მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ეშმაკის ხრიკები

ეშმაკის ხრიკები


6-06-2017, 00:04

ეშმაკის ხრიკები

 

   დემონის ზემოქმედება იმდენად მრავალგვარია და ნაირსახოვანი, რომ უბრალო ადამიანს გაუჭირდება მათი გაგება. მრავალი გამოცდილი მოღვაწე ცდუნდა მისგან და მძიმე ცოდვაში ჩავარდა. ამიტომ წმ. პავლე მოციქული გვაფრთხილებს: „და არა საკვირველ არს, რამეთუ თვით იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა. არა უკვე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ ვითარცა მსახურნი სიმართლისანი" (2 კორ. 14, 15). წმ. პავლე მოციქული ამით გვეუბნება, რომ ეშმაკს შეუძლია ზოგჯერ ადამიანის შესაცდენად გამოეცხადოს მათ, როგორც ანგელოზი და თითქოსდა კეთილი საქმის ქმედებით ჩააგდოს მორწმუნე მძიმე ცოდვაში. ადამიანები, რომელთანაც დაისადგურა ბოროტმა სულმა, არიან სატანის მსახურნი და მისი ნების შემსრულებლები. ისინი დემონის ზემოქმედებით აჩვენებენ ადამიანებს კეთილგონიერ სახეს, რათა შემდეგ აცდუნონ ისინი.

   მოგითხრობთ ერთ შემთხვევას, რომელიც კიევო-პეჩორის მონასტერში მოხდა. იღუმენ ნიკონის პერიოდში ერთ-ერთმა ბერმა, ნიკიტამ სთხოვა იღუმენს განმარტოებით ღვაწლზე ეკურთხებინა. ანუ მარტოდ დაყუდება სურდა, მაგრამ იღუმენი ახალგაზრდა, გამოუცდელ ბერს არ აძლევდა ამის ნებას. იღუმენი აფრთხილებდა, არ აერჩია ისეთი ღვაწლი, რომლის ტვირთვას ვერ შეძლებდა, არამედ აკურთხებდა მონასტერში შრომასა და ძმების მორჩილებაზე. მაგრამ ნიკიტამ არ დაუჯერა და განმარტოებითი ღვაწლი დაიწყო. ის მარტოდ ლოცულობდა და გარეთ არ გამოდიოდა. საბოლოოდ მისი ქედმაღლობისათვის, ღვთის დაშვებით, ეჩვენა მას ეშმაკი. ნიკიტას ესმა ხმა, რომელიც თითქოსდა მასთან ერთად ლოცულობდა, მას კი ვერ ხედავდა. ასეთი ჩვენებით მოხიბლულმა ნიკიტამ იფიქრა: „ეს რომ არ იყოს ანგელოზი, „ჩემთან ერთად ლოცვას არ დაიწყებდაო". ამის შემდეგ სთხოვა მას, რათა ჩვენებოდა ცხადად. მაშინ ესმა ხმა: „არ გეჩვენები შენ, რადგან ახალგაზრდა ხარ და არ გაამაყდე". დაყუდებულმა ცრემლმორევით უპასუხა: „არაფრით არ ვცდუნდები, იღუმენმა მასწავლა ეშმაკთან ბრძოლა, შენ კი ყველაფერს დაგიჯერებ". მაშინ კაცობრიობის მტერმა, დემონმა უთხრა მას: „ხორცშესხმული ადამიანისათვის შეუძლებელია ჩემი ხილვა. ეხლავე გამოვგზავნი ჩემს ანგელოზს და მისი ისმინე". ბოროტი სული მაშინვე ეჩვენა ნიკიტას ანგელოზის სახით. ბერმა თაყვანი სცა მას. ეშმაკმა კი უთხრა: „ამიერიდან აღარ ილოცო; იკითხე წიგნები და ამ გზით ესაუბრე ღმერთს. მომსვლელებს დარიგება მიეცი, ხოლო შენს ნაცვლად მე ვილოცებ".

   ბერმა დაუჯერა ეშმაკს და დაიწყო ძველი აღთქმის წიგნების კითხვა. დემონის სწავლებით მან შეისწავლა ძველი აღთქმა და ებრაელთა წიგნები, ხოლო სახარებას, მოციქულთა სწავლებასა და წმ. მამათა ნაშრომებს არ კითხულობდა. ასეთ მდგომარეობაში მყოფმა სულ მალე წინასწარმეტყველებაც დაიწყო. ერთხელ, ეშმაკის უწყებით, დაყუდებულმა იწინასწარმეტყველა, რომ მთავარ გლებს ამა და ამ დღეს მოკლავდნენ. ეს წინასწარმეტყველება მართლაც ასრულდა. ამის შემდეგ ნიკიტას სახელი დიდად განითქვა.

   ეშმაკმა მომავალი არ იცის, მაგრამ მან ასწავლა ბოროტ ადამიანებს კაცის კვლა, ქუდრობა, შემდეგ კი ამის შესახებ აუწყებდა ბერს. რადგან ბერი ნიკიტა არ კითხულობდა ახალ აღთქმასა და მოციქულთა სწავლებას, მონასტრის ძმობა მიხვდა, რომ ეს ნიჭი ნიკიტას ეშმაკისაგან ჰქონდა. ისინი მივიდნენ ბერთან და გულმხურვალედ ილოცეს მისთვის, რის შემდეგაც ეშმაკი აღარ ეკარებოდა ბერს. როდესაც მამათა ლოცვით ნიკიტა მოვიდა აზრზე, მან აღიარა თავისი შეცოდება და დიდხანს ნანობდა ამის შესახებ. ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ კაცთმოყვარე ღმერთმა შეიწყალა ახალგაზრდა ბერი. შემდგომში კი ბერი ნიკიტა გახდა ნოვგოროდის ეპისკოპოსი და გამორჩეული ღვაწლისათვის ღმერთმა განადიდა იგი სასწაულებით.

   ეს მოთხრობა ზუსტად განმარტავს პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ ადამიანთა შესაცდენად ეშმაკი ზოგჯერ ღებულობს ნათელი ანგელოზის სახეს. წმინდანთა ცხოვრებებში მრავლად არის ასეთი მაგალითები, მაგრამ სასწავლებლად ესეც კმარა.

   ეხლა ჩვენი დროის „წინასწარმეტყველებზე" ვისაუბროთ. რადგან ისინი მრავლად არიან უბრალო ადამიანების გვერდით და აცდუნებენ მათ. ესენი გახლავთ ექსტრასენსები, ჯადოქრები, „ნათელმხილველები". ისინი მრავლად არიან როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებშიც. უბრალო, ცნობისმოყვარე ადამიანები ხშირად მიმართავენ მათ მომავალი ან წარსული ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდის განსამარტავად. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - ეს ადამიანები ბოროტი სულის მატარებლები არიან და დემონის ბრძანებებს ასრულებენ. „ნათელმხილველებს" ეშმაკი აწვდის მხოლოდ ისეთ ცნობებს, რომლებსაც შეუძლია ოჯახში არეულობისა და შფოთის შემოტანა. ისინი ხშირად ცილს წამებენ უდანაშაულო ადამიანებს, რადგანაც დემონის ნების შემსრულებლები არიან: „თქვენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულისთქმათა მამისა თქუენისა გნებავთ ყოფად, - ამბობ მაცხოვარი, - რამეთუ იგი კაცისმკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტება არ დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაი არა არს მის თანა" (იოან. 8, 44).

   ეშმაკი მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ შფოთი, ჩხუბი, არეულობა შემოიტანოს ჩვენს ოჯახებში, რათა შვილები არ უჯერებდნენ მშობლებს, ცოლები - ქმრებს, ძმა - ძმას; მაშინ ხარობს ეშმაკი. ასეთი საქმეები სურს მას!

   მართლმადიდებელნო! არასოდეს იმარჩიელოთ, ხუმრობითაც კი, არც კარტზე და არც სხვა რამეზე; რამეთუ ეს ეშმაკის საქმეა. თუ ზოგიერთმა ხუმრობით დაიწყო მარჩიელობა ან ნათელმხილველობა, აქ მისდაუნებურად შეიძლება შემოიპაროს დემონი, შეაჩვიოს იგი ბოროტ საქმეებს და შეაგონოს მათი უვნებლობა. საბოლოოდ კი, ეს ადამიანები ნამდვილ მარჩიელებად და ჯადოქრებად ყალიბდებიან.

   მშობლებო, ქმრებო, ნათესავებო! თქვენ უნდა შეაჩეროთ შვილები და თქვენი ახლობლები, რათა არ იარონ ექსტრასენსებთან და ჯადოქრებთან. რადგანაც თქვენც, მამებო და დედებო, შეიძლება დაიღუპოთ თქვენი ახლობლების შეცოდებების გამო.

   ყველას, ვისაც სურს საკუთარი სულის გადარჩენა, უნდა იცოდეს: არ არის საჭირო იმისი ცოდნა, რაც დაფარულია ჩვენგან, ცხონებისათვის საჭიროა იწამო ღმერთი და შეასრულო მისი მცნებები, და არა ცნობისმოყვარეობა.

   ძმანო მართლმადიდებელნო! ნუ მიხვალთ მარჩიელებთან, „ნათელმხილველებთან", ექსტრასენსებთან - ეს მომაკვდინებელი ცოდვაა ღვთის წინაშე. ერთიც ყურადსაღებია: უბრალო დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ „ნათელმხილველები", როგორც უღირსი ადამიანები, არ აღესრულებიან სინანულით; სიკვდილი მათ, როგორც წესი, მოულოდნელად ეწვევა. ხშირად თვითმკვლელობით, ან უბედური შემთხვევით ამთავრებენ ცხოვრებას. მოციქულის სიტყვისამებრ: „აღსასრული იყოს საქმეთა მათთაებრ" (2 კორ. 11, 15).

   სული წმიდით დაჯილდოვებული წმ. მამები წინასწარმეტყვლებისას არასოდეს ამჟღავნებდნენ ადამიანის ცოდვიან საქმეებს. და თუ როდესმე ღვთის განგებით მჟღავნდებოდა ადამიანთა ბოროტება, მაშინ თვით დამნაშავეს არასოდეს ადანაშაულებდნენ ჩადენილი ბოროტი საქმისათვის. სხვისი ცოდვების განკითხვის მცნება ღმერთს ჩვენთვის არ მოუცია. ღმერთმა მოგვცა უმნიშვნელოვანესი მცნება: შეიყვარე ღმერთი და მოყვასი. ამიტომაც წმ. მამები სიყვარულით ეპყრობოდნენ არა მხოლოდ კეთილ ადამიანებს, არამედ ბოროტებსაც. მალავდნენ მათ ცდომილებებს და სინანულის გზაზე აყენებდნენ. აი, ასეთ ადამიანებში ისადგურებს სული წმიდა, ისინი წმ. სამების ცოცხალი ტაძრებია.

 

 

 

 

წიგნიდან „უკანასკნელი განსაცდელი" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება