მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > უშიშრად - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

უშიშრად - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)


27-03-2017, 00:07

უშიშრად - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

 

   ჩვენ, ყველას თითქოსდა გვაქვს სურვილი გვიყვარდეს ღმერთი, მაგრამ როგორღაც სულმუდამ „არ გვცალია", გვსურს ვილოცოთ მის წინაშე - რომელიღაც საქმე ისევ დასამთავრებელია, სინამდვილეში თავის დაძვრენას ვცდილობთ, რათა გავექცეთ ლოცვას და ყველა იმ შრომას, რომელიც თვითუარყოფას მოითხოვს ჩვენგან, რადგან ეს ყველაზე მძიმე შრომაა ჩვენთვის. ეს ხომ ბრძოლაა, ჯვარცმაა, საკუთარი თავი კი მეტად გვებრალება!

   დღეისთვის გაუგონარი გმირობაა ჯვარცმა ლოცვაში, იშვიათობა! რატომ გახდა ასე აუტანელი ლოცვა? გასაგებია, რატომაც! ეს სოფელი - ბებერი ჯადოქარი, დაჟინებული თვალჩაციებით ჩასცქერის ჩვენს სულს, ჰიპნოზური ძალით იზიდავს, ჯიუტად გვახვევს თავის ქსელში, ხედავს, გრძნობს ყოველ უწვრილეს ძაფს ჩვენი გულებისას. ყველა ეს ვნება - დიდი თუ მცირე, ნდომა, ავხორცობა, გულისთქმა თუ ჩვეულება - ობობას საცეცებისაკენ გაბმული აბლაბუდას ძაფებია. და ჩვენც ვებმებით, სულ უფრო მეტად ვიხლართებით ამ მარყუჟებსა და ხუნდებში. ობობა კი ყულფს ყულფზე ისვრის. ამ ძაფებით მანიპულირებს, გარს უვლის მსხვერპლს და ამოწმებს - ხომ არ მოეშვნენ ბორკილები, ჯერ კიდევ მარჯვედ ხომ არ ეწინააღმდეგება მსხვერპლი და კვლავ ამატებს ახალ ნასკვებსა და კვანძებს.

   ამ ჰიპნოზის გავლენით, თვითონაც ნელ-ნელა მივიწევთ ურჩხულის ხახისკენ. მტერი მეტად გამოცდილია საქმეში - დაგვაშოროს ღმერთს და ღმრთისათვის სათნოს. როგორ დავუსხლტეთ, საკუთარ თავში როგორ ვიპოვოთ ეს მისწრაფება ნახტომისათვის: შორს დრაკონის ხახისაგან?! ბოლომდე როგორ არ გავცივდეთ, როგორ შევინარჩუნოთ სიფხიზლის ბოლო წვეთი, როგორ არ მივცეთ თავი სიბნელეს, ჰიპნოზური ძილის მომადუნებელ, დამათრობელ ბანგს, არ დავემონოთ ცოდვიანი ტკბობის ნეტარებას, გავუსხლტეთ მოახლოებულ სასიკვდილო კბენას! არადა, რა კადნიერად, თავხედურად, მედიდურად შეგვაცოცდება ეს გულგრილობა, ეს ცხოველური ნეტარება, მის კვალდაკვალ ზარმაცი განურჩევლობა, მოღალატური უძლურება და გრძნობებისა და აზრის სიჩლუნგე! თითქოს უზარმაზარი ცივი გველი თავისი ყინულოვანი ხვევნით ნარნარად შემოგაკრავს თავის მაგარ რგოლებს, როგორც კი ფეხს გამოგლეჯ ამ მომაკვდინებელ ხვევნას, ის უკვე ხელს წურავს, ხელს გამოათრევ, უკვე წელს შემოსალტვია და დაჟინებით უახლოვდება გულს. აქვე, ახლოსაა ხახა გესლიანი კბილით. ყველგან, ირგვლივ ყველა ამ საშინელ ხლართებშია და განა იბრძვის ვინმე? უმეტესად კაცთაგან თითქმის ყოველი მორჩილად, ჯადოქრული შთაგონებისაგან გაყინული მზერით დაუსრულებელ ბრბოდ მიეხეტება ამ დაღებულ, უზარმაზარ ხახაში. თუ ვინმე გამოერკვევა, დაუძვრება, იყვირებს, ბრბო მას კვლავ დააბნევს და თან მიიდევნებს. ზოგჯერ კარგ, მართალ სიტყვას ვამბობთ, თითქოს ყველაფერი გვესმის, გვსურს თავის დაღწევა, გაქცევა, მაგრამ რატომღაც კვლავ იმავე, მორჩილად მობორიალე ბრბოში აღმოვჩნდებით და ძველებურად იმავე ხახისაკენ მივეშურებით. და ისე ჩვეულებრივად, ნაცნობად, ბუნებრივად გვეჩვენება ასე ვიაროთ და ჩავინთქათ იმ წყვდიადში, სადაც ჩვენს წინ მიმავალნი ჩაცვივდნენ. ხოლო დაუსხლტე, ყვირილით გაექცე - გამომწვევია, როგორღაც უცნაურია, არაბუნებრივი. ყველაზე საშინელი, ყველა მომწამვლელი - მასობრივი ჰიპნოზია ხალხის, სამყაროსი, როცა ათასობით ადამიანი მშვიდი სახით ეშვება უფსკრულში და სასიამოვნოდაც გიღიმის, თითქოს ყველაფერი კარგადაა და არაფერია საშიში... და ასე, ყველა მათგანი ყოველგვარი შიშის, ყვირილისა და დახმარების თხოვნის გარეშე... და რაოდენ ძლიერია ეს ზემოქმედება სულზე, როცა უზარმაზარი ძალისხმევა, შრომა, სიფხიზლე გახდა საჭირო იმისათვის, რომ გავიხსენოთ და გულით ვატაროთ ცოცხალი აზრი მოახლოებულ სიკვდილზე. საშინელ სამსჯვროზე, იმაზე, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ირგვლივ უსასრულო ტრაგედიაა, რომ ადამიანები იღუპებიან. საშინელია, შემაძრწუნებელი - მიდის ჯოჯოხეთში, მარდიულ სატანჯველში, ყოველდღიურად ათასობით ადამიანი. და ჩვენ კვლავ ვიღიმებით? მშვიდობას, მოსვენებას დავეძებთ, აქ?



არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) 

წიგნიდან: „Калейные записи" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება