მთავარი > სხვადასხვა, ვერცხლისმოყვარეობა, მთავარი გვედის ფოტო > ჭეშმარიტი სიმდიდრე
ჭეშმარიტი სიმდიდრე1-05-2017, 00:10 |
ადამიანის ჭეშმარიტი სიმდიდრე ღვთის ხატებასა და მსგავსებაში მდგომარეობს და არა ქონებაში, ფულში, სხვადასხვა სახის მეცნიერებასა და ხელოვნებაში, მსახურისა და ტანსაცმლის სიმრავლეში, საერთოდ მიწიერ სიკეთეებში, ვინაიდან ყველაფერ ეს, ხრწნადი და დროებითია, ხოლო სული - მსგავსად ღვთისა - უკვდავია, რომლის სიმდიდრეა: სათნოებები, სიწმინდე, ურისხველობა, ყველაფერში თავშეკავება, რწმენა, იმედი და სიყვარული. რა მიწიერი სიმდიდრე და პატივი მჭირდება მე? არ არსებობს ქრისტიანობაზე, ღვთის შვილად წოდებაზე უმეტესი პატივი. არ არსებობს იმ ადამიანზე უფრო მდიდარი, ვინც საკუთარ გულში ყოველთვის ქრისტეს და მის მადლს ატარებს. ხოლო ჩვენ ვაგროვებთ, ვძუნწობთ, გვშურს, ვამაყობთ. როგორი გზააბნეულობაა და უაზრობაა! ადამიანო! უფლით იყავი მდიდარი - ყველაფერი მისგან გვეძლევა. რა მჭირდება? - ამ ქვეყნად არაფერი, ყველაზე აუცილებლის გარდა. მე თავად უფალი, მისი მადლი და ჩემში მისი სუფევა მჭირდება. დედამიწა ჩემი მწირობის, დროებითი განსწავლის ადგილია, სადაც არაფერია ჩემი, ყველაფერი უფლისაა და წარმავალია, რომელთაც დროებით მოვიხმარ. ჩემი დანაზოგი - უპოვარ მოყვასთა ხვედრია. რას ვსაჭიროებ? - ჭეშმარიტ, ქრისტიანულ, ქმედით სიყვარულს. მჭირდება მოსიყვარულე და მოწყალე გული, მოყვასთა კეთილდღეობაზე - სიხარული და მწუხარება - მათ გაჭირვებაზე, ავადმყოფობაზე, ცოდვებზე, სისუსტეებზე, უწესრიგობებზე, ნაკლოვანებებზე, უბედურებაზე. მჭირდება გულთბილი თანაგრძნობა, სიხარული მოხარულთა თანა და ტირილი - მტირალთა თანა. მე არ მჭირდება თავმოყვარეობისათვის გასაქანის მიცემა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრება და სიმდიდრის, ტკბობისა და ამსოფლიური დიდების მოხვეჭა. თავმოყვარეობის შხამით მოწამლულმა კი არ ვიცხოვრო და გავიხარო, არამედ ვიტანჯო და მოვკვდე!... უფალო, მომანიჭე ჭეშმარიტი სიცოცხლე და განაბნიე ვნებათა წყვდიადი.
სიმდიდრის კანონიერად მოხვეჭა
ქრისტიანო, პირველ რიგში დაიმახსოვრე, რომ უსამართლოდ მოხვეჭილი სიუხვე ბოროტებაა და ადრე თუ გვიან აუცილებლად განიავდება. ხვავი და ბარაქა თუ გინდა, კანონად დაიდე, რომ შენს სახლში და ეზოში უკანონოდ, მოტყუებით და მზაკვრობით მოპოვებული და სხვისი ერთი ღერი ფიჩხიც არ გააჩერო. სახლში სხვისი ნივთები სახურავს ქვემოთ დაყრილი ნაკვერჩხლის ტოლფასია.
ქარის მოტანილს, ქარი წაიღებს, ხოლო საკუთარი და ოჯახის წევრთა შრომითა და გონებით მოპოვებული გამრავლდება და ასმაგ ნაყოფს გამოიღებს.
ღმერთი არ დაგავიწყდეს - საკუთარი შემოსავლიდან ღვთის სადიდებლად ძღვენი ეკლესიას შესწირეთ ყოველთა. ის, ღმერთს არ სჭირდება, ვინაიდან ყველა ჩვენი სიმდიდრე და დიდება, ფერფლი და ხრწნილებაა ანგელოზებთან და ზეციურ სამყაროსთან შედარებით, რომლებიც მსახურებენ უფალს, ის ჩვენ გვჭირდება, ჩვენს გულში სიყვარულისა და მადლიერების განსაახლებლად.
გახსოვდეს ღარიბები, მათხოვრები, გაუბედურებულები, შენი თანამოძმეების გასაჭირი და სადაც საჭიროა - უხვად გაეცი.
ნუ იამაყებ და იმედიდურებ შენი სიმდიდრით. სხვათა სიმდიდრისა და ნამდვილი მდიდრების წინაშე რაა შენი სიმდიდრე? იგივეა, რაც ზღვაში წვეთი. რაა აქ საამაყო?
სიმდიდრისაგან მომდინარე უბედურება
ერთი მდიდარი ქვის მთლელი შვილებთან ერთად უცხო ქვეყანაში გაემგზავრა. რაც კი ძვირფასი და ფასეული რამ ჰქონდა, გემზე აიტანა და ლოცვით გაუყვა გზას. ღვთის განგებით გემზე ერთი ბიჭი შეიყვარა, რომელიც ემსახურებოდა მას და სამაგიეროდ მისი სუფრიდან საზრდოობდა. ბიჭი თავისი კეთილი მარჩენალის მადლიერი იყო. ერთხელ ამ ყმაწვილმა მეზღვაურთა საიდუმლო საუბარი მოსმინა - ისინი მდიდრის ზღვაში გადაგდებას და მისი სიმდიდრის დასაკუთრებას განიზრახავდნენ. ჭაბუკი დამწუხრებული ეახლა მდიდარს, მდიდარმა მისი დანაღვლიანების მიზეზი გამოიკითხა. მადლიერმა ბიჭმა მეზღვაურებისაგან მოსმენილი ქვითინით აღმოთქვა. მაშინ მდიდარმა შვილებს დაუძახა და დაარიგა, რომ რასაც ეტყოდა, შეპასუხების გარეშე შეესრულებინათ. ყუთები გამოიტანა და ყველას თანდასწრებით ძვირფასი ქვები და ყოვლივე საუკეთესო ამოალაგა. შემდეგ ხმამაღლა მიმართა მათ: „განა ამაშია ჭეშმარიტი ცხოვრება? ამათ გამო ხომ არ მიპირებენ ზღვაში გადაგდებას? ამათ გამო ხომ არ ვკვდები და ამ ქვეყნიდან არაფერი მიმაქვს თან? შვილებო, ეს ყველაფერი გადაყარეთ ზღვაში!" ბავშვებმა მამის ბრძანება დაუყოვნებლივ შეასრულეს და ყველაფერი ზღვაში გადაყარეს. მეზღვაურები ამ სანახაობისაგან გაშეშდნენ და ბოროტი განზრახვა გადაიფიქრეს, ხოლო მდიდარმა საკუთარი ქონების განადგურებით სიცოცხლე შეინარჩუნა.
წიგნიდან: „Спутник Христианина" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |