მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „პარიზის სკოლის“ ნეოპატრისტიკული, მეტაპატრისტიკული და ეკლექტური „ღვთისმეტყველება“

„პარიზის სკოლის“ ნეოპატრისტიკული, მეტაპატრისტიკული და ეკლექტური „ღვთისმეტყველება“


24-01-2020, 00:07

 

   წმინდა მამები გვასწავლიან: თუ გსურს დასძლიო ცოდვა, იპოვე მისი სათავე. ამ პრინციპით დღესაც ხელმძღვანელობენ ავტორიტეტული ღვთისმეტყველები. თანამედროვე საღვთისმეტყველო პრობლემებს - წმინდა გარდამოცემისადმი, წმინდა მამათა სწავლებისადმი უდიერ დამოკიდებულებას, თავისი საწყისები გააჩნია. დღეს რომ პარიზის სკოლის „შემოქმედების" ნაყოფს ვიმკით, იმთავითვე შენიშნა მღვდელმონაზონმა სერაფიმემ (როუზი), დეკანოზმა მიხეილმა (პამაზანსკი), თანამედროვე ღვთისმეტყველთაგან ნევპაქტის მიტროპოლიტმა იერეთეოსმა (ვლახოსი) და სხვა მრავალმა, მართლმადიდებლური ინტუიციის მქონე ქრისტიანმა.

   ხელთ გვაქვს ნევპაქტელი მიტროპოლიტ იერეთეროსის წერილი: „ნეოპატრისტიკული, მეტაპატრისტიკული და ეკლექტური „ღვთისმეტყველება"". მასში მღვდელმთავარი აცხადებს, რომ თანამედროვე საღვთისმეტყველო პრობლემების სათავეს ე.წ. „პარიზის სკოლის ღვთისმეტყველებაში" ხედავს. მეუფე წერს: „სწორედ პარიზის სკოლის „ღვთისმეტყველების" საფუძველზე შეიქმნა ტერმინები: „ნეოპატრისტიკული" და „მეტაპატრისტიკული" ღვთისმეტყველება. თავდაპირველად გაჩნდა ტერმინი „ნეოპატრისტიკული", რაც გულისხმობს, რომ არ გვმართებს წმ. მამათა ტექსტებით ხელმძღვანელობა; უნდა მხოლოდ მათი „სულისკვეთებით" შემოვიფარგლოთ, რათა ეს „სული" ჩვენს ეპოქაში გადმოვიტანოთ, ე.ი. წმ. მამები კვლევას უნდა დავუქვემდებაროთ: რას იტყოდნენ ისინი თანამედროვე პრობლემებზე და მისთ. ზოგიერთი კეთილგანმზრახველის მიუხედავად, ეს ერთობ სახიფათო რამ გახლავთ, ვინაიდან, სინამდვილეში, მთელი მამებისეული ღვთისმეტყველება ირღვევა. ვნებიანი ადამიანები შეეცდებიან მამებისეული „სული" თავიანთ ეპოქაში გადმოიტანონ. პატრისტიკული სულის ჩვენ დროში გადმოტანას კი ისეთი ადამიანები სჭირდება, რომლებიც ფლობენ მამებისეულ გამოცდილებას ან გარკვეულწილად უახლოვდებიან მას.

   ამის შემდეგ გამოიკვეთა მეტაპატრისტიკული ღვთისმეტყველება. ე.ი. მიჩნეულ იქნა, რომ საერთოდ არ ვსაჭიროებთ წმინდა მამათა სწავლებას, ვინაიდან: ა) ისინი სულ სხვა ეპოქაში ცხოვრობდნენ; ბ) სულ სხვაგვარ ონტოლოგიურ და კოსმოლოგიურ პრობლემებს ეჭიდებოდნენ; გ) ისინი „რაღაცნაირი, სრულიად განსხვავებული იდეალებით ცხოვრობდნენ, და შესაბამისად, ჩვენ ეპოქაში სათანადოდ ვერც დაგვეხმარებიან.

   ნეოპატრისტიკული და მეტაპატრისტიკული ღვთისმეტყველების თანახმად, მამებისეული ღვთისმეტყველება ფასეული თავის ეპოქაში იყო. მოგვიანებით დასავლური სქოლასტიკური ღვთისმეტყველება უფრო აღმატებულად მიიჩნიეს მამებისეულზე. თავის მხრივ, თანამედროვე „ღვთისმეტყველება" კი თურმე აღემატება მამებისეულსაც და სქოლასტიკურსაც...

   მსგავსი მოსაზრებები ნაღმია, თანამედროვე ღვთისმეტყველებაში ჩადებული. ერეტიკული ხასიათისაა მოსაზრება, რომ თითქოს საღვთო ჭეშმარიტება საუკუნეების მანძილზე ეტაპობრივად იხსნება, რომ ეკლესია დროთა განმავლობაში უღრმავდება საღმრთო გამოცხადებას. ამ დროს, მართლმადიდებლური სწავლება სავსებით მკაფიოდ მიგვითითებს, რომ „სრული ჭეშმარიტება" სულთმოფენობის დღეს ერთხელ და სამუდამოდ განცხადდა. აქედან გამომდინარე მიუღებელია ყოველგვარი „ჩაღრმავება დროთა კვალდაკვალ" ჭეშმარიტებაში. არ არსებობს ჭეშმარიტების არანაირი ეტაპობრივი გამოვლენა. ეკლესიამ „ერთხელ" განაცხადა ჭეშმარიტება და მას გვიხსნის ეპოქალური პრობლემების შესაბამისად. (წმ. თეოფანე დაყუდებული)

   ე.წ. ნეოპატრისტიკული და მეტაპატრისტიკული ღვთისმეტყველების წიაღში მყოფი თეოლოგები, დასავლეთში, პარიზში მოღვაწენი შეთანხმდნენ დასავლურ სამყაროსთან, რომ განსჯის, გონების მეშვეობით უპასუხონ სხვადასხვა გამოწვევებს. ჩვენ ძალიან გვჭირდება ისეთი ღვთისმეტყველები, როგორიცაა, მაგალითად, ვლ. ლოსკი. მან წმინდა მამებსა და სათნოებათმოყვარეობაზე დაყრდნობით შექმნა საღვთისმეტყველო შრომები. (თუმცა მის სწავლებაშიც შეინიშნება მიუღებელი შეხედულებები - ავტ.).

   პარიზის „ღვთისმეტყველთა" შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ავითარებენ ნეოპატრისტიკულ, მეტაპატრისტიკულ და ეკლექტურ (შერეულ) ღვთისმეტყველებას. საუბარია ეკუმენისტურ და პან-ეკუმენისტურ მოძრაობაზე.

   იკვეთება საერთო ხედვები, „შერეული" ღვთისმეტყველების ნიშნები ქრისტიანობისა იუდაიზმთან, ისლამთან და ინდიუზმ-ბუდიზმთან. მსგავსი „პერსპექტივის" ფარგლებში ესახებათ „კულტურული ცვლილებები", ვინაიდან, თურმე ქრისტიანებს ძალიან გვჭირდება მათთან შეხვედრები...

   მეტაპატრისტიკული და ეკლექტური (შერეული) იდეები წმინდა მამების საპირწონე ღვთისმეტყველებად ცხადდება, მამებისეული სწავლების გაყალბებით ახალი აზროვნება მკვიდრდება. ასე რომ, მეტაპატრისტიკული და შერეული ღვთისმეტყველება უდიდესი საფრთხეა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მას რელიგიურ სინკრეტიზმამდე მივყავართ, როგორც ცხოვრების წესის, ისე სარწმუნოებრივი საკითხების განსაზღვრებისას.

   მსგავსი „ღვთისმეტყველება", სინამდვილეში ეჭვქვეშ აყენებს ეკლესიის საზღვრებსა და დადგენილებებს, რომლებიც წმინდა მამებმა გადმოგვცეს. ე.ი. საფუძვლიანად ნადგურდება მსოფლიო კრებების ღვთისმეტყველება. საუბარია უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე, რომელსაც საეკლესიო - სამართლებრივ დონეზე უნდა დავუპირისპირდეთ.

   ამრიგად, რომ გავხდეთ კარგი მართლმადიდებლები და გაგვაჩნდეს ცხონების იმედი, საამისოდ საერთოდ არ ვსაჭიროებთ არც ნეოპატრისტიკულ, არც მეტაპატრისტიკულ და არც ეკლექტურ ღვთისმეტყველებას.

   ჩვენ ორი რამ გვჭირდება:

   1) დავრჩეთ ერთგულნი წმინდა მამათა და მსოფლიო კრებათა განსაზღვრებების, ვინაიდან ესაა უმნიშვნელოვანესი ნაწილი მართლმადიდებლური გარდამოცემისა - ჭეშმარიტი და ავტორიტეტული, მამებისეული თანხმობა (consensus partum).

   2) უნდა ვიპოვოთ „ცოცხალი ორგანიზმები", თანამედროვე მამები, რომლებიც ცხოვრობენ წმინდა წერილისა და მსოფლიო კრებების „სულით", რომლებიც თავიანთი ცხოვრებით ადასტურებენ მართლმადიდებლური დოგმატებისა და სულისკვეთების უტყუარობას, რომ ჩვენ გვიწინამძღვრონ ჭეშმარიტების გზაზე.

   სამწუხაროდ, მსგავს „ღვთისმეტყველთა" მომხრეებს გააჩნიათ პრობლემები ზემოთ მითითებული დამოკიდებულების თვალსაზრისით, ე.ი. მსოფლიო კრებების განსაზღვრებათა და „ცოცხალ ორგანიზმებთან" მიმართების ნიშნით.

   ამიტომ დღეს მეტად მნიშვნელოვანია მსოფლიო კრებების ღვთისმეტყველებისა და ისიხაზმის თანამედროვე ტრადიციასთან კავშირი ანუ ღვთისმეტყველების გამოცდილებასთან შეკავშირება. თუ ღვთისმეტყველება არ გამოიხატება გამოცდილებით, მაშინ ის არა ღვთისმეტყველება, არამედ მსჯელობაა და მოსაწყენია ადამიანისთვის. როდესაც გამოცდილება არ დასტურდება მსოფლიო კრებების ღვთისმეტყველებით, მაშინ ის პიროვნული მოსაზრებაა, რომელიც შესაძლოა „ეკლექტურ" ელემენტებსაც შეიცავდეს.

   დავასკვნით: მოდერნისტული „ღვთისმეტყველება", რომელიც ლამობს განთავისუფლდეს წმინდა მამათა ღვთისმეტყველებისაგან, ერთობ სახიფათოა ეკლესიისა და მისი ღვთისმეტყველებისთვის.1 (გაგრძელება...)

 

 

 

 

დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

 

 

1Митр. Навпактский. Иерофей (Влахос). Неопатристическое, Метапатристическое и Эклектическое богословие. Палама.ru.


უკან დაბრუნება