მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის ეკლესიოლოგია

მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის ეკლესიოლოგია


27-04-2017, 00:01

 

   მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი (1931 წ.) ცნობილი მოდერნისტი ღვთისმეტყველი და ეკუმენისტური მოძრაობის აქტიური მონაწილეა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტიტულოვანი მიტროპოლიტი „პარიზის სკოლის" მესამე თაობის წარმომადგენელი, მამა გ. ფლოროვსკის მოწაფე გახლავთ. მან 1965 წელს დაამთავრა ათენის, შემდეგ კი გლაზგოს უნივერსიტეტი და King-s College - ის (ლონდონი) ღვთისმეტყველების პროფესორი გახდა. ის „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" (ე.მ.ს.) „ნათლობის, ევქარისტიისა და მსახურების" კომისიის წევრია. 80-იანი წლების ბოლოს იგი მართლმადიდებლურ-ანგლიკანური „დიალოგის" კომისიას თავმჯდომარეობდა და კათოლიკებთან ეკუმენისტურ მოლაპარაკებებში ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა გახლდათ.

   მართლმადიდებლური თვალსაზრისით მიტროპოლიტ ი. ზიზიულასის ღვთისმეტყველებაში ფილოსოფიური განზომილებათა ეკლესიურ ცნობიერებასა და ტრადიციაზე თავსმოხვევის ტენდენციები შეინიშნება. თავის ნაშრომებში ის ცდილობს გვერდი აუაროს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. გარდამოცემას, მსოფლიო კრებების განსაზღვრებათა ავტორიტეტს, რათა ფილოსოფიურ ჭრილში განიხილოს ეკლესიის დოგმატური სწავლება. ხოლო როდესაც ის იწყებს საღვთისმეტყველო შეფასებას, ეს უკვე ფაქტობრივად არავითარ როლს არ ასრულებს მის კონცეფციებში. მიტრ. ი. ზიზიულასი აცხადებს: „როდესაც ვსაუბრობთ ღვთისმეტყველურად, ჩვენი შეხედულებანი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ლოგიკურ დასკვნებსა და სამეცნიერო მოცემულობებს".1 მართლმადიდებელი ეკლესია კი გვასწავლის, რომ ლოგიკური, სამეცნიერო-ფილოსოფიური შეფასებები სრულფასოვნად ყოველთვის ვერ გამოხატავს წმ. წერილისა და წმ. გარდამოცემის სულისკვეთებას. უფრო მეტიც: ხშირად ეწინააღმდეგება კიდეც მათ ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტების განსაზღვრებისას. (მ. პამაზანსკი)

   მაგრამ მიტრ. ი. ზიზიულასის ღვთისმეტყველება ეკლესიოლოგიური კუთხით გაცილებით უფრო დიდი საფრთხის შემცველია.

   ი. ზიზიულასის აზრით, „განყოფილი ეკლესიები მოწოდებულნი არიან მიიღონ ერთმანეთი და აღიარონ ურთერთ", „ეკლესია, თუნდ ის ერთია, არსებობს „ეკლესიების სახით" (მრავლობით რიცხვში). ეს ეკლესიები არსებობენ ვით ერთიანი ეკლესია, სისტემატიურად აღიარებენ ურთიერთს, ვით და-ეკლესიები".2

   მაგრამ, მართლმადიდებელი სწავლების თანახმად, ეკლესიის ერთიანობა და ერთადერთობა, ვით მისი ძირითადი თვისება, იმთავითვე განისაზღვრა მეორე მსოფლიო კრებაზე 381 წელს. მაშინ ეკლესიის მრწამსი საბოლოოდ ჩამოყალიბდა. ამდენად, ამ საკითხის რაიმე სახით განხილვა-გადაფასება დისკუსიასაც კი არ ექვემდებარება, რადგან: ეკლესიის ერთიანობა ჩვენი სარწმუნოების უდავო მოცემულობაა! თესალონიკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის საპატიო პროფესორი დიმიტრი ცელინგიდისის თქმით, „ვერ იარსებებს მრავალი ან განყოფილი ეკლესია იმიტომ, რომ ისეთ განსაზღვრებათა გააზრებისას, როგორებიცაა „ერთი" და „მრავალი", ან „ერთიანი" და „გაყოფილი", წინააღმდეგობა იქმნება. ცნება „გაყოფილი" ფაქტობრივად უარყოფს ეკლესიის რეალურ არსს, ვინაიდან მხოლოდ ერთიანი და განუყოფელი ეკლესია მოიაზრება მართლმადიდებლურ თვითშეგნებაში. როდესაც მავანი იწყებს საუბარს დანაწევრებულ ეკლესიებზე, ნიშნავს, რომ იგი უარყოფს ეკლესიის სწავლებასა და მის ცნობიერებას".3

   ამდენად, ი. ზიზიულასის მიერ „ეკლესიების სახით", „და-ეკლესიის" ერთიან ეკლესიად მოაზრებულ თეზას არა აქვს დოგმატური დასაყრდენი მართლმადიდებელ ეკლესიაში. ისევ პროფ. დ. ცელინგიდისის განსაზღვრებას დავესესხებით:

   „მრწამსის სწავლებისამებრ სრული საზეიმო განწყობით ვაღიარებთ, რომ გვრწამს „ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". ვინაიდან მრწამსის თანახმად ეკლესია ერთია, ეკლესიოლოგიური თანმიმდევრობისამებრ არ შეიძლება არსებობდეს სხვადასხვაგვარადმადიდებელი არც დედა, არც და, არც შვილი თუ შვილიშვილი ეკლესიები. ეკლესია ერთიანი და ერთადერთია და ის მისტიურად „წყლითა" და „სულით" შობს თავის წევრებს და არ წარმოშობს სხვა ეკლესიებს".4

   ი. ზიზიულასისთვის ეკლესიოლოგიური საკითხების გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი ევქარისტიული კავშირის არსებობა-არარსებობის საკითხია.

   შეკითხვაზე, თუ რას იტყოდა არამართლმადიდებლებთან საეკლესიო საიდუმლოებების ნამდვილობაზე, მაგალითად, რომის კათოლიკეებში, ის პასუხობს: „საიდუმლო შეუძლებელია გამოყო, მოგლიჯო ევქარისტიას... არამართლმადიდებელ ქრისტიანებთან ჩვენ არ გაგვაჩნია ევქარისტიული კავშირი. ევქარისტიის დონეზე ჩვენ განყოფილები ვართ. იბადება კითხვა: „ნამდვილია" დანარჩენი საიდუმლოებები, თუ ისინი არ არის განმტკიცებული ევქარისტიული კავშირით. ასე რომ, განხეთქილება, განყოფის მდგომარეობა ეხმაურება მთელი საეკლესიო საიდუმლოებების ცხოვრებას, ამიტომ კითხვაზე - საიდუმლოებები ქმედითია თუ არაქმედითი, ჩემი აზრით, არ ვართ უფლებამოსილები გავცეთ სრული პასუხი".5

   შეკითხვაზე, არის თუ არა წმინდანი ფრანცის ასიზელი, ი. ზიზიულასი იშველიებს „პარიზის სკოლის" პირველი თაობის წარმომადგენლის, თავისი მასწავლებლის მ. გ. ფლოროვსკის სიტყვებს: „დიახ, მე პირადად თავს შევიკავებდი ამაზე აზრის გამოთქმისაგან, რამდენადაც მე არ შემიძლია მასზე ვილოცო, ვინაიდან ის არ არის ჩემი ევქარისტიული ერთობის წევრი".6

   როგორც ვხედავთ, მიტრ. ი. ზიზიულასი, ისევე როგორც მ. გ. ფლოროვსკი, გაურბის პასუხს. ე.ი. მათი შეხედულებისამებრ, „თუ ევქარისტიული კავშირი არ არის, მართლმადიდებლებმა თავი უნდა შეიკავონ ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრებისაგან".

   მოვისმინოთ ეკლესიის სწავლება. კვლავ პროფესორ ცელინგიდისის კვალიფიციურ სიტყვას მოვუსმინოთ:

   „ეკლესიის საზღვრებში მღვდელმსახურება თავად ქრისტეს მღვდელმსახურებას ნიშნავს, ვინაიდან თავად ქრისტე აღასრულებს საიდუმლოს თავის ეკლესიაში ეპისკოპოსებისა და მღვდლების მეშვეობით, მღვდელმსახურება არ მოიაზრება მოციქულებრივი მემკვიდრეობის მიღმა, მასში თავად ღმერთკაცის საკუთარ მისტიკურ სხეულში მსახურება იგულისხმება... იმისათვის, რომ არსებობდეს საიდუმლოებები, ლიტურგიკული ცხოვრება, პირველ ყოვლისა, უნდა არსებობდეს ეკლესია. საიდუმლოებები წარმოაჩენს ლიტურგიკულ ცხოვრებას ეკლესიაში. საიდუმლოებები შეგვიძლია ხის რტოებს შევადაროთ. ცოცხალი, აყვავებული და ნაყოფის მომცემი რტოები მხოლოდ მაშინ იარსებებენ, როდესაც ექნებათ ორგანული კავშირი ხესთან, ე.ი. როდესაც ისინი ონტოლოგიურად იქნებიან დაკავშირებულნი ძირითად ღეროსთან...

   ეკლესიისთვის მიუღებელია მოსაზრება თითქოს ეკლესიის საიდუმლოებები რაღაცნაირად, მაგიურად თუ მექანიკურად, მის მიღმაც აღესრულება. ამ აზრის განვითარება უგულებელყოფს მამებისეულ სწავლებას, ვით ეკლესიის გამოხატულებას. როდესაც ეკლესიის მღვდელმსახური სხვაგვარ, ეკლესიის დოგმატური შეგნების, მსოფლიო კრებათა განსაზღვრების საპირისპირო აზრებს ავითარებს, მისი ერთობა ეკლესიის თავთან (ქრისტესთან), ლიტურგიკული თვალსაზრისით, პრობლემური ხდება... თუ ის (კონკრეტული მღვდელმსახური) ახორციელებს ერთობლივ ლოცვას არამართლმადიდებლებთან და, გნებავთ ფარულად, ხელს აწერს ერთობლივ დოკუმენტებს (მაგალითად, ბალამანდი, შამბეზი - რედ), მიიჩნევს, რომ არამართლმადიდებლებიც შეადგენენ ეკლესიას, ისინიც ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით ფლობენ ჭეშმარიტ საიდუმლოებებს, თუმცა ერეტიკოსები არიან და უარყოფენ ხელთუქმნელი მადლისა და ენერგიის არსებობას საიდუმლოებებში. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, უგულებელყოფს ეკლესიის საიდუმლოებებსა და ეკლესიის ღმერთკაცობრივ ხასიათს და ეკლესიის რაობა ადამიანურ ორგანიზაციამდე დაჰყავს".7

   მიტრ. ი. ზიზიულასისთვის ეკუმენიზმი მნიშვნელოვანი, უფრო მეტიც სავალდებულო, სახარებისეული მოთხოვნაა. შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდა ის ეკუმენიზმს, მან ბრძანა: „იმისათვის, რომ ეკუმენიზმს მიენიჭოს ერესის კვალიფიკაცია, საჭიროა, რომ მასში არსებობდეს ცხადი გადახრა დოგმატებისაგან, რომლებიც მსოფლიო კრებებმა და წმინდა მამებმა განსაზღვრეს. მე არ ვიცნობ არც ერთ მართლმადიდებელს ეკუმენისტური მოძრაობის ფარგლებში, რომელმაც უარყო ან დაამახინჯა ეს დოგმატები".

   შეესაბამება კი ეს აზრი სიმართლეს? ცხადია, ვიცით, რომ ეკუმენისტები პრინციპულად გაურბიან თავიანთი სწავლების ზუსტ განსაზღვრებას. ეს გარემოება მათ ხელს აძლევს მაქსიმალურად შენიღბონ საკუთარი ადოგმატიზმი. ერთი მხრივ მათ სურთ ადოგმატიზმი

   ა) დიდ მიზნად წარმოაჩინონ: ყველა ქრისტიანი ოდესმე გაერთიანდება;

   ბ) უკვე არსებობს ის (ერთობა) როგორც იდეალური სულიერი რეალობა.

   ამ მსჯელობაში ჩვენი დროის გამოჩენილმა მოაზროვნემ რ. ვერშილომ ინტელექტუალური და ზნეობრივი უსამართლობა შენიშნა: „დაუშვებელია ერთდროულად ამტკიცო, რომ ერთობა ოდესმე მიიღწევა ამა თუ იმ გზით და ისიც იძახო, რომ ის (ერთობა) უკვე არსებობს და მის მიღწევას აღარ ვსაჭიროებთ. ე.ი. ეს იდეა (ეკუმენიზმი) - ყალბია. ჭეშმარიტება არ შეიძლება იყოს მიღწეულიც და მისაღწევიც. ეკუმენიზმი აღიარებს ამას და მისტიკური, ალოგიკური, ადოგმატური ერთობის განუსაზღვრელობაზე საუბრობს. (მ. ს. ბულგაკოვი)8

   ცნება, რომ „ერთიან ეკლესიაში" ეკუმენისტები არა მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას მოიაზრებენ, კიდევ უფრო მკაცრად შეაფასა, საფუძვლიანად ამხილა XX ს-ის გამოჩენილმა ღვთისმეტყველმა წმ. სერაფიმემ (სობოლევი). ის არაორაზროვნად აცხადებს:

   „მართლმადიდებელი ეკუმენისტების მიერ არამართლმადიდებლებისადმი ეკლესიის სახელწოდების მინიჭება არ გახლავთ უბრალო გაურკვევლობა. მსგავსი ცდომილების აღიარება არსობრივად მართლმადიდებელი ეკლესიის სარწმუნოების უგულებელყოფაა. დედაეკლესია ჩვენგან ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო სარწმუნოების აღიარებას მოითხოვს, რათა ეკლესიის ყველა ეს თვისება მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას მივუსადაგოთ. მაგრამ „მართლმადიდებელ" ეკუმენისტებს არ სურთ დაემორჩილონ ეკლესიის სწავლებას და წარმოუდგენლად ამახინჯებენ მრწამსის მეცხრე წევრს. შედეგად, ჭეშმარიტების სიცრუესთან, მართლმადიდებლობის - ერესთან არაბუნებრივი აღრევა ხორციელდება. შესაბამისად, „მართლმადიდებელი" ეკუმენისტები, არიან რა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები, ამავდროულად ეკუმენისტური „ეკლესიის", ე.ი. მსოფლიო ერეტიკული საზოგადოებების წევრებიც ხდებიან".9

   ამრიგად, მიტრ. ი. ზიზიულასმა, ნებსით თუ უნებლიეთ, საკუთარი სწავლების გამო, დაიმსახურა წმ. სერაფიმეს (სობოლევი) მკაცრი მსჯავრი: „მსოფლიო ერეტიკული საზოგადოების წევრები ხდებიან". ეს კი, რა თქმა უნდა, დოგმატური ცდომილებაა. (გაგრძელება...)

 

 

დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

1М. Фаранту. Экуменизмили Православие. Кризис Богословие. Н. Knight. Богослови И. Зизиуласа. Введение. 2008. стр. 21.

2И. Зизиулас. The TheoloficalRtoblem of Reception. стр. 189-190.

3Д. Целингидис. Святие ли инославные членами Церкви? www. Православний Апологет. rу.

4იქვე, Д. Целингидис.

5მიტრ. ი. ზიზიულასი. მე ჩემი ღვთისმეტყველებით ვემსახურები ეკლესიას.

6იქვე, orthodoxtheologe.ge.

7Д. Целингидис. Святие ли инославные членами Церкви?

8Р. Вершило. Антимодернизм. rу.

9Св. Серафим Соболев. Надо ли Русской Православной церкви участвовать в экуменическом движении? Церков. Воинствующаял СПБ. 1977. с. 142.


უკან დაბრუნება