მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > უფლის საშინელი განსჯა (გასამართლება) - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ნაწილი 1)
უფლის საშინელი განსჯა (გასამართლება) - ღირსი იუსტინე პოპოვიჩი (ნაწილი 1)12-04-2017, 00:00 |
საუბარი დიდ პარასკევთან დაკავშირებით
ღვთის ხატება ადამიანში არასდროს ყოფილა ისე დაკნინებული, საყვარელო ძმაო, როგორც დღეს, არასდროს ყოფილა ღმერთი ისე დამცირებული, როგორც დღეს. დღეს ეშმაკი ჩასახლდა ადამიანში, რათა განხორციელებული ღმერთკაცი განყოს. დღეს მთელმა ბოროტებამ ადამიანის სხეულში მოიყარა თავი, რათა ღმერთი განაგდოს. დღეს მთელი ჯოჯოხეთი დედამიწაზე გადმოსახლდა; ნუთუ ვინმეს ახსოვს, რომ ოდესღაც დედამიწაზე სამოთხე იყო? ადამიანის დღევანდელი დაცემა გაცილებით დიდია, ვიდრე პირველი. მაშინ ადამიანი ღმერთს დაშორდა, დღეს კი მან ჯვარს აცვა ღმერთი, ღმერთი მოკლა. ადამიანო, რა გქვია შენ, თუ არა ეშმაკი? მაგრამ რას ვამბობთ? ეს ხომ ეშმაკის ცილისწამებაა. ეშმაკი არასდროს ყოფილა ასე ბოროტი, ასე ოსტატურად ბოროტი, როგორც ადამიანია. უფალი იესო ქრისტე ჯოჯოხეთშიც ჩავიდა, მაგრამ იქ იგი ჯვარზე არ გაუკრავთ. ჩვენ კი ჯვარს ვაცვით! განა ადამიანები ეშმაკზე უარესნი არა ვართ, განა დედამიწა ჯოჯოხეთზე ცეცხლშეგზნებული არაა? ჯოჯოხეთიდან ქრისტე არ განუდევნიათ, დღეს კი ის ადამიანებმა დედამიწიდან გააძევეს, თავისი სხეულიდან, თავისი გულიდან, თავისი ქალაქიდან გააგდეს... გულზე გველივით შემომხვევია, ძმებო, ერთი ბოროტი კითხვა და ნიშნისმოგებით მეუბნება: ნუთუ ოდესღაც ადამიანი კეთილი იყო, თუკი მან შესძლო ქრისტეს ჯვარცმა? შენ გჯერა ადამიანის, ამაყობ მისით, ოპტიმისტი ხარ? ოჰ, შეხედე ადამიანს, შეხედე კაცობრიობას დიდი პარასკევის მწვერვალიდან, შეხედე ადამიანს, რომელმაც ღმერთკაცი მოკლა, და თქვი: შენ ახლაც ოპტიმისტი ხარ? ნუთუ არ გრცხვენია, რომ ადამიანი ხარ? ნუთუ ვერ ხედავ, რომ ადამიანი ეშმაკზე უარესია? დაივიწყეთ ყველა დღე დიდ პარასკევამდე და დიდი პარასკევის შემდეგ; შეხედეთ ადამიანს დიდი პარასკევის მიჯნიდან. ხომ არ არის ის ყოველგვარი ბოროტების მწვერვალი, ყოველგვარი დაბრკოლების ასპარეზი, ყოვლგვარი სისაძაგლის თავმოყრა? ჭკუაზე ხომ არ შეშალა ადამიანმა დედამიწა? ხომ არ დაამტკიცა დღეს ღმერთკაცის მკვლელმა ადამიანმა, რომ ის ჭეშმარიტად დედამიწის შეშლილობას გამოხატავს? თვით საშინელი სამსჯავროც კი, ძმებო, არ იქნება დიდ პარასკევზე საშინელი. არა, ის უეჭველად ნაკლებად საშინელი იქნება, რამეთუ მაშინ უფალი იქნება მსჯავრმდებელი, დღეს კი ადამიანი სჯის ღმერთს. დღეს ხდება ღმერთის საშინელი განსჯა, მას სჯის კაცობრიობა. დღეს ადამიანი აფასებს ღმერთს, აფასებს მას ოცდაათ ვერცხლად, ქრისტეს - ოცდაათ ვერცხლად. ნუთუ ეს არის ბოლო შეფასება? ნუთუ იუდა ჩვენი საბოლოო სიტყვაა ქრისტეს შესახებ? დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. ცისა და მიწის ისტორიაში ესაა უდიდესი ამბოხება. ცისა და მიწის ისტორიაში ესაა უდიდესი ცოდვა. ასეთი რამ არ ჩაუდენიათ თვით დაცემულ ანგელოზებსაც კი. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა... სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული: არასდროს დაუცინიათ ღმერთისთვის ასე საშინლად. მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა დღეს ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღეს დასცინეს მას, ვისაც არასდროს გაუცინია. ამბობენ, რომ უფალი იესო არასდროს იცინოდა, პირიქით, ხშირად ხედავდნენ მას მტირალს. დღეს დაამცირეს ის, ვინც მოვიდა ჩვენს განსადიდებლად; დღეს ვტანჯავთ მას, ვინც მოვიდა ტანჯვისაგან ჩვენს განსათავისუფლებლად; დღეს სიკვდილს ვანიჭებთ მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიძღვნა. ადამიანო, აქვს თუ არა საზღვარი შენს უგუნურებას? აქვს კი საზღვარი შენს დაცემულობას? ჯვარი, სამარცხვინო საჩუქარი, მივუძღვანეთ მას, ვინც მარადიული დიდება მოგვანიჭა. კეთროვანო, შენ მან კეთრისაგან განგწმინდა, ნუთუ ამის სანაცვლოდ შენ მას ჯვარს უძღვნი? ბრმავ, შენ მან თვალი აგიხილა, ნუთუ იმისთვის, რომ ჯვარი გეხილა და ის მასზე გაგეკრა? მკვდარო, შენ ცხედრისაგან აღგადგინა, ნუთუ იმისთვის, რომ შენს სამარეში ის ჩაგესვენებინა? უტკბილესმა იესომ კეთილი უწყებებით დაატკბო ჩვენი ცხოვრების მწარე საიდუმლო, ძმებო, რომელი ერთისათვის ვანიჭებთ მას ამგვარ სიმწარეს? „ჩემო ხალხო, რა დაგიშავეთ? განა იუდა არ აღვავსე სასწაულებით? განა არ აღვადგენდი მკვდარს ერთი სიტყვით? განა არ ვკურნავდი ყოვლგვარ ავადმყოფობასა და სნეულებას?.. თქვენ კი რას მომაგებთ? მკურნალობისათვის წყლულები მომანიჭეთ, სიცოცხლის სანაცვლოდ მკლავთ და ხის ჯვარზე მაკრავთ..." დიდი პარასკევი არის, ძმებო, ჩვენი სირცხვილიც, თავის მოჭრაც და თავს ლაფის დასხმაც. იუდა ისკარიოტელში მეტ-ნაკლებად იყო თითოეული ადამიანის სულის ნაწილი. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ ჩვენ უცოდველნი ვიქნებოდით. იუდას გამო ყველა ჩვენგანი დაეცა; ყველა ჩვენგანმა გასცა ქრისტე; ყველა ჩვენგანმა გასცა ქრისტე და ეშმაკის თანაზიარი გახდა, სატანა შევიწყნარეთ. დიახ, სატანა, რამეთუ წმინდა სახარებაში ნათქვამია: „შემდგომად მიღებისა იუდასა პურისა მის, შევიდა მისა ეშმაკი" (იოანე 13, 28). რომელი პურის შემდეგ? იმ პურის მიღების შემდეგ, რომელიც მას ქრისტემ უბოძა, ზიარების შემდეგ, ქრისტეს შემდეგ. ოჰ, არსებობს კიდევ უფრო დიდი დაცემა, უფრო დიდი საშინელება? ვერცხლისმოყვარეობავ, შენ გაეცი უფალი იესო ქრისტე! ვერცხლისმოყვარეობავ, შენ დღესაც ხშირად გასცემ მას. იუდა, რომელიც ქრისტეს მოწაფე იყო, რომელიც ქრისტეს ყველა სასწაულს ესწრებოდა, რომელიც ქრისტეს სახელით კეთროვნებს განწმენდდა, ავადმყოფებს კურნავდა, მკვდრებს აღადგენდა, არაწმინდა სულებს განაგდებდა - ეს იუდა ვერცხლისმოყვარეობამ აქცია გამცემლად და ქრისტეს მკვლელად; მაშინ მე და შენ როგორღა არ გვაქცევს გამცემლებად და ქრისტეს მკვლელებად, მე, რომელსაც არ მიხილავს განკაცებული ღმერთი, რომელსაც არც კეთროვანი განმიწმინდავს, არც ავადმყოფები განმიკურნავს, არც მკვდრები აღმიდგენია იესოს სახელით? იუდა დიდი ხნის მანძილზე იყო მასთან, ვისაც ადგილი არ ჰქონდა, რომ თავი მიედრიკა, რომელიც საქმით და სიტყვით ასწავლიდა, რომ არც ვერცხლი და არც ოქრო არ ეტარებიათ. ხოლო მე? ხოლო შენ? თუკი არ ძალგიძს, ძმაო, უპოვარებისას იყო ბედნიერი, თუკი არ შეგიძლია, სიღარიბით იყო კმაყოფილი, იცოდე, რომ იუდობის კანდიდატი ხარ. ნუ იკითხავ: ნუთუ მე, უფალო? რამეთუ აუცილებლად მიიღებ პასუხად: დიახ, შენ თავად სთქვი. თუკი ესწრაფვი სიმდიდრეს, თუკი აღენთები ფულის წყურვილით, იცოდე, რომ შენში იუდა იღვიძებს. ძმაო და მეგობარო, სამუდამოდ დაიმახსოვრე: ვერცხლისმოყვარეობამ ჯვარს აცვა ქრისტე, მოკლა ღმერთი. ვერცხლისმოყვარეობამ ქრისტეს მოწაფე ქრისტეს მტრად, ქრისტეს მკვლელად აქცია. მაგრამ ამასაც არ დასჯერდა: მან თავად იუდაც მოკლა. ვერცხლისმოყვარეობას აქვს ის წყეული თვისება, რომ ადამიანს არა მარტო ქრისტეს მკვლელად, არამედ თვითმკვლელადაც აქცევს. ჯერ ის ადამიანის სულში კლავს ღმერთს, ხოლო, როცა ღმერთს მოკლავს ადამიანში, შემდეგ თვით ადამიანსაც კლავს. (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |