მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა ღვთისმსახურება და ღვთაებრივი ცეცხლის სასწაული
წმინდა ღვთისმსახურება და ღვთაებრივი ცეცხლის სასწაული15-04-2017, 00:03 |
ღვთაებრივი ცეცხლის სასწაულებრივად გარდამოსვლის ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის მანძილზე იცვლებოდა პატრიარქის ადგილი უფლის საფლავის ქვაბულში. XV საუკუნიდან მოყოლებული დღემდე ღვთისმსახურება აღესრულება ერთი და იმავე წესით: კუვუკლიაში შედის ბერძენი პატრიარქი და უფლის წინაშე მოხლმოდრეკით აღავლენს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სავედრებელ ლოცვას. დაახლოებით ათასწლეულის წინ ეს წესი განსხვავებული იყო. ადრეული საუკუნეების (IX-XV სს.) წერილობითი წყაროების თანახმად, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დროს საფლავთან არავინ იყო, ცხაურებიანი კარი ცვილით იბეჭდებოდა, იერუსალიმის ბერძენი პატრიარქი კი უფლის საფლავის შესასვლელთან იდგა და უფლის წინაშე აღავლენდა ლოცვა-ვედრებას. პირველი უძველესი წერილობითი ცნობა წმინდა მსახურების აღსრულების წესის შესახებ თარიღდება მიახლოებითი თარიღით - 920 წლით. ეს არის არეფას ცნობა. ყველა მომდევნო მოწმობა, რომელიც ასახავს ისტორიულ პერიოდს XV საუკუნის 80-იან წლებამდე, იუწყება, რომ სასწაულის აღსრულების ჟამს, კანდელის აალებისას, კუვუკლიის შიგნით, უფლის საფლავთან არავინ დგას. პატრიარქი აღავლენს ლოცვას ქვაბულს გარეთ უამრავი მომლოცველის თვალწინ. უფლის ქვაბულში ზეციური ცეცხლის გარდამოსვლის დროს ჩნდება და იფანტება ლურჯი და თეთრი ათინათი, მაშინვე ალი ეკიდება „უქრობ კანდელსაც" (კანდელი მთელი წლის განმავლობაში ანთია, მას მხოლოდ დიდ შაბათს, ცეცხლის გარდამოსვლის წინ აქრობენ და ისე შეაქვთ საფლავზე. ცეცხლის გარდამოსვლის შემდეგ იგი კვლავ უქრობად ანთია მთელი წელი), რომელიც უფლის საფლავს შიგნიდან ანათებს. ეს ნათელი, როგორც ცნობებიდან ირკვევა, კარგად მოჩანს კუვუკლიის წინკარში ცხაურის მიღმა. ასე რომ, სრულიად ცარიელი და ბნელი ქვაბული უეცრად კანდელის ალითა და საფლავის ქვიდან ამომავალი ღვთაებრივი ცეცხლით გაბრწყინდება. მაშინ უფლის საფლავის გასაღების მფლობელი, ქალაქის მაჰმადიანი მმართველი, საფლავის კარს უღებს პატრიარქს, რომელიც ცეცხლს უქრობი კანდელიდან იღებს და მომლოცველებს ურიგებს. ხშირად კუვუკლიაში თავად ქალაქის მმართველი ამირა შედის. წმინდა ღვთისმსახურება, რომელიც განუწყვეტლივ მრავალი საუკუნის განმავლობაში მეორდება, აქარწყლებდა ყოველგვარ ეჭვს სასწაულის ჭეშმარიტების შესახებ. ამიტომ იყო, რომ იერუსალიმში მცხოვრები მუსლიმები არა მხოლოდ მონაწილეობდნენ ამ დღესასწაულში, არამედ წმინდა ცეცხლი თავიანთ სახლებსა და მეჩეთებშიც მიჰქონდათ. ეს წესი XV საუკუნის მეორე ნახევარში იცვლება. ამ დროს გადაწყდა, რომ წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ლოცვები აღევლინათ არა კუვუკლიის გარეთ, არამედ უშუალოდ საფლავთან. სავედრებელ ლოცვას კვლავ პატრიარქი აღავლენდა. კუვუკლიის წინკარში ადგილს იკავებდა „ეჭვით შეპყრობილი" სომეხი პატრიარქი, როგორც მოწმე ამ დიდი სასწაულისა. ყველაზე ადრეული ცნობა ამ ცვლილების შესახებ 1481 წლითაა დათარიღებული და ფრანცისკანელთა ორდენის მონოზონს პოლ ვალტერს ეკუთვნის. ორი წლის შემდეგ (1483 წ.) მას შვეიცარიელი ქრონოგრაფი ფელიქს ფაბრი ადასტურებს. რაც შეეხება ღვთისმსახურების წესს, ის XV საუკუნის მეორე ნახევრიდან და დღემდე უცვლელი რჩება. ჩვენს დროში წმინდა მსახურება იწყება დიდი შაბათის დილას და რამდენიმე ეტაპს გადის. დიდი შაბათის დილას ტაძარში ყველა კანდელი ქრება, უფლის საფლავი კი ფუტკრის ცვილით იბეჭდება; შუადღის თორმეტ საათზე ტაძარში მართლმადიდებელი ბერძენი პატრიარქი შედის და ჩვეულებისამებრ ლიტანიას წმინდა საფლავის გარშემო სამჯერ შემოვლით იწყებს. პროცესია მიემართება გალობით, თურქი ჯარისკაცები კვერთხებით მიაცილებენ მლოცველთ. ჯვრით სვლის შემდეგ უფლის საფლავი იხსნება და მნათეს შეაქვს „უქრობი კანდელი", რომელიც აინთება წმინდა ცეცხლის გარდამოსვლისას. ბოლოს პატრიარქი, ნიშნად მორჩილებისა და მოწიწებისა უფლის წინაშე, განიმოსება და თეთრ სტიქარში რჩება. იგი იღებს სანთლების ოთხ შეკვრას (თითოეული შეკვრა ითვლის ოცდაცამეტ სანთელს), და უფლის ქვაბულში შედის. პატრიარქი წმინდა საფლავის წინ მუხლმოდრეკით აღავლენს განსაკუთრებულ სავედრებელ ლოცვას, რათა უფალმა ხალხს მოუვლინოს წმინდა ცეცხლი, როგორც განწმენდისა და კურთხევის ძღვენი.
წიგნიდან „წმინდა ცეცხლი"
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |