მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > იესო ქრისტეს საუბარი სამარიტელთან - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)

იესო ქრისტეს საუბარი სამარიტელთან - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 1)


5-05-2018, 00:05

 

   აღდგომიდან მეხუთე კვირას სამარიტელის კვირა ეწოდება. ამ დღეს ეკლესიაში იკითხება სახარება, რომელიც გვიამბობს იესო ქრისტეს საუბრის შესახებ სამარიტელ ქალთან.

   სახარება ერთიანია, თუმცაღა ჩვენ შეგვიძლია მასში გამოვარჩიოთ ქრისტე მაცხოვრის მცნებები, იგავები, საუბრები, სასწაულები და წინასწარმეტყველებანი. სახარების მცნებები ღმერთსა და ადამიანს შორის ახალი კავშირის პირობებია, ისინი თავმოყრილია მაცხოვრის მიერ მთაზე წარმოთქმულ ქადაგებაში.

   უფალი ორ გზას გვიჩვენებს: სიცოცხლის გზასა და სიკვდილი გზას. იგი მიგვითითებს ძველ და ახალ აღთქმათა შორის ერთიანობაზე. წმინდა წერილი კლდეს რომ შევადაროთ, ძველი აღთქმა მისი ძირია, ხოლო ახალი აღთქმა - ამ კლდის მწვერვალი. იგავი ქარაგმული ნით გამოთქმული ბრძნული პატარა მოთხრობაა. თუკი მცნებები ადამიანის ნებისადმია მიმართული, თუკი მცნებები, უპირველეს ყოვლისა, სარწმუნოებას უკავშირდება, იგავი საღმრთო სიბრძნის უსასრულობას გვიცხადებს. იგი ადმიანის გონებისადმია მიმართული. სასწაულები იმედს გვისახავს, სასწაულებში ცხადდება ყოვლისშემძლეობა ღვთისა, რომელსაც ემორჩილებიან ზეცა და მიწა. სასწაულები მოწმობენ, რომ ღვთის სიტყვა ყოვლისშემძლეა. მას შეუძლია შექმნას სამყარო, განკურნოს მომაკვდავი ავადმყოფი, გააცოცხლოს მკვდარი და აღადგინოს დაცემული.

   სამარიტელ ქალთან იესო ქრისტეს საუბრის შესახებ მოგვითხრობს იოანეს სახარება - ყველაზე მაღალი სულიერებით აღბეჭდილი, საიდუმლო წიგნი. როდესაც სახარების ამ მონათხრობს ვისმენთ, ჩვენი სული თითქოს მიყუჩდება, ძრწის და იკრძალვის დიდი საიდუმლოს წინაშე. მაცხოვრის ეს საუბარი მიმართულია არა მარტო გონებისა და ნებისადმი, არამედ იგი ადამიანის გულის სიღრმეს სწვდება.

   უფალი იესო ქრისტე იუდეიდან გალილეაში მიდიოდა თავის მოწაფეებთან ერთად. მას სამარიის ოქროსფერი მინდვრები უნდა გაევლო. სამარია პალესტინის შუაგულში მდებარეობს გალილეასა და იუდეას შორის. აქ ცხოვრობდნენ სამარიტელები - ტომი, რომელიც ებრაელებისა და გადმოსახლებული ასურელი და არაბი ტომების შერევის შედეგად წარმოიშვა. ქრისტეს შობამდე ექვსასი წლით ადრე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი დაანგრია, ტაძარი გადაწვა და ბევრი იუდეველი ასურეთსა და ბაბილონში გადაასახლა. ხოლო მათ სამკვიდროში, აღმოსავლელ მეფე - დამპყრობელთა ჩვეულებისამებრ, სხვა ასურელი და არაბი ტომები გადმოასახლა. ახალმოსახლეები შეერივნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, მიიღეს ებრაული ენა და ნაწილობრივ რელიგიაც - ერთი ღმერთის რწმენა და მოსეს ხუთწიგნეული, მაგრამ წარმართული გადმოცემები და წეს-ჩვეულებები მაინც შეინარჩუნეს. იუდეველები ბაბილონის ტყვეობიდან რომ დაბრუნდნენ, სამარიტელებმა შესთავაზეს მათ ერთობლივად აღედგინათ ტაძარი, მაგრამ იუდეველბმა ამაზე უარი თქვეს და ეს ხალხები ერთმანეთს გადაემტერნენ. იუდეველები სამარიტელებს მომხდურებად, დამპყრობლებად მიიჩნევდნენ და სძულდათ ეს ხალხი. სამარიტელებიც იმავე სიძულვილით პასუხობდნენ ებრაელებს და მტრობდნენ. იუდევლების უმთავრესი სიწმინდე, მათი რლიგიური ცხოვრების გულისგული იერუსალიმის ტაძარი იყო. სამარიტელბმა გარიზინის მთაზე ააგეს ტაძარი, რომელიც მათთვის ყველაზე წმინდა ადგილი იყო. იუდეველმა მღვდელმთავარმა და სარდალმა იოანე გირკანმა ომი წამოიწყო სამარიტელების წინააღმდეგ, სძლია მათ და საფუძვლამდე დაარღვია მათი ტაძარი. ამის შემდეგ სამარიტელები მიდიოდნენ მის ნანგრევბთან და თავიანთ რიტუალებს, ლოცვებს და დღესასწაულებს აღასრულებდნენ. ნანგრევებად ქცეული ტაძარი მათ გულებში კიდევ უფრო აღვივებდა ებრაელების სიძულვილს. ასე რომ, სამარიის მიწებზე გავლა სახიფათოც კი იყო იუდეველისთვის. ბევრი მომლოცველი იერუსალიმში სხვა გზით მიდიოდა - მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მხრიდან - და ამავე გზით ბრუნდებოდა უკან. ქრისტეს მოწაფეები მარტივი, წმინდა გულის მქონე ადამიანები იყვნენ, თუმცაღა მათ თავიანთი - იუდეური წარმოდგენები ჰქონდათ. მაცხოვარი მათ ასწავლიდა, რომ ქრისტე - მესია განხორციელდა არა მარტო იუდეველთათვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვის.

   შუადღისას სამხრეთში, თბილ ქვეყნებში სიცოცხლე კვდება. ადამიანები გაურბიან მზის მცხუნვარე, თითქმის ვერტიკალურ სხივებს, თავს აფარებენ ხეთა ჩრდილებს, ვერანდებივით დაბურულ ეზოებს, სიგრილეს ეძებენ მიწურებსა და სარდაფებში. არათუ ადამიანები, შუადღისას მხცებიც კი ცდილობენ სოროებსა და გამოქვაბულებში შეძრომას.

   სიარულისგან დაღლილი უფალი იაკობის ჭასთან ჩამოჯდა. ოდესღაც ამ ადგილებში აძოვებდნენ ისრაელი ერის პატრიარქის, იაკობის (აბრაამის შვილიშვილის) პირუტყვს; ჭა თვითონ იაკობს ამოუთხრია თავის მსახურებთან ერთად. იაკობს პატივს სცემდნენ იუდევლებიც და სამარიტელებიც. შუადღისას, როდესაც ქრისტე ჭასთან იჯდა, ქალაქ სუქარიდან წყლის წასაღებად მოვიდა სამარიტელი ქალი, რომელიც ცოდვილი იყო. ცოდვა ადამიანს თავხედობას და ურცხვობას სძენს, მაგრამ იმათ, ვისაც სინდისი სულმთლად არ დაუკარგავს, პირიქით, რცხვენიათ თავიანთი უწესო ცხოვრებისა და თითქოს თვალს ვერ უსწორებენ ადამიანებს. აღმოსავლეთის ქვეყნებში, დილით და საღამოს, ადამიანები ჭასთან იკრიბებოდნენ, საუბრობდნენ, ყვებოდნენ ახალ ამბებს. სამარიტელ ქალს არავის დანახვა არ სურდა, ხალხს ერიდებოდა, ამიტომაც მივიდა ჭასთან შუადღისას, როცა იქ არავინ ეგულებოდა.

   ქრისტემ ქალს მიმართა: „მასუ მე წყალი" (იოანე 4. 7). რას ნიშნავს ეს სიტყვები? რომელ წყალს გულისხმობდა მაცხოვარი? მან თავისი სიკვდილის წინაც თქვა: „მწყურის". წმინდა მამები მაცხოვრის ამ სიტყვებს ასე განმარტავენ: ქრისტეს სწყურია, რომ მისი ჯვარცმით გადარჩეს კაცობრიობა, მას ჩვენი ცხონება სწყურია. აქაც მაცხოვრის სიტყვები - „მასუ მე წყალი" - მისტიკურად ნიშნავს: „მიიღე ჩემი სწავლება. მე ისე მწყურია შენი მოქცევა და ცხონება, როგორც სიცხისგან დამაშვრალ ადამიანს - ცივი წყალი".

   სამარიტელს გაუკვირდა, იუდეველი რომ დაელაპარაკა. უცნობის შესახედაობა მოწიწებას იწვევდა. ქალი ხედავდა თავის ცოდვებს, უღირსობას, იგი უღირსად მიიჩნევდა თავს საიმისოდაც, რომ მისი ჭურჭლიდან ამ კაცს წყალი დაელია. ერთი მხრივ, მას თავისი ხალხის ჩვეულების დარღვევა არ უნდოდა, მეორე მხრივ კი, უცნობის გაწბილებაც არ სურდა - ის ხომ გაიგებდა, რომ ქალი სამარიტელია. ამიტომ შეახსენებს იესოს: „არა შეეხნიან ჰურიანი სამარიტელთა" (იოანე 4, 9). მსოფლიო ისტორიაში შეიძლება დაიძებნოს ამგვარი ეროვნული სიძულვილის მაგალითები: რომაელებს სძულდათ ბერძნები, ბერძნებს სძულდათ იუდველები, იუდეველებს სძულდათ სამარიტელები.

   უფალი ზეციდან გარდამოვიდა, რათა საქმით ეჩვენებინა ჩვენთვის, რომ ღვთის წინაშე არ განირჩევა არც ელინი, არც ბარბაროსი, არც იუდეველი. იგი განხორციელდა, რათა აღესრულებინა ყოველი ადამიანის ერთობა ღმერთში.

   ქრისტემ სამარიტელს უთხრა: „უკეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისა, და ვინ არს, რომელი გეტყვის შენ: მეც მე წყალი, რათა ვსუა, შენმცა სთხოვე მას და გცამცა წყალი ცხოველი" (იოანე 4, 10).

   ცხოველ (ცოცხალ) წყალს აღმოსავლეთში უწოდებენ მომდინარე წყალს, წყაროს წყალს. თბილ ქვეყნებში წყალს რამდენიმე ხანს თუ დადგამენ, სასმელად უვარგისი ხდება და შეიძლება დაავადების გამომწვევ მიზეზადაც იქცეს. იაკობის ჭის ფსკერზე წყარო მოსჩქეფდა. ქალი ვერ მიხვდა, ქრისტე რას გულისხმობდა და უთხრა: „უფალო, არცა სავსებელი გაქუს, და ჯურღმული ესე ღრმა არს, ვინაი გაქუს შენ წყალი ცხოველი? ნუ უკუე შენ უფროის ხარა მამისა ჩვენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღმული მომცა ჩუენ?" (იოანე 4, 11-12). უფალს იმის თქმა უნდოდა, რომ მისი წყლის დალევის შემდეგ ადამიანს აღარასოდეს მოსწყურდება. აქ იგი თავის სწავლებასა და სულიწმიდის მადლს გულისხმობდა. ქალმა ჯერ არ იცოდა რომელ წყალს სთავაზობდნენ, მაგრამ მაინც სთხოვა იესოს: „უფალო, მეც მე წყალი ესე" (იოანე 4, 15). (გაგრძელება...)




თარგმნა ია მელიქიძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება