მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ფილოსოფიურ - მეცნიერული „შემოქმედების“ საცდური ღვთისმეტყველებაში
ფილოსოფიურ - მეცნიერული „შემოქმედების“ საცდური ღვთისმეტყველებაში20-03-2017, 00:07 |
სიახლე ყოველთვის მომხიბვლელია, მაგრამ ყოველთვის როდია მისაღები. მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში სიახლის შემოღებას ხშირად შემოაქვს შინაგანი წინააღმდეგობრიობა, ვინაიდან მართლმადიდებლობის არსი, მისი მნიშვნელობა წმინდა გარდამოცემის მტკიცე დაცვით ვლინდება. ეკლესიის მთელი ისტორია არის ბრძოლა გარდამოცემის ერთგულებისა და სიწმინდისათვის. საეკლესიო რეფორმებს, განმაახლებლობის საცდურს ღვთისმეტყველებაში სულიერი ცხოვრების დამახინჯება მოსდევს. საღვთისმეტყველო მეცნიერება, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, არცთუ ისე იოლი აღსაქმელია უბრალო (რიგითი) ქრისტიანისათვის, მით უფრო ისეთ სეკულარულ გარემოში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. ამდენად, საღვთისმეტყველო მუშაკობა მაშინაა სათნო ეკლესიისთვის, როდესაც ის ჭეშმარიტი გზით მიემართება, ხოლო საფრთხის შემცველი ხდება მაშინ, როდესაც ეს შრომა ეკლესიის ჭეშმარიტ სწავლებას ეწინააღმდეგება. წმინდა მამები ამბობენ: თუ მარილი განქარდა, მაშინ ეს რანაირი მართლმადიდებლობაა? თუ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება დაკარგავს თავის მნიშვნელობას, მაშინ ის რა საჭიროა? საღვთისმეტყველო შეხედულებათა შეუთანხმებლობა არახალია საღვთისმეტყველო მეცნიერებაში. კერძო საღვთისმეტყველო მოსაზრება არა ერთ წმინდა მამას გამოუთქვამს, მაგრამ ის, ვით მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება, არ მიუღია ეკლესიის სისავსეს. კერძო აზრი კერძო აზრად რჩება. გაცილებით უფრო საგანგაშოა, როდესაც არამართლმადიდებლური შეხედულება, მოსაზრება, თეოლოგუმენი მთლიანად საღვთისმეტყველო სკოლის, სასულიერო პირებისა თუ ერისკაცების დიდი ჯგუფის მიერაა გამოხატული, როდესაც ამ (მცდარი) იდეების ეკლესიის წიაღში დამკვიდრება მათი მთავარი მიზანი ხდება. ვშიშობთ, რომ ამის საფრთხე რეალურად არსებობს ჩვენს დროში. „პარიზის სკოლის" ფილოსოფიურ - მეცნიერულ - რელიგიური ხედვა, ერთი შეხედვით, განყენებული თეორიებია. სინამდვილეში ის მნიშვნელოვან კვალს ტოვებს ცნობიერებაში და ზეგავლენას ახდენს მომდევნო თაობებზე. მეოცე საუკუნის გამოჩენილი ღვთისმეტყველი პროტ. მიხეილი (პამაზანსკი) ამბობს: „საქმე ისაა, რომ ღმერთის შესახებ ყოველგვარი სიტყვა როდია ღვთისმეტყველება. არც ყოველი სიღრმისეული აზრი გახლავთ ფილოსოფია. ფილოსოფია სწორედ მაშინ გახდება მეგობარი რელიგიისა, როდესაც ის ღვთისმეტყველების მიღმა დარჩება. მაგრამ როდესაც ის იჭრება ღვთისმეტყველებაში და თავისი შეხედულებები შემოაქვს საღმრთო გამოცხადებაში, მაშინ ის ღვთისმეტყველების მტრად გვევლინება. ამ მისწრაფებაში იკვეთება შინაგანი ამბიცია: არა მხოლოდ „გაამდიდროს" ღვთისმეტყველება, არამედ უხელმძღვანელოს კიდეც მას. ცხადია, ამით ფილოსოფია არღვევს საღვთისმეტყველო აზროვნების წყობას. ის, ვინც უნდა ყოფილიყო „მსახური ღვთისმეტყველებისა" აცხადებს, რომ ადამიანის მოწოდება „თავისუფალი შემოქმედებითი" მოღვაწეობაა. ე.ი. იგი „საღვთისმეტყველო შემოქმედების" პრინციპს ამკვიდრებს ეკლესიაში. (О. А. Карташев. Православная Мысль. Париж 1948). აშკარად ეს ერთგვარი რევოლუციური მოძრაობაა. ძველი, მამებისეული ღვთისმეტყველება მიტოვებულია. მას მიაწებეს შტამპი: „სასკოლო ღვთისმეტყველება" და „ახალი ღვთისმეტყველების ეპოქის" დასაწყისი გამოაცხადეს. ახალი სკოლის (პარიზის სკოლა) ღვთისმეტყველების ცენტრი სხვა, განყენებული საკითხებისკენაა გადახრილი. საკვანძო საღვთისმეტყველო თემები კი, როგორებიცაა ძე ღვთისას ამქვეყნად მოვლინება, კაცობრიობის გამოხსნა, მეორეხარისხოვნად მოჩანს. ღვთისმეტყველებისთვის აბსოლუტურად უცხოა ახალი იდეები „სოფიაზე", „სამყაროს სულზე", „სამყაროს ლოგოსზე" და მისთ, რომლებზეც პარიზის სკოლის მრავალი წარმომადგენლის სწავლებაშია საუბარი. (Православная Мысль. Париж 1928, №1. 74).1 მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) კი პარიზის სკოლის წარმომადგენლებს მეცნიერულ (მით უფრო კათოლიკურ და პროტესტანტულ) მიდგომებს უწუნებდა. ის წერდა: „რუსულ ემიგრაციაში ახალი სკოლის წარმომადგენელი „ღვთისმეტყველები"... მეტისმეტად მოწადინებულნი არიან მხარი აუბან ინტელექტუალურ მოდას, ციტირებენ ბოლო დროის კათოლიკე და პროტესტანტ მეცნიერებს, ბაძავენ თანამედროვე ცხოვრებაში, განსაკუთრებით აკადემიურ სამყაროში, დამკვიდრებულ დაუდევარ ტონს".2 ახალი სკოლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შუა საუკუნეებიდან ქრისტიანობა ძლიერ აირია თავის სწავლებებში, ბუნებრივი მეცნიერების გარეშე მასში გარკვევა შეუძლებელია. მათი აზრით, მხოლოდ უახლესი მეცნიერული შეხედულებების თეოლოგებს ძალუძთ იპოვონ ჭეშმარიტება და შეიმუშაონ ახალი, „ზუსტი" ღვთისმეტყველება. „ჩვენ ვითხოვთ საბოლოო, არგუმენტირებულ მტკიცებულებას", ამბობენ რეფორმატორები. ჩვენ ვეძებთ არა რწმენას, არამედ მტკიცებულებას და, რა თქმა უნდა, ის არ ცვივა ზეციდან გამოცხადების სახით. ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ ის ცოცხალ კავშირში მეცნიერებასთან, იმ ძალასთან, რომელიც ჩვენ მასში გვედავება".3 ე.ი. ევროპელი ადამიანის რაციონალისტურმა მიდგომამ მიიყვანა პროტესტანტული სამყარო ღვთისმეტყველების „მეცნიერულ" კრიტიკამდე. შედეგად, თავად პროტესტანტი თეოლოგები მოიცვა ძლიერმა პანიკამ ანტიბიბლიური კრიტიკის სკოლების ამგვარი მიმართულების გამო. ერთ-ერთი გამოჩენილი პროტესტანტი თეოლოგი შლეირმახერი თავის მიმდევარ ლიუკეს წერდა: „თუ დავაკვირდებით თანამედროვე ბუნებათმცოდნეობის განვითარებას, რამდენად მოიცვა მან თავისი მეცნიერების მსგავსი გამოკვლევებით მთელი მსოფლიო, რა წინათგრძნობა გეუფლება მომავლის ხვედრზე? ვფიქრობ, მრავალ შეხედულებაზე, ქრისტიანობის განუყოფელ ნაწილად რომ მივიჩნევდით, უარის თქმა მოგვიწევს... ჩვენი სახარებისეული სასწაულები, არაფერს ვამბობ ძველი აღთქმის სასწაულებზე, ადრე თუ გვიან დაეცემა „საუკეთესო და ურყევი მეცნიერული მტკიცებულებებით". რა მოხდება მაშინ?!"4 დრო, რომლის შესახებაც წერდა დამფრთხალი შლეირმახერი, მალე დადგა და პროტესტანტიზმს დაემართა ის, რაც დაემართა - ის ურიცხვ შეხედულებად და სწავლებად გაიხლიჩა, დაიშალა. მაგრამ ეს საფრთხე, პარიზის საღვთისმეტყველო სკოლის წარმომადგენლებმა ჯეროვნად და დროულად ვერ შეაფასეს. დაესხნენ რა დასავლური სკოლების კრიტიკანიზმს, მათ თავიანთი ინტელექტუალური უნარი მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიისა და ტრადიციის კრიტიკული ანალიზისთვის გამოიყენეს. შედეგად, პარიზის სკოლის მეორე თაობის წარმომადგენელთა ნაშრომებს პროტესტანტული სულისკვეთების აშკარა კვალი დაეტყო. ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბროთ. (გაგრძელება...)
დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
1М. Памазанский. Соблазны философского ”Творчества” в богосливии. Антимодернизм.ру. 2მამა სერაფიმე როუზი. ცხოვრება და შრომები. თბ. 2015. გვ. 478. 3Плоды экуменического древа. Т32. Иер.Мон. Августии. Стр. 67. 4იქვე გვ. 67. უკან დაბრუნება |