მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > რა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რათა სულიერი ცხოვრება სწორად წარიმართოს - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

რა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რათა სულიერი ცხოვრება სწორად წარიმართოს - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)


4-05-2017, 00:02

 

   ღვთის მადლით, სულ უფრო მეტი და მეტი ტაძარი იხსნება ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მატულობს ტაძრებში ხალხის რაოდენობა. ბევრმა ისწავლა გალობა, მედავითნეობა, ხატწერა, ჟურნალ-გაზეთებიც კი გამოდის ზომიერი და ულტრა მართლმადიდებლური შინაარსით. თითქოს ეკლესია იბრუნებს თავის ძველ დიდებას. თითქოს დღევანდელი ქრისტიანობისათვის არ არსებობს წინააღმდეგობა, რომლის დაძლევაც არ შეიძლებოდეს, მაგრამ... რატომღაა, რომ მოშურნე ქრისტიანებში სულაც არ შეინიშნება ის უმთავრესი სათნოებანი (სხვისი არ განკითხვა, სინანული, სიმდაბლე, მორჩილება), რომლებიც მშვენებაა ქრისტიანობისა და რომლებსაც სხვა სათნოებანი ეფუძნება? მათ გარეშე ხომ შეუძლებელია შევასრულოთ ერთ-ერთი უმთავრესი მცნება, - შეიყვარო მოყვასი. თუკი შეურაცვყოფთ მოყვასს და ამას ყურადღებას არ ვაქცევთ, ეს ღვთის შეურაცხყოფამდეც მიგვიყვანს. როცა მოგვიწოდებენ ზემოთჩამოთვლილი სათნოებების შესასრულებლად, ჩვენ ვამბობთ, რომ ბოლო დროა და ცოტ-ცოტა ცოდვები დასაშვებია. ძმებო და დებო! ასეთი მსჯელობით ჩვენ ხომ განვიძარცვებით ქრისტესაგან და შევიმოსებით მისი სუროგატით. ყველაფერი შეიძლება შევისწავლოთ, ტიპიკონი, გალობის მრავალი სახეობა, ბიზანტიური ხატწერა და სხვა. მაგრამ ვისწავლით კი ნამდვილ ქრისტიანობას? რომლის არსია ღვთისა და მოყვასის სიყვარული და სიმდაბლე, რადგან მდაბალს ეძლევა მადლი უფლისაგან, ხოლო ამპარტავანს ღმერთი შემუსრავს.

   მაინც რაა განსაკუთრებით მნიშვნლოვანი სულიერი ცხოვრება სწორად რომ წარიმართოს? რას უნდა მივაქციოთ საგანგებო ყურადღება, რათა ცხოვრება ფუჭად არ გავლიოთ და უფლისაგან ჯილდო მივიღოთ? - თითოეული ჩვენგანისათვის ამ სასიცოცხლო კითხვებს შესანიშნვად პასუხობს არქიმანდრიტი ლაზარეს წიგნი: „სულის ფარულ სნეულებათა შესახებ", რომლის პირველი თავის თარგმანს გთავაზობთ.

   ძვირფასო მკითხველებო! ამ საკითხებზე საგანგებოდ ვამახვილებთ ყურადღებას, მიგვაჩნია რა იგი საყოველთაო, საზოგადო სენად.



●●●


   ისაც ყურადღებით წაუკითხავს ეკლესიის წმ. მამათა სწავლებანი, უთუოდ შენიშნავდა, რომ მათში ყველაზე მეტად - სინანულზეა ლაპარაკი. აგრეთვე მორჩილებასა და ღვთის წინაშე საკუთარ ცოდვათა გამო წუხილზე. ამის შესახებ ბევრი უწერიათ მამებს. მათი წიგნების თითქმის ყოველ ფურცელზე შევხვდებით ამგვარ სწავლებას, მაგრამ რა უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ჩვენი დროის ქრისტიანების მიერ სწორედ ეს სწავლება, სულიერი ცხოვრების ეს უმნიშვნლოვანესი კანონი, იქნა დავიწყებული, დამახინჯებული და დარღვეული. ეს კი შემთხვევითი სულაც არაა! სოფელი რაც უფრო უახლოვდება თავის საშინელ აღსასრულს, მით უფრო ახლოვდება ჟამი ჭეშმარიტებისაგან საყოველთაო განდგომისა, ეშმაკის მიერ სოფლის საყოველთაო ცდუნებისა და ყოვლისმომცველი ხიბლისა. ადამიანები სულ უფრო მეტად ჩაეფლობიან საკუთარ ვნებებში, ცოდვებსა და შეცდომებში. სოფლის სნეულებათაგან უპირველესი ვნება - ამპარტავნება წარმოაჩენს ყველაზე მეტად თავს. ამის შესახებ ჯერ კიდევ პავლე მოციქული წინასწარმეტყველებდა: „ბოლო პერიოდში ადამიანები იქნებიან პატივმოყვარენი, ვერცხლისმოყვარენი, მშობლების ურჩნი, უავკარგონი, უწმინდურნი, თავხედნი, გაამაყებულნი. უფრო მეტად გემოთმოყვარენი, ვიდრე ღვთის მოყვარულნი, გარეგნულად პატივით გამომზირალნი, სულიერი ძალებით კი ღვთისაგან განდგომილნი და ა.შ".



მოძღვართან იმიტომ დადიან, რომ ასეა მიღებული. სინამდვილეში კი საკუთარი გონებით ხელმძღვანელობენ


   ახლა უკვე ყველა მოძღვარმა, რომელიც ცდილობს დაეხმაროს მასთან მისულ მორწმუნეს, იცის თუ რა რთული საქმეა სულიერი წყლულების განკურნება. იცის, თუ როგორ შეეთვისა ეს სნეულებანი ადამიანთა სულებს. რომ ყველა დიდი თუ პატარა, დასნეულებულია უაზრო თავმოყვარეობით, პატივმოყვარეობით, მედიდურობით, ქედმაღლობით, წყენიობით. ყველა როგორი თვითნება, მედგარი, ურჩი და უნდოა. სულიერ ცხოვრებაში კი ეს ყველაზე საშიშია! დღეს იშვიათად თუ ენდობა ვინმე თავის მოძღვარს, ენდობიან უფრო მეტად საკუთარ გონებას. მოძღვართან კი იმიტომ დადიან, რომ ასეა მიღებული. სინამდვილეში საკუთარი გონებით ხელმძღვანელობენ. საერთოდ, დღეს სულიერი ცხოვრება მეტად სავალალო მდგომარეობაშია, ძველ მამათაგან რომელიმეს თავის განწმედილი თვალით რომ დაენახა იგი, ვერ აიტანდა ამ სანახაობას და მწარედ აქვითინდებოდა ჩვენი სულების საბრალო მდგომარეობის გამო. პახუმი დიდს, რომელიც IV საუკუნეში ცხოვრობდა, ჰქონდა გამოცხადება, თუ როგორ იცხოვრებდნენ ბოლო დროის მონაზვნები. ამის შემდეგ კი დიდხანს ტიროდა, წუხდა და უარს ამბობდა საზრდელის მიღებაზე.

   ჩვენ კი ისე შევეჩვიეთ ასეთ მდგომარეობას, რომ მასში ვერაფერს ვხედავთ საგანგაშოს. მრავალი ვნება თავისუფლად თარეშობს ქრისტიანთა შორის, მათ კი უწყინარ, უფრო მეტიც, ხასიათის გამორჩეულ თვისებადაც კი მიიჩნევენ. არავის ეშინია ამ ვნებების, არავინ აღკვეთს მათ მოქმედებას, თუმცაღა ბევრი მათგანი პირდაპირ ანადგურებს სულს, სულიერ სიკვდილს თესავს მათ გარშემო, რომლებიც ამ ვნებებს ამჟღავნებენ და ამით სხვებსაც ასნებოვნებენ.

   ასეთი სავალალო მდგომარეობა გამოწვეულია მაცხოვნებლი გზიდან დამღუპველი გადახვევით, რაც გამოიხატება ეკლესიის მამების სწორი სწავლების დატევებით. სინანულის მასწავლებელთა არყოლით, მორწმუნეთა ცხოვრებისადმი მოძღვრების გამოცდილი და ყურადღებიანი ზედამხედველობის არქონით, ყველაფერი ეს კი ვლინდება იმაში, რომ მორწმუნეები კარგავენ (ან საერთოდ ვერ პოულობენ) სწორ გზას სინანულისას, საკუთარი ცოდვიანობის სწორ ხედვას, საკუთარი დაცემის შეგრძნებას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არ ვიცით ვინა ვართ, როგორ დამოკიდებულებაში ვართ ღმერთთან, როგორები ვართ მის წინაშე, როგორია მისი დიდებულება და რაოდენ დიდია ჩვენი უმსგავსოება.



სწორი სულიერი ხედვის ნიჭს გვაძლევს მართლმადიდებლობა


   ყოვლივე ამის ხედვის ნიჭს გვაძლევს მართლმადიდებლობა. თვით ეს წმინდა სიტყვა უკვე ბევრის მთქმელია - მართლად ადიდებდე ღმერთს, ანუ სწორად, მართლად შეიმეცნებდე ღვთის სიდიადეს, ბრწყინვალებას ღვთისას. ამ სიდიადის შესაფერისად აღავლენდე ქებას, განადიდებდე ყოვლისმომცველს, ცისა და მიწის, ხილულისა და უხილავის შემოქმედს. მაგრამ ეს ცოდნა განუყრელადაა დაკავშირებული იმასთან, რომ ასევე სწორად, მართლად შეიმეცნებდე საკუთარ დაცემას, არარაობას, უღირსებას; შიშით და ძრწოლით წარმოთქვამდე ღვთის სახელს, განადიდებდე განუწყვეტლივ მას და მუდამ ამცირებდე საკუთარ თავს - ესაა მართლმადიდებლობა.

   ჩვენი ამპარტავნება, ჩვენი ამაყი გონება თუკი მაშინვე არ გავთელეთ, როგორც ხატზე მთავარანგელოზი მიქაელი თელავს გველს - სატანას, იგი აუცილებლად შეძლებს ჩვენი წარმოდგენის დამახინჯებას საკუთარ თავზე. მოგვაჩვენებს საკუთარ დაცემას ძალზედ უმნიშვნელოდ, ხოლო ჩვენს კარგ თვისებებს, პირიქით, უფრო აღმატებულად და სანდოდ, ვიდრე სინამდვილეშია. აქედან მომდინარეობს სულიერი ხედვის ამაზრზენი დამახინჯება. ჩვენი ხედვა ბნელდება, სულში კი ისადგურებს საშინელი წყვდიადი. რამდენი უბედურება იღებს აქედან სათავეს.

   თუკი ყურადღებით განვიხილავთ ნებისმიერი ერეტიკოსისა და „რასკოლნიკის" სწავლებას, დავინახავთ, რომ მათ ყველაზე მეტი გადახრა სინანულის საკითხში, ანუ იმის სწავლებაში აქვთ, თუ როგორ უმზერს ღმერთი ჩვენს გულებს, რამდენად მომთხოვნი და რამდენად შემწყნარებელია იგი ჩვენდამი. მაგალითად, კათოლიკები ფიქრობენ, რომ ცხონებას მიაღწევენ მხოლოდ გარეგნული საქმეების შესრულებით, თითქოს სულის ხსნა შესაძლებელი იყოს გულის სიღრმეების განუწმენდელად. პროტესტანტები, პირიქით, თვლიან, რომ საკმარისია მხოლოდ რწმენა. სინანულის საკითხს კი უმნიშვნელოდ რაცხენ. მათი აზრით, ყველა ცოდვა უკვე გამოსყიდულია ჯვარზე. ამდენად, საკმარისია მხოლოდ გწამდეს და აღასრულებდე რწმენას შენი სიტყვით.



როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ უფალმა მადლი მოგვანიჭოს


   ამგვარად, სულ უფრო და უფრო ვშორდებით ჭეშმარიტ გაგებას იმისას, თუ ვინა ვართ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ უფალმა მადლი მოგვანიჭოს, რაა აუცილებელი ცხონებისათვის.

   სულიერი ცხოვრების გზა წარმოუდგენლად რთულია. მაგალითად, ადვილი არაა შეისწავლო მუსიკა, ფერწერა. რამდენი შრომაა ამისათვის საჭირო; განსწავლულობა, ჩვევები, სხვადასხვაგვარი ვარჯიში. ამასთან მრავალი ჩვევა ხელოვნებაში ვითარდება ინტუიციურად, მათ ვერც აშკარად გამოავლენ და ვერც გონებით ჩაწვდები. აგრეთვე ბევრია დამოკიდებული მასწავლებელზე, სკოლაზე, მაგრამ სულიერი ცხოვრება ხომ უფრო რთულია? უფრო იდუმალია? აქ ყველაფერი უდიდესი საიდუმლოა, ყველაფერი თითქმის უხილავია. იგი ხომ მეცნიერებაა მეცნიერებათა შორის, ხელონებაა ხელოვნებათა შორის.

   სულიერის ცხოვრებაში საფრთხეც გაცილებით საშინელია. აქ სახელს და სიმდიდრეს კი არ კარგავ, როგორც ხელოვნებაში მოღვაწეობისას, არამედ იკარგება მარადისობა, მარადიული ცხოვრება. სულიერ ცხოვრებაშივე ვხვდებით ბოროტი ძალების უმედგრეს წინააღმდეგობებს, როგორც ჩვენს შიგნით, ასევე გარეთ. ამ გზაზე მავალს ხვდება მტრის მრავალი მზაკვრობა. ერთ ცბიერებას ცვლის მეორე ცბიერება, ერთხელ დაგებულ მახეს კი სხვა, უცხო, შენიღბული მახე. და აი, ჩვენს წინაშე საზარელი სურათი იხატება, მრავალი, ძალზედ მრავალი მოხიბლული ქრისტიანი, მრავალი მათგანი ჭკუიდან შეშლილი, საზარელ საქციელთა მასწავლებელია, რომელიც ასწავლის აბდაუბდას. რადგან წმ. მამათა ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი სწავლება თანდათან მახინჯდება და დავიწყებას ეძლევა. ცდომილება და ხიბლი მიჩნეულია ნორმალურ მოვლენად. ის კი არა, აღტაცებულობის, ფანატიზმის ყოველგვარი გამოვლინება მიღებულია, როგორც ღვთის მადლის მოქმედება, რწმენის აღორძინება, „ახალი ერის" დასაწყისი.




არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძის წიგნის მიხედვით „სულის ფარულ სნეულებათა შესახებ" 

მოამზადა დეკანოზმა ზაქარიამ (მარგალიტაძე) 

Xareba.net - ის რედაქცია  


უკან დაბრუნება