მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ - წმიდა იოანე ოქროპირი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ - წმიდა იოანე ოქროპირი


6-05-2017, 16:10

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ - წმიდა იოანე ოქროპირი

 

„ნეტარ არიან მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქუეყანაჲ" (მათე 5, 5) 

 

  კეთილად შემზადებულ კიბედ, ზეციურ ნეტარებაში ჩვენს აღმყვანებელ, ჩვენი სულების ხუროთმოძღვარმა წმიდა და განმანათლებელი მცნებები შეგვიქმნა და მესამე მცნებაც გვიბრძანა - კეთილი და ფრიად შუენიერი - სიმშვიდე, ნაშობი პირველთქმული სიმდაბლის მცნებისაგან, რადგან მისგან იწყება, მისგან იშვება და მას სრულყოფს. დიდია მისი სიკეთე და სარგებელი მისი, რადგან ადამიანს საზომს მიაახლებს და ღვთისმიერ წყალობათა და მადლთა ღირსად ჰყოფს. სიმშვიდე კლდეა - გულისწყრომისა და უკეთურების ღელვათაგან აღმაღლებული, და თუ მასზე სულის გოდოლს ავაშენებთ, „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერასადა ერეოდიან მას" (მათე 16, 18).

  როგორც სიმდაბლისთვის ვთქვით, ესეც ქრისტეს მიმსგავსებაა, რადგან თავად მან ბრძანა: „ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსუენებაი სულთა თქუენთა" (მათე 11, 29). სიმშვიდე, სიწრფოება და უმანკოება ერთია საქმით, თუმცაღა, მათ შორის მცირე განსხვავებისა გამო, სახელი გაყოფილი აქვთ. სიმშვიდე არის გონების უცვალებლობა, ის არ იცვლება პატივისა და შეურაცხების დროს, ასეთი გონება ნეტარების ღირს - ჰყო უფალმა და თქვა: „ნეტარ არიან მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქუეყანაი". სხვათა, ჩვენზე წარჩინებულთა თქვეს: „ქვეყანასა მას საუკუნესა იტყვის სამკვიდრებლად მშვიდთა, სადა-იგი არა არს სალმობაი და მწუხარებაი და სულთქმაი, რომლისათვის თქვა წინასწარმეტყველმა: „ადგილსა მწვანვილსა მუნ დამამკვიდროს მე, წყალთა ზედა განსასუენებელთა მუნ გამომზარდოს მე" (ფსალმ. 22, 2), საიდანაც საწყალობლად ვიქმენით განგდებულ და ჭირის და სალმობის სოფელში მოვედით. კეთილია და სარწმუნო ეს სიტყვები, რადგან ამ განმარტების მეტყველნიც ჭეშმარიტების თანაშემწენი არიან, ხოლო მე, რადგან „წერილთა შინა" არ მიპოვია „საუკუნო ქვეყანა", რადგან საუკუნო საშუებელის სახელთა შორის ქვეყანა არსადაა ნახსენები, ვგონებ, აქ, უფალი, ხილულ ქვეყანას გულისხმობს და მის მიერ საუკუნო ცხოვრებას მოასწავებს, როგორც სხვაგან თქვა: „ნუ ჰზრუნავთ, რას სჭამოთ, ანუ რაი ჰსვათ, ანუ რაი შეიმოსოთ, არამედ ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (მათ. 6, 31, 33) და კიდევ თქვა: „რომელმან დაუტეოს მამაი და დედაი, ცოლი და შვილნი, სახლი და აგარაკი ჩემთვის, მან ასი წილი მიიღოს" ახლავე, და მომავალში - „ცხოვრებაი საუკუნოი" (მათე 19, 29). რადგან ოდესმე მხოლოდ საუკუნო საშუებელს და ცათა სასუფეველს აღუთქვამდა კაცთა, და ოდესმე მიუხვედრელთათვის შეაერთა თავისი სწავლება - აწმყოსი და მერმისისა ამ სიტყვით: „მათ დაიმკვიდრონ ქუეყანაი", აუწყა ხილული ქვეყანა და მის მიერ საუკუნო ცხოვრება მოასწავა, როგორც ძველ სჯულშია დაწერილი: „პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაითა იქმნე დღეგრძელ" (გამოსვლ. 20, 12). რადგან უმეცართათვის ითქმებად წერილში ამ ჟამის მისაგებელი. და კვლავ ავაზაკმა წარმოსთქვა ჯვარზე: „მომიხსენე მე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა" (ლუკ. 23, 42). არა საუკუნო სასუფევლისათვის, არამედ მისთვის შემოკლებული დროისა და იჭვნეული გონებისათვის მაშინვე აღუთქვა მას უფალმა ნუგეშისცემა და უთხრა: „დღესვე ჩემ თანა იყო სამოთხესა" (ლუკ. 23, 43)."

  აქაც უფალმა სულიერსა და უხილავს ხილულიც შეუერთა უმეცართა და უგულისხმოთათვის, ვინაიდან კაცთ ჰგონიათ, მშვიდნი, წრფელნი და უმანკონი ვერ წარმართავენ საწუთრო ცხოვრებას, არამედ შეურაცხ და საწუნელ გახდებიან ყოველთაგან და მათი მონაგები წარსატაცებელ იქნება და ამ სახით სიცხარე და ვერაგობა აღემატება სიმშვიდესა და სიწრფოებას, ამიტომ თქვა უფალმა, არ არისო ასე, მშვიდნი და წრფელნი არათუ საუკუნო ცხოვრების ღირსნი გახდებიან, ამსოფლადაც უმჯობესნი და აღმატებულნი იქნებიან ფიცხელთა, ცხართა და მანკიერთა, როგორც ნათქვამია: „იყო ესავ მეცნიერ და მხნე და ძლიერ, ხოლო იაკობ იყო კაცი უმანკოი და მყოფი სახლსა შინა და ისაკსცა უყარდა ესავ" (დაბ. 26, 27, 28). მაგრამ ღმერთმა უმანკოებისათვის იაკობს განუმარჯვა და იგი მძლე ექმნა თავის ძმას - მხნესა და მეცნიერს. მშვიდი და წრფელი იყო იოსებიც და აღემატა თავის ძლიერ, მხნე და მრავალღონე ძმებს, დავითიც იყო მშვიდი და გულწრფელი, მისი ძმები - მასზე მშვენიერნი და უკეთესნი, მაგრამ უფალმა არ აირჩია ისინი, დავითი კი გამოარჩია და მიანიჭა მეფობა წინასწარმეტყველებითურთ. ხედავთ, მშვიდთა - იაკობმა, იოსებმა და დავითმა დაიმკვიდრეს ქვეყანაც და ღირს იქმნენ ცათა სასუფევლისაც, ძველ აღთქმაშიც იპოვება ქება სიმშვიდისა, რომლისთვისაც თქვა უფალმა: „ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანაი". უფალი მშვიდთათვის სასყიდელად მხოლოდ ხილულ ქვეყანას კი არ დასდებს, ამასთან ერთად მათ დაუსრულებელ ცხოვრებასაც მიანიჭებს, რადგან აღუწერელნი და მიუთხრობელნი არიან მისი წყალობანი, იგი თავის მოშიშებს აქ სანატრელ და უცდომელ ჰყოფს, საუკუნო ცხოვრებაში კი მიუთხრობელი სიკეთის მკვიდრად გამოაჩინებს.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება