მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > მადლიერების შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
მადლიერების შესახებ - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)25-03-2017, 00:09 |
მადლიერების გრძნობა - ეს ადამიანისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ბუნებრივი და იმავდროულად კეთილშობილური გრძნობაა. მადლიერება ხსოვნაა მიღებული სიკეთისა, რომელიც ქვაზე დაწერილივით ინახება გულში და სიკეთის წილ სიკეთის მიგების სურვილში გამოიხატება. შეიძლება სხვაგვარად ითქვას: მადლიერება - ეს თბილი გრძნობაა, რომელიც ადამიანებს შორის განსაკუთრებულ ემოციურ ველს ქმნის. მადლიერება თვინიერთა ხვედრია. ამაყს არ შეუძლია მადლიერი იყოს, რადგან ეჩვენება, რომ პირადი ღირსებების გამო მხოლოდ აღტაცებას იმსახურებს. მადლიერება ადამიანებს სულიერად აახლოებს, მათ უნდობლობასა და ეჭვს აცილებს და მტრებსაც კი მეგობრებად ხდის. თუმცა, აქ შესაძლოა წარმოიშვას უსწორობანი და შეცდომები, რომელთა შესახებაც უნდა გვახსოვდეს. ქრისტიანობის საფუძველი - სიყვარულია. სიყვარულის ქმედითი გამოხატულებაა - მსხვერპლი. მოწყალება - ეს ყოველდღიური მსხვერპლის სახეობაა, რომელშიც, როგორც ცეცხლში, ადამიანური ეგოიზმი იწვის. უფალმა ბრძანა: „გიჯობს მისცე, ვიდრე აიღო". სიყვარული თვისად არაფერს მიიჩნევს. ქრისტიანობაში ძღვენსა და მოწყალებას არა მხოლოდ ზნეობრივი, ასევე მისტიკური ხასიათიც აქვს: მისცე ქრისტესთვის ან გააკეთო ქრისტესთვის - ეს ნიშნავს, ქრისტეს მისცე ადამიანის მეშვეობით. სიტყვა „მოწყალება" არა ქცევა, არამედ უწინარეს ყოვლისა სულიერი განწყობაა, მოწყალება - ეს თანაგრძნობაა, თანაგანცდაა; მოწყალება - ეს სულიერი სიყვარულის ერთ-ერთი თვისებაა, ეს არის კაცთა მოდგმის ერთიანობის გრძნობა. მოწყალესათვის თითოეული ადამიანი მისი ახლობელია. მრავალფეროვანია მოწყალების სახეობები და ფორმები, მაგრამ ერთია მათი საფუძველი - სხვაში შეგეძლოს საკუთარი თავის დანახვა, სხვა საკუთარი თავით შეცვალო. ამიტომ მოწყალება ადამიანის გონებასა და ყოფიერებას აფართოებს, ეგოიზმი და თავისმოყვარება კი ცხოვრებას ზღუდავს და აღატაკებს. მოწყალება სიყვარულის განუყრელი თანამგზავრია, ხოლო სიყვარული გულის დიდი თავისუფლება, სიმშვიდე და „სივრცეა". სიტყვა - „ძღვენი" – „უფასოს", „უსასყიდლოს" ნიშნავს: ძღვენი ისაა, რაც გათვლას და სამართლიანობის შესახებ ქვეყნიურ გაგებასაც კი არ ექვემდებარება. ძღვენი - ეს ადამიანისათვის მისაწვდომი მიბაძვაა ღვთისა, რომელიც ადამიანს ყოველივეს უსასყიდლოდ აძლევს. ძღვენი და მოწყალება, როგორც ადამიანის სულის თავისუფალი ქმედება, პასუხს და სამაგიეროს არ უნდა იმედოვნებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ანგარიშში, ურთიერთგაცვლაში, ურთიერთდახმარებაში, მომსახურებაში და მის ანაზღაურებაში გადაიზრდება. მაშინ სიტყვები - „ძღვენი" და „მოწყალება", თავიანთ შინაარსს აღარ პასუხობენ და ისინი სხვა სიტყვებით უნდა შეიცვალოს: ვაჭრობა, და ყიდვა, ზოგჯერ - მომგებიანი საწარმო, სადაც პროცენტებითა და ჭარბი მოგებით წარმატებას მოელიან. ამ ცრუ „ძღვენის" ყველაზე ცუდი სახეობაა, როცა ამით ადამიანის თავისუფლებას ყიდულობენ და მონამ თავისი ახალი ბატონისათვის უნდა იმუშაოს. ის, ვინც გასცემს, ადამიანისაგან საპასუხოდ არაფერს უნდა მოელოდეს. თუკი ის ჭეშმარიტად ქრისტესთვის აკეთებს, მაშინ ქრისტესაგან იმაზე მეტს მიიღებს, ვიდრე მოელის. თუკი მან ეს სიყვარულის გამო გააკეთა, მაშინ ჯილდოს თვით სიყვარულში მიიღებს: სიყვარული გულში - ეს დიდი ბედნიერებაა. თუკი მოწყალება დაფარული სურვილით გაიღო, მისთვის მადლი იქნება, თუ არაფერს მიიღებს და შერცხვენილი იქნება მისი ხრიკები. შეიძლება ხშირად გაიგონო სიტყვები: მე ადამიანს სიკეთეს ვუკეთებ, მისგან კი უმადურობას ვიმკი. უცნაური წინააღმდეგობაა: მადლიერების მოლოდინით გაკეთებული სიკეთე ხომ უკვე აღარ არის სიკეთე, არამედ ანგარებაა. ქრისტემ თქვა: „როცა ერთი ხელი წყალობას გასცემს, დაე მეორემ არაფერი იცოდეს ამის შესახებ". ადამიანმა სხვისთვის გაკეთებული სიკეთე უნდა დაივიწყოს, ის წყალზე დაწერილივით უნდა გაქრეს მისი მეხსიერებიდან. ის თავის განძს ამით საიმედო სამალავში შეინახავს. ადამიანები ჩვეულებრივ ვერ მშვიდდებიან, განიცდიან და ყვებიან, რამდენი სიკეთე გააკეთეს და საპასუხოდ ვერაფერი მიიღეს, თითქოსდა მოატყუეს ისინი. მსგავს შეცდომას ის ადამიანები უშვებენ, რომლებიც ძღვენს არ უყურებენ როგორც ქრისტიანული სიყვარულის ნიშანს, არამედ დაკაბალებულები თავს მოვალედ თვლიან ის გამოიმუშაონ და გადაიხადონ, დაძაბულები ფიქრობენ, პასუხად რა იღონონ, რა აჩუქონ, შიშობენ, არ გამოჩნდნენ უმადურები და ამით არ დამცირდნენ, სამსახურის შეთავაზებისთვის შემთხვევას ეძებენ, რათა მევალეს მალე გაუსწორდნენ. არც თუ იშვიათად საკუთარ თავს სიყალბეს, თავის მოკატუნებას, სიცრუეს აიძულებენ, ანუ სულით, როგორც წვრილი ფულით გადახდას. მაშინ ადამიანში სიყვარულის ნაცვლად შინაგანი მონური დამოკიდებულება ჩნდება, რომელმაც შესაძლოა იდუმალი, ყრუ გაღიზიანება გამოიწვიოს იმის მიმართ, ვინც დახმარება და წყალობა აღმოუჩინა: ხომ არ შეიძლება მოვალეს ვალის მიმცემი უყვარდეს. ზოგჯერ ფსიქოლოგიური პარადოქსი ხდება: იმისათვის, რომ დამოკიდებულებისაგან გათავისუფლდეს, რომელიც ადამიანმა თავს თვითონვე მოიხვია, იმასთან კონფლიქტზე მიდის, ვინც სიკეთე გაუკეთა. ამიტომაც არსებობს ქვეყნად ასეთი უცნაური რამ: თითქოსდა შურს იძიებენო, სიკეთეს ბოროტებით უხდიან. ამაში დამნაშავე კი საკითხის არასწორად დაყენებაა, - მადლიერების, როგორც ვალის ცრუ გრძნობა. ძღვენმა და მოწყალებამ ადამიანის თავისუფლება არ უნდა შეზღუდოს, მაშინ ექნება მას ჭეშმარიტი მადლიერება და სიყვარული არა ძღვენის, არამედ თვით სიყვარულის გამო. სიყვარული, როგორც გრძნობა, თავის მიძღვნით არ მცირდება, ის უფრო მატულობს. ისინი, ვისაც მადლიერების შეცვლა წვრილმანი გათვლებითა და ანგარიშით უნდათ, ჩვეულებრივ თვითონ არ არიან მოწყალებაში გულწრფელნი. ჩვენი გახრწნილება და სიცრუე ყველაზე წმიდა სიტყვებითა და ცნებებით სპეკულანტობენ, ამიტომ თვალი უნდა ვადევნოთ, რომ ძღვენის მიცემით და სამოწყალო საქმის კეთებით არ ვიყიდოთ, ხოლო მიღებით - არ გავყიდოთ. ყველაზე უწინ და ყველაზე მეტად უნდა ვემადლიეროთ ღმერთს, რომლის გარეშეც არაფერი კეთდება, შემდეგ კი - ადამიანს, როგორც მის იარაღს და ამით ქრისტეს მიერ მოძღვნილი თავისუფლება შევინარჩუნოთ.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თარგმნა ნინო გულიაშვილმა Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |