მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > ისტორიული ცნობები აღდგომის ცეცხლის შესახებ
ისტორიული ცნობები აღდგომის ცეცხლის შესახებ16-04-2017, 00:01 |
1868 წლის დიდ შაბათს მელეტის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ პატრიარქი კირილე პირველად აღასრულებს წმინდა ცეცხლის ღვთისმსახურებას და ეს ხდება პატრიარქის აღსაყდრებიდან 24-ე წელს. არქეოლოგი უორენი, რომელიც აგრძელებს ცეცხლის სასწაულის შესწავლას, შეხვდა პატრიარქს ღვთისმსახურების დასრულებისთანავე. პატრიარქი გულისყურით მოეკიდა უორენის თხოვნას და კეთილგანწყობით უპასუხა ყველა მის შეკითხვას: „მე ყოველთვის მეგობრულად ვიყავი განწყობილი უხუცესი პატრიარქის მიმართ. ის იმდენად გულთბილად მოეკიდა ჩემს თხოვნას, რომ დაწვრილებით მიამბო მომხდარის შესახებ. მეც ვეცდები გადმოგცეთ პატრიარქის მონათხრობი. შებრძანდა პატრიარქი ქვაბულში და დარჩა იქ მარტოდ. მან მუხლი მოიდრიკა საფლავის წინაშე, მზერა კი ჩრდილოეთით მიაპყრო, იმ დროს, როდესაც ის ლოცვას აღავლენდა, ცეცხლი თანდათანობით ცხადდებოდა. ის ზეციდან კი არ გარდამოსულა, საფლავის ფილიდან ამოიფრქვა. პატრიარქი სულ უფრო გულმხურვალედ ლოცულობდა, ნათელი ძალას იძენდა, ლბილი ალი კი ნახევარი დუიმის სიმაღლეზე აღმართულიყო. პატრიარქმა აიღო ცეცხლი ორივე ხელით და ფრთხილად მოათავსა კანდელში, რომელიც მაშინვე აივსო ცეცხლით".
პატრიარქი კირილე II (1868 წელი)
●●●
„როდესაც ღვთის წყალობით ღირსი ვხდები აღმდგარი ქრისტეს საფლავზე გარდამომავალი წმინდა ცეცხლის მსახურებისა, ჩემზე აღესრულება შემდეგი: როცა სინდისი განწმენდილია და მშვიდობა სუფევს ჩემს სულში, არაფერი ეღობება ჩემს ერთგულებას უფლისადმი, მაშინ გამოუთქმელ სიხარულს განვიცდი. შევდივარ თუ არა უფლის საფლავის ქვაბულში, გადავშლი წმინდა საკითხავს, წმინდა ლოცვების რამდენიმე სტრიქონს ჩავიკითხავ, აღვმართავ სანთლების კონას, უმალვე აალდება წმინდა კანდელი და სანთლებიც. ხოლო როცა სულს მშვიდობა განშორებია და ამა სოფლის ზრუნვა ვერ განმიგდია და მზად არ ვარ უფლისათვის, არც სიხარულის მადლი მეწვევა მაშინ. დავიხრები, რომ საფლავს ვეახლო და ვხედავ, კანდელი უკვე ანთია".
საბა აქილეოსი, „მე ვიხილე ცეცხლი". გვ. 130-131.
●●●
„როდესაც ცეცხლი ქრება (საუბარია უწინ ანთებულ კანდლებზე), მე ვიხრები და საფლავის შიგნით შევდივარ. იქიდან წყვდიადში გზას ვიკვლევ ქვაბულის შიგნით შესასვლელში, იქ, სადაც იესოს ცხედარი ესვენა. მუხლს ვიყრი უფლის შიშით და... წარმოვთქვამ გარკვეულ ლოცვებს, რომლებმაც ასწლეულების გავლენით მოაღწია ჩვენამდე, და ველოდები. ზოგჯერ ლოდინი რამდენიმე წუთია საჭირო, თუმცა ჩვეულებრივ, სასწაული აღსრულდება ხოლმე ლოცვების დასრულებისთანავე. ქვის წიაღიდან, რაზეც ქრისტეს ცხედარი ესვენა, მოედინება შეუდარებელი ნათელი. როგორც წესი, მას ცისფერი დაჰკრავს, თუმცა შეიძლება, ფერი იცვალოს და განსხვავებული შეფერილობები შეიძინოს. ამ მოვლენის აღწერა შეუძლებელია. შუქი ქვიდან ჩნდება, რომელიც ტბას ემსგავსება. საფლავის ქვას თითქოს ნოტიო ღრუბელი ფარავს, თუმცა ეს შუქია. ყოველ წელს ის განსხვავებულად გვევლინება. ზოგჯერ მთელ კუვუკლიას ანათებს ისე, რომ გარეთ მყოფი ადამიანებიც კი, თუ მათ საშუალება აქვთ შემოიხედონ, ამჩნევენ, რომ შიგნითა სივრცე შუქით ივსება. ეს ცეცხლი არ წვავს. მას სხვა ბუნება აქვს, არა ფიზიკური, არა ისეთი, როგორიც კანდელშია. გარკვეულ ალაგს ის მაღლა იზიდება და სვეტს ქმნის, ამ ალს სხვა ბუნება აქვს, ასე რომ, მე შემიძლია, მოვუკიდო ჩემს სანთლებს. ვიღებ და გამოვდივარ, თავდაპირველად ცეცხლს სომეხთა პატრიარქს გადავცემ, შემდეგ კოპტს. ბოლოს მე ვურიგებ ცეცხლს ტაძარში მყოფთ... ჩვენს ეკლესიებში ჩვენ ვაწყდებით მრავალ სასწაულს, სასწაული ჩვენთვის არ არის რაიმე უცნაური... თუმცა ვერც ერთი სასწაული თავისი სიმბოლურობითა და ძალით ვერ შეედრება წმინდა ცეცხლის სასწაულს. ეს სასწაული - ღვთაებრივი საიდუმლოა. ის ქრისტეს აღდგომას იმდენად აცოცხლებს ჩვენთვის, რომ თითქოს სულ რამდენიმე წლის წინ აღსრულდა ეს ყოველივე. მე იერუსალიმში 1939 წლიდან ვცხოვრობ, ქალაქში 15 წლის ასაკში ჩამოვედი, მას შემდეგ ვესწრები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ღვთისმსახურებას, სასწაულის მოწმე 61-ჯერ ვიყავი. ჩემთვის არ არსებობს შეკითხვა, მწამს თუ არა სასწაულის უტყუარობა".
პატრიარქი დიოდორე I (1981-2000 წწ.)
●●●
„უცაბედად მთელი საფლავი წმინდა ცისფერი ნათლით ივსება. ეს გაცვიფრებს. ხედავ ცისფერ ალს, რომელიც ჰაერში ფარფატებს, ეს ალი მთელ ქვაბულს ავსებს... ამის აღწერა არ არის ადვილი საქმე... როგორც კი აღვმართავ 33 სანთლის ოთხ შეკვრას, მყისვე აინთება ცისფერი ალით, რომელიც ჰარეში დაცურავს და შენობაში იფანტება. გადის მცირე ხანი და ცეცხლი ჩვეულებრივი ყვითელი ალით იწვის... ჭეშმარიტებაა. პირველ წუთებში წმინდა ცეცხლი არ წვავს. მრავალჯერ აღმისრულებია წმინდა ცეცხლის სადღესასწაულო ლიტურგია პატრიარქის რანგში, თუმცა არასოდეს მიმიღია მცირედი დამწვრობაც კი. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც ირონიით ეკიდებიან ამ უდიდეს დღესასწაულს. მათ შორის არიან კლირიკოსებიც, როგორც ოდესღაც ხატმებრძოლნი, დღესაც არიან „ცეცხლმებრძოლნი". მსურს, რომ ღვთის შეწევნით, შეძლონ სინანული და შეწყვიტონ ღვთისგმობა.
პატრიარქი ირინეოსი (2001-2005 წწ.)
●●●
„რაც წმინდა ცეცხლის ღვთიმსახურებას შეეხება, შემიძლია ვთქვა, რწმენის ძალას სასწაული მოაქვს. იმ წუთებში ადამიანი იძენს საოცარ გამოცდილებას, როგორც ღვთაებრივი ევქარისტიის დროს, როდესაც პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაიქმნება. ადვილი არ არის აღწერო ეს გამოცდილება. ადამიანი გრძნობს, თუ რაოდენ უსუსური და უძლურია იგი ღვთის საიდუმლოს პირისპირ".
პატრიარქი თეოფილე III
წიგნიდან „წმინდა ცეცხლი"
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |