მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > სულისათვის სასარგებლო წიგნი ქრისტეს წმიდა საიდუმლოსთან განუწყვეტელი ზიარების შესახებ

სულისათვის სასარგებლო წიგნი ქრისტეს წმიდა საიდუმლოსთან განუწყვეტელი ზიარების შესახებ


4-04-2017, 00:01

 

   წინამდებარე წიგნი ორი დიდი წმინდანის თანამშრომლობის ნაყოფია. ათონელი ბერი ნიკოდიმოსი და კორინთელი მიტროპოლიტი მაკარი საბერძნეთში, XVIII ს.-ის მეორე ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდნენ. ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი კარგადაა ცნობილი როგორც ყველასთვის საყვარელი წიგნის „უხილავი ბრძოლის" ავტორი. მღვდელმთავარ მაკარის შესახებ კი ცოტა რამ ვიცით. მხოლოდ წმინდანთა უდიდესი სიმდაბლით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში სულიერი ცხოვრების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნის დიდება არ გაუზიარებია მის შემქმნელებს. ლაპარაკია წიგნზე „სათნოებათმოყვარეობა".

   ამ კრებულის მასალის შემგროვებლები, შემდგენლები და გამომცემლები წმიდა ნიკოდიმოსი და მაკარი იყვნენ. მათ გამოსცეს ისევე, საბერძნეთში, განსაკუთრებით ბერ-მონაზვნებში პოპულარული წმიდა მამათა თხზულებების კრებული „ევერგეტინოსი".

   მათი ავტორობით „წიგნი ხშირი ზიარების შესახებ" გამოსვლა დიდ მოვლენად იქცა ბერძნული ეკლესიის ცხოვრებაში. რომ გავიგოთ თუ რატომ მოხდა ასე, ჩვენ ორიოდე სიტყვით ვთქვათ იმ ისტორიულ კონტექსტზე, რომელშიც უნებურად ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულება მოუხდა ამ წიგნს.

   1453 წ. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ბერძნული ეკლესია რამდენიმე საუკუნის განმავლობაში საღვთისმეტყველო განათლებაში ღრმა კრიზისს განიცდიდა. თურქული უღლის ბატონობის მესამე ასწლეულის ბოლოს XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან იწყება სულიერი ცხოვრების შესამჩნევი გამოცოცხლება, რაც გამოიხატებოდა უპირველეს ყოვლისა წმიდა მამათა თხზულებების ხშირ გამოცემებში, ფილოსოფიურ საღვთისმეტყველო პოლემიკაში ფრანგული განმანათლებლური იდეების გავრცელების წინააღმდეგ და საეკლესიო პრაქტიკაში წმიდა მამათა გადმოცემის განხორციელებისათვის ბრძოლაში, წმიდა მამათა გამომცემლები, დასავლეთის სულის მოწინააღმდეგენი, საეკლესიო სიწმიდისთვის მებრძოლი ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობით და საერთო აზრით თავიანთ სამუშაოს ასრულებდნენ. მოწინააღმდეგებისაგან მათ მიიღეს ირონიული მეტსახელი „კოლივადები" პრინციპული უთანხმოების გამო: მათ არ სურდათ კოლიოზე კვირა დღეს მიცვალებულთა წირვა აღესრულებინათ, ახლა 200 წლის შემდეგ, როცა კოლივადური მოძრაობის პირველი პირები - მაკარი კორინთელი, ნიკოდიმოს მთაწმინდელი, ათანასე პარიელი წმინდანებად შერაცხეს, ეს მეტსახელი ჟღერს ისე, როგორც ქება-დიდება.

   კოლიოს შესახებ კამათი გაცხარდა, როცა ათონის წმ. ანნას სავანის ბერებმა ყოველკვირეული მიცვალებულთა მსახურება, რომელიც შაბათობით სრულდებოდა, გადაიტანეს. ტიბიკონის დარღვევის მიზეზი გახდა 1754 წ. დაწყებული ახალი ტაძრის მშენებლობა. საბერძნეთის ყველა მხრიდან შემოწირულობასთან ერთად მოდიოდა მათი სახელების სია, რომლებიც უნდა მიცვალებულთა წირვაზე მოეხსენებინათ. ასეთი რაოდენობის მოსახსენებლების კითხვამ წირვის დრო გააგრძელა. იმ დროს ათონზე შაბათი გამოირჩეოდა იმითაც, რომ ის იყო „ბაზრობის" ერთადერთი დღე ათონის დედაქალაქ კარეაში, სადაც ბერები ყიდდნენ მთელი კვირის განმავლობაში ხელით დამზადებულ ნაკეთობებს. რადგანაც ბერები ვერ უსწრებდნენ შაბათის წირვის შემდეგ ბაზრობას, გადაწყვიტეს მიცვალებულთა მსახურება კვირას შეესრულებინათ. ამ გადაწყვეტილებამ კოლივიდების პროტესტი გამოიწვია: მიცვალებულთა მსახურება ამახინჯებდა კვირა დღის სიხარულს, რომელშიც ქრისტიანები სასუფევლის სახეს ხედავდნენ. კამათი 70 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. კოლივადებმა გადაიტანეს საშინელი დევნა, ათონიდან გასახლება, წმინდა ხარისხის ჩამორთმევა (ღირსმა ათანასე პარიელმა, მიაღწია გამართლებას და იერარქიული ხარისხის დაბრუნებას, მაგრამ ეს მხოლოდ დასჯიდან 5 წლის შემდეგ შეძლო).

   კამათი კოლიოს შესახებ არა მარტო საღვთისმეტყველო დაპირისპირების საბაბი გახდა ათონზე. „წიგნი ხშირი ზიარების შესახებ" გამოიცა გაცხარებული კამათის დროს, და პოლემიკის მეორე მთავარ თემად იქცა და უფრო გაამძაფრა ორი მხარის დამოკიდებულება.

   ჩვენთვის ეს კამათი დიდ ინტერესს იწვევს მრავალი მიზეზის გამო. აღსანიშნავია უპირველესად ის, რომ ხშირი ზიარების მომხრეები ჩვეულებრივ, ოპონენტების მხრიდან, ხშირად არც თუ უსაფუძვლოდ, კვალიფიცირდებიან როგორც მოდერნისტები და დასავლელები. ათონზე კი ყველაფერი საპირისპიროდ იყო. კოლივადებს ყველა აღიარებდა და აღიარებს ტრადიციონალისტებად, კონსერვატორებად და ევროპული სულის მოწინააღმდეგეებად. კოლივადების ოპონენტების მოქმედება კი გამოიყურება როგორც ეკლესიის გადმოცემის დროის მოთხოვნილებებზე მორგება, მიმდინარე ისტორიული მომენტის საეკლესიო ჩვეულებების ხელშეუხებლობა, რომლებიც არ უშლიან ხელს წყნარ ცხოვრებას.

   ვფიქრობთ, რომ ღვთისმოშიში კეთილმსახური ამ წიგნში წმიდა მამათა სულს იგრძნობს, სიბრძნისმოყვარების სულს, ასევე უცხოს ევროპელი კაცთაყვანისმცემლობისთვის. აქ, როგორც კოლივადების დანარჩენ სწავლებაში, აზროვნების და მოქმედების ჭეშმარიტების ერთადერთი კრიტერიუმი ეკლესიის გადმოცემის ერთგულებაა ე.ი. ეკლესიის ისტორიის განმავლობაში წმ. მამათა გადმოცემა მუდამ უცვლელი რჩებოდა. ამასთან, ხალხურ ჩვეულებებს, რომლებმაც შემოაღწიეს საეკლესიო ცხოვრებაში, კოლივადები ხშირად განსაზღვრავენ, წმ. მამებთან სრულ თანხმობაში, როგორც ხელისშემშლელს ქრისტიანისათვის მთავარი მიზანი - ცხონების მიღწევაში, როცა ერთადერთ სარგებლობას და სიკეთეს ხედავს. ცხონებაში, დანარჩენი ტრადიციებისა და სიამეთა მომხიბვლელობა როგორც ცდუნება, ისე გაიფანტება.

   კოლივადებმა, საყოველთაო აღიარებით, დასაბამი დაუდეს წმინდა მამათა აღორძინებას საბერძნეთში, თუმცა, მათ სიცოცხლეში თითქოს ბრძოლა მოწინააღმდეგეებმა მოიგეს. ახლა, ათონზე, მაგალითად, ეზიარებიან არა წელიწადში რამდენჯერმე, როგორც მაშინ, არამედ რამდენჯერმე კვირის განმავლობაში. ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ბოლო ორ საუკუნეში ათონზე მკაცრი საერთო საცხოვრებლის, მონაზვნური ტიბიკონით ცხოვრების წესი ყველა მონასტერში. (შეგახსენებთ მონაზვნური საერთო საცხოვრებლის ზოგიერთ მნიშვნელოვან პრინციპს: პირადი კუთვნილებისა და ფულის არქონა, უკლებლივ ყველას, იღუმენთან ერთად, დასწრება სადღეღამისო მსახურებაზე და ტრაპეზზე. საზრდელის მიღება ტრაპეზის გარდა წარმოუდგენელია).

   იღუმენის არჩევითობა ძმობის მიერ და მისი მორჩილება როგორც მონასტერში ერთადერთი სულიერი მოძღვრისა. ასევე, ერთი აზროვნება, ერთსულოვნება და ერთმანეთისადმი არაფარისევლური სიყვარული, რაც შეადგენს ჭეშმარიტი სულიერი ოჯახის ფუნდამენტს, განსაკუთრებით გვახარებს ის, რომ ასეთი მონასტრები ახლა ბოლო ათწლეულში მომრავლდა ათონს გარეთაც: საბერძნეთში, ევროპაში, ამერიკაში - ყველგან, სადაც აღმოჩნდნენ ერში მცხოვრები ადამიანები, სასულიერო პირთა კრებული და ეპისკოპოსები - წმინდამამებისეული მემკვიდრეობის ცხოვრებაში განხორციელების მოშურნეები. ასეთი მონასტრები დიდ სულიერ და მისიონერულ გავლენას ახდენენ ამ ქვეყნების მოსახლეობაზე, ანგელოზებრივი ცხოვრების წესის ხილვის საშუალება, მისი შეხება და მასში მონაწილეობის მიღება ადამიანზე შეუდარებლად დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე ქადაგებები და წიგნები.

   თანამედროვე ათონელი ბერები თავს კოლივადების მემკვიდრეებად თვლიან, ამიტომ იმისთვის, რომ აღდგა მონასტრული საერთო საცხოვრებლის ტიბიკონი ათონზე და გავრცელდა მთელს მსოფლიოში, მადლიერნი უნდა ვიყოთ კოლივადების, რომლებმაც მაცოცხლებელ მოძრაობას დაუდეს დასაბამი.

   ეს კამათი კოლიოსა და ხშირი ზიარების შესახებ ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჭეშმარიტი სულიერი აღორძინებისთვის სწრაფვაში, კოლივადების მაგალითზე შეგვიძლია დავინახოთ, რით უნდა დავიწყოთ: წმინდამამებისეული ღვთისმსახურების გადმოცემისადმი სიყვარულით და შეგნებული დამოკიდებულებით, სიძნელეების მიუხედავად ამ გადმოცემის ცხოვრებაში განხორციელების სურვილთა და ძალისხმევით. ღმერთი და ისტორია ყოველთვის ასეთ არჩევანს ამართლებს.




Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება