მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ვითარება თანამედროვე საღვთისმეტყველო სასწავლებლებში
ვითარება თანამედროვე საღვთისმეტყველო სასწავლებლებში9-04-2017, 00:07 |
საღვთისმეტყველო მიმართულებები (ნეოპატრისტიკა, მეტაპატრისტიკა, ეკლექტიკა და მისთ.), რომელთა შესახებაც გვამცნო მიტროპოლიტმა იეროთეოსმა (ვლახოსი), აქტუალურია მთლიანად მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სასწავლებლებისთვის. მღვდელმთავრის მიერ გაკრიტიკებული საღვთისმეტყველო მიდგომები ფაქტობრივად უგულებელყოფენ მამებისეულ, ტრადიციულ ღვთისმეტყველებას. „პარიზელების" ნაშრომებში წმინდა მამებისაკენ ლტოლვა მოჩვენებითი, უკეთეს შემთხვევაში ნაწილობრივი (გ. ფლოროვკი) ხასიათისაა. სიღრმისეული სულისკვეთებით ისინი მართლმადიდებელი ეკლესიის, მსოფლიო კრებათა დადგენილებების მიღმა ეძებენ ცხონების საშუალებას და შედეგად, ერთიანი მამებისეული სწავლებისადმი უნდობლობას თესავენ. იქმნება ახალი „საღვთისმეტყველო ბაზისი", რომლის გამოისობით მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება განიმსჭვალება პროტესტანტულ - რაციონალისტურ - სქოლასტიკურ - ფილოსოფიური შინაარსით. მოდერნისტები ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ წმინდა მამებიც ამგვარად იქცეოდნენ. მაგრამ ერთია გამოიყენო მოწინააღმდეგის ტერმინოლოგია და მეორეა მისი მეთოდოლოგიის, დოგმატურ ცდომილებათა გათავისება. მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) შენიშნავს: „ძველი დროის წმიდა მამებს წილად ხვდათ მოღვაწეობა ელინიზმისა და ფილოსოფიის აღზევების ეპოქაში. ისინი შემოქმედებითი წინააღმდეგობის გაწევის მიზნით თავიანთი ეპოქის ფილოსოფიურ ტერმინებს იყენებდნენ. მაგრამ ეს მარტოოდენ ტერმინებს ეხებოდა და ამით ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტება არ ირღვეოდა".1 ხოლო „პარიზის სკოლის", იგივე „მეცნიერ - ფილოსოფიური" ღვთისმეტყველება მრავალგზის არღვევს მართლმადიდებელი ეკლესიის ფუნდამენტურ სწავლებას. თესალონიკის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორი საბა აგურიდისი ამბობს: „იკვეთება მცდელობა, შექმნან ისეთი საღვთისმეტყველო მიმართულება, რომელიც გაწყვეტს კავშირს ბიბლიის სიტყვასა და საეკლესიო გარდამოცემას შორის". ე.ი. ამ მოსაზრების მომხრე თეოლოგებს სურთ იმ აზრის გაჩენა, რომ წინასწარმეტყველებს, მოციქულებსა და მამებს შორის არ არსებობს ერთიანი ხედვა, რომ იმთავითვე მათესა, იოანესა და პავლე მოციქულთა „სკოლებს" შორის არსებობდა განსხვავებული ეკლესიოლოგიური ხედვები და ა.შ. ეს წმინდა წყლის პროტესტანტიზმია, რომელმაც თავის დროზე უარყო წმ. გარდამოცემა და მამებისეული სწავლება. იმავე მეთოდიკის დანერგვის მხილველები გავხდით დღეს. სხვადასხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში იქმნება ახალ-ახალი საღვთისმეტყველო სასწავლებლები, რომლებიც სასულიერო პირებისა და ერისკაცების კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავენ მიზნად. იკვეთება შემდეგი მიმართულებები: 1) საღვთისმეტყველო და სამოძღვრო ცოდნის ამაღლება-აქტუალიზაცია, ახალი საღვთისმეტყველო მეცნიერების განვითარების გათვალისწინებით. 2) გაცნობა და დაუფლება ახალი საღვთისმეტყველო მეთოდებისა და ტექნოლოგიებისა. 3) თანამედროვე საეკლესიო ცხოვრებაში არსებული პრობლემატიკის ახლებური მეთოდებით გადაწყვეტა და მისთ. მაგრამ... მამებისეული მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება არასდროს კარგავს აქტუალურობას მათთვის, ვისაც სურს ამ ღვთისმეტყველებით საზრდოობა. მამებისეული საღვთისმეტყველო მეთოდოლოგიის ახალი მეთოდებით ჩანაცვლება, ნიშნავს მეტაპატრისტიკის (ანუ წმინდა მამების „ახალი მამებით" ჩანაცვლება) დამკვიდრებას. ცხადია, მსგავსი საღვთისმეტყველო რეფორმები თავის შედეგს გამოიღებს. შედეგად, ახლო თუ შორეულ პერსპექტივაში მთლიანად შეიცვლება ახალი თაობის სასულიერო პირთა მსოფლმხედველობა. ისინი ეტაპობრივად უკუაგდებენ მამებისეული ტრადიციის „ჯიუტად" დამცველ მღვდელმსახურებს. შესაძლოა მავანი ფიქრობს, რომ გაზვიადებულია ეს პროგნოზი, მაგრამ დღეს არსებული ვითარება იძლევა განგაშის საფუძვლებს. მაგალითისთვის სერბეთის ეკლესიის საღვთისმეტყველო სასწავლებლების მდგომარეობას გადავხედოთ. რეფორმები სერბეთის მართლმადიდებელ სასწავლებლებში დაკავშირებულია იმ ნეომოდერნისტებთან, რომლებიც „პარიზის სკოლის" საღვთისმეტყველო ნიადაგზე აღორძინდნენ. ისეთი გამოჩენილი სასულიერო პირები, როგორებიც არიან ამფილოქი (რადოვიჩი), ათანასე (ევტიჩი) და ირინეოს (ბულოვიჩი), თავიანთ სულიერ ცხოვრებას ღირსი იუსტინეს (პოპოვიჩი) ხელმძღვანელობით შეუდგნენ. სანამ ღირსი მამა ცოცხალი იყო, მოწაფეები თავიანთი მოძღვრის, მამებისეული სულისკვეთებით წერდნენ. მაგრამ წმინდა წერილისამებრ, „განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი" (1 კორ. 15, 33). ვგულისხმობთ „პარიზის სკოლის" ისეთი გამოჩენილი წარმომადგენლების ზეგავლენას, როგორებიც არიან ა. შმემანი, ი. მეინდორფი, ი. ზიზიულასი..., ჯერ კიდევ მღვდელმონაზვნის ხარისხში მყოფნი წმ. იუსტინეს (პოპოვიჩი) სულიერი შვილობის პერიოდში იცავდნენ გარდამოცემას. მაგრამ „ინტელექტუალი ეპისკოპოსები" რომ გახდნენ, ნელ-ნელა დაადგნენ „პარიზელების" გზას. ზემოხსენებული მღვდელმთავრები ოთხმოცდაათიანი წლებიდან უკვე პერგამელი მიტროპოლიტი იოანეს (ზიზიულასი) მოწაფეებად მოგვევლინენ. თავად მიტრ. ი. ზიზიულასი თავს მ. გ. ფლოროვსკის მოწაფედ მიიჩნევდა. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ნ. აფანასიევის, ა. მეინდორფის, ა. შმემანის მსოფლმხედველობას. თავად ი. ზიზიულასი აღიარებდა, რომ მ. გ. ფლოროვსკი „კარგი გაგებით იყო ეკუმენისტი, ის არ კიცხავდა დასავლეთს. ის კიცხავდა დასავლეთის მცდარ გზას, მაგრამ ფიქრობდა, რომ დასავლეთის გარეშე აღმოსავლეთს არ შეუძლია იყოს ჭეშმარიტად კათოლიკე (მსოფლიო), დასავლეთის გარეშე შეუძლებელია იყოს კრებსითობა ეკლესიაში".2 მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად კი, დასავლეთის ეკლესია ერესში აღმოჩნდა. ამით დედაეკლესიას სულაც არ დაუკარგავს არც თავისი სისავსე, არც კრებსითობა და არც საყოველთაოობა. დავუბრუნდეთ თემას. ყველა სახის სიახლე ბელგრადის საღვთისმეტყველო სასწავლებლებში ეტაპობრივად დამკვიდრდა. თავდაპირველად უარი თქვეს ღირსი იუსტინეს (პოპოვიჩი) მართლმადიდებლურ დოგმატიკაზე, რომელიც ი. ზიზიულასის „დოგმატიკით" ჩანაცვლდა; წმინდა მამების ადგილი მეტაპატრისტიკის წარმომადგენლებმა (ანუ „ახალმა მამებმა"): ა. შმემანმა, ა. მეინდორფმა, ა. მენმა, უფრო მეტიც, არამართლმადიდებელმა (კათოლიკე, პროტესტანტი) თეოლოგებმა დაიკავეს. მსგავსი პროცესი სხვა ქვეყნების საღვთისმეტყველო სასწავლებლებშიც ვითარდება. ამრიგად, საფრთხე, რომლის შესახებაც საუბრობენ გამოჩენილი მართლმადიდებელი, მამებისეული ტრადიციის ერთგული ღვთისმეტყველები, აშკარაა. ამ მოვლენას მათ „საღვთისმეტყველო კრიზისი" უწოდეს. 1Иорофей Влахос. Митр. Богословы Метапатристики Подрывают Православное Святооческое Учение. Православный Апологет. ру. 2პერგამოსის მიტრ. ი. ზიზიულასი. მე ჩემი ღვთისმეტყველებით ვემსახურები ეკლესიას. orthodoxtheology.ge.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |