიან. ყოველ შემთხვევაში სურთ, იყვნენ თქვენი ძმები, ნუ დამდაბლდებით ასეთი დიდებული ნათესაობის წინაშე, ნუ განეშორებით ასეთ კეთილ და არაჩვეულებრივ ოჯახს; აღასრულეთ ნება ღვთისა ნაცვლად ადამიანურისა!" (წმ. ფილარეტ მოსკოველი).

წმინდა ისტორია მოგვითხრობს აბრაამის შვილის ისააკის მშობლებისადმი მორჩილების საოცარ მაგალითს (დაბ. 22, 2-9). ისააკმა უსიტყვოდ მისცა თავი მამას. იცოდა, რომ მამის განრისხება სიკვდილზე უარესია, ამიტომ ბოლომდე დარჩა მისი მორჩილი. „რომლის ქცევამ უნდა გაგვაკვირვოს და გაგვაოცოს უფრო მეტად? - შესძახებს წმ. იოანე ოქროპირი - მამის ვაჟკაცურმა სულმა თუ შვილის მორჩილებამ? ის არ გაქცეულა, არ გაბრაზებულა მამის საქციელის გამო, არამედ დამორჩილდა მის ნებას და როგორც კრავი, უსიტყვოდ დაწვა სამსხვერპლოზე".

მეხუთე მცნება ასევე გვავალდებულებს მოხუცებულობის, მძიმე ავადმყოფობის, მწუხარების და საჭიროების შემთხვევაში მშობელზე ზრუნვას.

გავუწიოთ ყოველგვარი დახმარება და ვანუგეშოთ, გავუყოთ ბოლო ლუკმა-პური, თუნდაც თავად შეჭირვებაში, მწუხარებაში და უძლურებაში ვიყოთ. ძველი აღთქმის ისტორია გადმოგვცემს რუთის სახით ნაზი, მზრუნველი სიყვარულის მაგალითს დედა-დედამთილისადმი (რუთ. 1-4). რისთვისაც განადიდა ღმერთმა და ღირსყო ყოფილიყო წინაპარი დავით მეფისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ტკივილის მომგვრელი მწუხარებით იკუმშება გული, საკუთარი მშობლების შეურაცმყოფელ შვილებთან შეხვედრისას.

„ერთხელ, მრევლთან სტუმრობისას  - ამბობს ერთი მოძღვარი - შევდივარ სახლში და თვალში მხვდება კუთხეში განმარტოებით მჯდომი მოხუცი. მისმა ჭაღარა თმამ, შრომისაგან დაუძლურებულმა და წლების სიმძიმისაგან მოხრილმა სხეულმა თავიდანვე პატივისცემისა და თაყვანისცემის გრძნობა აღძრეს ჩემში. მივუახლოვდი, რომ გავსაუბრებოდი. მის სახეზე მოწყენილობა და მწუხარება იკითხებოდა.

     რა დაგემართა, მეგობარო? ძალზე დამწუხრებული მეჩვენები. როგორ, შენ სტირი! ვინ გაწყენინა? რაიმე უბედურება ხომ არ მოხდა თქვენს ოჯახში?

   ოხ, სიკვდილს ვნატრულობ და ყოველდღე ვევედრები ღმერთს, წამიყვანოს ამ ქვეყნიდან, სადაც არაფრისთვის არ ვარგივარ, სადაც ყოველდღე მამადლიან პურს, რომელსაც ვჭამ და ყოველთვის ცრემლებით ვალტობ. ხუთი შვილი მყავს. ეს საცოდავი ხელები მუშაობდნენ მხოლოდ მათი გამოკვებისათვის. ვზრდიდი უდიდესი მზრუნველობით. ისინი მოვაწყვე საკუთარი ოფლით შეგროვებული ხარჯით. ახლა, როცა აღარაფერი მაქვს და არ შემიძლია საკუთარი შრომით თავის რჩენა, ჩემი შვილები ვერ მიტანენ. ისინი ერთმანეთში კამათობენ, თუ რომელ მათგანს არ უნდა მოუწიოს ჩემი წაყვანა სახლში. მე აქ თითქოსდა მოწყალების გამო ვიმყოფები. თუ დავაპირებ რაღაცის თქმას, უცებ გამაჩუმებენ; თუ მივცემ რაღაც შენიშვნას, მეტყვიან, რომ ჭკუიდან შევიშალე; თუ საკუთარ უბედურებაზე ვწუხვარ, სიკვდილს მისურვებენ, შვილიშვილებიც კი შეურაცმყოფენ და დასცინიან ჩემი მოხუცებულობის სისუსტეებს. აი, რა დღეში ვარ".

რა გითხრათ მსგავს უმადურ, უზეშ შვილებზე? ისინი უტყვი ცხოველების დონემდე დადიან. ასეთ შვილებს შენდობა არა აქვთ!

შვილები ვალდებულები არიან, იყვნენ ლმობიერნი მშობლების ნაკლოვანებებიას - როგორც ზნეობრივის, ისე გონებრივის - მიმართ და შეძლებისდაგვარად დამალონ ისინი სხვებისაგან. სიყვარული „ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს" (1 კორ. 13,7). თუნდაც დედ-მამის ქცევა არ იყოს უნაკლო, შენ ვალდებული ხარ სულგრძელად გადაიტანო. მათი სისუსტეები და ნაკლოვანებები მარტო იმისთვისაც, რომ ისინი ითმენდნენ შენი ბავშვობის სისუსტეებს, არ მიგატოვეს, როცა ჩვილობაში მომაბეზრებლად ტიროდი, ყმაწვილობაში აწბილებდი მათ შენი სიჯიუტით და ცელქობით. ისინი ყველაფერს უწუწუნოდ ითმენდნენ. გვეფერებოდნენ მაშინ, როცა უნდა დაესაჯე და სასჯელსაც კი სიყვარულით გადებდნენ... შენთვის კი აუტანელია მათი სისუსტეები; ადანაშაულებ მათ გაუნათლებლობაში და მანკიერებებში, რომლისგანაც თავად შენ დაგიცვეს. სხვების თანდასწრებით ამცირებ მათ; მზად ხარ უარი თქვა შენს ვალდებულებებზე და თვით შვილობაზეც კი. როგორი უსამართლობაა! როგორი უმადურობაა! დედ-მამის სისუსტეების მიმართ მომთხოვნელებო, ასეთივე მკაცრები თუ ხართ საკუთარი თავის მიმართ? მშობლების ნაკლოვანებებს რომ ვერ ითმენთ, საკუთარ თავს თუ განსჯით სწორედ მშობლების მიმართ ამ მოუთმენლობისა და უმადურობის გამო?

„შვილო, მამაშენს სიბერეში შეეწიე და ნუ დაამწუხრებ მას სიცოცხლეში. თუ გონება მოაკლდეს, გულმოწყალება იქონიე და ნუ შეურაცხყოფ მას, რადგან მამის შეწყალება არ დაგეკარგება და ცოდვათა მიუხედავად აშენდები. შენი გასაჭირის დღეს გაგიხსენებ და როგორც ყინული სიცხისაგან, ისე დადნება შენი ცოდვები. მამის მიმტოვებელი ღვთის მგმობელია და დედის გნმრისხებელი დაწყევლილია უფლისგან" (ზირ. 3, 12-16). „მთელი გულით განადიდე მამაშენი და ნუ დაივიწყებ დედაშენის ტკივილებს. გახსოვდეს, რომ მათგან დაიბადე; რას მისცემ მათ ამის სანაცვლოდ?" (ზირ. 7, 27-28).

სიკვდილი ვერ აუქმებს მშობლების მიმართ მოვალეობებს. მაინც რას გვაკისრებს გარდაცვლილი მშობლების სიყვარული? - მათი სულების ხსნისთვის ლოცვას. ჩვენთვის სასიამოვნოა წასული მამებისა და ძმების გახსენება, რამეთუ გვაახლოებს მათთან და მათ არყოფნას გვიმსუბუქებს. ღვთის წინაშე მათთვის ლოცვით, ჩვენ მათ ვანიჭებთ იმ ერთადერთ შვებას, რომელიც სწყურია მათ სულებს - ღვთისგან შენდობას. როცა სიამოვნებას ვანიჭებთ ცოცხალ მშობლებს, უხარია თუ არა მათი შემყურე ჩვენს გულებს? იცოდეთ, რომ გარდაცვლილ მშობლებზე ლოცვის დროს, ჩვენ ვანიჭებთ მათ ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენთ.

ილოცეთ შვილებო, ევედრეთ უფალს, რათა მიუტევოს თქვენს გარდაცვლილ მშობლებს ცოდვები და დაამკვიდროს იქ, სადაცა მართალნი განისვენებენ. მათი შეცოდებანი შეიძლება ხდებოდა თქვენდამი სიყვარულის გამო. შეიძლება ისინი აქეზებდნენ კიდევაც თქვენს ჭირვეულობას, გულგრილნი იყვნენ თქვენი სისუსტეებისადმი, უფრთხილდებოდნენ თქვენს თავმოყვარეობას, ბევრს ზრუნავდნენ თქვენს ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე და ამჟამად პასუხი უნდა აგონ ღვთისა და საკუთარი სინდისის წინაშე. იტანჯონ თქვენი ბედნიერებისათვის არასწორი ხერხების გამოყენების გამო, ყველა თქვენი პირადი ცოდვის გამო, რომელტაც ისინი ლმობიერად უყურებდნენ. ვისი იმედი უნდა ჰონდეთ თქვენს მიცვალებულ მშობლებს, თუ არა თქვენი, მათი საყვარელი შვილების! ვისი ლოცვები შეიძლება იყოს უფრო გულითადი და მხურვალე თუ არა შვილების ლოცვა გარდაცვლილ მშობლებისთვის!

სიკვდილის წინ, თქვენმა მშობლებმა ვერ დაგიტოვეს ქონება, მაგრამ უეჭველია, დაგიბარებდნენ კეთილ, ღვთის კანონთან შესაბამის ცხოვრების წესს. დაიცავით და აღასრულეთ მათი ანდერძი. იუდეველმა, რექაბის შვილმა იონადაბმა დაუბარა თავის შვილებს, ღვინო არ დაელიათ. შვილებმა დაუჯერეს, მთელი ცხოვრება არ დაულევიათ ღვინო და თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს გადასცეს მშობელთა ანდერძი, რომლებიც თავის მხრივ წმინდად იცავდნენ მას და აი, უფალმა უთხრა რექაბიანთა თემს: „რაკი დაემორჩილეთ თქვენი წინაპრების, იონადაბის ანდერძს, იცავთ მას და ყველაფერს ისე აკეთებთ, როგორც მან დაგიბარათ, ამიტომ ასე ამბობს საბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: არასოდეს მოაკლდეს იონადაბ რექაბის ძეს ჩემს წინაშე მდგომელი კაცი" (იერ. 35, 18-19).

 

 

გაზეთ  „ხარებას" ბიბლიოთეკიდან


უკან დაბრუნება