მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მ. გ. ფლოროვსკი - „ნეოპატრისტიკული სინთეზის“ მიმართულების დამფუძნებელი

მ. გ. ფლოროვსკი - „ნეოპატრისტიკული სინთეზის“ მიმართულების დამფუძნებელი


7-03-2017, 00:07

 

   მღვდელმსახური გიორგი ფლოროვსკი (1893 – 1979) - რუსი ღვთისმეტყველი, „პარიზის სკოლის" პირველი თაობის გამოჩენილი წარმომადგენელია. რევოლუციის შემდეგ ცხოვრობდა ემიგრაციაში (პრიზში). მის საახლობლო წრეს წარმოადგენენ: ნ. ბერდიაევი, ს. ბულგაკოვი, ვ. ზენკოვსკი. სწორედ მათი შემოთავაზებით დაინიშნა პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის პატროლოგიის პროფესორ - პედაგოგად. იმის შემდეგ გ. ფლოროვსკი იქვე დოგმატურ და ზნეობრივ ღვთისმეტყველებას ასწავლიდა. მისი ძირითადი ნაშრომია: „რუსული ღვთისმეტყველების გზა" (Путь русского богословия. პარიზი 1937).

   1936 წ. ათენში გამართულ მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა პირველ კონგრესზე წამოაყენა „ნეოპატრისტიკული სინთეზის" პროგრამა.

   1967 წ. ოქსფორდის პატროლოგიურ კონგრესზე მ. გ. ფლოროვსკიმ „ნეოპატრისტიკული სინთეზის" განმაახლებლური საღვთისმეტყველო პროგრამა საბოლოო სახით ჩამოაყალიბა. ეს გახლდათ წმ. მამებისა და მსოფლიო კრებების (IV – VIII სს) საღვთისმეტყველო კვლევის მისეული შეჯამება.

   მამებისეულ ეპოქად კი გ. ფლოროვსკი ბიზანტიის საღვთისმეტყველო შემოქმედებას წმ. გრიგოლ პალამას (XIV ს) ეპოქის ჩათვლით მოიაზრებდა. ამის შემდეგ, გ. ფლოროვსკის აზრით, მართლმადიდებელი ეკლესია, მისი ღვთისმეტყველება „დასავლურ ტყვეობაში" აღმოჩნდა, ახალი დროების „ქრისტიანული ელინიზმის რეციდივად" გადაიქცა, რის შედეგადაც მომდევნო ეპოქების ღვთისმეტყველება ადეკვატურად ვეღარ მოწმობდა ეკლესიის სარწმუნოებრივ სწავლებას.

   აღნიშნულ ნაშრომში მ. გ. ფლოროვსკი პატრისტიკას ქრისტიანული აზროვნების უნივერსალურ ორიენტირად მოიაზრებდა: „მამებისეული სწავლება - აი, საიმედო ათვლის წერტილი, - ერთადერთი მართებული საფუძველი".1

   მამებისეული ღვთისმეტყველების ხასიათის განხილვისას გ. ფლოროვსკი მის ეგზისტენციალიზმზე* ამახვილებს ყურადღებას. ე.ი. მცდელობაა შეიქმნას ახალი, არსებული მსოფლმხედველობისაგან განსხვავებული, მიდგომა, რომელიც თანამედროვე ადამიანის მოთხოვნილებებსა და შეხედულებებს უპასუხებს. ეს მიდგომა არა იმდენად ლოგიკაზე, არამედ კერძო გამოცდილებაზე იქნებოდა დაფუძნებული. ამავე დროს, გ. ფლოროვსკის აზრით, პატრისტიკული მემკვიდრეობა არ იძლევა ამომწურავ პასუხს ყველა საღვთისმეტყველო შეკითხვაზე. მისი თქმით, ის განახლებადი საგანძურია (depositum juvenescens), რომელშიც აქცენტი არა სწავლების ერთგულებასა და სიზუსტეზე, არამედ მარტოოდენ „პატრისტიკული სულის" გადმოღებაზეა გაკეთებული; არა მხოლოდ მამების მემკვიდრეობის „მშრალ" ცოდნაზე, არამედ ინტელექტუალურ-შემოქმედებითი სტილისა და მეთოდის გამოყენებისკენაა მიმართული. გ. ფლოროვსკის აზრით, პატრისტიკა უნდა გახდეს ახალი სინთეზის დასაყრდენი თანამედროვე ღვთისმეტყველებაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის დროს.2

   თანამედროვე ღვთისმეტყველებაში პატრისტიკული ტრადიციის აღორძინების მოწოდებისას გ. ფლოროვსკი ხაზგასმით საუბრობს ნოვატორული პრინციპის შემოღების აუცილებლობაზე: „ეს არ უნდა იყოს მარტოოდენ წმ. მამათა გამონათქვამებისა და მტკიცებულებების კრებული. ეს უნდა იყოს სწორედ სინთეზი, ძველი დროის წმინდა ადამიანების შეხედულებების შემოქმედებითი გადაფასება. სინთეზი უნდა იყოს პატრისტიკული, წმ. მამების სულისკვეთებისა და მჭვრეტელობის ერთგული (ad mentem Patrum). ამავე დროს, ის უნდა იყოს ნეოპატრისტიკული, ვინაიდან ახალი დროებისადმია გადმომისამართებული, მისთვის დამახასიათებელი პრობლემებითა და საკითხებით".3

   დავიწყოთ იმით, რომ თავად ტერმინი „ნეოპატრისტიკული სინთეზი" ორი ურთიერთსაპირისპირო ცნების - მართლმადიდებლური ტრადიციისა და მოდერნიზმის დაკავშირებას მოიაზრებს: „ნეო" - ინოვაციაა, სიახლე, კრეატიულობა, „პატრისტიკა" - ტრადიცია, წმინდა მამების მემკვიდრეობა. ამრიგად, „ნეოპატრისტიკული სინთეზი" განიმარტება ვით ახალი მამებისეული სწავლება. ე.ი. თანამედროვე ღვთისმეტყველება უნდა დაადგეს სინთეზის (მოდერნიზმთან ნაჯვარ) გზას. ამ თეზის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებლია იყო ერთგული წმინდა მამებისა და მსოფლიო კრებებისა და ამავე დროს პატრისტიკას არასაკმარის ცნებად მოიაზრებდე. ფლოროვსკი მიიჩნევდა, რომ ეკლესია უნდა ჩაებას შემოქმედებით დიალოგში „ინტელექტუალურ კულტურა" - სთან, რითაც ხელს შეუწყობს მის (პატრისტიკის) გასულიერებას. შესაბამისად, არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ მისი პროგრამა, „მამებისკენ დაბრუნება", კრიტიკულად აღიქვა ორთოდოქსულად მოაზროვნე მართლმადიდებლებმა. ვინაიდან მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა აზრით, ფლოროვსკი „პატრისტიკას ათანამედროვებდა, ხოლო თანამედროვეობას აძველებდა. ნეოპატრისტიკულ სინთეზს შეიძლება ეწოდოს ტრადიციული ღვთისმეტყველების განმაახლებლობა" (Gavri lyauk. 2014. P. 10).

   ერთი შეხედვით, მ. გ. ფლოროვსკი წმ. მამების აქტუალიზაციას ეწეოდა. მის თეორიას აკრიტიკებდნენ რენესანსის ეპოქის „ღვთისმეტყველები" (ვლ. სოლოვიოვისა და ს. ბულგაკოვის). ამან არ უნდა დაჩრდილოს ის ფაქტი, რომ თავად პატრისტიკისადმი ამ სახით დაბრუნება ფლოროვსკის სწორედ „პარიზის სკოლის", იმავე რენესანსის ეპოქის მოაზროვნეებისაგანაა ნასაზრდოები. სწორედ მის (პარიზის სკოლის) წიაღში ჩამოყალიბდა ფლოროვსკი სულიერად და ინტელექტუალურად.

   გ. ფლოროვსკის ღვთისმეტყველების „გენიალურობა" იმაში მდგომარეობდა, რომ მან პატრისტიკისა და თანამედროვე აზროვნების დაკავშირება განიზრახა. თითქოს ამით „ნეოპატრისტიკულ სინთეზს" აქტუალურობა შესძინა. მაგრამ სინამდვილეში ეს იმას ნიშნავს, რომ პატრისტიკული, მამებისეული სწავლება ბოლომდე ჩამოუყალიბებელია, რომ წმ. მამების მიერ განსაზღვრული დოგმატები საჭიროებენ ახელებურ „დამაგვირგვინებელ სინთეზს", რომელიც „პარიზის სკოლის" ანუ თანამედროვე საღვთისმეტყველო აზროვნების შედეგად მიიღწევა.4

   შედეგად, გ. ფლოროვსკის „ნეოპატრისტიკული სინთეზი" ოფიციალური აკადემიური ღვთისმეტყველებისთვის ზედმეტად ნოვატორული აღმოჩნდა, რაზეც თავის დროზე საუბრობდნენ: მ. პამაზანსკი, ს. როუზი, თანამედროვე ღვთისმეტყველთაგან მიტრ. იეროთეოსი (ვლახოსი), პროტ. თეოდორე (ზიზისი) და მრავალი სხვა. ამავე დროს საკმაოდ მისაღები გახდა მეორე თაობის მოდერნისტულად მოაზროვნე თეოლოგებისთვის, როგორებიცაა: ლ. უსპენსკი, არქ. კიპრიანე (კერნი), მთ. ეპ. ვ. კრივოშეინი, დეკანოზები ი. მეინდორფი, ა. შმემანი და სხვა. ნეოპატრისტიკული სინთეზისადმი ინტერესი არც თანამედროვე, „პარიზის სკოლის" მესამე თაობის საღვთისმეტყველო სკოლებისთვისაა უცხო.

  

 

 

 

 

 

 

დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

 

 

1Г. Флоровский. Путь русского богословие. Париж 1937. Стр. 509.

*ეგზისტენციალიზმი - XX ს. ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც ადამიანის (ყოფიერების) უნიკალურობაზეა აქცენტირებული, ადამიანის ირაციონალური ხედვების გათვალისწინებით.

2იქვე.Путь русского богословия. Стр. 510.

3ციტ.Блеин. Э. Завещание Флоровского. Вопросы Философии. 1993. №12. Стр. 84. Курс Флоровского.

4Неопатристический синтез как встреча Традиции и Модерна. А. Черняев. Богослов.


უკან დაბრუნება