მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > არა კაც კლა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

არა კაც კლა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


19-03-2017, 00:07

არა კაც კლა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

   მეექვსე მცნებაა არა კაც კლა. მოკვლა ნიშნავს განადგურებას, სიცოცხლის წართმევას. პირველი მკვლელი - დემონია, რომელმაც წაართვა ადამიანს მარადიული სიცოცხლე, მოწყვიტა იგი ღმერთს - ყოფიერების წყაროსა და სისავსეს, დაუმორჩილა იგი ჯოჯოხეთისა და სიკვდილის მეუფებას.

   მიწიერი ცხოვრების შემდეგ ადამიანი გადადის მარადისობაში. მკვლელი, უწინარეს ყოვლისა, ის არის, ვინც ართმევს მას ჭეშმარიტ სიცოცხლეს მარადიულობაში. მარადისობის დაკარგვა ყველაზე საშინელი კატასტროფაა. ეს გამოუსწორებელი უბედურებაა, უკურნებელი სენია, შავი უფსკრულია, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილია. ამიტომ მკვლელობის ყველაზე უარესი სახეა - წაართვა ადამიანს რწმენა, განაშორო იგი ღმერთს, უქციო მას ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული დასაბამად სხვა ყოფიერებისა - როგორც ტანჯვის მდგომარეობისა სიყვარულის და იმედის გარეშე. ადამიანის სული ივსება რაღაც საზარელი შავი სიცარიელით. მას ესმის, თუ რა დაკარგა, მაგრამ, იმავდროულად, მის გულს მადლის გარეშე არ შეუძლია უყვარდეს ღმერთი. იგი არა მხოლოდ ექცევა სატანის მონობაში, არამედ ემსგავსება კიდეც მას. ამაში მდგომარეობს საშინელი საიდუმლო მარადიული ტანჯვისა, ღმერთისკენ მოქცევის შეუძლებლობა იმ სულისათვის, რომელიც თან იტანჯება და თან გაჰკივის - „მძულს!"

   ადამიანის სული ხატია და მსგავსება ღვთისა. ღმერთი უბოძებს ადამიანს მადლს, რომ მიიზიდოს იგი თავისკენ. ადამიანი, განაგდებს რა მადლს, ერთგვარად „კლავს" მას თავის თავში. ცოდვილი, რომელმაც უარყო ღმერთი, არის ღვთისმკვლელი საკუთარ გულში. ეს არის ცოდვის საზარელი საიდუმლო. ცოდვილს არ სურს, რომ ღმერთი არსებობდეს. მას სძულს ღმერთი, ხოლო მარადიული სიცოცხლე კი არის სიყვარული ღმერთისადმი, როგორც მისტიური ერთობა მასთან. აქ, მიწაზე, წმინდანებმა მოიხვეჭეს ღმერთისადმი სიყვარულის ნაპერწკალი. და ყველაზე მეტად ამქვეყნად ისინი ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ ეს ცეცხლი, რომ ვნებათა ქარტეხილებს არ ჩაექროთ იგი. გარდაცვალების შემდგომ კი მათი სიყვარული პატარა ნაპერწკლიდან - სანთლის ალიდან - კაშკაშა მზედ გადაიქცა.

   ცოდვა არის ღმერთისადმი სიძულვილის ნაკვესი; და როცა მას წინააღმდეგობა არ ხვდება, ის სულ უფრო და უფრო ღვივდება, თუხთუხებს სულის სიღრმეში, როგორც საშინელი მიწისქვეშა ლავა, აბნელებს გონებას კვამლის ბოლქვებითა და ახრიოკებს გულს ვნებათა ცეცხლით. გარდაცვალების შემდგომ კი ეს შინაგანი ღვთის უარყოფა გადაიქცევა ჯოჯოხეთის შავ ცეცხლად. ყოველი ვნება შეიცავს ტანჯვასა და მწუხარებას, მაგრამ ყოველ ვნებაში არის ასევე რაღაც ფარული დემონური სიამოვნება; და ეს ჯოჯოხეთური, ტანჯვის გრძნობასთან შერეული სიამოვნება არის სიძულვილშიც.

   მარადისობაში ცოდვილი ცხოვრობს ღმერთისადმი სიძულვილით, მაგრამ, ამასთანავე, იგი თან უარყოფს ღმერთს და თან სძულს წმინდანები იმიტომ, რომ ისინი იმავე მარადისობაში ღმერთთან მყოფობენ. მას სძულს თავისივე მსგავსი ცოდვილებიც, რადგანაც მათში ხედავს საკუთარი ცოდვის სიმახინჯეს. მას სძულს დემონი, როგორც მონას - სასტიკი ბატონი. მას სძულს თავისი თავი, იგი სწყევლის თავისი შექმნის დღეს; მას სძულს ღმერთი იმიტომ, რომ ღმერთი სიყვარულია. მისთვის მხოლოდ ერთი ნუგეშია, რომ ჯოჯოხეთში თავისი ტანჯვით მან „აწყენინა" ღმერთს, მაგრამ არ დაემორჩილა მას.

   დემონის შემდეგ ყველაზე საშინელი მკვლელი ის არის, ვინც, მსგავსად „დასაბამითგან კაცისმკვლელისა" (იოან. 8, 44), ცდილობს ჩაკლას ადამიანის სიცოცხლის უზენაესი ფასეულობა, რომელშიც ჩადებულია ადამიანის არსებობის მთელი არსი - ცდილობს ჩაკლას რწმენა. როცა ადამიანი ნებაყოფლობით კარგავს ღმერთს - ეს თვითმკვლელობაა. დაკარგვა იწყება მცირედან - ცოდვასთან დანებებიდან. გზა ღმრთისაკენ იწყება ასევე მცირედან: ადამიანი ყურს უგდებს ღვთის მადლის ხმობას - ეს პირველი ნაბიჯია. ყოველი უმიზნოდ ნაცხოვრები დღე - დღის მოკვლაა, ყოველი გაცნობიერებულად ჩადენილი ცოდვა - მკვლელობაა „მადლისა" საკუთარ გულში.

   მადლი გარდაეცემა ქრისტიანს ეკლესიის საიდუმლოებებში, იგი შეიგრძნობს, განიცდის ამ მადლს. მაგრამ, აი, მოდის ცთუნება, და ადამიანის გული იწყებს გაორებას, მერყეობას. სინდისი ეუბნება მას: „ნუ იქმ", ხოლო ვნება კი გველივით ჩასჩურჩულებს „მე მოგცემ შენ სამოთხეს ღმერთის გარეშე - აქ, მიწაზე; მე შენ მოგანიჭებ იმ სიამოვნებას, რომლის მონიჭებაც არ სურს შენთვის ღმერთს". და ადამიანს სჯერა ვნების, რომელმაც მრავალჯერ მოატყუა, იგი შედის ილუზიების სამყაროში, თავისი ვნებიანი ფანტაზიის სამყაროში, მას ეჩვენება, რომ საკუთარი სინდისი გაუხდა მოწინააღმდეგედ და მტრად, და უჩნდება სურვილი მოკლას, გაანადგუროს იგი.

   აქ არის ცოდვის ის მეტაფიზიკური მხარე, რომელსაც ჩვენ ღვთისმკვლელობას ვუწოდებთ. ცოდვილისათვის ეშმაკი გათავისუფლების სულია, კეთილი სული, რომელსაც მის ბაგეებთან სიამოვნებათა სასურველი თასი მიაქვს. ცოდვილი თითქოს ასე ეუბნება მადლს: „რატომ მოხვედი? მე შენ არ მომიწვევიხარ, წადი და ხელს ნუ მიშლი!" როცა გული იყინება ცოდვაში, იგი იყინება ღმერთისადმი სიძულვილში; მარადისობაში სულის ეს მიმართულება - ღმერთისგან - უკვე ვეღარ შეიცვლება ისევე, როგორც ვერ შემოაბრუნებ კომპასის ისარს, რომელიც მაინც მიათითებს ჩრდილოეთისკენ.

   მარადიული ცხოვრება არის მარადიული ღმერთთან ზიარება. ღმერთთან ზიარება - ეს არის ერთობა. თუკი ღმერთი თავისი სიყვარულით მიუახლოვდება ცოდვილს, რომელსაც არ მოუნანიებია თავისი ცოდვები, მაშინ იგი უპასუხებს: „გამეცალე, მე შენ მძულხარ!" წმინდა მამები ამბობენ, რომ ღმერთს არ შეუძლია აცხოვნოს ადამიანი, თვითონ ადამიანის გარეშე. ამიტომ მოუნანიებელი ცოდვა - ეს არის ადამიანის მიერ საკუთარი სულის მკვლელობა; ცოდვილისათვის, რომელმაც არ შეინანა თავისი ცოდვები, თვით მკვდრეთით აღდგომა გახდება დასაბამი მეტაფიზიკური სიკვდილისა - სატანასთან მარადიული მყოფობისა. ჩვენ მკვლელები ვართ სხვა ადამიანებთან მიმართებაში, როცა ჩვენ მათ ცოდვისაკენ ვუბიძგებთ, რადგან ცოდვაში „დაპროგრამებულია" სიკვდილი. როცა ჩვენ ვაცდუნებთ ადამიანს, მაშინ მასთან მიმართებაში ეშმაკი ვხდებით. და რამდენი ფარული ცდუნებაა ჩვენს ცხოვრებაში, რომელთაც ცოდვადაც კი არ მიიჩნევენ! რამდენნაირი სინაზე და ალერსია, რომელთა ქვეშაც მრუშობა იმალება! „სინაზე" სუნთქვაა, რომელიც აღაგზნებს ვნებათა ნაკვერჩხლებს სხვა ადამიანის სულში. და რითი მთავრდება ეს? ძალიან ხშირად - დაცემით, როცა ადამიანი კარგავს მადლს ისე, რომ თითქოს მან ერთ წუთში წააგო ყოველივე, რაც გააჩნდა და უკანასკნელი ღატაკი შეიქნა. ამასთან ერთად, მისი გული, რომელშიც უკვე პრაქტიკულად აღარ რჩება ადგილი ღმერთისათვის, მთლიანად ვნებიანი მიჯაჭვულობის ტყვედ იქცევა. ანდა ყოველივე ამას მიჰყავს ადამიანი ტანჯვა-წამებამდე, როცა იგი წუხილით იგლეჯს სულიდან ცოდვიან მიჯაჭვულობას ისევე, როგორც ტკივილით იგლეჯენ ღია ჭრილობაზე შემხმარ სახვევს.

   მკვლელობის კიდევ ერთი სახეა სისასტიკე, რომელმაც შეიძლება ადამიანი მიიყვანოს სულიერ გათანგულობამდე მოწყინებისა და სასოწარკვეთილებისაგან, რომელნიც მსგავსნი არიან სიკვდილისა. ადამიანისათვის შეიძლება სულერთი გახდეს ყველაფერი, საკუთარი ცხონებაც კი. მოწყინებისა და სასოწარკვეთის მდგომარეობაში იგი ადვილად იხრება ცოდვისაკენ, უფრო მეტიც: ეძიებს მას, რათა იპოვოს თავდავიწყება მასში, როგორც ნარკოტიკებში ან ღვინოში. ზოგჯერ ადამიანი, გაბოროტებისას, ცოდავს სხვის ჯიბრზე. აქ - თითქოს ორმა დანამ ერთდროულად გააპო მკერდი. აქ არის ორი მკვლელი ერთი სულისა.

   რა ხშირად ვაყენებთ ადამიანს ჭრილობას ჩვენ მიერ წამოსროლილი სიტყვით, რომელიც არ შუშდება მრავალი წლის განმავლობაში, - და აქაც მკვლელები ვართ. რა ხშირად გვხვდებიან ჩვენს გზაზე უბედურნი და უმწეონი, ჩვენ კი გულგრილად ვუვლით მათ გვერდს. „ეს ჩვენი საქმე არ არის", - ვამბობთ ჩვენ და მკვლელები ვხდებით. ზოგჯერ ადამიანი ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ ჩვენი მხოლოდ ერთი თანაგრძნობის სიტყვა გაამხნევებდა მას, ძალებს შეჰმატებდა, ხოლო თუკი იგი თავის გარშემო სიცრუესა და გულგრილობას ხედავს, მაშინ მას ჰგონია, რომ გამოსავალი არ არის. მაშინ ჩვენ არა მხოლოდ სხვა ადამიანის მკვლელები გაამოვდივართ, არამედ საკუთარ თავშიც ვკლავთ ყველაზე მთავარსა და ძვირფასს - სიყვარულის გრძნობას - და ცოცხალ გვამად ვიქცევით. სიცრუე - ესეც მკვლეობაა, ეს არის მკვლელობა ერთმანეთისადმი ნდობისა, რომელზეც ეფუძნება სულიერი სიახლოვე. უფლის სიტყვებით, სატანა დასაბამითგან - მკვლელია და მატყუარა (იოან. 8, 44).

   არის მკვლელობის კიდევ ერთი სახე. ხანდახან, როცა ჩვენ გაგვანაწყენებენ, ჩვენ თითქოსდა შურს არ ვიძიებთ, მაგრამ ვცდილობთ განვაგდოთ ჩვენი სულიდან მოგონებაც კი იმ ადამიანის შესახებ, რომელმაც გვაწყენინა და ვამბობთ მასზე: „ის ჩემთვის მკვდარია". მაშინ, როცა ჩვენ შური ვიძიეთ მასზე - ამოვშალეთ იგი ჩვენი ცხოვრებიდან, ამოვაგდეთ იგი ჩვენი ცხოვრებიდან, როგორც ყრიან ნაგავს ჭიშკრის იქით. ლოცვაც კი მათზე, ვინც გვაწყენინა, ჩვენთვის ძნელია და უსიამოვნო, თითქოს მძიმე და მოუხერხებელი ტვირთი მიგვქონდეს მხრებით. ჩვენ ვლოცულობთ მათზე არა გულით, არამედ მიფუჩეჩებით, მხოლოდ ფორმალურად, თითქოს არც კი გვსურს, რომ ჩვენი ლოცვა შესმენილ იქნას. თუკი მათ უბედურება შეემთხვევათ, მაშინ ჩვენ სადღაც გულში გვიხარია ეს და ვამბობთ: „მიიღე, რაც დაიმსახურე, მასეც მოგიხდება". ასე რომ, ხილული გულგრილობის ქვეშ გამყინავი სიძულვილი იმალება.

   ღმერთი სიყვარულია. ადამიანი ცოცხლობს იმდენად, რამდენიც მას უყვარს. სიყვარული ადამიანის ცხოვრებას ხდის უფრო სავსეს, გულს - უფრო ღრმას, გონებას - უფრო ბრძენს, და თუმცა ადამიანი განიცდის მწუხარებას საკუთარი თავის გამო და სხვებისათვის, ამ მწუხარებაში უფალი უბოძებს მას მოულოდნელ და გამოუთქმელ სიხარულს. ამიტომაც მცნება „არა კაც კლა" ნიშნავს: „არ მოკლა ღმერთი საკუთარ გულში, არ ჩაკლა სიყვარული სხვა ადამიანების მიმართ, არ მოკლა საკუთარი უკვდავი სული, რომლისთვისაც ჭეშმარიტი სიცოცხლე ღმერთია".

   მკვლელობის ცოდვას განეკუთვნება ასევე მრისხანებაც - ვნება, რომელიც აქცევს ადამიანს ნებაყოფლობით უგუნურად. წმ. მამები წერდნენ, რომ მრისხანება, როგორც უნარი სულისა, მეიცა ადამიანს გონებისა და სიყვარულის ძალებთან ერთად. მრისხანებას უნდა დაეცვა ადამიანის სული ცოდვისაგან. მრისხანება ცოდვაზე და ვნებებზე - უბიწოების მეორე მხარეა, ხოლო განრისხება დემონზე და მათზე, ვინც ცდილობს, რომ ჩვენ ღმერთს განგვაშოროს, განუყოფლად არის დაკავშირებული ღმერთისადმი სიყვარულთან. პირველ ადამიანებს რომ დროულად ეხმარათ იარაღად მრისხანება და მიემართათ იგი დემონის წინააღმდეგ, მაშინ მცნებაც არ იქნებოდა დაკარგული.




თარგმნა მაია ნიკოლაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება