მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > ახალგაზრდა ადამიანი მართლმადიდებელ ეკლესიაში

ახალგაზრდა ადამიანი მართლმადიდებელ ეკლესიაში


25-05-2017, 00:05

 

   ახალგაზრდამ გადაწყვიტა მოინათლოს და იცხოვროს  ეკლესიურად. ახლა დაწვრილებით არ განვიხილავთ, რა ნაბიჯები განვლო მან ამ გადაწყვეტილებამდე, ეს ცალკე თემაა. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ კათაკმეველებმა (ნათლობის მსურველებმა) შესაბამისი მომზადება უნდა გაიარონ: რელიგიური წიგნები წაიკითხონ, ეკლესიაში მღვდელს გაესაუბრონ, გამოცდილი ქრისტიანებისგან რჩევა-დარიგება ითხოვონ. მაგრამ არც ის არის სწორი, როდესაც, სიამაყიდან გამომდინარე, მხოლოდ წიგნიერ განათლებას მივენდობით. ღვთის შეწევნის გარეშე არაფერი გამოგვივა. ღვთის მადლს მოჰყავს ადამიანი ეკლესიაში და წარმართავს მის ცხოვრებას შემდგომ.

   მაგრამ ზოგჯერ, მონათლული ახალგაზრდა რომელიც გარკვეული პერიოდი დადიოდა ეკლესიაში, წყვეტს ეკლესიურ ცხოვრებას. მინდა ჩემი მოსაზრება გამოვთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით.

   ხშირად ეკლესიაში ახალმოსული სულიერ დისკომფორტს გრძნობს იმის გამო, რომ მისი რწმენის დონე არ შეეფერება იმ გარეგნულ ფორმას რასაც ეკლესიაში ხედავს. როდესაც იგი სწავლობს პირჯვრის წერას, მუხლდრეკას, ხატების თაყვანისცემას და მისთვის გაუგებარ ენაზე ლოცვას, მას თითქოს სინდისი ამხელს, რომ ის პირფერობს (თამაშობს). კარგია, თუ ასეთი ადამიანი მშვიდად და მოთმინებით რეაგირებს ამ სიტუაციაზე. კიდევ უფრო უკეთესია თუ მის გვერდში გამოცდილი მორწმუნე იქნება, რომელიც რჩევით მხარს დაუჭერს მას, ყველაზე კარგია როდესაც ახალმოსული მღვდელს მიმართავს და მის რჩევა-დარიგებას გაიაზრებს. ეს საშინელებაა და საკმაოდ ხშირად ხდება, როდესაც ახალმოსული დამოუკიდებლად გადაწყვეტს ამ გაუგებრობას, შედეგად კი არაგულწრფელობაში ადანაშაულებს ყველას, ვინც ეკლესიაში დადის.

   ასეთ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდას, ეკლესიის მრავალი გამოცდილი წინამძღვარი ურჩევს, კიდევ ერთხელ წაიკითხოს სახარება და თავი ქრისტეს გარემოში წარმოიდგინოს. დაფიქრდეს ფარისეველზე, რომლიც მარხულობს, ათეულს იხდის შემოსავლიდან. ხშირად ლოცულობს ამ სიტყვებით: „გმადლობ ღმერთო რომ არა ვარ ისეთი ცოდვილი, როგორც ეს მეზვერე, მრუში, ყაჩაღი", ვის შესახებაც ქრისტემ თქვა: „ვინც აღიმაღლებს თავს, ის დამდაბლდება" (ლუკ. 18, 14). იქნებ თავი იმ მოღალატეთა გვერდში იპოვო, რომელთაც აწამეს და ჯვარს აცვეს ქრისტე, შეიძლება თავი წარმოიდგინო ხეიბართა, კეთროვანთა და ბრმათა გვერდით, შეწყალებას რომ სთხოვენ ქრისტეს...

   სახარების ამგვარი წაკითხვა დიდად შეგეწევა. ადამიანი პოულობს თავი ადგილს, მისთვის გასაგები ხდება გზა, რომლითაც უნდა იაროს, რათა მიეახლოს ქრისტეს.

   კიდევ ერთი გაუგებრობა, რაც ახალმოსულთ ახასიათებს, გახლავთ დიდი ზღუდე ეკლესიური ცხოვრებისა საერო ცხოვრებასთან (სახლში, ინსტიტუტში, სამსახურში, მეგობართა წრეში) შედარებით. ზოგიერთს არ სურს მიატოვოს თავისი ჩვეული ცხოვრების წესი: თეატრი, კინო, კომპიუტერი, პოლიტიკა, როკ-მუსიკა, რადგანაც ხედავს აშკარა წინააღმდეგობას ეკლესიური ცხოვრების წესთან, ყოველდღიური ლოცვა, მარხვა, რელიგიური ლიტერატურის კითხვა და ა.შ.

   ეს გაორება მათ ძალიან აწუხებთ. ახალმოქცეულთ ეჩვენებათ თითქოს ცხოვრება გაყოფილია ეკლესიის გალავნით, რომლის შიგნით სულ სხვა ადამიანი ხარ. ეს მომენტი არც გარედან რჩება შეუმჩნეველი, ძალიან ხშირად ისინი განიცდიან გაკიცხვას და დაცინვას ოჯახისა და მეგობრებისაგან. შედეგად, ზოგი ტოვებს ეკლესიას, ზოგიც „იკეტება საკუთარ თავში", წყვეტს ყოველგვარ კავშირს მეგობრებთან. არის კიდევ მესამე გზა, როდესაც სოციალურ-ფილოსოფიურ საზოგადოებრივ სახეს ღებულობს.

   ასეთ შემთხვევაში სამუშაო წიგნაკში ასეთ თანმიმდევრობას ვხედავთ: „პარასკევი - აუზი, შაბათი - აბანო, კვირა - ეკლესია"...

   მხოლოდ ერთი გზით შეიძლება დავძლიოთ ეს გარემოება - მთელი ჩვენი ცხოვრება მარადიულ კონტექსტში ჩავსვათ და თავი ქრისტეს დავუმორჩილოთ. ეკლესიის გარეშე ეს შეუძლებელია, ამიტომ „ეკლესიის გალავნის ფარგლებში" უნდა მოვაქციოთ მთელი ჩვენი არსება, ოჯახთან, მეგობრებთან ურთიერთობა, დაკისრებული ვალდებულებების, რა თქმა უნდა ქრისტიანობის ფარგლებში, შესრულება, როგორც ოჯახისა და მეგობრების, ასევე სახელმწიფოს წინაშე. ეს არ ნიშნავს მეგობრების, პროფესიისა და ინტერესების მიტოვებას. როგორც მოციქული პავლე ამბობს: „ყოვლივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი აღმაშენებელი არს" (1 კორ. 10. 23).

   ჩვენს ცხოვრებაში ერთგვარი „ნორმა" უნდა ვიპოვოთ. სხვა დანარჩენი, რაც ჭეშმრიტებასთან მიახლოებაში ხელს გვიშლის - ბუნებრივად განგვეშორება. და თუ შენთვის სპორტი საშუალებაა სუპერმენად წარმოიდგინო თავი, უმჯობესია იგი მერმისისათვის გადადო. თუ მეცნიერებაში ჩაღრმავება ამპარტავნებას, ქედმაღლობას, შურს, პაექრობას იწვევს შენში, ჯობს მოძღვართან შეთანხმებით, გარკვეული გადაწყვეტილება მიიღო. პავლე მოციქული ამბობს: „მეცნიერებაი განალაღებს, ხოლო სიყვარული აღაშენებს, უკუეთუ ვისმე ჰგონიეს, ვითარმედ იცის რაიმე, არღასა და უცნობიეს, ვითარცა ჯერ-არს ცნობაი, ხოლო რომელსა უყუარს ღმერთი, იგი ცნობილ არს მის მიერ" (1 კორ. 8, 1-3).

   ერთი სიტყვით, ყველაფერს თავისი ადგილი, დრო და ზომა უნდა ჰქონდეს. მაგრამ სწორედ ამ ნორმას ვერ პოულობს ახალმოსული. უკიდურესობები მისი ძირითადი პრობლემაა.

   ეკლესიური ცხოვრების წესში, კანონებში, დოგმატებში, რიტუალებში, საიდუმლოებებში უდიდესი სიბრძნეა ჩადებული. ისინი ქრისტიანული ცხოვრების უნიკალურ რიტმს ჰქმნიან, რაც აქარწყლებს ყოველგვარ გაორებას ახალმოსულში. ამ რიტმში მყოფი ადამიანისათვის განსაცდელისა და სიძნელეების გადატანა გაცილებით იოლდება, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მისი ცხოვრება აზრს იძენს, იგი ყოველგვარ კითხვაზე პოულობს პასუხს, და მარადისობის კონტექტში ჯდება.

   მაშ ასე, ახალმოსულს, რომელსაც სწყურია ჭეშმარიტი თავისუფლება და ამისთვის ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, უნდა ახსოვდეს: „მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ვერ გამოსწორდება, მარტო წიგნიდან ვერ ისწავლის სიყვარულს, თავმდაბლობას, მოთმინებას, მორჩილებას. კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმერთისა მიერ ყოვლივე შესაძლებელ არს" (მათ. 19, 26).

   საჭიროა ეკლესიურ საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება, რომლის მეშვეობითაც ღვთის მადლი უხილავად მოქმედებს ჩვენზე.




   


თარგმნა დავით ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება