მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ერთადერთი ალტერნატივა

ერთადერთი ალტერნატივა


17-01-2021, 15:43

 

   XVIII – XIX ს.ს-ს ევროპული განათლების ეპოქად სახელდებენ. ეს გახლავთ დრო, როდესაც თვალნათლივ წარმოჩინდა რაციონალიზმისა და ტრადიციონალიზმის (მამებისეული სწავლების) წინააღმდეგობრივი ხასიათი.

   „ახალი" ხედვების მატარებლები რელიგიური ტრადიციის გამდიდრებას არა მართლმადიდებელი ეკლესიის ძირძველი, მსოფლიო კრებებზე განსაზღვრული სწავლების, არამედ ეკლესიისთვის მიუღებელი ტრადიციის საფუძველზე ცდილობდნენ. ცხადია, ამგვარმა მიდგომებმა იდეოლოგიური წინააღმდეგობა წარმოშვა, რაც არა ერთხელ გამოვლინდა მართლმადიდებლურ სამყაროში.

   ახალი იდეოლოგიური კონფლიქტი „ახალი განმანათლებლების" ამპარტავნული ამბიციით იყო გამოწვეული. მრავალმა მათგანმა (პარიზელებმა) ემიგრაციაში დაკარგა მართლმადიდებელ ტრადიციასთან კავშირის შეგრძნება, ვერ ერკვეოდნენ მართლმადიდებლობის შინაგან, სულიერ, ისიხასტურ სამყაროში. ამიტომ მათი მხრიდან (ა. შმემანი, მეინდორფი და სხვა) ბიზანტიური პერიოდის, მსოფლიო კრებების, ძველი დროის წმინდა მამების აღმსარებლური შემართების გამუდმებითი კრიტიკა გვესმოდა.

   ტრადიციული აზროვნების წინააღმდეგ გალაშქრება არახალია ეკლესიის ისტორიაში. „პარიზული სულის" მქონე „განმანათლებლებს" შემთხვევით არ უწოდებენ „ნეოვარლამიტებს" (ვარლაამ კალამბრიელის სულისკვეთების და ერეტიკული სიჯიუტის გამო), ხოლო ტრადიციული მამებისეული სწავლებისა და ცხოვრების ერთგული დამცველები თავიანთ სულიერ ლიდერად წმ. გრიგოლ პალამასა და მისი ღვაწლის გამზიარებელ წმინდა მამებსა და მოღვაწეებს მიიჩნევენ.

   ამრიგად, ქრისტიანულ წიაღში ყალიბდება ორგვარი კულტურა და ცივილიზაცია:

   1) ქრისტიანულ-ლიბერალური (პარიზული), რომელიც სულ უფრო იხრება მოდერნიზაციისაკენ;

   2) ქრისტიანულ-ორთოდოქსალური (ტრადიციული), რომელიც წმინდად ინახავს მართლმადიდებელ სარწმუნოებას.

   მნიშვნელოვანია გავიაზროთ თავად ფაქტი: პალამისტებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ აღმოსავლეთის ეკლესიის ასკეტურ-დოგმატურ სიღრმესა და სიმაღლეს, თავიანთი სწავლება ძველი დროის წმინდა მამების სწავლებასა და ასკესზე დააფუძნეს, ხოლო ვარლაამ კალამბრიელმა და მისი სწავლებისა და სულისკვეთების მიმდევრებმა თავიანთი საღვთისმეტყველო ხედვები ეკლესიის მიერ დიდი ხნის წინათ უარყოფილ ცრუსწავლებებზე დააფუძნეს. შედეგად, უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს რაციონალიზმის, ლიბერალიზმისა და ეკუმენიზმის სული. ზედაპირულად ფასდებოდა შინაგანი სულიერი მდგომარეობა და ცხოვრება და ა.შ.

   ვარლაამ კალამბრიელი და მისი სწავლება სიხარულით გაითავისა დასავლეთის „ეკლესიამ". იქ მან მიიღო უნია და ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს. აქვე დაწერა კალამბრიელმა ლათინიზმის აპოლოგია.

   ამრიგად, დოგმატური სწავლების ლიბერალურ-რაციონალურ რევიზიას რომ შეუდგა, ვარლაამი მოგვევლინა ერთ-ერთ პირველ მოდერნისტად ეკლესიის ისტორიაში. ამით იწყება აშკარა განშორება აღმოსავლეთისა დასავლეთისაგან, ისიხაზმისა ლიბერალიზმისაგან, ეკუმენიზმისაგან.

   თუ დასავლეთში მოდერნისტული იდეოლოგიის გამარჯვება გარდაუვალი იყო, აღმოსავლეთში მას ეფექტური ალტერნატივა მოეძებნა. XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან მართლმადიდებელ სამყაროში შესამჩნევი გამოცოცხლება დაიწყო. ამ პერიოდში დაწყებული ტრადიციული სწავლებისა და ცხოვრების აღორძინების მოვლენები მრავალმხრივ გვაგონებს XIV საუკუნეში განვითარებულ ისიხასტურ მოძრაობას. ამას ადასტურებს:

   1) წმინდა მამათა გადმოცემის საეკლესიო პრაქტიკაში კვლავ დამკვიდრების შემართება;

   2) წმინდა მამათა დავიწყებული მრავალრიცხოვანი თხზულებების გამოცემა;

   3) დასავლურ განმანათლებლურ იდეებთან საღვთისმეტყველო პოლემიკა.

   წმინდა მამათა თხზულებების გამომცემლები, დასავლურ იდეებთან და ეკლესიის სიწმინდისათვის მებრძოლნი ერთი და იმავე სულისკვეთების მქონე ადამიანები იყვნენ. ოპონენტებმა მათ დაცინვით „კოლივადები"* შეარქვეს.

   მაგრამ დღეს, ორასი წლის შემდეგ, როდესაც კოლივადური მოძრაობის პირველი წარმომადგენლები: კოსმა ეტოლიელი, მაკარი კორინთელი, ნიკოდიმოს მთაწმინდელი, ათანასე პარიელი და პაისი ველიჩკოვსკი წმინდანთა დასში ჩარიცხეს, ეს მეტსახელი უნებურად მათ განსადიდებლად აჟღერდა.

   კოლივადები ეკლესიის სისავსის მიერ ტრადიციული, მამებისეული სწავლების დამცველებად და ევროპული სულის წინააღმდეგ მებრძოლებად აღიარეს, ხოლო მათი მოწინააღმდეგეების საქციელი აღიქმება, როგორც ეკლესიის სწავლების დროის მოთხოვნილებებს დაქვემდებარების მცდელობა.

   ნელ-ნელა კოლივადურმა მოძრაობამ ფართო გასაქანი ჰპოვა მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროში. ამ ნიშნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წმ. მაკარი ნოტარასის მოღვაწეობა, რომელმაც მიზნად დაისახა დავიწყებული, ძველი დროის წმინდა მამების ასკეტური თხზულებების შეკრება-გამოცემა. 1777 წ. წმ. მაკარმა დაასრულა მოგროვება მასალებისა, რომლებიც რედაქტირებისთვის წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელს გადასცა. აქედან იწყება მათი ერთობლივი მოღვაწეობა მამებისეულ ნაშრომებზე, რომლის შედეგად „სათნოებათმოყვარების" (Добротолюбие) ფასდაუდებელი ნაშრომი გამოიცა.

   წმ. მაკარის მჭიდრო სულიერი კავშირი ჰქონდა ღირს პაისისთან (ველიჩკოვსკი), რომელმაც თავის მხრივ მძლავრ სულიერ აღორძინებას ჩაუყარა საფუძველი სლავურ ქვეყნებში.

   პაისი ველიჩკოვსკი, ისევე როგორც კოლივადური მოძრაობის სხვა გამოჩენილი მოღვაწეები, კარგად გრძნობდა არსებული საღვთისმეტყველო კრიზისის მიზეზს. სწორედ ამის გამო მან მეოთხე კურსიდან მიატოვა სწავლა კიევის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში და მამებისეული თხზულებების შესწავლას მონასტერში შეუდგა. მას მშვენივრად ესმოდა, რომ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო სასწავლებლებში დასავლური სქოლასტიკისა და რაციონალიზმის გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვებოდა. ამიტომ მიზნად დაისახა მამებისეული, ტრადიციული ღვთისმეტყველებისა და ასკეზის აქტუალიზაცია და აღორძინება. ვინაიდან ამ ორი პრინციპის ერთმანეთისაგან გამიჯვნა არაფერს კარგს არ უქადდა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას.

   წმ. მაკარისა და წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელის მოღვაწეობას ათონსა და ზოგადად ელადის ეკლესიაში, ხოლო პაისი ველიჩკოვსკის მოღვაწეობამ სლავურ ქვეყნებსა და ეკლესიებში უდიდესი ნაყოფი გამოიღო.

   ათონის წმ. მთასა და საბერძნეთში აღორძინდა ცოცხალი, წმ. მამების სწავლებაზე დაფუძნებული ღვთისმეტყველება. XX საუკუნეში გამოჩნდნენ ისეთი მოღვაწენი, როგორებიცაა, იოსებ ისიხასტი, წმ. პაისი მთაწმინდელი, ეფრემ მორაიტისი (არიზეონელი), გიორგი კაფსანისი და მრავალი სხვა.

   პაისი ველიჩკოვსკის სკოლამ მოგვმადლა ისეთი მნათობები, როგორებიცაა: ღირსი სერაფიმე საროველი, წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი, წმ. თეოფანე დაყუდებული, ოპტინიტის, გლინისა თუ სხვა მონასტრების გამოჩენილი მოღვაწენი, რომლების სულიერი ტრადიციის გამგრძელებელი მამები (თუმცა უკიდურესად შემცირებული რაოდენობით) დღესაც მოიძებნებიან.

   როგორც კოლივადების, მანამდე პალამისტების, კიდევ უფრო ადრე წმინდა მამების ეპოქების ასკეტურ-ღვთისმეტყველური მოღვაწეობა გახლდათ სახე მართლმადიდებელი მებრძოლი ეკლესიის სხვადასხვა ერესებთან გამკლავების ერთადერთი მართებული მიდგომა, დღესაც მამებისეული ტრადიციის ერთგულ სასულიერო პირებსა და ერისკაცებს წმინდა მამების მიერ ამ გაკვალული გზით სვლა გვევალება. ეს არის ერთადერთი სწორი ალტერნატივა. პრინციპულად მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს არ არის რაიმე ექსტრაორდინალური გადაწყვეტილება, არამედ მართლმადიდებლური აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი ტრადიციული პრაქტიკა.

   როგორც ადრე, ტრადიციონალისტების მოღვაწეობა, ტერიტორიული სიშორის მიუხედეავად, ორგანულად ავსებდა ერთმანეთს, კოლივადური მოძრაობის ყველა მონაწილეს, ასეთივე სულიერი შემართების აღორძინება გვმართებს მამებისეული ტრადიციის დამცველ თანამედროვე წარმომადგენლებს.

   რაში ვლინდებოდა კოლივადების ერთობლივი მოღვაწეობა?

   მამებისეულ სწავლებაზე დაფუძნებულ: ქადაგებაში, პედაგოგიურ და გამომცემლობით საქმიანობაში, სკოლების, გიმნაზიების, სემინარიების გახსნაში, ლიბერალ - მოდერნისტებთან იდეოლოგიურ პოლემიკაში.

   მოდერნისტებისაგან განსხვავებით, ტრადიციონალისტი ისიხასტები კრებსითი პრინციპით ხელმძღვანელობდნენ. მართლმადიდებელ ერების სულიერ-დოგმატურ საკითხებში კონსოლიდირებულ მოქმედებას ესწრაფოდნენ. თავიანთ მოღვაწეობასა და ღვთისმეტყველებას არა სახელდობრ ბერძნულ ან სლავურ, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი სისავსისადმი მიმართავდნენ. მათი მოღვაწეობა არ შემოიფარგლებოდა ტერიტორიით, რომელშიც ცხოვრობდნენ. მათ მიერ გამოცემული წიგნები ფართო მკითხველისთვის იყო განკუთვნილი.

   ერთი სიტყვით, ისინი ცდილობდნენ მართლმადიდებლური ისიხასტურ-დოგმატური ტრადიცია ადამიანების ყოველდღიურობად ექციათ. წმინდანების ცხოვრება მისაბაძ და სრულყოფილების ნიმუშებად ჰქონდათ წარმოჩენილი, რომლებზე ორიენტირი მართებდა როგორც სასულიერო პირებს, ისე ერისკაცებსაც. მხოლოდ ამგვარად იყო შესაძლებელი პატრისტიკის აღორძინება.

   ამრიგად, დღეს არსებული საღვთისმეტყველო და ზნეობრივ-სულიერი კრიზისიდან გამოსავალის ძიებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ყველა დროსა და ეპოქაში გვთავაზობდა პრობლემიდან გამოსავალს:

   1) დავრჩეთ ერთგულნი წმინდა მამათა და მსოფლიო კრებათა განსაზღვრებებისა, ვინაიდან ამის გარეშე არ არსებობს მართლმადიდებლობა.

   2) უნდა ვიპოვოთ ის მამები, რომლებიც ცხოვრობდნენ წმინდა წერილისა და წმ. გარდამოცემის „სულით". თავად იყვნენ ზემოთ აღნიშნული მდიდარი სულიერი გამოცდილების თავიანთი ცხოვრებით განმახორციელებლები, რათა ჩვენ გვიწინამძღვრონ ჭეშმარიტების გზაზე. ცხადია, მათი რიცხვი უკიდურესად შემცირებულია, მაგრამ, როგორც წმინდა წერილი ბრძანებს: ვინც ეძებს, პოულობს.

 

 

დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

 

 

*კოლოვადები - XVIII ს. ათონელი ბერების მოძრაობა გაუმართლებელი ინოვაციების წინააღმდეგ. ტრადიციული სულიერი ცხოვრების პრაქტის აღმაღორძინებლები. სახელწოდება „კოლივადი" 1754 წ. ახალი სწავლების - პანაშვიდების შაბათიდან კვირას გადატანას უკავშირდება. ბერების ნაწილმა უარი განაცხადა წანდილის („коливо") კვირას მოხარშვაზე თავდაპირველად ისინი იდევნებოდნენ. შემდეგ ისინი დააკანონეს.


უკან დაბრუნება