მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > ყოველი ქრისტიანი ნათლად უნდა აცნობიერებდეს, რაში მდგომარეობს ჩვენი აღმსარებლობის ჭეშმარიტება

ყოველი ქრისტიანი ნათლად უნდა აცნობიერებდეს, რაში მდგომარეობს ჩვენი აღმსარებლობის ჭეშმარიტება


3-04-2017, 00:04

 

   ძმანო და დანო! დღეს მართლმადიდებლობის ზეიმია და ყოველი ქრისტიანი ნათლად უნდა აცნობიერებდეს, რაში მდგომარეობს ჩვენი აღმსარებლობის ჭეშმარიტება. დაე, ნუ შევძრწუნდებით იმ ფაქტის გამო, რომ მართლმადიდებლობის ზეიმი დაწესდა იმ დროს, როდესაც ერთიანი იყო ქრისტეს ეკლესია. დღეს კი ვცხოვრობთ ეკლესიის განყოფის, მოჩვენებითი ქრისტიანების ეპოქაში, იმ დროში, როდესაც მომრავლდა სხვადასხვა წარმართული რელიგიები. ისმის კითხვა: შეგვიძლია კი ვიზეიმოთ მართლმადიდებლობის გამარჯვება, მაშინ როდესაც იგი არ არის ამ ქვეყნად არსებული ერთადერთი რელიგია?

   დიახ, შეგვიძლია!

   შეგვიძლია, რადგან ვგრძნობთ ღვთაებრივი ჭეშმარიტების სრულ გამარჯვებას!

   შეგვიძლია, რადგან ღვარძლთან ერთად მართლმადიდებლობის სამყაროში ჭარბად აღმოცენდება კეთილი ნერგი.

   მართლმადიდებლობის ზეიმი, არის გამარჯვება ღვთისა ეშმაკზე. ჩვენ შეგვიძლია გულდადებით ვიზეიმოთ, რადგან საერთო მასაში არ მცირდება მართლმადიდებელთა რიცხვი. მრავალი უცხო სარწმუნოების წარმომადგენელი გამოთქვამს სურვილს, უფრო ახლოს გაიცნოს მართლმადიდებლობა. მრავალი აღიარებს, რომ ჭეშმარიტება შეურყევლად შეინარჩუნა მხოლოდ მართლმადიდებელმა ეკლესიამ.

   მართლაც და, რა ბედნიერნი ვართ, რომ ვეკუთვნით სწორედ მართლმადიდებელ და არა სხვა რომლიმე ქრისტიანულ ეკლესიას!

   მაგრამ არ კმარა გამოყენება მხოლოდ იმისა, რაც მოიპოვეს და შეინარჩუნეს ჩვენთვის მართლმადიდებელმა მოშურნეებმა. ჩვენ მყარად უნდა ვიაზრებდეთ, რაში მდგომარეობს ჩვენი მართლმადიდებლობა და სად ცდებიან მწვალებლები და ცრუმასწავლებლები. რადგან მართლმადიდებლობის გარეთ შეუძლებელია ცხონება...

   ჩვენ ვალდებულნი ვართ ვაღიარებდეთ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, ანუ იმ სარწმუნოებას, რომელიც გადმოგვცა თვით უფალმა იესო ქრისტემ და მისმა მოციქულებმა. ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს სწორედ მართლმადიდებელი ეკლესია. შემდეგ გამოცხადდა იგი სახელმწიფო რელიგიად. დღეს კი ჩვენი მიზანი და ვალია დავიცვათ წმინდა მართლმადიდებლობა.

   ამისათვის კი საჭიროა სიფხიზლე, რათა ჩვენი გონება არ გაიტაცოს სარწმუნოების ღალატის ფიქრებმა! მეხსიერება უნდა დავძაბოთ და მყარად დავიმახსოვროთ ყოველივე ის, რაც გადმოგვცეს ჩვენმა წინაპრებმა, ღვთივგანბრძნობილმა მამებმა.

   სხვა სარწმუნოებას, სხვა სწავლებას ჩვენ არ მივიღებთ, რადგან გვწამს, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი და ჭეშმარიტი სარწმუნოება!

   მაშ, მოდით, წინაპრების მსგავსად, ვიცხოვროთ მართლმადიდებლობით, ვცხონდეთ მის მიერ და ღირსებით ვატაროთ სახელი მართლმადიდებელი ქრისტიანისა!

 

 

არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება