მთავარი > ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > შეუფერებელი ლოცვა
შეუფერებელი ლოცვა22-05-2017, 00:05 |
ცხოვრობდა ერთ დროს ქვისმტეხელი კაცი, სახელად ვლოგი. მთელი დღე ქვას ამტვრევდა, მუშაობდა უსმელ-უჭმელი და საღამოს, მიიღებდა თუ არა დღიურ ქირას, წამოიყვანდა თავის სახლში ყველას, ვინც ღარიბ-ღატაკი შეხვდებოდა გზაზე და მთელი იმ დღის მონაგებით მათ უმასპინძლდებოდა, ხოლო ნამცეცებს, რომლებიც სუფრიდან ცვიოდა, მეზობლის ძაღლებს უყრიდა. ერთმა ღვთისმოსავმა ბერმა იხილა რა ევლოგის ქცევა, გაიფიქრა, თუკი თავად უქონელი ევლოგი ამდენ გლახაკს ასაზრდოვებს, რაღას იზამდა ის მდიდარი რომ ყოფილიყო? იგი მხურვალედ შეევედრა უფალს, მიეცა ევლოგისათვის ქონება და მართლაც ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვა - ერთ დღეს ევლოგიმ ქვის ტეხის დროს ოქროს ზოდი იპოვა. მაგრამ იმ დღეს არათუ სხვები არ დაუპატიჟნია, თვითონაც არ მიუღია საზრდო. მეორე დღეს მან იყიდა ცხენები, ვითომდა ქვის საზიდავად, მიიტანა შინ ოქრო და მარტომ ივახშმა. მერე ევლოგი სტამბოლს გაემგზავრა, იმ ოქროთი მოისყიდა მეფის დიდებულები და მეფის კარისკაცობა იშოვა. იყიდა დიდი, მშვენიერი სახლი და დაიწყო ძველებური ცხოვრება, ოღონდ ახლა გლახაკსა და უცხოს კი არ პატიჟებდა, არამედ მეფესთან დაახლოებულ პირებს. როდესაც ბერმა შეიტყო ევლოგის ასეთი სახეცვლილება - „ვაიმე, ეს რა ჩავიდინეო" - თავში შემოიკრა ხელი; ჩავიდა სტამბოლს, დაჯდა ევლოგის სახლის კარებთან და ხელი გაიშვირა მისკენ: „შემიწყალე, მე მინდა რაღაც გითხრა შენ". მაგრამ ევლოგიმ ზედ არ შეხედა მას და მისმა მსახურებმა ხელის კვრით გააგდეს იგი. ორი კვირა თოვლ-წვიმა-ქარიშხალში იჯდა ბერი ევლოგის სახლის კართან და ვერ შეძლო მას დალაპარაკებოდა. ბოლოს, გამწარებული ბერი დაჩოქილი შეევედრა ღმერთს, გაენთავისუფლებინა თავდებობიდან. მაგრამ ზეციურმა მსაჯულმა ჩვენებით აუწყა მას, უგუნური ლოცვა არ იმსახურებს მიტევებას. თუმცა, ბოლოს იგი მაინც გახდა ჩვენების ღირსი, საიდანაც ეუწყა: „წადი შენს სენაკში! მე დავუბრუნებ ევლოგის პირვანდელ ცხოვრებას, მაგრამ შენ სუსტო ადამიანო, ნუ აღუვლენ ღმერთს ლოცვას, მისი დიდების შეუფერებელს!" მართლაც, სამი თვის შემდეგ ევლოგისადმი კეთილგანწყობილი მეფე გარდაიცვალა, ხოლო მისმა შვილმა დევნა დაუწყო აღზევებულ მდაბიოს. ევლოგიმ დაკარგა ქონება და ისევ იმ ძველ, ქვისმტეხელ ევლოგად გადაიქცა, და, ამავე დროს, ისეთივე გულუხვი და მოწყალე შეიქმნა გლახაკთა მიმართ, როგორიც ადრე იყო. როცა მასთან ჩასულმა ბერმა დაინახა მათხოვრებით გარშემორტყმული ევლოგი და უნდოდა მოხვეოდა მას, ევლოგიმ დაასწრო, მიეახლა ბერს, ხელზე ემთხვია და ვახშმად მიიპატიჟა!
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |