მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ეკლესიის შესახებ (ნაწილი2) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ეკლესიის შესახებ (ნაწილი2) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


10-03-2017, 00:07

 

   ყოველ ცოცხალ სხეულს (ორგანიზმს) სჭირდება თავისი საარსებო გარემო, რომლის გარეშეც ის დაიღუპება. ეკლესია ქრისტიანის საარსებო გარემოა. იგი სულიერი ატმოსფეროა, რომელიც ქრისტიანს სჭირდება რომ ისუნთქოს. ეკლესია ქრისტე მაცხოვრის მისტიური სხეულია.

   ზეციური და მიწიერი ეკლესიები განუყოფლად არიან შეერთებულნი ერთმანეთთან სული წმიდაში. მიწიერ ეკლესიაში იხსნება ზეციური ეკლესია, რომელიც რეალურად იმყოფება ყოველ ღვთისმსახურებაზე. ეკლესია - ეს ღვთის სასუფეველია, რომელიც მიწაზე იწყება და მარადისობაში გრძელდება. ეკლესია მუდამ მიმართულია მარადისობისკენ, იგი ამზადებს ადამიანს მარადისობისათვის. ეკლესია აპოკალიფსურ წინასწარმეტყველებაში წარმოდგენილია დედის სახით, რომელიც ტანჯვით შობს თავის ჩვილს. ეკლესია ტანჯვითა და ტკივილით შობს თითოეულ ქრისტიანს საუკუნო ცხოვრებისათვის. ეკლესიის ონტოლოგიური ასპექტი - ეს არის ეკლესია, როგორც რეალიზაცია ღვთიური აღთქმებისა, როგორც დინამიკა სულიერი ცხოვრებისა, როგორც ღვთიური ძალისა და ენერგიების ველი, რომელშიც ადამიანის სულიც ერთვება.

   ეკლესია - ეს არის ადამიანის ღმერთისადმი და ადამიანთა ერთმანეთისადმი სიყვარულის ერთიანობა. ამაში მდგომარეობს ეკლესიის ფსიქოლოგიური ასპექტი. ადამიანს აქვს ურთიერთობის მოთხოვნილება: ერთად იკრიბებიან ნათესავები, თავს მოიყრიან ხოლმე მეგობრები. პირველნი იკრიბებიან ერთსულოვნების ნიშნად, ხოლო მეორენი - საერთო შეხედულებებისა და ინტერესებიდან გამომდინარე. მსგავსი ურთიერთობებით ადამიანი გრძნობს სულიერ დახმარებასა და თანადგომას. მეგობრებთან ერთად მწუხარება უფრო მსუბუქდება, ხოლო სიხარული უფრო იზრდება.

   როცა ადამიანი მეგობრებს უზიარებს რაც გააჩნია, მაშინ ის თითქოს მდიდარი ხდება, ხოლო როცა სხვებისგან მალავს თავისთვის რამეს, მაშინ ის ღარიბდება. მეგობრებთან ერთად ცხოვრება თითქოს ფართოვდება და უფრო სავსე და ტევადი ხდება. ხოლო ეკლესია - ეს არის უზენაესი სულიერი სიყვარულის ხორცშესხმა, რაც უპირველესად ლოცვასა და საიდუმლოებებში ვლინდება. გულწრფელი დამოკიდებულება მეგობრებს შორის წარმოქმნის ერთგვარ ერთსულოვნების ველს, რომელიც მათ ერთმანეთთან შორ მანძილზეც კი აკავშირებს. ეკლესიაში კი ეს არის ველი ღვთის მადლისა და ერთი სარწმუნოებისა, ველი - სიყვარულის რეალიზაციის უმაღლესი ფორმის - საერთო ლოცვისა და საიდუმლოებებში მისტიური თანამონაწილეობისა. ეკლესია - ეს არის ნათლის წრე, რომლის მიღმა მსოფლიო განრთხმულია თავისი შეუნანებელი შეცოდებებით და ვნებებით; თავისი ეგოიზმით, რომელიც მას ღვთისგან ქაოსში მიაქანებს.

   ბევრს ვერ გაუგია: „რა საჭიროა ერთობლივი ლოცვა? სახლში მარტო, შენს თავთან ლოცვა უფრო ადვილია, უფრო მშვიდად მიდის და უმჯობესია", - ამბობენ ისინი. მაგრამ ეკლესია - ეს არის ერთობა ლოცვაში. წვიმის მომცრო წვეთები ერთ ნაკადად ერთიანდება, რომლის მძლავრი დინება ქვის ლოდებსაც კი უთხრის საფუძველს. ურიცხვი სანთლების ალი ერთ ნათებაში იღვრება და შუქს ჰფენს ტაძრის ვრცელ სივრცეს. ეკლესიის ლოცვა ცისკენ მიმართული ნათლის სვეტია, ერთი ადამიანის ლოცვა კი მხოლოდ აელვარებული ნაპერწკალია. მაგრამ ეკლესიის ლოცვა გაცილებით მეტია, ვიდრე ყველა იმ ხალხისა, ვინც ეკლესიაშია და იგი თითოეულს საკუთარ ლოცვად მიეთვლება. ეკლესიაში ადამიანებთან ერთად წმინდანებიც და ანგელოსებიც ლოცულობენ, ამიტომაც ღვთისმსახურებაში ჩართულნი არიან სრულიად ზეციური და მიწიერი ეკლესიები. სწორედ ამაშია ეკლესიის საიდუმლო.

   სულიერი ცხოვრება - ეს არის განუწყვეტელი ბრძოლა ჯოჯოხეთის ძალების, ამსოფლიური სულისა და საკუთარი ვნებების წინააღმდეგ. ეკლესიაში ქრისტიანი თავს ისე გრძნობს, როგორც დაუმარცხებელი ლაშქრის გარემოცვაში. ეკლესიის გარეთ კი ის მარტო რჩება ცოდვის, დემონური ძალებისა და ბოროტების წინააღმდეგ. ეკლესია სულიერი კლდეა, რომლის მწვერვალი ცას ებჯინება.

   ეკლესიაში ერთმანეთთან შეურწყმელად ურთიერთს განმსჭვალავს, ერთდება სულიერი სამყაროს სამი სფერო, რომელთაც ჰქვიათ ზეცა, კოსმოსი და ქვესკნელი. ეკლესიაში ამ სამი სამყაროს განფენილობა თითქოს ალმასის სიმკვრივეზე უფრო მკვრივად არის შეკუმშული. მაგალითის სახით მოვიყვან ჩვენს დროში პოპულარულ კოსმოგენურ ჰიპოთეზას პირველადი ზემკვრივი ნივთიერების შესახებ, რომლისგანაც, ამ თეორიის თანახმად, წარმოიშვა კოსმოსი, მისი მოცულობა იმხელა იყო, რომ მთელი მეტაგალაქტიკა შეიძლებოდა ხელისგულზე მოთავსებულიყო. რასაკვირველია, ეს ჩვენთვის მხოლოდ სახეა სივრცისა და დროის იმ კონცენტრაციისა, რომელშიც მთელი საღვთო ისტორია და მთელი სამყარო (ხილული და უხილავი) იმყოფება ტაძარში არა მოდელის სახით, არამედ რეალურად. ტაძარში დრო ღვთისმსახურების ციკლებსა და რიტმებში მარადისობის თვისებას იძენს, ხოლო მარადისობა იხსნება ადამიანის გულში მადლთან შეხების საშუალებით. სულის შეხვედრა ქრისტესთან ლოცვისა და ეკლესიის საიდუმლოებების აღსრულებისას - მარადისობის ეს საოცარი მოვლენა - ადამიანისათვის იხსნება, როგორც ახალი ცხოვრება, სადაც ყველაფერი სხვაგვარია, უცნობია და განუმეორებელი. ბევრს არ ესმის საეკლესიო რიტუალების აზრი. იგი არის ნიშანთა სისტემა, განსაკუთრებული სიმბოლოების ენა, რომელშიც მოთავსებულია და დაშიფრულია ღვთაებრივი გამოცხადება; იგი არის ქრისტიან მოღვაწეთა მიერ სულიერი სამყაროს ხილვა და გზა ამ სამყაროს ხილვისაკენ. ის, რაც ბიბლიაში სიტყვებით არის დაწერილი, ტაძარში ხორციელდება სიმბოლოებსა და რიტუალებში.

   არა მხოლოდ მისტიური, არამედ უტილიტარულ - ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, ტაძარი გამოირჩევა როგორც სალოცავი და ღვთისმსახურების ადგილი. ტაძარი განსხვავდება საერო საცხოვრებლებისაგან, მათი მიწიერი ყოფიერებისაგან, სადაც თავად ნივთებსაც კი პატრონის შფოთვისა და ზრუნვის კვალი ატყვია; სადაც გარემო, ასოციაციური კავშირების კანონზომიერებით, ფიქრს ითრევს მიწიერ საქმეთა და საზრუნავთა მორევში.

   ეკლესია - ეს არის ადგილი, სადაც თითოეული საგანი წმიდა სიმბოლოს წარმოადგენს,მარადისობას გვახსენებს. ეკლესია სასულიერო სასწავლებელია. მათ, ვინც ეკლესიის აუცილებლობას ეჭვის თვალით უყურებს, ავიწყდებათ, რომ თავიანთი განათლება თუ პროფესია საკუთარ ოთახში კი არა, სკოლებსა და სასწავლებლებში მიიღეს თავიანთი მასწავლებლებისაგან. ყოველგვარი სწავლების საფუძველი მემკვიდრეობითობაა. აუცილებელია არა მხოლოდ ცოდნა, არამედ მეთოდებისა და ტრადიციების თანაარსებობაც, რომ მათი საშუალებით ეს ცოდნა გადაეცეს მოწაფეებს. გნოსტიკური თვალსაზრისით, ეკლესია - ეს არის სულიერ მეცნიერებათა უწყვეტი ნათლის ნაკადი, რომელიც ქრისტესგან მომდინარეობს მოციქულებისა და მათი მემკვიდრეების მეშვეობით.

   ეკლესიის გარეშე ეს ნათელი, გაივლიდა რა ადამიანური აღქმის პრიზმაში, დანაწევრდებოდა და ბოლოს ჩაქრებოდა. ვინ შეძლო კაცთაგან, რომ სრულად შეეთვისებინა ღმრთაებრივი გამოცხადება და სულიერი ნათელი სრული სიწმინდით გადაეცა შთამომავლებისათვის.

   ჩვენ შეიძლება შემოგვეპასუხონ, რომ გვაქვს ბიბლია, როგორც „სიტყვა ღვთისა". მაგრამ თვით ბიბლია არაადეკვატურად არის გაგებული. ეკლესიას აქვს ბიბლიის განმარტება, რომელიც უტოლდება მოციქულთა გადმოცემას. ეკლესიის გარეშე ბუნდოვანი გახდებოდა, დაიკარგებოდა წმინდა წერილის აზრი. ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის ეკლესიის გარეშე ბიბლიის წიგნთა ნუსხაც კი არ იარსებებდა; ეკლესიის გარეშე წიგნებიც არ დაიყოფოდა კანონიკურ, არაკანონიკურ და აპოკრიფულ წიგნებად. ეკლესიის გარეშე არ მოიკრიბებოდა წმიდა მამათა კომენტარები ამ წიგნების შესახებ, იმდენად, რამდენადაც არ იარსებებდა ეკზეგეტიკური და გერმენევტიკური ტრადიციები. ყველა ადამიანს მოუწევდა, გაეგო ბიბლია საკუთარი ძალებისა და ცოდნის შესაბამისად, რაც მუდამ არასაკმარისია, მოუწევდა გაეგო ბიბლია საკუთარი ვნებებისა და ამპარტავნების ზემოქმედების ქვეშ, რომელნიც ხშირად განაგებენ ადამიანის გონებას. ასეთი ადამიანი ობიექტური ორიენტირების გარეშე აღმოჩნდებოდა და საკუთარი წარმოდგენების წრეში ჩაიკეტებოდა. ეკლესიის გარეშე ქრისტიანობა ამორფულ, არამდგრად სწავლებად იქცეოდა, არ იარსებებდა არც დოგმატიკა - სხვაობა მეტაფიზიკურ ჭეშმარიტებასა და მეტაფიზიკურ სიცრუეს შორის.

   მას, ვინც მნიშვნელობას არ ანიჭებს დოგმატებს, ავიწყდება, რომ თითოეული დოგმატი - ეს არის ჭეშმარიტება მარადიული შუქით გაბრწყინებული, რომელსაც სიცოცხლე და სინათლე შეაქვს ადამიანის სულსა და ცნობიერებაში და ღმერთთან ერთობის უნარს ანიჭებს მას. ცრუ დოგმატები კი, ეს არის დამახინჯებული წარმოდგენა ღმერთზე, სიცრუე ღვთის წინააღმდეგ, რომელსაც სულსა და გონებაში სიკვდილი და ხრწნა შემოაქვს, ხოლო მწვალებლობა - ეს არის შხამის ინექცია, რომელიც ადამიანური ცნობიერების მთავარ ძარღვში შეუშვეს. ეკლესიის გარეშე არ იქნებოდა სხვაობა სამყაროს აღქმაში ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის, მართლმადიდებლობასა და მწვალებლობას შორის. ეკლესიის გარეშე არ იარსებებდა ხატების, რიტუალების, ტაძრის წმიდა საგნების და თვით ღვთისმსახურების სიმბოლური ენა, რომელიც ეკლესიის გულში აერთიანებს ხალხს. ეკლესიის გარეშე ადამიანები, სულიერი და მისტიური მოთხოვნილებების გამო, იძულებულნი იქნებოდნენ შეექმნათ საკუთარი ინდივიდუალურ ნიშანთა სისტემა, რომელიც, ალბათ, დააფიქსირებდა მათ ქვეცნობიერებაში არსებულ სახეებს და საკრალურ დატვირთვას მისცემდა მათ. რელიგიური ხელოვნება ეკლესიის გარეშე აბსტრაქციის სახით მოგვევლინებოდა, რომელიც ინდივიდუალური მდგომარეობების ალეგორიები იქნებოდა. ამასთან ერთად, სულის სიღრმიდან, ქვეცნობიერების წიაღიდან წამოსული დემონური ჩვენებები, ალბათ, სულიერი სამყაროს ხილვად ჩაითვლებოდა. ტრადიციის გარეშე, წმიდა სიმბოლოები, ფესვებიდან მოგლეჯილ ხესავით დამახინჯდებოდა და ახლით შეიცვლებოდა. ხოლო რადგან თავისი ცოდვილი და ვნებიანი ბუნებიდან გამომდინარე ადამიანი დემონურ სამყაროსთან უფრო ახლოა, ვიდრე ზეცასთან, ამიტომ ეს სიმბოლოები დემონოფილიის გამოვლინება იქნებოდა, ისევე როგორც ეს ხდება თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებაში.

   ხალხი ლოგოსის ნათელში ეკლესიად იქცევა, სულიერ სხეულად, რომელსაც აერთიანებს სიყვარული და რწმენა, ერთი მიზანი და საშუალებათა იგივეობა (წმიდა სიმბოლიკა). ლოგოსს განშორებული ხალხი ბრბოა, რომელიც თავისი ბნელი ქვეცნობიერების კონცენტრირებული ვნებებითა და იმპულსებით ცხოვრობს. ეკლესიაში ადამიანი მოიხილვება როგორც პიროვნება (სულიერ-ზნეობრივი მონადა), ეკლესიის გარეშე კი უმაღლეს ფასეულობად უპიროვნო კოლექტივი, ან ინდივიდუალურობა ცხადდება. პიროვნება - ეს არის გამოვლინება და რეალიზაცია ადამიანის მიზნობრივი იდეისა - ის, რაც აახლოებს ადამიანებს ერთმანეთთან. ინდივიდუალურობა - ეს ადამიანის ის თვისებებია, რომელიც მას სხვებისგან განარჩევს; ნიშანდობლივია ის, რომ თანამედროვე ფილოსოფოსებთან პიროვნებისა და ჰიპერბოლიზირებული ინდივიდუალურობის გაგება გაიგივებულია. არაეკლესიური რელიგიები, ხელოვნება ცდილობს იპოვოს ინდივიდუალურობის გამოვლინებისა და ასახვის შესაძლებლობა ან შეცვალოს იგი აბსტრაქციებით. ამის ერთ-ერთი საშუალებაა ჰიპერბოლიზირებული სიცილი და ჰიპერბოლიზირებული შიში - რომელიც არის დემონის ატრიბუტი.



თარგმნა მაია ნიკოლაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება