მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > იესო ქრისტეს საუბარი სამარიტელთან - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)
იესო ქრისტეს საუბარი სამარიტელთან - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)6-05-2018, 14:32 |
სამარიტელს ქრისტეს სწავლება რომ მიეღო, მას უნდა სცოდნოდა, რომ მის წინაშე არაჩვეულებრივი ადამიანი იდგა. უფალი ეუბნება მას: „წარვედ და მოხადე (დაუძახე) ქმარსა შენსა და მოვედ აქა" (იოანე 4, 16). სამარიტელს შიგ გულში მოხვდა ეს სიტყვები, მაგრამ პირფერობა არ დაუწყია, თვალები დახარა და თქვა: „არა მივის ქმარი" (იოანე. 4, 17). ქრისტემ უთხრა: „რამეთუ ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი; ესე ჭეშმარიტი სთქუ" (იოანე 4, 18). ამ სიტყვებით უფალი ცდილობს სინანული აღძრას ქალის გულში, შეახსენებს, უპატიოსნოდ რომ ცხოვრობს. დედაკაცი ამბობს: „უფლო, ვხედავ, რამეთუ წინასწარმეტყუელი ხარ შენ" (იოანე 4, 19). იგი უფალს ეკითხება, როგორ უნდა მოიქცეს, რომ აამოს ღმერთს. სწორედ ეს აინტერესებს მას ყველაზე მეტად. „მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანის-სცემდეს, და თქუენ იტყვით, ვითარმდე: იერუსალემს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანი-ცემაი". სამარიტელის ამ სიტყვების საპასუხოდ უფალი ამბობს: „მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმრიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაიცა ეგე ვითარცა ეძიებს თაყუანისმცმლთა მისთა" - მამა ღმერთი თავის თაყვანისმცემლებად იმათ მიიჩნევს, ვინც ადიდებს მას სულითა და ჭეშმარიტებით. რას ნიშნავს ეს სიტყვები? სული არის სამშვინველის თვალი, რომელიც მარადისობისკენ იმზირება. ჩვენი სული მძინარე მდგომარობაშია. იგი იმ საუნჯეს ჰგავს, რომელიც ღრმად არის ჩაფლული მიწაში. მიწა ჩვენი ამაო აზრები, ვნებები და ცოდვებია. სული რომ იღვიძებს, ჩვენს გულში ღვთისა და სულიერი სამყაროს არსებობის მოწმობაც იღვიძებს. რითი განსხვავდება მორწმუნე ადამიანი ურწმუნოსგან? - ურწმუნო გამოთიშულია ღვთისგან, სულიერი სამყაროსგან. მას მხოლოდ იმის აღქმა შეუძლია, რასაც მისი გრძნობის ორგანოები აწვდიან. მორწმუნე ადამიანი თავის გულში გრძნობს ღმერთს, სულით აცნობიერებს მარადისობას, სულიერი სამყაროს არსებობას. ადამიანის გულის ეს შინაგანი ცოდნა შეუღლებულია განსაკუთრებულ გრძნობასთან - მშვიდობისა და სიხარულის იმ გრძნობასთან, რომელსაც რწმენა ანიჭებს ადამიანს. ჩვენ ყველა ვეძებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას, მაგრამ ვპოულობთ, განა? ეს სოფელი მისეულ სიხარულს გვთავაზობს, მაგრმ ეს სიხარული ხანმოკლეა, სწრაფად ჰბეზრდება, მოჰყირჭდება ადამიანს. ის მლაშე წყალს სვამს თითქოს და ასე ცდილობს წყურვილის მოკვლას, ამით კი წყურვილი მხოლოდ უძლიერდება. შეუძლებლია, რაიმე მიწიერმა ფასეულობამ აღავსოს ადამიანის გული და მას ჭეშმარიტი მშვიდობა მიანიჭოს. ჩვენ თავს რომ ვკითხოთ: როდის ვიყავით ცხოვრებაში ყველაზე უფრო ბედნიერები? შეგვიძლია ვთქვათ: მაშინ, როცა მეტად გულმოდგინედ ვლოცულობდით, განსაკუთრებით - სასწაულმოქმედი ხატებისა და სიწმინდეების წინაშე. მაშინ იღვიძებდა ჩვენი გული და თითქოს მკვდრეთით ვდგებოდით. ჩვენს წინაშე ცხადდებოდა სხვა სამყარო და სულის სიღრმეში არმიწიერ სიხარულს ვგრძნობდით, რაც ჩვენ მიერ განცდილ არც ერთ სხვა გრძნობას არ ჰგავდა. ღმრთეებრივი ნათლით განსპეტაკებული წმინდა მოწამეები წამების დროს ზეციურ ნეტარებას, შვებას გრძნობდნენ, მამაცურად ხვდებოდნენ სიკვდილს. ერთი არისტოკრატი, განებივრებული ქალი, რომელიც ქრისტეს სარწმუნოებაზე მოექცა და ამის გამო საზარელ დილეგში ჩაამწყვიეს, სადაც ცოცხლები მკვდარ, გახრწნილ გვამებთან ერთად იწვნენ და წუთხისა და წალის საშინელ სიმყრალეში იხრჩობოდნენ, ამბობდა: ეს არდაფი მეფის სასახლედ მეჩვენება, რადგან აქ შევიგრძენი, ქრისტე ჩემთანაა. ღირსი მამები მიდიოდნენ უდაბნოებში, სადაც მხოლოდ მხეცების ღრიალი და გარეული ფრინველების ყრანტალი ისმოდა; ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში, რომლებშიც გველებიც ბუდობდნენ; იკვებებოდნენ მცენარეთა ფესვებით, ან ხმელი პურით. ზოგიერთები ასეთ ადამიანებზე იტყვიან: „საწყლები, მოკლებულნი არიან ყველაფერს; ღატაკები, ბეჩავები, უბედურები". სინამდვილეში ისინი ყველაზე ბედნიერები იყვნენ ამქვეყნად, რადგან გული ზეციური სიხარულით ჰქონდათ სავსე. ხოლო ამ სიხარულის რამდენიმე წამიც კი ბევრად აღემატება ყოველივე იმას, რაც შეიძლება მისცეს ადამიანს მთელმა ქვეყანამ, მისი მფლობელიც რომ იყოს. უფლის თაყვანიცემა სულითა ჭეშმრიტებით ნიშნავს სულის განწმენდას ვნებებისა და ცოდვებისგან - ადამიანმა სუფთა კრისტალივით უნდა შეიკრიბოს ღმერთეებრივი ნათელი. რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანის გვერდით განსაკუთრებით კარგად ვგრძნობთ თავს? თაბორზე უფლის ფერისცვალების დროს პეტრე მოციქულმა ღმერთეებრივი ნეტარება რომ შეიგრძნო, ამოთქვა: „უფალო, კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა!" - რამეთუ ყველა იქ მყოფს მოეხვეჭა თავის გულში სულიწმიდის მადლი. ერთხელ ღირსმა ანტონმა თავის მოწაფეს ჰკითხა: „ბევრი მოდის ჩემთან, ათას რამეს მეკითხებიან, შენ რატომ არაფერს მეკითხები?" მოწაფემ მიუგო: „მამაო, იმიტომ, რომ კარგია ჩემთვის შენთან ყოფნა. შენს გვერდით რომ ვარ, ყოველგვარი ეჭვი მეფანტება და ჩემთვის უსიტყვოდაც გასაგებია და ნათელია ყველაფერი". რას ნიშნავს ღვთის თაყვანისცემა ჭეშმრიტებით? - ჭეშმარიტება თვითონ უფალია. ქრისტემ თქვა: „მე ვარ ჭეშმარიტება, გზა და ცხოვრება". ჭეშმარიტება წმინდა სახარებაა, ჭეშმარიტება იესო ქრისტეს სახელია. ჭეშმარიტებისკენ სიმართლეს მივყავართ: ქრისტიანის აზრი, სიტყვა და საქმე ერთი უნდა იყოს. იოანე კრონშტანდტელი ამბობს: თუ ადამიანს ატყუებ, მაშინ ღმერთსაც მოატყუებ აუცილებლად. ქრისტემ საღმრთო მადლი შეადარა ცოცხალ წყალ, რომელიც საუკუნო ცხოვრებაში გაედინება. ვინც სულიწმიდის მადლი მოიხვეჭა, თვითონ იქცევა ცხოველმყოფელი ძალის წყაროდ სხვებისთვის. რა მომდინარეობს ჩვენი გულიდან? - ცოდვისა და ვნებების მღვრიე, ჭუჭყიანი წყლები. ამ შავი მდინარის სათავე ჩვენი გულის სიღრმეშია, მისი კალაპოტი უფსკრულისკენ მიემართება, ხოლო შესართავი ჯოჯოხეთში აქვს. რა უნდა ვქნათ, გულის წყლები რომ განვიწმინდოთ? ბიბლია მოგვითხრობს: მოსემ ძელი ჩააგდო მწარე წყალში და წყალი დატკბა; ელისემ დაბინძურებულ წყალში მარილი ჩაყარა და ამგვარად დაწმინდა წყალი. მოსეს მიერ წყალში ჩაგდბული ძელი მოასწავებს ჯვარს. ჩვენ სიყვარულით უნდა ვიტვირთოთ ჩვენი ჯვარი, ვმადლობდეთ ღმერთს ყველაფრისათვის, იმ სატანჯველისთვისაც, რასაც ის გვიგზავნის; რამეთუ ჭირი, განსაცდელი განწმენდს ადამიანის სულს, აწრთობს ნებისყოფას. იოანე დაყუდებულმა თავისი ერთი სულიერი შვილი, რომელსაც უდანაშაულოდ ცილი დასწამეს, ასე ანუგეშა: მტრების გარეშე ვერავინ ცხონდება. წარმოიდგინე, ჩირქიანი წყლული გაქვს და შენმა მეგობარმა თავისი ბაგეებით გამოწოვა მთელი ჩირქი. იგივე გიყო მტერმაც, სულის ცხონებაში შეგეწია. მარილი ქრისტე მაცხოვრის სწავლებას ნიშნავს, წყლის დაწმენდა - სახარების მცნებების დაცვას ცხოვრებით. მთელი სახარება თითქოს შეკუმშულია და ჩადებულია იესო ქრისტეს სახელში. ქრისტეა მთელი წმიდა წერილის ბურჯი, შუაგული. ქრისტეს სახელის წარმოთქმა ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, დიდი პატივია. მაშ, შევიდეთ ჩვენს გულში იესო ქრისტეს სახელით და ვთქვათ: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი". ეს ლოცვა ვიმეოროთ მოუკლებლად, განვაზავოთ იგი სინანულის გრძნობით, რათა ჩვენი გულის მღვრიე წყლები იესო ქრისტეს სასწაულმოქმედი სახელის შეხებით დაიწმინდოს და ცხოველმყოფელი მადლის იმ წყაროს წყლებად იქცეს, საუკუნო ცხოვრებაში რომ გაედინება.
თარგმნა ია მელიქიძემ Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |