მთავარი > ქრისტიანული ოჯახი > ყრმობიდანვე შთააგონეთ შვილებს მართლმადიდებელი ეკლესიის სიყვარული

ყრმობიდანვე შთააგონეთ შვილებს მართლმადიდებელი ეკლესიის სიყვარული


26-10-2012, 21:20

   ბავშვის გული რბილი სანთლის მსგავსია, რომელიც მშობლებს შეუძლიათ საკუთარი შეხედულებების მიხედვით დაამუშაონ. ისურვებენ მისგან კეთილი ადამიანის შექმნას? - პირველი დღეებიდანვე ჩაუნერგონ კეთილი ზნე. დროის დაკარგვის შემთხვევაში ბავშვი მოექცევა ბოროტების გავლენის ქვეშ. უგუნურება კი გამოუსწორებელია. როგორც ვერ გაასწორებ მრუდე ხეს, ისე ვერ გამოიყვან უგუნური, ბოროტი, გახრწნილი ყმაწვილისაგან მაღალი ზნეობის ადამიანს. ეს უკვე ადამიანურ ძალებს აღემატება და ღვთის განსაკუთრებული მადლის საქმეა.

მაშ ასე, გაუფრთხილდით თქვენი ბავშვების პირველდაწყებით აღზრდას. თავიდანვე ასწავლეთ ბავშვებს ღვთისა და მოყვასის სიყვარული. დაე, თქვენი ბავშვების პირველი სიტყვები იყოს ღმერთი და სიყვარული, ხოლო პირველი მეცადინეობა - ლოცვა.

ყრმობიდანვე ჩააგონეთ შვილებს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი სწავლების სიყვარული. ეკლესია შენი და შენი შვილების დედაა. მიაჩვიეთ ბავშვები მარხვასა და თავშეკავებას. ნუ იფიქრებთ, რომ სამარხვო საჭმელი, როგორც მცირე კვებითი ღირებულების მქონე, მავნეა თქვენი შვილებისათვის.

შეხედეთ ღვთის სათნომყოფელებს და დაინახავთ, რომ მარხვის წყალობით, ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ ჯანმრთელობით და უმტკივნეულოდ აღწევდნენ სიბერეს. შემდეგ შეხედეთ ადამიანს, რომელიც თვლის სამარხვო საჭმელს ჯანმრთელობისთვის მავნედ და ამიტომ მუდმივად ხმარობს ცხოველურ ნაწარმს. თქვენ იშვიათად ნახავთ, რომ ასეთი ადამიანი ფლობდეს სრულ ჯანმრთელობას. პირიქით, ის უჩივის კუჭის ტკივილს და ჰაერის უკმარისობას.

მაშასადამე, ყრმობიდანვე მიაჩვიეთ ბავშვები თავშეკავებას.

თავიდანვე მიაჩვიეთ ბავშვები ღვთის ტაძარში გაცდენების გარეშე სიარულს. იქ მაღალი ზნეობის თესლებია, რომლებიც ჩაითესება რა ოჯახში, თქვენი ბავშვის გულში გაღვივდება, გაიზრდება და მოგვცემს კეთილ ნაყოფს.

როცა, ღვთის შეწევნით, თქვენს ბავშვებს სკოლაში გაუშვებთ, ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი მონაწილეობა მათ აღზრდაში ამით დამთავრდა. იცოდეთ, რომ სკოლა მხოლოდ მაშინ მოუტანს თქვენს ბავშვებს სასურველ სარგებელს, როცა ოჯახი მოამზადებს ბავშვთა გულებს სკოლაში შესასწავლი ღვთივსათნო და სასარგებლო ცოდნის აღქმისათვის; როცა ოჯახი მხარს დაუჭერს და განამტკიცებს ბავშვისათვის სკოლაში მიწოდებულ ქრისტიანულ სწავლებას.

ყმაწვილობიდანვე მოარიდეთ შვილებს ყოველგვარი საცდური, რომელმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უბიწოება და გახრწნას ნორჩი გულები.

გახსოვდეთ, რომ რასაც თქვენი შვილები ისწავლიან ბავშვობაში, ყველაფერი ეს რჩება მათთან მთელი ცხოვრების განმავლობაში, მიჰყვებათ საიქიო ცხოვრებაში და იქ მრისხანე მსაჯულის საყდრის წინ დაამოწმებენ თქვენს შესახებ, რომ ბოროტად არ გამოგიყენებიათ მშობლის უფლება და მოვალეობა.

 

გაზეთ „ხარებას"  ბიბლიოთეკიდან


უკან დაბრუნება