მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, შეიცანი ჟამი, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > გულგრილი თაობა - წმიდა ბერი პაისი (ათონელი)

გულგრილი თაობა - წმიდა ბერი პაისი (ათონელი)


19-05-2017, 00:04

 

ღვთისადმი გულგრილობას ყველაფრისადმი გულგრილობამდე მივყავართ


   - რისი ხმა ისმის?

   - თვითმფრინავია, გერონდა.

   - დახურე ფანჯარა, თორემ შეიძლება აქაც შემოფრინდეს! მსოფლიო შეიშალა! ყველაფერი გაიხრწნა: ოჯახი, განათლება, სახელმწიფო სამსახური...

   - ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ასეთ მდგომარეობამდე მივედით?

   - ხაზი მინდა გავუსვა იმას, სადამდე მივიდა ჩვენი გულგრილობა. მაგალითად, სკოლაში ღიაა ფანჯარა და ქარისაგან კედელს ეხეთქება, კლასში ძნელად მოიძებნება ბავშვი, რომელიც ფანჯარას დახურავს. ისე ჩაუვლიან, თითქოს არაფერი ხდება, გულგრილობაა! ერთმა ოფიცერმა, რომელსაც საწვავი ზეთების საწყობი ებარა, შემომჩივლა, ვერ მიპოვნია ჯარისკაცი, რომელსაც საწყობს ჩავაბარებ, ის კი კეთილსინდისიერად შეასრულებს თავის მოვალეობასო.

   ღვთისადმი გულგრილობას ყველაფრისადმი გულგრილობისა და ნგრევისაკენ მივყავართ. ღვთის რწმენა უდიდესი საქმეა. ადამიანი უპირველესად ღმერთს ემსახურება, შემდეგ უყვარს თავისი მშობლები, სახლი, ნათესავები, სამსახური, სოფელი, სამშობლო. ვისაც ღმერთი და თავისი ოჯახი არ უყვარს, მას არ უყვარს არავინ. ბუნებრივია, მას არც სამშობლო უყვარს, სამშობლო ხომ დიდი ოჯახია. ადამიანი რომელსაც არ სწამს ღმერთი, შემდეგ ანგარიშსაც არ უწევს არც მშობლებს, არც ოჯახს, არც სამშობლოს. სწორედ ამის მიღწევა სურთ დღევანდელი მოუწესრიგებელი ცხოვრებით.

   ადამიანი უნდა ჩაწვდეს სიკეთის არსს, შეიგრძნოს მისი აუცილებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი აირევა. სცადე, ვინმე ძალით გაგზავნო ომში. ის ყველანაირად ეცდება, იქიდან გამოიქცეს. მას შეგნებული უნდა ჰქონდეს, რა ბოროტების მოტანა შეუძლია მტერს და საკუთარი ნებით ჩაეწერება მოხალისეებში.

 


დღეს ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ


   ადრე ჩემს სამშობლოში, ფარასებში, ამბობდნენ: „ნუ გადადებ ხვალისთვის საქმეს. გემრიელი საჭმელი შეინახე - იქნებ სტუმარი გეწვიოს". დღეს ასე ფიქრობენ: „საქმე მოიცდის, ხვალ ვინმე გამოჩნდება და მოგვეხმარება, გემრიელი საჭმელი კი ჯობია დღეს მივირთვათ". ადამიანთა უმრავლესობა დღეს საკუთარ თავზე ფიქრობს, ის ჩაკეტილია საკუთარ „მე"-ში. ამიტომაც მისთვის მთავარი უფალი კი არა, საკუთარი „მე"-ა. ასეთი ადამიანი იმ სივრცის მიღმა რჩება, სადაც ღმერთია. ადამიანი უნდა განმტკიცდეს რწმენაში, მაშინ მისთვის უცხო აღარ იქნება მოყვასზე და ყველაფერ დანარჩენზეც ზრუნვა. თუ მისი გონება არ არის უფალთან, არ მუშაობს მისი გულიც. და ამიტომ მას არ უყვარს არც ქრისტე, არც მოყვასი და არც არაფერი გარშემო.



ჩვენ პასუხს ვაგებთ ღვთის წინაშე


   ერთხელ ჩემთან მოვიდა სულით ხორცამდე ათეისტი. ილაპარაკა სხვადასხვა საგნებზე და ბოლოს გამომიცხადა, ხატმბრძოლი ვარო. დაიწყო იმით, რომ არაფერი სწამს და ხატმებრძოლეობამდეც კი მივიდა! იგი დადებითად აფასებდა მსოფლიოს დღევანდელ მდგომარეობას. ცხარე კამათი გაიმართა. „კარგი ბატონო, - ეუბნები - რას გავს ეს? - მოსამართლეებს ბრალდებულის გასამართლების ეშინიათ, ხალხს საჩივარი შეაქვს დამნაშავეებზე, მაგრამ შემდეგ მოსარჩლეს ემუქრებიან და ისიც იძულებულია საჩივარი უკან წაიღოს... თუ შენ ეს მდგომარეობა მოგწონს, შენც დამნაშავე ხარ!"

   - გერონდა, არ გეშინიათ, ასე რომ საუბრობთ?

   - რისი უნდა მეშინოდეს? ჩემი საფლავი უკვე გავთხარე. გათხრილი რომ არ მქონოდა, ვინერვიულებდი, რომ ვიღაც სხვა უნდა შეწუხებულიყო ამისთვის. ახლა კი საფლავი მზადაა და მხოლოდ მცირედი მიწის დაყრაც საკმარისი იქნება...

   ვიცნობ კიდევ ერთ უღმერთოსა და ღვთისმგმობელს, რომელმაც ტელევიზიით მკრეხელურად ილაპარაკა ქრისტესა და ღვთისმშობელზე. ეკლესია კი დუმს და არ განაყენებს ასეთ ღვთისმებრძოლებს...

   - თუ ასეთებს განაყენებენ ეკლესიიდან, მიხვდებიან ისინი რა დააშავეს?

   - ყოველ შემთხვევაში, გამოჩნდება ეკლესიის პოზიცია.

   - დუმილი ასეთი რამის აღიარების ნიშანია?

   - დიახ. დაწერეს მკრეხლურად ღვთისმშობელზე და ყველა დუმდა. ვეუბნები: „ვერ ხედავთ, რას წერს?" „ეჰ! - პასუხობს ერთი - რას იზამ, მასთან ვერაფერს გააწყობ". ანუ ყველას ეშინია მხილება.

   - მაგრამ რა აშინებთ, გერონდა?

   - ეშინია, მისი სახელი არ გახმაურდეს, მის შესახებ რამე არ დაწერონ და ამიტომაც ითმენს ღვთისმშობლის გმობას! ნუ დაველოდებით, სანამ სხვა ამოიყვანს გველს ხვრელიდან. ეს სიყვარულის ნაკლებობის ნიშანია.

   ადამიანი იწყებს გათვლას, ვისთან უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობა, რომ არ შეარცხვინონ ან არ დასცინონ. ის დუმს თავისი გულგრილობის გამო, რომ საყოველთაო მსჯელობის საგნად არ იქცეს. უმრავლესობა სრულიად გულგრილია ყველაფრისადმი. ახლა თითქოს რაღაც იცვლება, მაგრამ დიდი ხანია, არავის არაფერი დაუწერია.

   - ანუ ჩვენ ხმამაღლა უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია?

   - საჭიროა გონიერება. ზოგჯერ არ არის საჭირო ხმამაღლა თქმა, ზოგჯერ კი მოშურნეობით უნდა ვაღიაროთ ჩვენი სარწმუნოება. ამ მძიმე დროში ყველა ჩვენგანმა უნდა აკეთოს ის, რაც შეუძლია. ხოლო რაც არ შეგვიძლია, ღმერთს მივანდოთ. ამგვარად ჩვენი სინდისი თავისუფალი იქნება, რადგან ვაკეთებდით იმას, რაც შეგვეძლო. თუ ჩვენ არ შევეწინააღმდეგებით უსჯულოებას, ჩვენი წინაპრები საფლავებიდან აღსდგებიან. მათ ათასგვარი ტანჯვა დაითმინეს თავისი მამულისთვის. რას ვაკეთებთ ჩვენ მისთვის? მართლმადიდებელ ელადას, მის წმინდანებსა და გმირებს თვით ბერძნები ებრძვიან. ჩვენ კი ვდუმვართ! და ეს საშიშია!

   თუ ქრისტიანები არ გახდებიან აღმსარებლები, არ შეეწინააღმდგებიან ბოროტებას, უღმერთო ადამიანები უფრო გათავხედდებიან. ახლანდელი ქრისტიანები არ არიან მებრძოლნი. პირველი ქრისტიანები ძლიერნი იყვნენ, მათ მსოფლიო შეცვალეს. ქრისტე ჯვარს ეცვა, რომ ჩვენ აღვედგინეთ, ჩვენ კი გულგრილნი ვართ! თუ ეკლესია დუმს რომ სახელმწიფოს მმართველებთან კონფლიქტს გაერიდოს, თუ მიტროპოლიტები დუმან, ყველასთან კარგი ურთიერთობისა და ჰუმანიტარული დახმარების დაკარგვის შიშით, თუ მთაწმინდლებიც დუმან რომ ეკონომიური დახმარება არ შეუწყვიტონ, მაშინ ვინღამ უნდა ილაპარაკოს?



ვიცი, რაც გველის და იმიტომ მტკივა


   წლები გადის და რა რთული წლები? სირთულეები ჯერ არ დასრულებულა. თუ ვინმე მტკიცედ არ დგას, როგორ მოიქცევა რთულ სიტუაციაში? ღმერთს არ შეუქმნია უუნარო ადამიანი. უფრო კეთილსინდისიერნი უნდა გავხდეთ და შევძლებთ, გავუძლოთ განსაცდელს. მე ვხედავ, რა გველის მომავალში, ამიტომაც მტკივა.

   იცით რას ითმენენ ქრისტიანები სხვა ქვეყნებში? რუსეთში - კატორღებში რა სიძნელეებია? ალბანეთში ხალხი შიმშილობს. განადგურდა ეკლესია - მონასტრები. ხალხს სახელებიც კი შეუცვალეს, რომ ქრისტიანული სახელები არ გაიგონონ. იცით როგორ იტანჯებიან მართლმადიდებელნი ამერიკაში? სადაც მართლმადიდებელი სამწყსო არ არის, იმ ადგილის მკვიდრნი საათობით მგზავრობენ მატარებლით რომ ღვთისმსახურებას დაესწრონ. იმისთვის, რომ რჩევა მიიღონ სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით, წმ. მთაზე მოდიან. ამიტომ უმადურობაა საბერძნეთში ასეთი გულგრილი დამოკიდებულება სარწმუნოების მიმართ.




არცოდნას გამართლება რა აქვს


   - გერონდა, იქნებ ზოგიერთის გულგრილობა უცოდინარობითაა გამოწვეული?

   - რომელ უცოდინარობაზეა საუბარი! ერთმა ფილოლოგმა ხალკიდიდან (საბერძნეთი) არ იცოდა, სად იყო წმ. მთა! ვიღაც გერმანელმა მასწავლებელმა მოუთხრო მას ათონის მთის შესახებ, და ისინი ერთად მოვიდნენ აქ. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი პროტესტანტი იყო, კარგად იცოდა, თუ რამდენი მონასტერი იყო წმინდა მთაზე და სად რომელი წმინდა ნაწილი ინახებოდა. ამგვარ უცოდინარობას გამართლება არა აქვს. ხალკიდის სხვა მკვიდრს ამერიკელმა ურჩია ათონის მთაზე მოსვლა. წარმოგიდგენიათ? - ამერიკელმა!..

   ერთხელაც ფლორინიდან (ჩრდილო - დასავლეთი საბერძნეთი) ჩემთან ერთი კაცი მოვიდა. ვუთხარი, რომ ფლორინს კარგი მიტროპოლიტი ჰყავდა, მან კი მკითხა, რომელ გუნდში თამაშობსო. ისე იყო შეშლილი ფეხბურთით, რომ სხვა არაფერი ახსოვდა, საკუთარ მიტროპოლიტსაც არ იცნობდა. კანდიოტისს (ფლორინის მიტროპოლიტს) კი ყველა იცნობს, რა გამართლება აქვს ამგვარ უცოდინარობას?

   უვიცობას გამართლება არა აქვს. მხოლოდ გონებრივად არასრულფასოვნად ადამიანს ან პატარა ბავშვს ეპატიება უცოდინარობა. თუმცა დღეს პატარა ბავშვებიც ყველაფერს იოლად ითვისებენ. ასე რომ, თუ ადამიანს სურვილი აქვს, არსებობს მრავალი საშუალება იმისათვის, რომ შეიცნოს ჭეშმარიტება.



მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინემ (ჯინჭარაძე) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება