მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, ლიბერალიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ლიბერალიზმისეული „თავისუფლება“ ნ. ბერდიაევისა და სხვა მოდერნისტების თვალთახედვით

ლიბერალიზმისეული „თავისუფლება“ ნ. ბერდიაევისა და სხვა მოდერნისტების თვალთახედვით


17-02-2017, 00:07

 

   მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა წერილზე დაყრდნობით, მკაფიოდ აქვს განსაზღვრული თავისუფლების ცნება. ქრისტიანები სხვაზე ნაკლებად არ აფასებენ თავისუფლებას. მაგრამ მან უწყის, რომ თავისუფლება ღვთის საჩუქარია: „უკუეთუ ძემან განათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ", „უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყვათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იონ. 8. 36, 31-32). ამრიგად, მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია თავისუფალი ყოველგვარი ცოდვისა და ამქვეყნიური საზრუნავისაგან. თავისუფლება ადამიანის ნების თვისებაა, რომელმაც თავისი შემოქმედისა და მხსნელის ნებისამებრ უნდა წარმართოს. ამიტომ ქრისტიანის მიზანია: გავარკვიოთ, როდის არის ადამიანი ჭეშმარიტად თავისუფალი და როდის - მონა თავისი ავხორცული ვნებებისა.

   მაგრამ ლიბერალური თავისუფლება არ არის თავისუფლების შესატყვისი ცნება, ვინაიდან არ გამომდინარეობს ღვთის სწავლებისაგან, ვით მარადიული საზომისაგან. ლიბერალიზმი (ლათ. Liberalis - თავისუფალი) - ახალი დროების ყველაზე გავრცელებული რევოლუციური იდეაა, რომლის მიზანი „ახალი ადამიანის" შექმნა, „თავისუფალი საზოგადოების" ფორმირებაა. ამ მსოფლმხედველობის დამკვიდრებისთვის ძლიერ გაისარჯნენ XIX XX ს.ს. მოდერნისტი მოაზროვნენი. ყალბი თავისუფლების ერთ-ერთი თვალსაჩინო იდეოლოგი გახლდათ ნ. ბერდიაევი. მისი ნაშრომები განმსჭვალულია ანტიმართლმადიდებლური სწავლებებით. თავისუფლების ცნების განსაზღვრისას, ის ღიად უცხადებს პროსტესტს ეკლესიის სწავლებას და ახალ, რევოლუციურ იდეებს უყრის საფუძველს.

   ჩვენი დროის გამოჩენილმა მოაზროვნემ რ. ვერშილომ თავის ნაშრომებში ნ. ბერდიაევისა თუ სხვა მოდერნისტების ხედვების მიხედვით საფუძვლიანად განიხილა ლიბერალური „თავისუფლების" რაობის საკითხი.

   ვიდრე თავად ნ. ბერდიაევის მოსაზრებების განხილვას შევუდგებოდეთ, ლიბერალიზმის რაობის შესახებ რ. ვერშილოს შეფასებას მოვუსმინოთ.

   ლიბერალიზმი მოძრავი და წინააღმდეგობრივი პოლიტიკურ - რელიგიურ - ფილოსოფიურ - კულტურული იდეებისა და მცნებების კომპლექსია, დამახასიათებელი ღვთისაგან შორს, ყალბ ავტონომიაში მყოფი პიროვნებებისათვის. ამიტომ ყოველ თავის მისწრაფებას ამქვეყნიურისკენ წარმართავს.

   თავისუფლების იდეა ლიბერალიზმში მოკლებულია დადებით შინაარსს. ამიტომ ის მთლიანად წინააღმდეგობრივია. ლიბერალურ „თავისუფლებას" არ გააჩნია მყარი საფუძვლები, ამიტომაც ის მტრულადაა განწყობილი ნებისმიერი თანმიმდევრობისა და წესრიგის მიმართ.

   ლიბერალიზმში თავისუფლებას არ გააჩნია დოგმატური შინაარსი. აქედან გამომდინარე, ის არა უბრალოდ „თავისუფლების" იდეაა, არამედ ნებისმიერი იდეაა „თავისუფალი" განსაზღვრებისთვის.

   ლიბერალიზმში ყველაფერი, განყენებული იდეა თუ აღმსარებლობა პოლიტიკურ ჭრილში განიხილება. ისეთი საკვანძო სიტყვები, როგორიცაა „თავისუფლება", „თანასწორობა", „პროგრესი", „ტოლერანტობა" მათთვის პოლიტიკური ლოზუნგებია, ხშირად პირდაპირი პოლიტიკური ბრალდებაა კონსერვატორებისა და ანტიმოდერნისტების მისამართით გამოთქმული.

   მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალიზმისეული „თავისუფლება" წმინდა პოლიტიკური ფენომენია, ის თავის დამკვიდრებას ფილოსოფიაში, რელიგიაში, მეცნიერებასა და კულტურაშიც ცდილობს. შემდეგ მსჯელობა და ქმედება ლიბერალური კანონის სტატუსს იძენს და ეს კანონი საყოველთაოდ აღიარებული, ყველასათვის მისაღები და გასაგები უნდა იყოს. ამიტომ ლიბერალი პოლიტიკური და, იმავდროულად რელიგიური კანონმდებლის პოზიციიდან გვესაუბრება. ცალკეულ შემთხვევბში ის ღვთაებრივის პრეტენზიასაც კი აცხადებს: „ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი, არ შეიძლება იყოს მონა, ვინაიდან უნდა იყოს ადამიანი. ასეთია ღვთის ნება" (ნ. ბერდიაევი).

   საქმე ისაა, რომ მოდერნისტები საღვთისმეტყველო საკითხების განზოგადებას, ადოგმატურ ჭრილში განხილვას, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ, ვინაიდან ასეთი ხედვები სიტყვასიტყვით ემთხვევა მათ წარმოდგენას ღმერთზე. ყოველივე ეს არ მიიჩნევა ცოდვად. პირიქით, პრინციპული ბუნდოვნების შემოღება, რომელიც მოდერნისტებისთვის სულიერი ცხოვრებისა და სწავლების ქვაკუთხედია, თავისუფლებად, შემოქმედობითობად, მოძრაობად, ცხოვრებად და პროგრესად აღიქმება.

   რელიგიური ნიშნით ლიბერალიზმი მქვეყნიურ უწესრიგობასა და ქაოსთან კარგადაა ადაპტირებული, ვინაიდან მისთვის ქაოსი არა სულის სიკვდილი, არამედ აღქმული სამყაროა. ამიტომ ის (ლიბერალი) მთლიანად ჩაფლულია ამქვეყნიურ საზრუნავში. ლიბერალურ - რელიგიური ცხოვრება მთლიანად და მხოლოდ ამმსოფლიური სულისკვეთებით იკვეთება. ნ. ბერდიაევი მბობს: „უწესრიგობაში ნებისმიერი გადარჩება, რომელიც მიეკუთვნება „ახალ თავისუფალ ადამიანს": თავისუფლებმა უნდა შეამზადონ საკუთარი მეუფება არა მხოლოდ „იქ", არამედ „აქაც" და პირველ ყოვლისა საკუთარი თავი გარდაქმნან თავისუფალ პიროვნებებად". ამდენად, ლიბერალის თავისუფლება არ ეწინააღმდეგება ამსოფლიური სულის ზეგავლენას, არ ემიჯნება მას, არამედ მის მიერვე განხორციელებულ ქმედებაზეც კი პასუხისმგებლობას გაურბის.

   ლიბერალური ესქატოლოგიის თანახმად, ანტიქრისტიანულ დროში ნებისმიერი გადარჩება ქრისტიანული დოგმატების მაღიარებელის გარდა, იმიტომ რომ ლიბერალისთვის „ცხონება" ყოველგვარ ცვლილებასთან შეგუებას, საამისოდ მზადყოფნას ნიშნავს. ამგვარად და ასე შეიქმნება ანტიქრისტიანული საზოგადოება. ის ფაქტი, რომ ლიბერალურ „ცხონებაში" არაფერი ესაქმებათ „დოგმატიკოსებს", კიდევ ერთხელ ნათელს ჰფენს ახალი ადამიანის ფენომენს: ის საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტების საპირისპიროდ იმოქმედებს, ის მისთვის გაუგებარი სიგნალებით იმართება, უპასუხისმგებლოდ იქცევა. სწორედ ამაში გამოიხატება მისი თავისუფლება.

   ანარქისტი მ. შტირნესის სიტყვით კი, თურმე ასეა: თუ გწამს ჭეშმარიტების, არ გწამს საკუთარი თავის! შენ მონა და რელიგიური ადამიანი ხარ. მაგრამ ადამიანო, შენ ხარ ჭეშმარიტება... შენ ჭეშმარიტებაზე მეტი ხარ. ის (ღმერთი) შენ წინაშე არაფერია.

   ნ. ბერდიაევი ჭეშმარიტებას ათეიზმშიც პოულობდა და მას განთავისუფლების აქტად მიიჩნევდა: ჭეშმარიტება არ უარყოფს ათეისტების თავისუფლებას, ხოლო ქრისტიანული დოგმატური სწავლება ჭეშმარიტებას უარყოფს იმიტომ, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანებში შეუძლებლია ამგვარი განთავისუფლება: ისინი თავად ამბობენ უარს ქრისტეს სწავლებისაგან განთავისუფლებაზე".

   ლიბერალის თვლთახედვით ღვთისმეტყველება ყოვლად უსარგებლო, არასრულფასოვანი, არაადეკვატური მეცნიერებაა. მათი აზრით, ღვთაებრივი ჭეშმრიტება ცვლილებებს ექვემდებარება, ის შეფარდებითია, პირობითად სისტემური, პირადი გამოცდილებით ყალიბდება. მისი საფუძვლები არა გონებრივ - მჭვრეტელური, არამედ შეგრძნებითია. ამიტომ ნ. ბერდიაევის აზრით, „ჭეშმარიტება არადოგმატურია, ხოლო სიმართლე არ არის იდეებისა და შეხედულებების სისტემა, თეორიულ ადოგმატიზმს პრაქტიკულ სფეროში უწესრიგობა შეესაბამება", შემდეგ კატეგორიულად ამტკიცებს: ე.წ. მსოფლიო წესრიგი და მთლიანი მსოფლიოს ჰარმონია არასდროს ყოფილა ღვთის მიერ შექმნილი. ღმერთი არ არის მთელი მსოფლიოს მომწესრიგებელი და ადმინისტრატორი". ეს მოსაზრება კატეგორიულად ეწინააღმდეგება წმინდა წერილისა და წმინდა მამათა სწავლებას.

   წმ. ბასილი დიდი ამბობს:

   „როდესაც უცქერი ზეცას და ხედავ წესრიგს მასში, წინაგიძღოდეს. ის სარწმუნოებაში განმტკიცებისკენ, ვინაიდან მიგითითებს მხატვრისკენ (შემოქმედისკენ). ხოლო თუ იხილავ წესრიგს დედამიწაზე, ამითაც ასაზრდოე შენი სარწმუნოება ღვთის მიმართ, იმიტომ რომ არა ხილული თვალით შევიცანით ღმერთი, არამედ გონების ძალით - ხილულის სახით უხილავი... ნუ იტყვი: ეს შემთხვევით მოხდა, რაც არსებობს ამქვეყნად, არაფერია განუსაზღვრელი და მოუწესრიგებელი, არაფერია ამაო, შემთხვევითი".

   ამდენად, სამყაროში წესრიგის უარყოფა რევოლუციური მოწოდება გახლავთ - ბრძოლა ყოველგვარი წესრიგის წინააღმდეგ: „პიროვნება იბრძვის წესრიგის, ყოფიერების წინააღმდეგ, ამით შეერთდება ღმერთთან, ვით პიროვნებასთან... ადამიანი შექმნილია იმისათვის, რომ იბრძოლოს არსობრივთან, ვით ცრუ იდეასთან, რომელიც თრგუნავს მის თავისუფლებას" (ნ. ბერდიაევი). წესრიგისა და სარწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლა ლიბერალიზმში პიროვნების რელიგიურ მოვალეობად მიიჩნევა, უფრო სწორად, ეს ბრძოლა, ჯანყი - არის რელიგია.

   ლიბერალიზმი უარყოფს წესრიგს, რომელიც თითქოს არ არის ღვთისთვის შესაფერისი. შემდეგ ლიბერალი თავად ღმერთსაც უარყოფს, იმიტომ რომ ის „არ არის ღირსი" ადამიანისა: „ღმერთი არ არის აბსოლუტი, ის ფარდობითია ქმნილების, სამყროსა და ადამიანისადმი... როდესაც ღმერთი მოიაზრეს აბსოლუტად, შედეგად მივიღეთ მონარქისტული გაგება ღვთისა, რაც არის თეოლოგიური ხიბლისა და მონობის საწყისი" (ნ. ბერდიაევი).

   ლიბერალური სულისკვეთება ღმერთში თავისუფლების საკითხს სხვაგვარად აღიქვამს. აქ სიახლის ძიება, სისტემური მოუწესრიგებლობა, ყოველგვარი იერარქიულობისა და კანონის გარეშე „შემოქმედებითი" განვითარება ნორმადაა აღიარებული. მ. პ. ფლორენსკი ამბობდა: „ცხოვრება გონებრივ განსაზღვრებებზე გაცილებით უფრო მეტია (სრულია). ამდენად, ვერც ერთი ფორმულა ვერ დაიტევს მთელი ცხოვრების სისავსეს, ვერ ჩაანაცვლებს შემოქმედებით ცხოვრებას, ყოველწუთიერი და ყოველდღიური სიახლის აღქმას".

   ამრიგად, ღვთაებრივი წესრიგი, დოგმატური განსაზღვრებები უარყოფილია ღვთისა და ადამიანის მეტაფიზიკური თანასწორობის სახელით. ნ. ბერდიაევის ერეტიკული მტკიცებულების თანახმად: „ღმერთი ადამიანურობად ცხადდება. ადამიანურობა არის მთავარი თვისება ღვთისა... ღმერთი ადამიანურია და მოითხოვს ჩვენგან ადამიანურობას. ადამიანურობა არის ღვთის ხატება ადამიანში"...

   როგორც ვხედავთ, ძალისმიერად ზემოხვეულ უწესრიგობას უდაოდ მივყავართ ღვთის უარყოფამდე.

   ქრისტიანობა კი ღრმად იერარქიული, მოწესრიგებული და კანონმორჩილია. ღვთაებრივი თავისუფლება ამკვიდრებს უსრულყოფილეს წესრიგს როგორც უხილავ, ისე ხილულ სამყაროში (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი). ნებისმიერი სათნო ქმედება ზეგარდამო მოფენილი ნიჭია, ღვთის მიერ მომადლებული, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ ცვლილებას.

   ადამიანური თავისუფლებაც ღვთის მომადლებული ნიჭია (იონ. 8. 36). ქრისტეს ეს ღვთაებრივი სწავლება უარყოფილია ლიბერალების მიერ, ვით ადამიანისთვის მიუღებელი და შეუფერებელი. ამიტომაც იბრძვის ლიბერალიზმი ჭეშმარიტების წინააღმდეგ.1

 

 

 

დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

 

1Р. Вершило. Либерализм. Антимодернизм. ру.


უკან დაბრუნება