მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > საღვთისმეტყველო მიმართულებანი
საღვთისმეტყველო მიმართულებანი26-04-2017, 00:02 |
განსახილველი საკითხი უმნიშვნელოვანესია თანამედროვე საღვთისმეტყველო პრობლემატიკაში. ვგულისხმობთ მართლმადიდებლობისათვის უცხო სულისკვეთების, მეთოდოლოგიისა თუ სწავლების გამოყენებასა და დანერგვას. წინამდებარე ნაშრომი ძირითადად პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის (ე.წ. „პარიზის სკოლა") პედაგოგ-მოწაფეთა თეოლოგიურ შეფასებებს დავუთმოთ. იქ ჩასახულმა თეზებმა სერიოზული ზეგავლენა მოახდინა მომდევნო თაობების ქრისტიანებზე. სწორედ ამან გვაფიქრებინა ვრცლად მიმოგვეხილა „პარიზის სკოლის" ყველა თაობისთვის (პირობითად - სამი თაობა) ნიშანდობლივი ცდომილოებები საყოველთაოდ აღიარებული მართლმადიდებლური სწავლების ფონზე. საჭიროდ მივიჩნიეთ კონკრეტულად დაგვესახელებინა სასულიერო თუ საერო პირები, რომელთა შეხედულებანი უცხოა მართლმადიდებლური ცნობიერებისთვის. არა მარტო მათი, არამედ მათი სულიერი მემკვიდრეების აზრების, ზეგავლენას ახდენს ჩვენი თაობის, მთლიანად ეპოქის საღვთისმეტყველო აზროვნებაზე, ამრუდებს მას. რეალობა ასეთია: დღეს უამრავი თანამედროვე მღვდელმსახური თუ ერისკაცი განიმსჭვალა მათი არამართლმადიდებლური სწავლებით. ჭეშმარიტ მკურნალთა - წმინდა მამათა გათავისების ნაცვლად, ისინი „ახალი მამების" ზეგავლენით, ყველა ხერხს მიმართავენ, რომ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა დაივიწყონ ჭეშმარიტი სწავლება. მეტიც: „ახალი" საღვთისმეტყველო ეპოქის დასაწყისიც კი გამოაცხადეს. ამან „თეორიული ნიადაგი" მოამზადა ლიბერალური სულისკვეთებით გაჯერებულ თანამედროვე ქრისტიანებში. მსგავსი სულის პედაგოგ-თეოლოგები ხშირად გვთავაზობენ ძნელად გასააზრებელ იდეათა „სინთეს", რაც მათ თითქოს „კოსმოსიდან" „ახალი გამოცხადების" სახით მიიღეს. შედეგად, გაჩნდა მრავალი საღვთისმეტყველო სკოლა თუ მიმართულება, რომლებიც ყოველთვის არ გამოხატავენ მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსით სწავლებასა და ცნობიერებას. ელადის ეკლესიის გამოჩენილმა ღვთისმეტყველმა, ნევპაქტის მიტროპოლიტმა იორეთეოსმა (ვლახოსი) რამდენიმე საღვთისმეტყველო მიმართულებაზე მიგვითითა. 1) მამებისეული, იგივე ტრადიციული ღვთისმეტყველება, რომელიც საღმრთო გამოცხადებაზე, წმ. წერილსა და წმ. გარდამოცემაზეა დაფუძნებული. 2) ლათინური - სქოლასტიკურ-ფილოსოფიური საღვთისმეტყველო მიმართულება. 3) პროტესტანტული - ბიბლიური, იგივე მეცნიერულ-რეციონალისტური ღვთისმეტყველება. 4) რუსული, ანუ პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში ჩამოყალიბებული ლიბერალური ღვთისმეტყველება. ეს უკანასკნელი წინა სამის უცნაური „სინთეზის" შედეგად ჩამოყალიბდა. ვიდრე ძირითად სათქმელს მივადგებოდეთ, ორიოდე სიტყვით ვთქვათ აღნიშნულ საღვთისმეტყველო მიმართულებათა შესახებ. 1. მამებისეული სწავლება - რა არის ის ჩვენთვის, რატომაა მისი დაცვა და ათვისება ესოდენ მნიშვნელოვანი? მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) წერს: „მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის წმინდა მამების შესწავლა არ არის მარტოოდენ შემეცნებითი საქმიანობა... განსწავლული ერეტიკოსებისა და მათი ვითომ „მართლმადიდებელი" მიმდევრებისთვის „მამების შესწავლა" გონებრივი მუშაკობაა. წმინდა მამათა ტექსტების შესწავლა გახდა მორიგი თემა ამ ტექსტებში დაცულ-დაუნჯებული ჭეშმარიტების გაუაზრებლად... ისინი წმინდა მამებზე პირში სიგარით ან ხელში ღვინის ჭიქით საუბრობენ, არ გააჩნიათ მამაცობა, ქრისტეს ღალატის გამო ამხილონ „კანონიერი" იერარქ-განდგომილები. ჩვენ უმთავრესად იმიტომ მივმართავთ წმინდა მამებს, რომ მათი მოწაფეები გავხდეთ, მათგან ვისწავლოთ ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება, თუნდაც ვიცოდეთ, რომ ამის გამო დავკარგავთ ამა სოფლის სიამეებს და მისგან გარიყულები შევიქნებით. თუ ამგვარად მივუდგებით საქმეს, მაშინ ვიპოვით გამოსავალს ბუნდოვანებიდან, რომელიც სწორედ რომ წმინდა მამათა სწავლების მიუღებლობამ წარმოშვა. მაშინ აღმოვაჩენთ, რომ წმინდა მამები საკმაოდ აქტუალურნი არიან და პირდაპირ გვაუწყებენ, როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანის ბრძოლა დღეს. ისინი ამომწურავად უპასუხებენ ცხოვრებისა და სიკვდილის უმთავრეს საკითხებს, კითხვებს, რომლებზეც აკადემიურ წრეებში ყურსაც არ იბერტყავენ".1 იმავე წერილში მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) დაასკვნის: „პირველი, უცილობელი პირობა წმინდა მამების შესწავლისას არის იმ სარწმუნოების აღიარება, რომელსაც აღიარებენ წმინდა მამები - მართლმადიდებლობის. ამ უმთავრესი პირობის გარეშე ყოველგვარი დამოძღვრა ლოცვისა თუ სულიერი სწავლების შესახებ აბსოლუტური სიყალბეა. ეს არასერიოზული მიდგომაა და მკაფიო ილუსტრაცია იმისა, როგორ არ უნდა შევისწავლოთ წმინდა მამები".2 2. მეორე საღვთისმეტყველო მიმართულება კათოლიკურ სამყაროში გაჩნდა. როდესაც მართლმადიდებლურ სასულიერო სასწავლებლებში განათლების დონის ევროპულ სტანდარტებამდე ამაღლებაზე ალაპარაკდნენ, აქტიურად დანერგეს ლათინური საღვთისმეტყველო მეთოდები. არამართლმადიდებელ ავტორთა სახელმძღვანელოებს თითქმის ყველა საგნის სწავლებისას იყენებდნენ. ეს პროცესი დღეს კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. შედეგად, სასულიერო სასწავლებლებში დაიწყო მართლმადიდებლური მენტალიტეტის შეცვლა. მღვდელმონაზონი ილარიონი (ტროიცკი) ხსენებული საღვთისმეტყველო პრობლემის განხილვისას შენიშნავდა: „ცალკეული მოშურნე მართლმადიდებელი სასულიერო პირები და პროფესორები ეწინააღმდეგებოდნენ ამ პროცესებს, მაგრამ ბრძოლის სტრატეგია არასწორად იქნა შერჩეული. სწორედ მაშინ გაჩნდა დამღუპველი იდეა: „დავეუფლოთ ლათინური ბრძოლის იარაღს და გამოვიყენოთ ის მათსავე წინააღმდეგ". ეს ნიშნავდა: დასავლეთის მსგავსად, ჩვენც უნდა შეგვემუშავებინა დოგმატების ლოგიკური სისტემა და დაგვეპირისპირებინა ლათინური სისტემისათვის. ეს გახლდათ ჩვენს ღვთისმეტყველებაზე ლათინური ზეგავლენის თავს მოხვევის პირველი ეტაპი. თანდათან ზემოხსენებული მართლმადიდებელი პირებიც განიმსჭვალენ დასავლური ერეტიკული სულით და გაითავისეს სხვა საღვთისმეტყველო სისტემა".3 საღვთისმეტყველო თვალსაზრისით დასავლურ-სქოლასტიკური სულისაგან დაცვის აუცილებლობაზე წერდა წმინდა ილარიონი: „არ უნდა მივაქციოთ ყურადღება წვრილმანებს, არამედ უნდა მივუთითოთ ნამდვილ და უკიდურესად საშიშ მტერზე, გამოვიკვლიოთ როგორ და საიდან მოვიდა და რატომ გავრცელდა და დამკვიდრდა იგი ჩვენთან".4 3. რაც შეეხება პროტესტანტულ საღვთისმეტყველო მიმართულებას: მათი თეოლოგების თხზულებებსა და კვლევებში მყარად გაბატონდა ლიბერალური და რაციონალისტური მიდგომა. ფარული მიზანი, როგორც ჩანს, იყო საერთოდ გაენადგურებინათ ყოველგვარი სულიერის გამოვლინება. საამისოდ შეუდგნენ წმინდა მამებისა და წმინდა წერილის „მეცნიერულ" კვლევას. ე.ი. საეჭვოდ მიიჩნიეს წმინდა მამათა ერთიანი და ერთსულოვანი კრებსითი ცნობიერება, შეუდგნენ წმ. გარდამოცემის კრიტიკას. ეს პათოსიც, სამწუხაროდ, დიდი სიხარულით აიტაცეს ლიბერალმა „მართლმადიდებლებმა". მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) წერდა: „როდესაც „მართლმადიდებელი" მეცნიერები წმ. მამათა თხზულებების განხილვისას იყენებენ ფსევდოგანმანათლებელთა ნაშრომებს და თავიანთ კვლევას პროტესტანტულ-რაციონალისტური სულისკვეთებით წარმართავენ, შედეგი იქნება ტრაგიკული. მავანნი ამ მკვლევარ-მეცნიერებს „მართლმადიდებლობის შუქურად", მათ რაციონალისტურ განმარტებას კი „მამებისეულ ჭეშმარიტებად" მიიჩნევენ. ამ გზით მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანი შეცდება. მაგალითად, პროტ. ა. შმემანი, თითქოს „დასავლური ზეგავლენისაგან" განთავისუფლებას ლამობდა, ასე ეგონა მას ჭეშმარიტი, მამებისეული ტრადიციის მიუწვდომლობის გამო და... თავად მოექცა პროტესტანტულ-რაციონალისტური იდეების გავლენაში".5 4. და ბოლოს, რუსული ემიგრაციული, კერძოდ პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის საღვთისმეტყველო მიმართულების შესახებ. ეს გახლავთ ერთგვარი კონგლომერატი, „სინთეზი", ნაზავი როგორც მართლმადიდებლური, ისე კათოლიკურ-პროტესტანტული ღვთისმეტყველებისა და მეცნიერული მიდგომისა. მაგრამ მართლმადიდებლობა არ ეყრდნობა მეცნიერებას. მამებისეული ტრადიციის მიმდევრები „პარიზის სკოლის" განმანათლებელთაგან განსხვავებით მიიჩნევდნენ, რომ მეცნიერება და ღვთისმეტყველება სხვადასხვა სფეროს ემსახურება. „პარიზელები" კი ღვთისმეტყველებას მეცნიერების ერთ-ერთ სახეობად მიიჩნევდნენ, თითქოს ის (მეცნიერული კვლევა) იძლეოდეს სულიერი მოვლენების სრულ განმარტებას. ტრადიციის მიმდევრები არც მაშინ იზიარებდნენ და არც დღეს იზიარებენ ამგვარ მიდგომას. ისინი წმ. გრიგოლ პალამას კვალდაკვალ ირწმუნებიან, რომ მეცნიერება იკვლევს ადამიანის ცხოვრების ერთ სფეროს, ხოლო ღვთისმეტყველება - მეორეს, რომელიც მიუწვდომელია რაციონალისტური აზროვნებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ტრადიციონალისტები არ უარყოფენ მეცნიერებას, არამედ მის გარკვეულ საზღვრებში მოქცევის აუცილებლობას გულისხმობენ. ზუსტია არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) შენიშვნა: „XX ს-ის დასაწყისის რელიგიური მოაზროვნეები, მართლმადიდებლობისთვის ფილოსოფიურ-მეცნიერული ბაზისის გამოძებნა რომ სურდათ, მეტწილად თავად აღმოჩნდნენ მართლმადიდებლობის მიღმა - დაგვიტოვეს თხზულებები, ვით გამოცდილება ინტელექტუალური მარცხისა".6 ჩვენი ძირითადი სათქმელი ეს გახლავთ: მართლმადიდებლობისთვის უცხო, ლათინურ-პროტესტანტულ საღვთისმეტყველო ნიადაგზე და არა მამებისეულ ტრადიციაზე დაფუძნებული პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის გამოჩენილი წარმომადგენლები მარტოოდენ თავიანთი ინტელექტის იმედზე იყვნენ. მათ, უდავოდ უნიჭიერესმა ადამიანებმა, განიზრახეს მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ახლებური გააზრება, რითაც უდიდესი სულიერი ზიანი მიაყენეს როგორც საკუთარ თავს, ისე მომდევნო თაობის ქრისტიანობას.(გაგრძელება...)
დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
1С. Роуз. Святые отцы Православия. azbuka.ru. 2იქვე, მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი). 3Свящ. Муч. Иларион (Троицкий). Богословие и свобода церкви. с. 12. 4იქვე, გვ. 13. 5С. Роуз. Святые отцы Православия. azbuka.ru. 6არქ. რაფაელი (კარელინი). მართლმადიდებლობის შესახებ. გაზ. „ჯორჯიან თაიმსი". უკან დაბრუნება |