მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ფრთხილად - ცრუ სულიერება!

ფრთხილად - ცრუ სულიერება!


19-08-2017, 00:03

 

   ათონის წმიდა მთაზე მცხოვრები, ხარობ, როდესაც სიწმინდეების მოსალოცად ჩამოსულ ღვთისმოშიშ მომლოცველებს ხედავ. ისინი აქ სულიერ საზრდოს ეძებენ და პოულობენ გამოცდილ ბერებთან, ამბობენ აღსარებას და ეზიარებიან. სიხარულით უზიარებენ სხვას იმ სულიერ საზრდოს, რომელიც ათონის წმინდა მთაზე იპოვეს.

   მაგრამ არსებობენ სხვანაირი მომლოცველებიც, რომელნიც მხოლოდ ზებუნებრივი და სასწაულებრივი ადამიანებისათვის მიილტვიან. ასეთი ადამიანებისათვის მთავარია რაღაცნაირად შეეხონ იმქვეყნიურ სამყაროს, იხილონ სასწაული. მრავალი ასეთი მაძიებელი პირველ რიგში კითხულობს, არის აქ ეშმაკის საცდურები? მათ არ აინტერესებთ ლოცვა და სინანული; აინტერესებთ სად არიან შინაგანი სამყაროს მჭვრეტელი მამები, სწორედ რომ განმჭვრეტი და არა უბრალო ბერი, და კიდევ სად დევნიან ეშმაკებს.

   „თქვენ რა, საჭიროებთ ეშმაკის განდევნას?" - ვეკითხები ამ მომლოცველებს. არა - მპასუხობენ ისინი. „მაშინ რატომ გაინტერესებთ ეს საკითხი",. „იცით, საინტერესოა სახილველად, მოსასმენად". „მაგრამ რას უნდა უყუროთ?" „როგორ თუ რას, ამბობენ, ეშმაკთა განდევნის დროს ყვირიან და ღმუიან".

   მე გავჩუმდი. მგონი ჩვენმა მომლოცველებმა ცოტათი მოიწყინეს, რომ ის სანახაობა ვერ იხილეს, რომლის დროსაც „ყვირიან და ღმუიან". უნდა ვაღიარო, რომ დავმწუხრდი მათ გამო. ისინი ხომ იმას ეძებენ, რასაც სულიერი სარგებელი არ მოაქვს, პირიქით - საზიანოა. მეორე სურვილი ამგვარი მომლოცველებისათვის ადამიანის შინაგანი ბუნების მჭვრეტი ბერის ხილვა გახლავთ. ვუსმენ რაღაც გასაიდუმლოებულსა და ზებუნებრივის მაძიებელ ადამიანებს, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ სულიერებას და თანაგრძნობით ვეპყრობი მათ სავალალო სულიერ მდგომარეობას. მახსოვს, ზოგიერთებს ვეუბნებოდი: „რად გინდათ, რომ გითხრან, თუ რა გქვიათ და შეაღონ თქვენი წარსულის კარი? რისთვის, თქვენ ხომ ისედაც ყველაფერი იცით საკუთარ თავზე?" – „მაგრამ იცით რა, როდესაც ამის შესახებ გიამბობს ღვთივგანბრძნობილი მამა, სულ სხვაა. მას ხომ ჩემი მომავლის განჭვრეტა შეუძლია". ყველაზე მიმზიდველი ზოგიერთი მომლოცველისთვის არის საკითხი ეშმაკის ხრიკების შესახებ. საიდან გაჩნდა ამგვარი „სულიერი" ინტერესი? თურმე ამის შესახებ მათ მრავალი თანამედროვე პუბლიკაციიდან შეიტყვეს, რომელნიც ერთობ პოპულარულია ჩვენს დროში. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მრავალმა ასეთმა მომლოცველმა დაიკმაყოფილა თავისი სურვილი. ისინი ამბობენ: „ახლა ჩვენ ვიცით, რა არის ეშმაკის საცდურები: რა თქმა უნდა, ეშმაკის საცდურები არსებობენ, რომლის შესახებაც ვკითხულობთ პატერიკებში. ამის შესახებ იმისთვის დაიწერა, რომ ამ საცდურებისგან თავი დავიცვათ. მაგრამ დღეს სულ სხვაგვარად წარმოუდგენია მკითხველს მსგავსი მოვლენა. თანამედროვე პუბლიკაციებში ხშირად ეშმაკის ხრიკებს აიგივებენ რეალურ ფიზიკურ მოვლენებთან. მახსოვს, ერთხელ, კარულში მომლოცველები ჩამოვიდნენ. გამასპინძლების შემდეგ ჩვენ ისინი კელიებში განვათავსეთ. ერთი - წმიდა გიორგის მონასტრის კელიაში, ხოლო დანარჩენი ორი - ივერონში. და აი, დილით მოირბინეს შეშინებულმა მომლოცველებმა და დაიწყეს მოთხრობა ეშმაკის იმ საცდურების შესახებ, რომლებიც მათ ამ ღამით შეემთხვათ, ისინი საუბრობდნენ მოტოროლის მსგავსი ღმუილისა და ბრახუნის შესახებ. რა თქმა უნდა, შეგვეცოდა ჩვენი სტუმრები, საცოდავებს მთელი ღამე არ უძინიათ და თან ძალიან შეშინდნენ. მე დავიწყე მათი დამშვიდება, ამ „ეშმაკის ხრიკების" განმარტება. ვესაუბრე იმ ძმას, რომელსაც განსაცდელი ეშმაკისაგან ჰქონდა: „ეს უბრალოდ ხმის ეკრანიზაცია იყო. ხედავ, აქ უზარმაზარი კლდეა, ხოლო ქვემოთ ზღვა და ღამით მეთევზენი ნავებით თევზს იჭერენ, ხოლო ძრავი ხმაურის ეკრანიზებას კლდე ახდენს"."

   „ჩვენთან ნამდვილად ეშმაკი იყო" - თქვა ორმა სხვა სტუმარმა, რომელნიც ივერონში ათევდნენ ღამეს - უეჭველად, ეშმაკი იყო მოსული. მთელი ღამე ძლიერი ხმაური ისმოდა, ისე შეგვეშინდა, რომ მთელი ღამე არ გვიძინია". „ძმებო, რისი შეგეშინდათ? ეს უბრალო თხუნელა იყო, რომელიც კელიის სახურავში ცხოვრობს, სწორედ ის გაწუხებდათ. ჩვენ, კარულებში მცხოვრებლებმა, ვიცით მის შესახებ. ხან ისე ძლიერად ხმაურობს, გვგონია ცხენების ჯოგმა გადაირბინაო."

   მაგრამ სამწუხაროდ, ჩემს არგუმენტებს ისინი არ ღებულობდნენ და დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ეს ეშმაკის ხრიკები იყო. იქმნებოდა აზრი, თითქოს მათ თავად სურდათ, რომ იქ ეშმაკი ყოფილიყო და არა თხუნელა. რა თქმა უნდა, ისინი თავისუფალი ადამიანები არიან, როგორც სურთ, ისე სწამთ, მაგრამ საშინელება ის არის, რომ ათონის წმინდა მთიდან დაბრუნების შემდეგ, ისინი დეზინფორმაციას სხვა ადამიანებში გაავრცელებენ. ბეჭდავენ სტატიებსა და წიგნებს ამ თემებზე. მოდით, ვიმსჯელოთ, შეიძლება ასეთმა სტატიებმა და წიგნებმა სულიერი სარგებელი მოგვიტანოს? რა თქმა უნდა არა, მათ მხოლოდ ზიანი მოაქვთ.

   მრავალი მოგონილი ისტორია და ლეგენდა ჩვენ დროში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ისეთი პუბლიკაციები, რომლებშიც შეგნებულადაა შერეული ცრუ სასწაულები და ცრუ სენსაციები, არნახული მოთხოვნილებით სარგებლობენ. ამ მოვლენებს ბოლო ჟამის სულიერ ელფერს აძლევენ. გამოუცდელი ადამიანები ესწრაფიან ამგვარ სიახლეებს. მაგალითად, გავრცელდა ჭორი, ვითომდა ივერიის ღვთისმშობლის ხატმა, რომელიც ათონის მთაზე ივერონში იმყოფება, ახლახან დატოვა მონასტერი და მონასტრის ძმობამ ლოცვითა და სინანულით დააბრუნა ის უკან. ივერონის მონასტრის ბერებთან საუბრის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ხატი არსად არ წაბრძანებულა. ბერი, რომელსაც ევალება ხატის თვალყურის მიდევნება გაოცებული იყო და მკითხა: „ვინ ავრცელებს ასეთ სიცრუეს და ვის სჭირდება ეს? ნუთუ ეს სულიერ განწყობილებას ქმნის ერში?" „დიახ, ქმნის, ადამიანები დადიან ტაძარში, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან, სამწუხაროდ ყოველივე ეს ჭეშმარიტი სულიერი მოტივებით არ კეთდება".

   სახიფათოა ცრუ სულიერების გზა, რომელნიც დაფუძნებულია ყოველგვარ ჭორებზე, განცდებზე, ემოციურ შეგრძნებებზე, ცრუ წინასწარმეტყველებებზე, რომელთაც უზარმაზარი ზიანი მოაქვთ ჩვენი სულისთვის.

   ღმერთმა ინებოს, რომ ცრუ სულიერება უარყოფილ იქნას და ჩვენს ცხოვრებაში ყოველივე სახარებისეული სულისკვეთებით გამოგვეცხადოს.

   „საყუარელნო, ნუ ყოვლისა სულისა გრწამნ, არამედ გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისაგან იყვნენ, რამეთუ მრავალნი ცრუწინასწარმეტყველნი განსრულ არიან სოფლად" (1 იონ. 4).




ბერი სერაფიმე (შოლკოვი) 

ათონის წმიდა მთა, 2002 წელი 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება