მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > უფლის საშინელი განსჯა (გასამართლება) - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ნაწილი 2)

უფლის საშინელი განსჯა (გასამართლება) - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ნაწილი 2)


13-04-2017, 00:00

უფლის საშინელი განსჯა (გასამართლება) - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ნაწილი 2)

 

საუბარი დიდ პარასკევთან დაკავშირებით


   სიკვდილი საშინელი საიდუმლოა, ძმაო, მაგრამ უფრო დიდი საშინელებაა, როცა ადამიანები ღმერთს უსჯიანს სიკვდილს და როცა სურთ მისი ყოველნაირი მოკვლა, სრულიად განადგურება, როცა სურთ, რომ ის სავსებით მკვდარი იყოს, ისე რომ მისგან აღარაფერი დარჩეს. დღეს ის დღეა, როცა ადამიანები ღმერთზე უფრო სასტიკნი არიან, რამეთუ ისე აწამებენ ღმერთს, როგორს მას არასდროს არავინ უწამებია; რამეთუ აფურთხებენ ღმერთს, მას კი არასდროს არავისთვის შეუფურთხებია; რამეთუ ურტყამენ ღმერთს, როცა მას არასდროს არავისთვის დაურტყამს. დაე, დადუმდეს ყველა, ვისაც ადამიანის სახელი ჰქვია! დუმდეს ყოველი ადამიანი! დაე, ნურავინ იამაყებს ადამიანობით, ნურავინ იამაყებს კაცობრიობით, რადგან დახეთ: კაცობრიობა თავის გულში ვერ გუობს ღმერთს, ის კლავს ღმერთს. განა შეიძლება იამაყო ასეთი კაცობრიობით! დაე, ნურავინ დაიკვეხნის ჰუმანიზმს! ოჰ, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ სატანიზმია, სატანიზმი, სატანიზმი...

   დღეს არც ეშმაკებს, არც ცხოველებს, არც ტურებს დაუწნავთ ეკლის გვირგვინი და არ დაუდგამთ ქრისტესთვის თავზე, ეს გააკეთეს ადამიანებმა. ეკლის გვირგინით შეამკეს ის, ვინც ადამიანი შეამკო უკვდავებით. კაცობრიობამ ეკლის გვირგვინი დაადგა თავზე მას, ვინც დედამიწას ვარსკვლავების გვირგვინი დაადგა! ეკლის გვირგვინს ვადგამთ, მეგობარო, ქრისტეს მეც, შენც, თუკი ვერცხლისმოყვარენი ვართ, თუკი ვჭორაობთ, თუკი ვლოთობთ, თუკი არა ვართ გულმოწყალენი, თუკი ვართ მრისხანენი, თუკი ცოდვილი აზრები გვიტრიალებს თავში, თუკი არაწმინდა ზრახვები გვაქვს, თუკი არა გვაქვს რწმენა და სიყვარული. თითოეული ჩემი და თქვენი ცოდვა ეკალია და იმ ეკლის გვირგვინს ვამატებთ, რომელსაც კაცობრიობა დაუცხრომელად წნავს უფალ იესო ქრისტეს თავზე დასადგმელად.

   ღმერთის წამებისას ადამიანი არანაკლებ გულბოროტი აღმოჩნდა, ვიდრე ეშმაკი. თქვენ არ გჯერათ? მომისმინეთ, რას მოგვითხრობს თვითმხილველი: მაშინ მას სახეში აფურთხებდნენ: ოჰ, მას სახეში, მას საოცარსა და მომხიბვლელ თვალებში... ღმერთო, რატომ არ დადაღე კეთრით მათი ბაგენი და რატომ არ აქციე მათი ბაგები ჭრილობებად? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენთვის მოთმინება და სიმდაბლე გესწავლებინა? აფურთხებდნენ ამ საოცარ, ამ კეთილ სახეს, რომელიც ყოველგვარ თანავარსკვლავედზე, ყოველგვარ ნეტარებაზე უფრო ძვირფასია. რას ვამბობ? დიახ, ყოველგვარ ნეტარებაზე ძვირფასია, რადგან ამ სათნო სახეზე მთელი ნეტარების სისრულე, მარადიული სიხარულის მთელი სისრულეა... აფურთხებდნენ იმ ნათელ სახეს, რომლის წინაშეც ზღვა მშვიდდებოდა და წყნარდებოდა; იმ სახეს, რომელიც ლმობიერს ხდიდა აბობოქრებულ სულებს და მათ სიმშვიდეს ანიჭებდა. და თქვენ ამაყობთ ადამიანით? ოჰ, ნუღარ დადიხართ თავაწეული, მატლო და არარაობავ! არაფერს, არაფერს არ უნდა რცხვენოდეს თავისი თავის ისე, როგორც ადამიანს: არც დემონებს, არც მხეცებს, არც ცხოველებს... ადამიანები ღმერთს აფურთხებენ - არის კი რაიმე ამაზე საშინელი? ადამიანები ურტყამენ ღმერთკაცს - არის კი რაიმე ამაზე სატანისტური? ძმებო, ჯოჯოხეთი რომ არ ყოფილიყო, ის უნდა გამოგონილიყო ადამიანებისთვის, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებისთვის...

   მას, შემოქმედსა და ღმერთს, აფურთხებდნენ და სცემდნენ, ის კი სულგრძელებდა და დუმილით იტანდა ყოველივეს. შეძლებ კი თავის მართლებას შენ, როცა ყოველგვარ შეურაცხყოფას შეურაცხყოფით უპასუხებ? ყოველგვარ ბოროტებას - ბოროტებით? წყევლი მაშინ, როცა გწყევლიან და გძულს მაშინ, როცა ძულხარ? როცა ბოროტებას პასუხობ ბოროტებით, მაშინ უფალ იესო ქრისტეს აფურთხებ, როცა გძულს ის, ვისაც სძულხარ, ქრისტეს სცემ და ტანჯავ, როცა შეურაცხყოფას შეურაცხყოფით პასუხობ, უფალ იესო ქრისტეს ამცირებ, რადგან მას არასდროს ჩაუდენია ასეთი რამ.

   და თავმდაბალ უფალს პილატე ჯვარცმისთვის წირავს. ხალხი კი მას წამებაზე წამებას უმატებს, ტანჯვაზე - ტანჯვას, ლანძღვაზე - ლანძღვას. და გალანძღულ ღმერთს ჯვარზე აკრავენ, ჯვარზე აჭედებენ. ნუთუ ლურსმნებს გაუყრით ქრისტეს ხელებში, ხელებში, რომლებმაც ამდენი ავადმყოფი განკურნა? ამდენი კეთროვანი განწმინდა? ამდენი მკვდარი აღადგინა? ნუთუ დადუმდებიან ბაგენი, რომლებიც ისე საუბრობდნენ, როგორც არცერთ ადამიანს არ უსაუბრია? იაიროს, სადა ხარ? ლაზარე, სადა ხარ? ნაანის ქვრივო, სადა ხარ, რომ დაიცვა შენი და ჩემი ღმერთი? ნუთუ ჯვარს აცვამთ მას - უიმედოთა იმედს, წარუმატებელთა სასოებას, ბრმათა თვალისჩინს, ყრუთა ყურთასმენას, მკვდართა აღდგომას? ნუთუ ლურსმნებს ჩაარჭობთ ამ წმინდა ფეხებში, რომელთაც მშვიდობა მოიტანეს, რომელთაც გვახარეს, რომლებიც ისე დადიოდნენ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე, რომლებიც ისწრაფვოდნენ ყველა ავადმყოფისაკენ? მკვდარი ლაზარესაკენ? ღადარინელი ეშმაკეულისაკენ?

   უფალი ჯვარცმულია. კმაყოფილნი ხართ თუ არა ღვთისმბრძოლნო, დამშვიდდით თუ არა, ღვთისმკვლელნო? რას ფიქრობთ ჯვარზე მყოფი ქრისტეს შესახებ? მატყუარაა, უსუსური, მაცდური; თუკი ჭეშმარიტად ძე ღვთისა ხარ, ჩამოდი ჯვრიდან. აჰა, შენ, ტაძრის სამ დღეში აღმდგენელო, შენს თავს უშველე და ჩამოდი ჯვრიდან.

   ხოლო რას ფიქრობს ჯვარზე მყოფი უფალი ჯვრის ქვეშ მყოფ ხალხის შესახებ? ფიქრობს მხოლოდ იმას, რაც შეიძლება იფიქროს სიყვარულისა და სიმდაბლის ღმერთმა: მამაო, შეუნდე, რამეთუ არა იციან, თუ რასა იქმან! ჭეშმარიტად არ იციან, თუ რას უშვებიან განკაცებულ ღმერთს. განა ღმერთისათვის ხორცშესხმული ყოფნა უფრო ადვილი იყო, ვიდრე ჯვარზე ყოფნა? უფრო მძიმე იქნებოდა, მერწმუნეთ, თუკი მას ყოველთვის გვერდით ეყოლებოდა ნახევრად ეშმაკი. რადგან გაცილებით დიდი სხვაობაა ღმერთსა და ადამიანს შორის, ვიდრე ეშმაკსა და ადამიანს შორის, სიკვდილსა და ღმერთს შორის, ვიდრე სიკვდილსა და ადამიანს შორის. მაცხოვარი გრძნობდა ამ ტანჯვას: მისი წმინდა, უცოდველი ბუნება აღსდგა სიკვდილის წინააღმდეგ და ის, ხედავდა რა სიკვდილის გარდუვალობას, ჭმუნავდა და დრტვინავდა, გული ჩემი მწუხარე არს სიკვდილამდე.

   თუკი უფალი წუხს, თუკი უფალიც განიცდის სიკვდილის წინ, მაშინ მითხარით, ყოფილა რაიმე ადამიანისთვის სიკვდილზე უარესი? სიკვდილზე უფრო არაბუნებრივი? სიკვდილზე უფრო საშინელი? სიკვდილი ძნელია ღმერთისთვის და მით უფრო მძიმეა ის ადამიანისთვის. სიკვდილი ადამიანისთვის ყველაფერზე მეტად ძნელია, რადგან ის ყველაზე მეტად განაშორებს ადამიანს ღვთისაგან. ქრისტეს კაცურმა ბუნებამ იგრძნო ეს და ტკივილით აღიარა: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე? - შეჰღაღადა ღმერთს მხოლოდშობილმა ძემ, მამის თანაარსმა, მამის განუყოფელმა ნაწილმა. ნუთუ ეს არ არის საუკეთესო დადასტურება, რომ სიკვდილი არის ძალა, რომელიც განგვაშორებს, გვწყვეტს, განგვყოფს ღმერთისაგან? (გაგრძელება...)


   


Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება