მთავარი > ქრისტიანული ოჯახი > შვილების მორჩილება მშობლებისადმი

შვილების მორჩილება მშობლებისადმი


27-10-2012, 21:13

   ვაჟებო და ქალიშვილებო! მხოლოდ მაშინ გაიგებთ მშობლიური სიყვარულის ძალას, ამ წმიდა გრძნობას, როცა ღვთის შეწევნით, თავად გახდებით მშობლები. მხოლოდ მაშინ მიხვდებით, როგორი მზრუნველობა და შრომაა საჭირო თქვენი აღზრდისათვის, როგორ ტკივილს აყენებს მშობლებს თქვენი ავადმყოფობა, როგორი ღრმა მწუხარება გადააქვთ მათ, როდესაც საკუთარ შვილებს დასტირიან. მაშინ იგრძნობთ, როგორი გახარებული და ბედნიერი არიან მშობლები თქვენი წარმატებისა და კეთილი ქცევის შემყურე. მაშინ დარწმუნდებით, რომ საკუთარი შვილების ღვთისმოსავობა, სიკეთე და პატიოსნება არის ის ბედნიერება, რომელიც ეხმარება ადამიანს ცხოვრებისეული სიძნელეების გადატანაში.

ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოთ ის, რომ მშობლიური მზრუნველობის, ალერსისა და სიყვარულის ნაცვლად მიიღოთ შვილებთან გულცივობა, ურჩობა, ფარულობა, სიუხეშე და სიჯიუტე. აი, უბედურება, რომელსაც ჭეშმარიტად შეიძლება ვუწოდოთ ღვთის სასჯელი. კეთილი მამა მზადაა ყველაფერი გასცეს - წოდება, პატივი, სიმდიდრე, ოღონდ კი მის სანაცვლოდ მიიღოს საკუთარი შვილის გამოსწორების სიხარული, თუ ისინი საუბედუროდ, დაავადდნენ ურწმუნოებით, მიეცნენ მანკიერებებს და გახდნენ ოჯახის შემარცხვენლები, საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის მტრები.

განა ბევრია ჩვენს დროში საკუთარი შვილებით ბედნიერი მშობელი? იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველასთან ისმის საყვედური ბავშვების უპატივცემულობასა და ურჩობაზე, ბავშვური გულწრფელობის უქონლობაზე.

ხშირად შეხვდებით ამჟამად ბავშვებსა და მოზარდებში ისეთ ძლიერ და ბავშვურ რწმენას ღვთისას, ისეთ მონდომებას ლოცვასა და ღვთის ტაძარში სიარულისადმი, ისეთ პატივისცემას ეკლესიის მსახურთა და სარწმუნოების მოძღვართადმი, ისეთ სიყვარულსა და მორჩილებას მშობლებისადმი, ისეთ პატივისცემას უფროსებისადმი, ისეთ გულის უმანკოებასა და ზნეობრივ სიწმინდეს, რომლებიც უნდა შეადგენდნენ ახალგაზრდობის ძვირფასს საგანძურს - რომელთაც მოაქვთ ბედნიერება, როგორც ბავშვებისა, ასევე მშობლებისათვის და რომელთა გარეშე სიყმაწვილე კარგავს თავის სიმშვენიერესა და მიმზიდველობას?

გააცნობიერეთ და დააფასეთ მშობლების თქვენდამი სიყვარული. გადაუხადეთ მათ მზრუნველობისათვის - მორჩილებით, ალერსისათვის - გულწრფელობით; გაახარეთ და გააბედნიერეთ ისინი ღვთივსათნო ცხოვრებითა და საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერი შესრულებით.

თქვენივე ბედნიერებისათვის იყავით მშობლებთან გულწრფელნი. მათი ნებართვის, რჩევისა და თანხმობის გარეშე ნურაფერს გააკეთებთ. ნუ ენდობით მხოლოდ საკუთარ ძალებს. შეამოწმეთ საკუთარი შეხედულებები და მტკიცებანი პატიოსანი და გამოცდილი ადამიანების რჩევებით.

 „შვილნი მორჩილ იყვენით მამა-დედათა თქუენთა  უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალი" (ეფეს. 6.1).

შვილნი დაემორჩილენით მამა-დედათა თქუენთა ყოვლითავე, რამეთუ ესე არს სათნო უფლისა მიერ" (კოლ. 3.20).

არ დაგავიწყდეთ! როგორადაც მოეპყრობით თქვენს მშობლებს, ისევე მოგექცევიან თქვენი შვილები.

 


გაზეთ „ხარებას"  ბიბლიოთეკიდან


უკან დაბრუნება