მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „პარიზის სკოლის“ პირველი თაობა

„პარიზის სკოლის“ პირველი თაობა


20-01-2021, 17:33

 

 

 

   XX საუკუნის დამდეგს რუსეთში განვითარებული მოვლენების (რევოლუცია, მონარქისტული წყობის ნგრევა...) შემდეგ ათი ათასობით რუსი - მათ შორის გამოჩენილი მოაზროვნეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, ფილოსოფოსები თუ ღვთისმეტყველები, - ევროპაში გადასახლდნენ. ინტელექტუალების ერთმა ნაწილმა პარიზში დააარსა ღირსი სერგი რადონეჟელის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, რომელიც მოგვიანებით „პარიზის სკოლის" სახელწოდებით გახდა ცნობილი.

   „პარიზის სკოლა" სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და შეხედულების პიროვნებებისაგან ჩამოყალიბდა. იქ იყვნენ მართლმადიდებელი ღვთისმეტყველებიც (ვლ. ლოსკი), ტრადიციულობით სხვაზე მეტად გამორჩეული დეკ. გიორგი ფლოროვსკი, თავისუფალი აზროვნების მომხრე ფილოსოფოსები (ნ. ბერდიაევი, ვლ. სოლოვიოვი, ს. ბულგაკოვი), ყოფილი მარქსისტები (პ. სტრუვე), სოციალისტები - (ნ. კარტაშევი) და მრავალი სხვა, მაგრამ მათი უმრავლესობის მსოფლმხედველობა მოდერნისტულ - ლიბერალურ საფუძვლებზე ყალიბდებოდა. ამდენად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ, ერთი შეხედვით მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ინსტიტუტი ეკლესიის წიაღში უამრავი არამართლმადიდებლური შეხედულების შემომტან „სკოლად" მოგვევლინა. ამ ნიშნით, ალბათ, არც ის უნდა გვეუცხოოს, რომ „პარიზის სკოლის" (1922 წ.) დაარსებისთვის ერთობ საეჭვო წარმომავლობის ორგანიზაციამ У.М.С.А.* ჯონ სმიტის ხელმძღვანელობით 8000 დოლარი გადარიცხა. ეს საკმაოდ დიდი თანხა გახლდათ იმ პერიოდისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ У.М.С.А. ფინანსურად ეხმარებოდა აღნიშნული ინსტიტუტის, კერძოდ ბერდიაევის ერეტიკულ გამომცემლობას (ჟურნალ „გზას" და სხვა).

   როგორც ვხედავთ, პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი საკმაოდ რთული, ურთიერთსაპირისპირო შეხედულების ადამიანთა კონგლომერატი გახლდათ. და მაინც ინსტიტუტის მეტი წილი დამაარსებელთა და პედაგოგ-პროფესორთა უმეტესობის ლიბერალურ - მოდერნისტული ხედვების გამო „პარიზის სკოლამ" სახელი გაითქვა ვით მოდერნისტული ღვთისმეტყველების ცენტრმა. მრავალი ადამიანისთვის „პარიზული მართლმადიდებლობა" თეოლოგიურ მოდერნიზმთან ასოცირებული ტერმინი გახდა.1

   მოდით, გავეცნოთ „პარიზის სკოლის" დამფუძნებელთა (ვუწოდოთ მათ პირველი თაობა) მოკლე ბიოგრაფიას, მსოფლმხედველურ ხედვებს.

ა. ვ. კარტაშევი - პარიზის სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, ისტორიის, ძველი და ახალი აღთქმის პედაგოგ-პროფესორი, ეკუმენისტური მოძრაობის მონაწილე. ჟურნალ „გზის" („Путь") სარედაქციო კომიტეტისა და „წმ. სოფიის საძმოს" წევრი. მანამდე: ყოფილი კადეტი, მეორე დროებითი მთავრობის კოალიციის წევრი, წმიდა სინოდის ობერ-პროკურორი 1917-1918 წწ. 1919 წელს გაიქცა ფინეთში.

   მისი შეხედულებები: „სულიწმიდამ დატოვა მართლმადიდებელი ეკლესია და ეს მადლი ურწმუნოთა სამყაროში - სოციალიზმში, პროგრესირებად სოციალურ-რევოლუციურ მოსაზრებებში დამკვიდრდა".

   მთავარეპისკოპოსი თეოფანე პოლტაველი კარტაშევს უკიდურესად საშიშ მოდერნისტად მიიჩნევდა. მესამე მსოფლიო კრების შესახებ ის წერს: „გამოკვეთილია ორი საღვთისმეტყველო კონცეფცია, რომლებიც ღმერთკაცის განუმარტებელი საიდუმლოს განმარტებას ცდილობენ... ორივე მხარეს, გარკვეული ზღვრის შემდეგ, ადამიანური, გონებრივი და სიტყვიერი შეზღუდულობა შეენიშნება. სად არის გამოსავალი? გამოსავალი იმის აღიარებაშია, რომ ყოველგვარი ღვთისმეტყველება, რომელიც ყოველთვის არასრულყოფილი და ამდენად არამარადიულია, ფარდობითია - მართლმადიდებლურ ცნობიერებაში გარეგნული ფილოსოფიურ-რელიგიური ფორმების გამოხატვის დაშვებაშია.2

   „პარიზის სკოლის" პირველი თაობის ინტელექტუალური დონე მეტად მაღალია. მათეული ფილოსოფიური ანალიზი უდიდეს მოვლენად მიიჩნევა მთელი მსოფლიოს მოაზროვნეთა წრეებში. ჩვენი მიზანი სულაც არ არის მათი ფილოსოფიური ნაშრომების შეფასება-გადაფასება. არც გაგვაჩნია სათანადო კვალიფიკაცია. მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცით: ფილოსოფია იესოს სახელის მოხსენიებით ვერ გახდება ღვთისმეტყველება. ეს ღვთისმეტყველების პროფანაციას მოახდენს და აბსტრაქტულ - ალეგორიულ ელფერს შესძენს მას. ფილოსოფია და ღვთისმეტყველება სხვადასხვა სიბრტყეშია, სხვადასხვა პრინციპებზეა დაფუძნებული, რომლებიც არ ემთხვევა ერთმანეთს.

   ვინაიდან ჩვენი მიზანი არ გახლავთ „პარიზელების" ფილოსოფიის სიღრმისეული ანალიზი, მოკლე მიმოხილვისთვის არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) შეფასებებს დავესესხებით.

   მამა რაფაელის აზრით, ჟურნალ „გზის" („Путь") და „წმ. სოფიის საძმოს" ირგვლივ შეკრულმა ღვთისმეტყველებმა, მათი ღრმა ფილოსოფიური განათლების მიუხედავად, მკაფიოდ წარმოაჩინეს მეოცე ასწლეულის რუსული ინტელიგენციის ღირსებებიც და უღირსებობაც. კულტურული გარემო, რომელშიც ისინი იზრდებოდნენ, დეკადენტიზმისა და რევოლუციის სულით იყო გამსჭვალული. ამ ადამიანებმა ვერ დაძლიეს საკუთარ თავში ინტელექტუალური სიამაყე. ამიტომ ყოველთვის იმ ტრადიციული ღვთისმეტყველების კალაპოტიდან გამოსვლას ცდილობდნენ, რომელშიც გამოიწრთო და გამყარდა მართლმადიდებლობა. არ მიიღეს მათ ძირითადი მცნება - „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა" და ამან ისინი ეკლესიის მიღმა რელიგიურ ძიებებამდე მიიყვანა. ზოგიერთისთვის ღვთისმეტყველებამ ეგზისტენციური დრამატიზმის ფორმა მიიღო, სხვებთან - დახვეწილი აზრების პირუეტებამდე დავიდა, მესამესთან - ეკლესიის გარდამოცემის ნაცვლად საკუთარი გარდამოცემის შექმნაში გამოვლინდა, რაც უკვე აღნიშნა ვლ. ლოსკიმ.

   ვლ. სოლოვიოვი პლატონის რეანიმატორია. სწავლება, რომელსაც ის მისდევდა, XI-XII ს.ს. კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებებზე იქნა უკუგდებული ღვთისმეტყველებიდან. პლატონიზმის ანათემიზმი შემდეგნაირად ჟღერს: „ანათემა მას, ვინც პლატონის იდეები მართებულად მიიჩნია". ვლ. სოლოვიოვმა არა მხოლოდ მიიღო პლატონის იდეები, არამედ განავითარა ის - სოფიის (მდედრობითი ღვთაების) სწავლება ერთგვარ თეოკოსმიურ არსებად წარმოაჩინა. სოლოვიოვისთვის ღმერთკაცი ღმერთკაცობრიობას ნიშნავს. ის ჰუმანისტია. საყოველთაო ერთობისა და ერთარსებობის მისეული სწავლება თეიზმიდან პლატონიზმისაკენ გადახრა გახლავთ. პრაქტიკულ სფეროში კი საყოველთაო ერთობის თეზა კონფესიებსა და რელიგიებს შორის ერთობის, უნიის ფორმას იძენს. (აღნიშნული თეზა ინტერპრეტირებული სახით პარიზის სკოლის მომდევნო თაობებში გამოვლინდა - ავტ.).

   ნ. ბერდიაევი პროტესტანტია მართლმადიდებლობაში. ჭეშმარიტების კრიტერიუმი მისთვის ჭეშმარიტებაზე საკუთარი შეხედულებაა. ამგვარი სუბიექტურობითა და ინდივიდუალურობითაა აღბეჭდილი მთელი მისი შემოქმედება. მას შეურაცხყოფს აზრი, რომ ადამიანი საკუთარ ვნებებთან ბრძოლითა და ღვთის მონობით უნდა განთავისუფლდეს ცოდვებისაგან. ათეისტურ პერიოდში ანტირელიგიურ აგიტატორებს ბერდიაევის თხზულებათა გამოყენებას ურჩევდნენ. ბერდიაევი ეგზისტენციზმიალიზმის ერთ-ერთი პირველი მქადაგებელი გახლავთ - მისი სწავლების თანახმად ღვთაება და ადამიანი ენაცვლებიან ერთმანეთს.

   დეკანოზი ბასილი ზენკოვსკი - მისი შემოქმედება საფრთხის შემცველია, რადგან თავისი მსოფლმხედველობით ეკუმენისტი და ეკლექტიკოსია. მას, ვლ. სოლოვიოვის კვალდაკვალ, უნივერსამიზმისკენ მისწრაფებებში, სხვადასხვა რელიგიურ და ფილოსოფიურ სისტემებში სურს იპოვოს ჭეშმარიტება. ბ. ზეინკოვსკისა და მისი თანამოაზრეების შემოქმედება ჰგავს ხომალდს ნავიგატორული მოწყობილობების გარეშე. საეჭვოა, ამგვარმა ხომალდმა გადაცუროს ზღვა და თავისი ტვირთითა თუ მგზავრებით მიაღწიოს ნაპირამდე.

   დეკანოზი სერგი ბულგაკოვი - XX ს. ე.წ. რელიგიური მოაზროვნე, პარიზის სკოლის გამოჩენილი წარმომადგენელი. უნდა ითქვას, რომ მასში ფილოსოფოსმა შთანთქა ღვთისმეტყველი, ხოლო საზოგადო მოღვაწემ - მღვდელი. ფილოსოფიაში ის ჰგავს ბულდოგს, რომელიც მომაკვდინებელი ძგერით ესხმის მოწინააღმდეგეს, ხოლო თეოლოგიაში - ადამიანს, რომელიც მერყევ ნიადაგზე დადის. ს. ბულგაკოვის, ვლ. სოლოვიოვისა და პ. ფლორენსკის სწავლებამ სოფიაზე, სადაც სოფია სამების მეოთხე იპოსტასშია აყვანილი, ისინი ტრინიტარულ ერესში ჩააგდო.

   ვლ. ლოსკი ძირითადად მართლმადიდებელი ღვთისმეტყველია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ბრძოლა სოფიოლოგიის ერესის წინააღმდეგ. მისი ყველაზე ცნობილი წიგნებია „დოგმატური ღვთისმეტყველება" და „მისტიკური ღვთისმეტყველება". მაგრამ ის ცდილობდა მართლმადიდებლობა ეპოვა იქ, სადაც ის არ არსებობს - ერიგენისა და მეისტერ ექხარტის თხზულებებში, სუბიექტურად განმარტავდა მათ პანთეისტურ შეხედულებებს, რითაც მკითხველი ეკუმენისტურ „ჩიხში" შეჰყავდა.3

   ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ნ. ბერდიაევის თავისუფლების რაობისა და დეკ. გ. ფლოროვსკის სწავლება „ნეოპატრისტიკული სინთეზის" შესახებ, რომელსაც ცალკე განვიხილავთ. (გაგრძელება...)

 

 

დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

 

*რუსეთის ემიგრაციული ეკლესიის მიერ დაიგმო მასონური და მისი მონათესავე ორგანიზაციების, მათ შორის У.М.С.А.-ს საქმიანობა.

1მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი. ცხოვრება და შრომები. თბ. 2015. გვ. 474.

2А. В. Карташев. История Вселенских соборов. Париж. 1923. Журн. Путь.

3Арх. Рафаил (Карелин). Да никтоже не прельстит вас. Самара 2008. стр. 150-157.


უკან დაბრუნება