მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > დეკანოზი ა. შმემანის „დღიურების“ კვალდაკვალ

დეკანოზი ა. შმემანის „დღიურების“ კვალდაკვალ


24-03-2017, 00:07

 

   დეკანოზი ალექსანდრე შმემანის პიროვნებისა და ღვთისმეტყველების მიმართ ინტერესი ძალიან გაიზარდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. დაკვირვებული მკითხველი მის ნაშრომებში შენიშნავს მართლმადიდებელი ეკლესიის ძირძველი, მამებისეული მსოფლმხედველობის ახლებური ფორმით გადმოცემის ძლიერ მისწრაფებას. ამ ნიშნით განსაკუთრებით თვალსაჩინოა ა. შმემანის „დღიურები", რომელშიც, სხვა ნაშრომებთან შედარებით, უფრო მკაფიოდ წარმოჩინდა ავტორის შინაგანი სამყარო, მართლმადიდებელ ღვთისმეტყველებაში ნეოპატრისტიკული და მეტაპატრისტიკული სულისკვეთების დამკვიდრების ძლიერი სურვილი.

   ვიდრე „დღიურების" განხილვას შევუდგებოდეთ, ორიოდე სიტყვით მიმოვიხილოთ დეკანოზ ა. შმემანის ბიოგრაფია.

   რუსული ემიგრაციის წარმომადგენელი, მოდერნისტი ღვთისმეტყველი ალექსანდრე შმემანი 1921 წ. ტალინში (ესტონეთი) დაიბადა. საშუალო განათლება ვერსალის რუსულ კადეტთა კორპუსში მიიღო (1930-1938 წ.წ.). შემდეგ სწავლება ფრანგულ ლიცეუმ კარნოში, მოგვიანებით კი (1945 წლამდე) ეკუმენისტური სულისკვეთებით ცნობილ პარიზის წმ. სერგის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში გააგრძელა. 1945 წ. მღვდლად ეკურთხა. 1964-1983 წლებში იგი დეკანოზ იოანე მეინდორფთან და მთავარეპისკოპოს იოანე შახოვსკისთან ერთად მონაწილეობდა ამერიკის ავტოკეფალური ეკლესიის დაარსებაში. 1953 წელს მან პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „ლიტურგიკული ღვთისმეტყველების შესავალი". შმემანის სპეციალობა იყო ეკლესიის ისტორია. მას ხელმძღვანელობდა მოდერნისტი ღვთისმეტყველი ალექსანდრე კარტაშოვი. ა. შმემანის „დღიურებში" გაეცნობით „პარიზის სკოლის" პირველი და მეორე თაობის ისეთ გამოჩენილ წარმომადგენლებს, როგორებიცაა: ს. ბულგაკოვი, ნ. არსენიევი, გ. ფლოროვსკი, ნ. ზერნოვი, ნ. სტრუვე, მიტრ. ანტონი სუროჟელი, ი. მეინდორფი, კიპრიანე კერნი, ვ. კრივოშეინი და სხვა.

   შმემანის მსოფლმხედველობის განხილვა რთულია იმიტომ, რომ ავტორი ძალიან ოსტატურად ახერხებს მართლმადიდებლური ტერმინოლოგიით თავისი იდეოლოგიის შენიღბვას; თუმცა „დღიურებში" ის საკმაოდ გულახდილია. „დღიურების" წერის სტილი გვაგონებს საახლობლო წრეში ჩამომჯდარი ადამიანის „თავისუფალ" მსჯელობას, მაგრამ ეს მსჯელობა ხშირად ეკლესიის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება.

   „დღიურებში" შეიმჩნევა ავტორის ერუდიცია, ცხოვრებისეული საკითხებისადმი ინტერესი. მეტიც, საეკლესიო ცხოვრებაზე მეტად პუშკინიდან დაწყებული სხვა მრავალი პოეტის, მწერლისა თუ მოაზროვნის შემოქმედება აინტერესებს. ვინც გაეცნობა ა. შმემანის „დღიურებს", შეიძლება დაინახოს მასში ქრისტიანი მწერალი, მაგრამ არა მართლმადიდებელი მოძღვარი, ღვთისმეტყველი, რომლისთვისაც მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა გარდამოცემა, წმინდა მამების დოგმატური განსაზღვრებანი წარმოადგენდნენ უპირობო ავტორიტეტს. ასევე მისთვის უინტერესოა მისივე ეპოქის ისეთი გამოჩენილი ღვთისმეტყველები (მაგალითად, ვლ. ლოსკი, მღვდელ-მონაზონი სერაფიმე როუზი, მ. პამაზანსკი თუ სხვა), რომლების ღვთისმეტყველებაც მამებისეულ მსოფლმხედველობასა და სულისკვეთებაზეა დაფუძნებული. სამაგიეროდ, „დღიურებში" გაეცნობით „პარიზის სკოლის" ერეტიკულ - მოდერნისტული ხედვების მქონე პიროვნებებს, (მაგ. ს. ბულგაკოვი, ზეინკოვსკი, კარტაშევი), რომლებმაც, მისი თქმით „რაღაც შესძინა მას".

   ცნობილია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მყარი, დოგმატური და პატრისტიკული სწავლების გაბათილების, გაუბრალოებისა და უარყოფის მიზნით მოდერნისტი ღვთისმეტყველები ოსტატურად იყენებენ სასვენ ნიშნებს, მაგალითად ფრჩხილებს. ამ მეთოდს მიმართავენ „იმქვეყნიურ ცხოვრებაზე", „ბიზანტიურ ღვთისმეტყველებაზე", „პატრისტიკასა" და „ძველი დროის წმინდა მამებზე" და ა.შ. საუბრისას. ამ შემთხვევაში სასვენი ნიშანი ირონიულ ელფერს ანიჭებს სიტყვების აზრს. ამ მეთოდის გამოყენების „დიდოსტატად" ა. შმემანიც გვევლინება.

   მოვიშველიებთ რამდენიმე მაგალითს ა. შმემანის „დღიურებიდან".

   ბიზანტიაზე საუბრისას ის წერს: „ჩემი ცხოვრების რაღაც მომენტში, რამოდენიმე წლიანი „ბიზანტიზმით" გატაცების შემდეგ, ბიზანტია ჩემთვის გაუბრალოვდა და მოსაწყენი გახდა... მართლმადიდებლობა არა ბიზანტიისკენ დაბრუნებას, არამედ მის ეკლესიის ცხოვრებასა და ისტორიაში მისი ადგილის განსაზღვრისას, შეფასებას საჭიროებს. ამის ნაცვლად განხორციელდა „დაბრუნება", რითაც ბიზანტია კერპად გადაიქცა".1

   „ათენის მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა კონფერენციაზე შეკრებილ პროფესორებს ვუსმენდი და ვფიქრობდი: რა უცნაური ეპოქაა, რამდენი რამაა „მოგონილი" მართლმადიდებლობის რედუქცია „მამებისკენ" და „სულიერებისკენ". მათგან (წმინდა მამებისაგან - ავტ.) შექმნეს კერპები, ყოველგვარი ბოროტებისაგან დაცულობის პანაცეა. სექტანტური აზროვნება ზეიმობს. მხოლოდ მამები, მხოლოდ „სათნოებათმოყვარება" („Добротолюбие")... უღმერთობა და რაღაცნაირი არასერიოზულობაა ყოველივე ეს".2

   „სერბეთში ყველაფერი დაკავშირებულია მ. იუსტინე პოპოვიჩთან და მის ორ მოწაფესთან... ყველგან პატრისტიკაა. მე მაშფოთებს ამ ხაზის გაიგივება მართლმადიდებლობასთან... „ბიზანტიზმი" ზეიმობს"...3

   არანაკლები ირონიით საუბრობს ა. შმემანი წმინდა მამებზე:

   „გუშინ ვივახშმე ჩვენს სტუდენტთან N, კუთხეში ხატია: სამი „გმირი მართლმადიდებლობისა" - პალამა, ფოტი, მარკოზ ეფესელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ანტიკათოლიკური ხატია".4

   „გადავხედე ეპ. ეგნატე ბრიანჩანინოვის წიგნს სიკვდილის შესახებ. როგორ შეიძლება ასეთი წიგნების კითხვა? როგორ შეიძლება ყოვლივე ამის რწმენა! ჯოჯოხეთი დედამიწის შიგნით... რაღაც უცნაური დოკუმენტებიდან ამის ციტირება. გაუგებარია ეს მიდგომა და შემართება. მან შვა „ფუნდამენტალიზმი", რომელიც ყველაფერს მოეფინა".5

   „გუშინ წავიკითხე ფსევდო დიონისე არიოპაგელის „საეკლესიო იერარქია". რას ნიშნავს ის თანამედროვე სამყაროში? ან რას ნიშნავდა ყოველივე ეს იმ სამყაროში, როდესაც დაიწერა? რას ნიშნავს ამ „corpus”-ის წარმატება ბიზანტიაში?... მაგრამ აი, კვლავ ამ „მემკვიდრეობისკენ" მოგვიწოდებენ".6

   შემაშფოთებელია ა. შმემანის დამოკიდებულება მართლმადიდებელი ეკლესიისა და მსოფლიო კრებებისადმი: „... სულიერ რეალობაში არანაირი „მსოფლიო კრებების ეპოქა" არ არსებობს. არსობრივად ისინი (კრებები) არაფერს ცვლის ეკლესიაში და ამ ნიშნით ისინი „ფარდობითებია", როგორც ეკლესიის სხვა დანარჩენი ფორმა და გამოხატულება".7

   „ისტორიულად მართლმადიდებლობის განმსაზღვრელი ყოველთვის იყო „მართლმადიდებლური სამყაროს" უცვლელობა და არა არსობრივად მართლმადიდებლობა, ანუ ჭეშმარიტება. უცვლელია იმიტომ, რომ მართლმადიდებლურია, მართლმადიდებლურია იმიტომ, რომ უცვლელია. ვინაიდან ეს სამყარო უდავოდ და რადიკალურად იცვლება, კრიზისის პირველ ნიშნად ძირეული შიზოფრენია უნდა მივიჩნიოთ, რომელიც ნელ-ნელა დამკვიდრდა მართლმადიდებლურ ცნობიერებაში: ცხოვრება არარეალურ და არარსებულ სამყაროში, დაფუძნებული ვით რეალურსა და არსებულში. მართლმადიდებლურმა ცნობიერებამ „ვერ შეამჩნია" ბიზანტიის მარცხი".8

   როგორც ვხედავთ, ა. შმემანი, ფაქტობრივად ლამობდა შეეცვალა ჭეშმარიტების გაგება. ის გმობდა წმინდანებს, მოღვაწეებსა და აღმსარებლებს. დეკანოზ ალექსანდრეს წიგნები, განსაკუთრებით კი მისი „დღიურები" მხოლოდ იმიტომ კი არ არის საფრთხე, რომ აშკარად ცილს სწამებს ეკლესიას, რომ ეკლესიაში დამანგრეველი რეფორმების გატარება სურს, არამედ იმიტომ რომ, იგი ცდილობს ჭეშმარიტების, როგორც ასეთის, უარყოფას. საფანელი კი პრ. შმემანის ყველა ანტიეკლესიური გმონათქვამისა გახლავთ ორჭოფეულ - საჭოჭმანო სიტყვები: „შესაძლოა", „ალბათ", „სავარაუდოთ" და ა.შ. რომლებიც ხშირად გვხვდება მის „დღიურებში".

   ამრიგად, „პარიზის სკოლის" მეორე თაობის გამოჩენილი წარმომადგენელის ა. შმემანის შემოქმედებაში ერთმნიშვნელოვნად შეინიშნება პირველი თაობის, (აფანასიევის, კარტაშევის, ფლოროვსკისა და სხვათა) ნეოპატრისტიკული და მეტაპატრისტიკული სული, რომელიც ჩვენი დროის მოდერნისტებში კიდევ უფრო რევოლუციური ფორმით გამოვლინდა. (გაგრძელება...)

 

 

1А. Шмеман. Дневники. 1974. 1 Март.

2იქვე. 1976. 13 Июнь.

3იქვე. 1980. 1 Октябр.

4იქვე. 1981. 3 Декабр.

5იქვე. 1981. 30 Сентябрь.

6იქვე. 1982. 10 Март.

7იქვე. 1974. 12 Ноябрь.

8იქვე. 1974. 19 Январь.

 

დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება