მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ცრემლით დალტობილი ცხვირსახოცი

ცრემლით დალტობილი ცხვირსახოცი


23-05-2017, 00:06

 

   ბიზანტიაში იყო ერთი სასტიკი ავაზაკი, რომელიც მთელ იმ მხარეს თავზარს სცემდა. იმპერატორმა მავრიკიოსმა არაერთხელ გააგზავნა ჯარისკაცთა რაზმები მის შესაპყრობად, მაგრამ ამაოდ - იგი მოუხელთებელი აღმოჩნდა. მაშინ მეფემ ბრძანება გამოსცა, თუ ეს ავაზაკი თავისი ნებით მივიდოდა მასთან, ყველაფერს აპატიებდა. ავაზაკი განაცვიფრა იმპერატორის მოწყალებამ და სასახლეში ეახლა.

   იმპერატორს ერთი სიტყვითაც არ უსაყვედურია მისთვის და ისე მიიღო, როგორც ყველაზე საპატიო სტუმარი. ამ შეხვედრამ კიდევ უფრო შესძრა ავაზაკი და გადაწყვიტა მთელი თავისი ცხოვრება ღმერთისა და ხელმწიფის სამსახურისათვის შეეწირა. მაგრამ მალე იგი ავად გახდა და საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც გამთენიისას კიდეც გარდაიცვალა.

   დიდი მსჯელობა გაიმართა - შეიწყალა ღმერთმა ავაზაკი თუ არა? თავისი მოქცევის შემდეგ ხომ მან ვერცერთი კეთილი საქმის გაკეთება ვერ მოასწრო, მანამდე კი მთელ მის ცხოვრებას ერთი გრძელი, სისხლიანი კვალი დასდევდა. და ამ დროს მის ექიმს ჰქონდა ხილვა: ავაზაკის სულის წასაყვანად მოვიდნენ დემონები და ანგელოზები. დემონებმა მისი ცოდვების უზარმაზარი ნუსხა წარმოადგინეს, ანგელოზებმა კი ერთი კეთილი საქმეც ვერ უპოვეს. მაგრამ უეცრად ერთ-ერთმა ანგელოზმა ზე აიტაცა ცხვირსახოცი, რომელიც მიცვალებულის სასთუმალს ქვეშ იდო, ყველას დაანახა და დასძინა: „ამ კაცმა მთელი ცხოვრება სატანის სამსახურს მოახმარა, მაგრამ ბოლო ღამე უფალს მიუძღვნა, სიკვდილის წინ იგი ნანობდა და დასტიროდა თავის ცოდვებს, აი მისი ცხვირსახოცი. დახეთ, იგი ცრემლებით არის სველი". ამ ერთმა ცხვირსახოცმა გადასწონა მისი ცოდვების ნუსხა და დემონები მყისვე გაუჩინარდნენ, მართლაც ექიმის ხილვის შესაბამისად მიაკითხეს მიცვალებულის სასთუმალს და ბალიშის ქვეშ აღმოჩნდა ის სველი ცხვირსახოცი.

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება