მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > „ლიბერალ ქრისტიანთა“ მიმართ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)
„ლიბერალ ქრისტიანთა“ მიმართ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) (ნაწილი 2)30-03-2017, 00:07 |
ადამიანები გარეგანს ხედავენ, ხოლო ღმერთი - გულს, და ადამიანებს სულის მდგომარეობის მიხედვით განსჯის. კეთილ საქმეთა კრიტერიუმი გაურკვეველი, მერყევი და არამყარია. ვინ უნდა შეაფასოს ეს საქმეები? ადამიანებმა? მაგრამ ისინი ცხოვრების მხოლოდ მცირე-მცირე ფრაგმენტებს ხედავენ - სხვა ადამიანის სული მათთვის საიდუმლოდ რჩება. თვითონ ადამიანი? მაგრამ ჩვენ აქ პარადოქსს ვხვდებით. ჩვეულებრივ, დაბალი ზნეობის ადამიანები საკუთარი თავით კმაყოფილნი არიან სავსებით, ხოლო ღმერთთან მიახლოებასთან ერთად ადამიანს თავისი ცოდვების ხედვა განუცხადდება: წმინდანებს მიაჩნდათ, რომ მათ არაფერი გაეკეთებინათ ღირსი ცხონებისა. როგორ შეიძლება ვიმსჯელოთ გარეგან საქმეებზე, როცა უფალი გვამცნობს, საიდუმლოდ აღვასრულოთ მოწყალება და დავფაროთ ისინი ყველაზე ახლობელი ადამიანებისგანაც კი. იგი განსჯის ფარისევლებს, რომლებმაც სიკეთე ამაო მედიდურობის სავაჭროდ და თავიანთი ალალმართლობის სახალხო დემონსტრაციად აქციეს. სხვა მაგალითი ავიღოთ: ადამიანებს გულწრფელად სურთ სიკეთის ქმნა, მაგრამ მისი აღსრულებისთვის, თურმე, მთელი რიგი გარეგანი პირობებია საჭირო, რომლებიც ყოველთვის როდია დამოკიდებული ადამიანზე. ზოგიერთებს აქვთ ჩანაფიქრის აღსრულების შესაძლებლობა, სხვები თითქმის გადაულახავ წინააღმდეგობებს აწყდებიან. ნუთუ გარეგანზეა დამოკიდებული ადამიანის სულიერების ხარისხი? მაშინ ცხონება ბედნიერ შემთხვევაზე იქნებოდა დამოკიდებული. ზოგიერთი ადამიანი ჯანმრთელია, ძლიერი ორგანიზმი აქვს, სხვები სუსტები და ავადმყოფები იბადებიან; ზოგიერთს განვითარებული და გაწაფული ინტელექტი აქვს, სხვებს - მარტივი გული; ზოგს სხვა ადამიანისთვის შრომა შეუძლია, ზოგი კი თვითონ საჭიროებს მოვლას; ზოგს ღვთისმეტყველობა და ფილოსოფოსობა ძალუძს, ზოგი კი შეცდომებით კითხულობს ლოცვებს. ნუთუ ამაზე - ინტელექტუალურ ან სოციალურ ელიტარულობაზეა დამოკიდებული ცხონება? ამგვარი კრიტერიუმები ღმერთისთვის უღირსი იქნებოდა. ცხადია, ქველის საქმეთა მიღმა სხვა რამ უნდა იდგეს, უფრო დიდი რამ, ვიდრე ქველმოქმედებაა. მაგრამ არსებობს ამ საკითხის სხვა, თითქმის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი. ადამიანი ძლიერ დაზიანებულია ცოდვით და მადლის გარეშე მთელი მისი ქველმოქმედება გამოფუტურებულია (გეგონება მატლებს გამოუჭამიათო) ამპარტავნებით, ამაო მედიდურობით, თავის მოყვარეობით, პატივმოყვარეობით, ხორციელი სურვილებით, მეტოქეობით, მშვინვიერი, ვნებიანი სიყვარულით, რომელიც თავისი გემოვნებით ირჩევს ადამიანებს ქველისმოქმედებისათვის. თვინიერ მადლისა შეუძლებელია სიკეთის სუფთად აღსრულება. ნეტარი ავგუსტინე წარმართთა სათნოებებს „ბრწყინვალე მანკიერებებს" უწოდებდა. რაც უფრო სულიერია ადამიანი, მით უფრო ცხადად ხედავს ჩვენი ქველმოქმედების ნაკლულოვანებასა და სიცრუეს. ჩვენი, ადამიანის სიმართლე საღმრთო სიმართლის წინაშე, ესაია წინასწარმტყველის სიტყვით, ბინძურ სამოსელს ჰგავს. ადამიანის პიროვნების საიდუმლო მისი გულის სიღრმეშია, იქ ხდება მთავარი - არჩევანი ღმერთსა და სატანას შორის. ხშირად ადამიანის მზაკვარი გული სატანას ირჩევს და ქველისმოქმედებით ინიღბება. ცოდვისგან განწმენდა შეუძლებელია საღმრთო მადლის გარეშე. ჭეშმარიტ სიკეთეს, მარკოზ მოღვაწის სიტყვით, მხოლოდ მადლი იქმს. ადამიანის ქველისმოქმედებით ცხონების თეორია ზღაპარს ჰგავს ბარონ მიუნჰაუზენზე, რომელიც, ჭაობში ჩაფლული, საკუთარ ნაწნავს ძლიერად ქაჩავდა ზევით და ლიამპალიდან ასე ამოგლიჯა თავი ცხენიანად. ეს სწავლება ადამიანის პირველქმნილი ცოდვის იგნორირებას ახდენს, ანუ ის ცრუ ანთროპოლოგიას ეფუძნება. როცა ერთი დოგმატური რგოლი ამოვარდება, მთელი ჯაჭვი ირღვევა. დოგმატი გამოსყიდვის შესახებ, ამ თეორიის მიხედვით, აღარ წარმოადგენს აუცილებლობას, და ქრისტეს მსხვერპლი, უკეთეს შემთხვევაში, ზნეობრივ მაგალითად აღიქმება. ადამიანის ცხონება მხოლოდ მისი ბუნებრივი ძალებით, მისი მსოფლმხედველობის გარეშე არა მარტო გაგრძელებაა პელაგის ერესისა, არამედ მისი გაღრმავებაც. ჩვენს „გულკეთილ" ლიბერალებს თითქოს დაუვიწყებიათ ჯოჯოხეთისა და დაცემული სულების არსებობა. ზოგიერთი მათგანი ამ მათთვის უსიამოვნო საკითხებს იგავურად განმარტავს, სხვები უფრო მეტად განცხადებულად გამოხატავენ, რომ არ სწამთ სატანისა და მისი შავბნელი მეუფების არსებობისა. მათი უმრავლესობა კი, უბრლოდ, დუმილით უვლის გვერდს დემონოლოგიას. მართლმადიდებელი ეკლესია და წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ჩვენ გვყავს ადამიანის ძალაზე აღმატებული მტერი, რომ ცოდვა არა მარტო არასრულყოფილებაა და შეცდომა, არამედ - დემონური ძალის რეალური მყოფობა და ქმედება. თავისი ძალებით ადამიანი უძლურია კოსმიური მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. აქ საჭიროა შემწეობა იმისა, ვინც კოსმიური ბოროტების მატარებლებზე ძლიერია. ადამიანის საღმრთო მადლი აცხონებს, ხოლო ადამიანის ძალისხმევა, მისი ბრძოლა და შრომა საღმრთო მადლს მის სულში ქმედების ადგილს აძლევს, ან, სხვა სიტყვებით, ადამიანის თავისუფალი ნება მადლს ემორჩილება. მაგრამ თვით მორჩილება მადლისა ასევე მადლის ქმედებაა, რომლის ხმობასაც ადამიანის სულმა თავის საიდუმლო სიღრმეში თანხმობით უპასუხა. ქრისტეს ჯვარი ქრისტეს მიერ ადამიანის თავისი თავით შენაცვლებაა ჯოჯოხეთის უფსკრულის წინაშე, რომელიც არსებობს როგორც კოსმოსში, ისე ადამიანის გულში. თეორია ქველის საქმით ცხოვნების შესახებ ყოველ ადამიანს თავისი თავის მაცხოვრად აქცევს. ეს თეორია ჰგავს ექოს ინტერნაციონალს, რომელიც ამბობს: არავინ გამოგვიხსნის ჩვენ: არც მეფე, არც ღმერთი, არც გმირები, თავისუფლებას მივაღწევთ ჩვენ ჩვენი ძლიერი ხელებით. ჩვენი რწმენით, ლიბერალური ქრისტიანობა გიგანტური ნაბიჯებით მიემართება „ქრისტიანული" ათეიზმისკენ.
თარგმნა ია მელიქიძემ Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |